განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5861-19
(გამოძიების №------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ნატო დანელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-------------–---- (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ---------------------–--–------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-------–-----------------------)
ადვოკატი - ლ------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2008 წლის 30 სექტემბრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ-------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში, ქ--------–-------–-----------------–- მდებარე შპს „ჯეობოტანიკის“ ყვავილების სათბურში, დაახლოებით 10:30 საათზე გ-------------–---- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი------------–---–-- კუთვნილ „სამსუნგ ა8-ს’’ მოდელის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი------------–---–- მიადგა 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ-------------–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
გ-------------–----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ი------------–---–-- გამოკითვის ოქმს, მოწმე რ----------------–---–-- გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვიდეო ჩანაწერის ოქმს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ექტემბრის განაჩენს გ-------------–----ს მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით გ-------------–----- ჩაიდინა ქურდობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------–---- ამოძრავებდა ი------------–---–-- კუთვნილი „სამსუნგ ა8-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის, სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია გ-------------–----ს მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------------–----ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ი------------–---–- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს ი------------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1100 (ათას ას) ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
განსახილველ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, გ-------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
· საქმეში არსებული №0692175 ცნობის თანახმად, გ-------------–---- პენიტენციურ დაწესებულებიდან 2012 წლის 21 დეკემბერს გათავისუფლდა კალენდარულად სასჯელის ვადის ამოწურვის საფუძველზე.
· ამასთან, საქმეში არსებული №53570 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, გ-------------–---- არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მითითებული ნასამართლობა გ-------------–---- გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.
შესაბამისად, განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ-------------–----- კვლავ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. შესაბამისად, სახეზეა გ-------------–----ს მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------–----ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-------------–----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-------------–----ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს გ-------------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს: კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გ-------------–----ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის საკუთრებას, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მისი სურვილი ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს. ასევე, იმ გარემოებას, რომ გ-------------–----- მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა წინა დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებიდან მცირე პერიოდში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია გ-------------–---- სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ-------------–---- ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ანალოგიური განზრახი დანაშაულის ჩადენაში, რაც როგორც ჩანს მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, გ-------------–----სთვის დანიშნული სასჯელი სრულ შესაბამისობაშია სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან.
ამასთან, სასჯელის ზომის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ გ-------------–---- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა (აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედება გ-------------–---- ჩადენილი აქვს 2019 წლის 2 მაისს, ანუ მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისამდე განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული განაჩენით გ-------------–----ს ნასამართლობას ვერ მიიჩნევს რეციდივად.
ამასთან, გ-------------–----სთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ამდენად, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისამდე განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· ორი ცალი დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და ჯარიმამ 3 500 (სამი ათასი) შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ გ-------------–---- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდნეობით;
გ-------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2020 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 მარტიდან - 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით; 2019 წლის 18 მაისიდან - 2019 წლის 23 მაისამდე, 2019 წლის 23 მაისიდან - 2019 წლის 31 ივლისამდე და 2019 წლის 31 ივლისიდან - 2020 წლის 18 თებერვლის ათვლით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· ორი ცალი დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი