გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 160210019003152755
საქმე #2/620-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - შპს ,, დე--------------ტი“
წარმომადგენელი - შალ-------------ძე, ლუ--------–აძე
მოპასუხე - შპს ,,ლაშარელა“
წარმომადგენელი - ზა-----–-–ხი, ზუ--------------აძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ლა–----ლას“ მოსარჩელე შპს ,,დე--------------ტის“ სასარგებლოდ დაეკისროს 42 384 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,დე--------------ტმა“ 2013-2016 წლებში შეიძინა მოძრავი ქონება, კერძოდ, ნედლი ტყავი, რომლიც დაბეგრილი იქნა დამატებით ღირებულების გადასახადით (დღგ), ანუ მყიდველის მიერ ტყავის საფასურის გარდა, დამატებით გადახდილი იქნა დღგ 42 384 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს ,,დე--------------ტს“ გაუუქმდა ჩათვლა ზემოთაღნიშნულ დღგ-ს თანხაზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული იქნა, რომ საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საქონლის ტყავი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, იგი არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-თი, შესაბამისად მყიდველს შეუმცირდა ტყავის შეძენაზე მიღებული ჩათვლა. შპს ,,დე--------------ტმა“ შესთავაზა შპს ,,ლა–----ლას“ დღგ-ს ანგარიშფაქტურებისა და დეკლარაციების კორექტირება საგადასახადო ორგანოში, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ს თანხის 42 384 ლარის უკან დაბრუნება, თუმცა შპს ,, ლა–----ლამ“ არ შეასრულა შპს ,,დე--------------ტის“ მოთხოვნა, რამაც მიაყენა მოსარჩელეს ზიანი 42 384 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ლა–----ლამ“ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა არ უნდა დაბეგრილიყო, აღნიშნული საქონელი დაიბეგრა და დღგ-ს ჩათვლით გადახდილი იქნა ბიუჯეტში. ამდენად, დაბეგვრის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება შესრულებული იქნა ბიუჯეტის წინაშე და მოპასუხეს არავის მიმართ ზარალი არ მიუყენებია. მოსარჩელის მოთხოვნის შესრულება, კერძოდ, კი კორექტირება შპს ,,ლა–----ლას“ მიმართ გამოიწვევდა ახალ საგადასახადო რისკს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,დე--------------ტმა“ 2013-2016 წლებში შეიძინა მოძრავი ქონება შპს ,,ლა–----ლასაგან“ კერძოდ, ნედლი ტყავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი - საქონლის ტყავი დაბეგრილი იქნა დღგ-ით და შპს ,,ლა–----ლა"-ს მიერ დღგ-ს თანხა გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N 22404 ბრძალების საფუძველზე, შპს ,,დე--------------ტს" საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 32608 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 21192 ლარი. დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 74 992 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 74 992 ლარით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეარტამენტის N 22404 ბრძანება.
3.1.4. 30.03.2016 წელს შპს ,,ლა–----ლა"-მ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს წერილით, რომელშიც აღნიშნა, რომ შპს ,,დე--------------ტისათვის" მიწოდებული საქონლის ტყავი დაბეგრილი იქნა დღგ-ით. შპს ,,ლა–----ლა"-ს მიერ მომავალში არ მოხდება გასული პერიოდების დეკლარაციების დაზუსტება და შპს ,,ლა–----ლა"-ს მიერ აქამდე მიწოდებული და დღგ-ით დაბეგრილი ტყავის უკანა პერიოდების დაზუსტების გზით დღგ-ის შეღავათების გამოყენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ლა–----ლა"-ს წერილი სსიპ შემოსავლების სამსახურს.
3.1.5. შპს ,,დე--------------ტი"-მ 20.11.2016 წელს წერილობით მიმართა შპს ,,ლა–----ლა"-ს დღგ-ის ანგარიშფაქტურებისა და დღგ-ის დეკლარაციების კორექტირების და შპს ,,დე--------------ტი"-ს მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,დე--------------ტი"-ს წერილი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დასტურდება შპს ,,დე--------------ტი"-ს მიერ შპს ,,ლა–----ლა"-ს მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - 42 384 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ გაუუქმდა დღგ-ის ჩათლა, ხოლო მოპასუხემ არ მოახდინა დღგ-ის ანგარიშფაქტურების კორექტირება და არ აუნაზღაურა მას დღგ-ის თანხა, რის გამოც მიადგა ზიანი. მოპასუხე განმარტავს, რომ მან მოსარჩელის მოთხოვნით გამოწერა დღგ-ის ანგარიშფაქტურები. მოპასუხის მიერ ჯბიუჯეტში დღგ-ის თანხა გადახდილი იქნა, მათ არ მოუხდენიათ დაზუსტების გზით შემდეგში უკვე გადახდილი დღგის შეღავათის გამოყენება. მოსარჩელის განმარტებით მათ მიერ დღგ სწორად იქნა გადახდილი და მოსარჩელეს მათი ბრალით რაიმე ზიანი არ მისდგომია. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება. გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოშ მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დე--------------ტი"-ს სარჩელი შპს ,,ლა–----ლა"-ს მიმართ უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 395-ე, 992-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, შპს ,,დე--------------ტი" შპს ,,ლა–----ლასაგან" ახორციელებდა ტყავის შესყიდვას 2013-2016 წლებში.
შპს ,,დე--------------ტს" დღგ-ის თანხაზე (42 384 ლარი) სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაუუქმდა ჩათვლა. შპს ,,დე--------------ტი"-ს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ლა–----ლა"-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია დღგ-ის თანხა. წარმოდეგნილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს ,,ლა–----ლამ" ისარგებლა შპს ,,დე--------------ტისათვის" მიწოდებული დღგ-ით დაბეგრილი ტყავის უკანა პერიოდების დაზუსტების გზით დღგ-ის შეღავეთებით.
რაც შეეხება არა ხელშეკრულებიდან, არამედ დელიქტის შედეგად მიყენებულ ზიანს, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047 -2017 და საქმეზე Nას-189-189-2018).
მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მოპასუხე შპს ,,ლა–----ლა" -ს მხრიდან შპს ,,დე--------------ტი"-ს მიმართ წინასწარ განზრახული მოქმედების არსებობა, რომლითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე და ამასთანავე დღგ-ს ანგარიშფატურებზეც, რომ ოპერაცია ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას. არ დასტურდება, რომ შპს ,,ლა–----ლა" -მ დღგ-ის თანხა არ გადაიხადა ბიუჯეტში და მიიღო სარგებელი. ამასთანავე საყურადღებოა მოპასუხე შპს ,,ლა–----ლა"-ს განმარტება, რომელიც მან ასევე წარუდგინა შემოსავლების სამსახურს, რომ შპს ,,ლა–----ლა" -ს მიერ ხდებოდა ტყავის შეძენა ფიზიკური პირებისაგან იმ პირობებში, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო წარმოებული მოცემული საქონელი, ხოლო შეღავათით სარგებლობისათვის კი აუცილებელია ის გარემოება, რომ საქონელი წარმოებული იყოს საქართველოში. მოსარჩელეს საწინააღმდეგო გარემოების მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გამხდარა სადავოდ, მას არ გამოუყენებია კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების სამსახურის ქმედება მოსარჩელისაღვის დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შესახებ შედავებული არ ყოფილა, არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
ამდენად, საქმის განხილვის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებვლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1271.52 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დე--------------ტი”-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ლა–----ლა“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე შპს ,,დე--------------ტი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1271.52 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე