გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210119002955228
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8636-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - მ------ ჯ----–---–ი

წარმომადგენელი - ვ------ა გ--–-–---–ი

მოპასუხე - ჟ--–---ა ხ-------–ი

წარმომადგენელი - ა-–---ი გ------ა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

მოსარჩელე - ჟ--–---ა ხ-------–ი

წარმომადგენელი - ა-–---ი გ------ა

მოპასუხეები - მ------ ჯ----–---–ი, ი--ა ნ----------–ი, დ-------ი ნ----------–ი, ნ----- ჭ-----–--ე

მ------ ჯ----–---–ის, ი--ა ნ----------–ის, დ-------ი ნ----------–ის წარმომადგენელი - ვ------ა გ--–-–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. მ------ ჯ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნები:

1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 24 აგვისტოს ნოტარიუს მ----ა დ--------–---–ის მიერ (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი 1--------) ჟ--–---ა ხ-------–სა და მ------ ჯ----–---–ს შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა, მ/რ, კორპ 23, ბინა 1--, საკადასტრო კოდი: 0----------------------;

 

1.1.2. გარიგების ბათილობის შედეგად აღდგეს მხარეთა შორის რეალურად არსებული სასესხო ურთიერთობა - 25 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რისი გადახდის ვალდებულებაც გააჩნდა მ------ ჯ----–---–ს და რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხასა და სამი თვის პროცენტს.

 

1.2. ჟ--–---ა ხ-------–ის სასარჩელო მოთხოვნა:

1.2.1. მ------ ჯ----–---–ის, ი--ა ნ----------–ის, დ-------ი ნ----------–ისა და ნ----- ჭ-----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ჟ--–---ა ხ-------–ს.

 

მ------ ჯ----–---–ის სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

2018 წლის 20 ივნისს მ------ ჯ----–---–სა და ნ-----–ა ხ-------–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჟ--–---ა ხ-------–მა მოსარჩელეს ასესხა - 13 500 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა 2018 წლის 07 ივლისს. იპოთეკის გაუქმების შემდეგ მ------ ჯ----–---–მა კუთვნილი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0----------------------, 2018 წლის 07 ივლისს დატვირთა იპოთეკით, სადაც გამსესხებლებს წარმოადგენდნენ მ---- კ------ე და პ----ა ხ------–---–ი. მ------ ჯ----–---–ს არ მიუღია თანხა, რაც გადაინაწილეს შუამავლებმა და ჟ--–---ა ხ-------–მა.

 

ერთი თვის შემდეგ შუამავლებმა მოინდომეს ბინის ე.წ „გადაიპოთეკება“. ჟ--–---ა ხ-------–მა მ------ ჯ----–---–ს შესთავაზა, რომ მასთან გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება იყო იგივე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო ქონების დაკარგვის საფრთხე არ არსებობდა. შუამავლებმა კვლავ წაიღეს თანხის 10%, სესხის ძირითად თანხას დაერიცხა 3 თვის პროცენტი, ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა - 750 აშშ დოლარს, მთლიანი თანხა კი ჟ--–---ა ხ-------–მა განსაზღვრა - 25 000 აშშ დოლარით. მ------ ჯ----–---–ისათვის უცნობია ძირი თანხის ოდენობა. მოსარჩელეს არასოდეს განუზრახავს ბინის გაყიდვა. მხარეთა შორის არსებობს მხოლოდ სასესხო ურთიერთობა. მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხისათვის მხოლოდ - 25 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება.

 

ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ჟ--–---ა ხ-------–ი არის მესაკუთრე უძრავი ქონებისა, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

მოპასუხეები ყოფილი მესაკუთრე მ------ ჯ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები არ ათავისუფლებენ ბინას და აგრძელებენ ბინაში ცხოვრებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა.

 

მოპასუხეთა ქმ----ბით მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრების უფლება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. ჟ--–---ა ხ-------–ის პოზიცია მ------ ჯ----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით:

მოპასუხე ჟ--–---ა ხ-------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეებმა გამოხატეს ნება დაედოთ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება; მოპასუხემ სრულად გადაიხადა ნასყიდობის ფასი - 25 000 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, რასაც თავად მოსარჩელე ადასტურებს. მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებით გადაუხადა - 4 000 აშშ დოლარი, რაც უნდა დაბრუნებულიყო 3 თვეში (2018 წლის 06 დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ბოლომდე), რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია.

 

2018 წლის 07 ივლისის ხელშეკრულება გაფორმებულია, ერთი მხრივ, მ------ ჯ----–---–სა და მეორე მხრივ, მ---- კ------ესა და პ----ა ხ------–---–ს შორის, ჟ--–---ა ხ-------–ი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს.

 

მხარეთა შორის არსებობდა 2018 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს 6 თვის ვადით, თვეში 3%-იანი სარგებლის დარიცხვით ასესხა - 51 000 ლარი.

 

მხარეთა შორის 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის ვადად შეთანხმდა 3 თვე, 2018 წლის 24 ნოემბრამდე. უძრავი ქონება 2018 წლის 29 ივლისს იპოთეკით დატვირთული იყო ჟ--–---ა ხ-------–ის სასარგებლოდ, იპოთეკა მოიხსნა 2018 წლის 24 აგვისტოს და გაუქმდა სასესხო ვალდებულება მხარეებს შორის. მოსარჩელეს ბინა შეთანხმებულ ვადაში არ გამოუსყიდია.

 

2.2. მოპასუხეების მ------ ჯ----–---–ის, ი--ა ნ----------–ისა და დ-------ი ნ----------–ის პოზიცია ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელთან დაკავშირებით:

მოპასუხე მ------ ჯ----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. მხარეთა შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, რისი ბათილად ცნობის შედეგად ქონება აღირიცხება მ------ ჯ----–---–ის საკუთრებაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

მოპასუხეებმა ი--ა ნ----------–მა და დ-------ი ნ----------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. მხარეთა შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება, რისი ბათილად ცნობის შედეგად ქონება აღირიცხება ი--ა ნ----------–ისა და დ-------ი ნ----------–ის საკუთრებაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

მოპასუხე ნ----- ჭ-----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა საქმე #2/8636-19 მ------ ჯ----–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე ჟ--–---ა ხ-------–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით და საქმე #2/10475-19, ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელი მ------ ჯ----–---–ის, ი--ა ნ----------–ის, დ-------ი ნ----------–ისა და ნ----- ჭ-----–--ის მიმართ უკანონი მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 20 ივნისს მ------ ჯ----–---–სა (მესაკუთრე/მსესხებელი) და ჟ--–---ა ხ-------–ს (გამსესხებელი/იპოთეკარი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა - 13 500 ლარი, ხოლო მსესხებელმა მიიღო თანხა სრულად. სესხის იყო სარგებლიანი - ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%-ით; სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ------ ჯ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------;

 

2018 წლის 07 ივლისს მ------ ჯ----–---–სა და ჟ--–---ა ხ-------–ს შორის გაფორმდა შეთანხმება „სესხისა და იპოთეკის გაუქმება“ (სანოტარო მოქმ----ბის რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად ჟ--–---ა ხ-------–მა (იპოთეკარმა) განაცხადა, რომ სრულად მიიღო ძირი თანხა და მას პრეტენზია არ გააჩნდა მ------ ჯ----–---–ის მიმართ. ამავე შეთანხმებით გაუქმდა 2018 წლის 20 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 20 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24).

შეთანხმება „სესხისა და იპოთეკის გაუქმება“ (ს.ფ. 26-27).

 

3.1.2. 2018 წლის 07 ივლისს, ერთი მხრივ, მ------ ჯ----–---–სა (მესაკუთრე/მსესხებელი) და მეორე მხრივ, მ---- კ------ესა და პ----ა ხ------–---–ს (გამსესხებლები/იპოთეკარები) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმ----ბის რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად გამსესხებელის მ---- კ------ის მიერ მსესხებლისათვის გადაცემული თანხა შეადგენს - 13 000 ლარს, ხოლო პ----ა ხ------–---–ის მიერ გაცემული სესხის თანხა შეადგენს - 18 200 ლარს.

 

სესხი იყო სარგებლიანი - ყოველთვიურად 2,5%-ის დარიცხვით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ ჯ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 07 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-32).

 

3.1.3. 2018 წლის 29 ივლისის მ------ ჯ----–---–სა (მესაკუთრე/მსესხებელი) და ჟ--–---ა ხ-------–ს (გამსესხებელი/იპოთეკარი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმ----ბის რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 51 000 ლარი.

 

სესხის იყო სარგებლიანი - ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%-ით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს გადახდილი ჰქონდა 4 თვის სარგებელი წინასწარ; სესხი გაიცა 6 თვის ვადით.

 

მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ------ ჯ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით: განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 07/07/2018; უფლების რეგისტრაციის თარიღი - 11/07/2018; იპოთეკარი: მ---- კ------ე, პ----ა ხ------–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 99-103).

შეთანხმება „სესხისა და იპოთეკის გაუქმება“ (ს.ფ. 104-107).

 

3.1.4. 2018 წლის 24 აგვისტოს მ------ ჯ----–---–სა და ჟ--–---ა ხ-------–ს შორის გაფორმდა შეთანხმება „სესხისა და იპოთეკის გაუქმება“ (სანოტარო მოქმ----ბის რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად მსესხებელმა გამსესხებელს დაუბრუნა ძირითადი თანხა სრულად და მხარეთა განცხადებით ხელშეკრულებასთან მიმართებით არც მაშინ და არც მომავალში ერთმანეთთან პრეტენზია არ გააჩნდათ. აქტი წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იპოთეკის ჩანაწერის გაუქმების საფუძველს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შეთანხმება „სესხისა და იპოთეკის გაუქმება“ (ს.ფ. 104-107).

 

3.1.5. 2018 წლის 24 აგვისტოს მ------ ჯ----–---–სა (გამყიდველმა) და ჟ--–---ა ხ-------–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (სანოტარო მოქმ----ბის რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა ნასყიდობის საგანი, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------, 2018 წლის 24 ნოემბრამდე გამოსყიდვის უფლებით.

 

მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 25 000 აშშ დოლარად.

 

ხელშეკრულების თანახმად, ქონება დატვირთული იყო იპოთეკით (რეესტრის ნომერი 1--------), რაც გაუქმდა 2018 წლის 24 აგვისტოს.

 

უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------------- 2018 წლის 05 სექტემბრიდან აღირიცხა ჟ--–---ა ხ-------–ის საკუთრებაში; 2018 წლის 05 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვალდებულება: გამოსყიდვის უფლების მქონე პირი - მ------ ჯ----–---–ი; მყიდველი - ჟ--–---ა ხ-------–ი; გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი: 24/08/2018.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულება (ს.ფ. 33-36).

05/09/2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38).

 

3.1.6. 2018 წლის 10 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------------- ირიცხება ჟ--–---ა ხ-------–ის საკუთრებაში, ამასთან, ვალდებულების გრაფაში ქონებაზე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-------- რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 10 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40).

2019 წლის 22 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 73-74).

 

3.1.7. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მ------ ჯ----–---–ი, ი--ა ნ----------–ი, დ-------ი ნ----------–ი ნ----- ჭ-----–--ე ფლობენ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება მხარეებს შორის მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - „მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები და ვინც ფიქრობს რომ სადავო გარიგებით შეილახა მისი უფლება, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას, რაც საბოლოო ჯამში შექმნიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად. მოჩვენებითი გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს გარიგებისათვის აუცილებელი შედეგის არარსებობა და შედეგის მიმართ განზრახვის არქონა და შედეგები, რომლის თავიდან აცილებას ცდილობდნენ მხარეები. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დასტურდებოდეს სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობა, რა დროსაც მხარეებს სურთ მიღწიონ არა გარეგნულად გამოხატული ნების შედეგს არამედ, სხვა შედეგს. შესაბამისად, უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე“ (იხ, სუსგ, №ას-863-1174-07, 2 აპრილი, 2008 წელი).

 

სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რა გარემოებები უსწრებდა წინ სადავო გარიგების დადებას, ასევე თუ რა იურიდიული შედეგები მოჰყვა ხელშეკრულების გაფორმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის არსებობდა 2018 წლის 29 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა. ამასთან, მხარეები სწორედ 2018 წლის 24 აგვისტოს შეთანხმდნენ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებაზე. 2018 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ მითითებულია, რომ მსესხებელმა გამსესხებელს დაუბრუნა ძირითადი თანხა სრულად და მხარეთა განცხადებით ხელშეკრულებასთან მიმართებით არც მაშინ და არც მომავალში ერთმანეთთან პრეტენზია არ გააჩნდათ. აღნიშნული ჩანაწერის მიუხედავად სადავო არ არის, რომ მ------ ჯ----–---–ს ჟ--–---ა ხ-------–ისათვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია, არამედ ამავე დღეს - 2018 წლის 24 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების პუნქტზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, თანახმად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა (იპოთეკარი ჟ--–---ა ხ-------–ი), რეესტრის ნომერი 1--------, დამოწმების თარიღი: 29/07/2018, იპოთეკა გაუქმდა იმავე დღეს - 2018 წლის 24 აგვისტოს (რეგისტრაციის ნომერი 1--------).

 

შესაბამისად, სადავო გარიგების დადებამდე მხარეები იმყოფებოდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში და მოსარჩელეს, როგორც მოვალეს გააჩნდა შესასრულებელი ვალდებულება მოპასუხის, როგორც კრედიტორის წინაშე. მოვალეს ვალდებულება თანხის გადახდის გზით არ შეუსრულებია. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენელიც, მისი განმარტებით მსესხებელი მ------ ჯ----–---–ი ვერ იხდიდა სესხის თანხას, რის გამოც მან ჟ--–---ა ხ-------–თან გააფორმა გამოსყიდვით უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. 2020 წლის 04 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი 11:12:28).

 

შესაბამისად, დგინდება, რომ მარიამ ჯანიაშვილისათვის ცნობილი იყო იმ გარიგების შინაარსი, რაც გაფორმდა მხარეთა შორის 2018 წლის 24 აგვისტოს. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მ------ ჯ----–---–ის მიერ ჟ--–---ა ხ-------–ის სასარგებლოდ თანხის პერიოდული გადახდები, რაც შესაძლოა მათ შორის სასესხო ურთიერთობის გაგრძელების დამადასტურებლად მიჩნეულიყო.

 

ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეში არსებული 2018 წლის 06 დეკემბრით დათარიღებული მ------ ჯ----–---–ის ხელწერილი, რომლის თანახმად „მივიღე დამატებით - 4 000$ ოთხიათასი ქალბატონი ჟ--–---ა ხ-------–ისაგან 3 თვით. არდაბრუნების შემთხვევაში გასაღებს ვაბრუნებ უკან მარტის ბოლოს 2019 წელს“. აღნიშნული ხელწერილი გამორიცხავს მ------ ჯ----–---–ის მხრიდან გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნის არ არსებობას, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული ხელმოწერით დადასტურებულია მისივე ვალდებულება თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უძრავი ქონების გადაცემისა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი, უძრავი ქონება აღირიცხა ჟ--–---ა ხ-------–ის სახელზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - „სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის ფარგლებში გარიგების მოჩვენებითობის ელემენტების მითითება-დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელიც მან სარწმუნო, განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაასაბუთოს. ამგვარ მტკიცებულებებზე კასატორს არ მიუთითებია, ის ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ არატოლფასი ღირებულების სიკეთეთა გადანაცვლება არ შეიძლებოდა, ნამდვილ გარიგებად მიჩნეულიყო. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის ზოგადი წესი _ კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება, ამავე კოდექსის 428-ე მუხლი კი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტას კრედიტორის მიერ სხვა შესრულების მიღებით. ასეთ შემთხვევაში, სავალდებულოა კრედიტორის თანხმობა სხვა შესრულების მიღებაზე. მითითებული ნორმა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს _ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. თავის მხრივ, ნების გამოვლენა (რომელიც მოცემულ შემთხვევაში, სხვა შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობაა), ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგებაა, რომელიც სრულად ჯდება ზემოხსენებული ნორმების მოწესრიგების სფეროში” (იხ. სუსგ საქმეზე №ას-881-831-2015, 11 დეკემბერი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სსკ-ის 427-ე, 428-ე, 319-ე მუხლების შესაბამისად, 2018 წლის 24 აგვისტოს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მოვალე მ------ ჯ----–---–ის, როგორც მსესხებლის ვალდებულება, წარმოშობილი 2018 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან შეწყდა კრედიტორის - ჟ--–---ა ხ-------–ის მიერ სხვა შესრულების - უძრავი ქონების მიღებით, რის გამოც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დადებულ ნამდვილ გარიგებას და არ არსებობს მისი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ განიზრახავდნენ გაფორმებული ხელშეკრულებისაგან განსხვავებული (დაფარული გარიგების) შედეგების მიღწევას და მათ მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ჯ----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 170-ე, 427-ე, 428-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მ------ ჯ----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საყრდენი პრინციპი ნების გამოვლენაა და თუ ნების გამოვლენა ნაკლიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადამწყვეტია მხარეთა რეალური ნების დადგენა, განსაზღვრა იმისა, თუ რა იყო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიზანი, იყო და არის თუ არა, მხარეთა ნამდვილი ნება იმ მიზნის მიღწევა, რაც გაფორმებული ხელშეკრულების დადებით მიიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დადებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და არ სურთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში კი გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარად და მხარეები განიზრახავენ დაფარული ხელშეკრულების შედეგების მიღწევას. ამიტომ კანონი ამ გარიგებას ავტომატურად არ მიიჩნევს ბათილად. მოჩვენებითი გარიგების ბათილობა იწვევს თვალთმაქცური გარიგების ნორმების ამოქმ----ბას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ. თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი.

 

მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის, 477-ე და 56-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია: ა) ნამდვილი ნების გამოვლენა; ბ) ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. ერთ-ერთი პირობის არარსებობა გამორიცხავს ნამდვილი გარიგების არსებობას და, შესაბამისად, თუ გარიგება დაიდო ასეთ პირობებში, იგი ბათილია. მოჩვენებითი გარიგების დროს, მართალია, სახეზეა მხარეთა ნების გამოვლენა და გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თუმცა, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ მოიცავს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვას. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომლის თანახმადაც, მხარეებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც პირდაპირ არაა მითითებული სამოქალაქო კოდექსში. ეს გულისხმობს, თავის მხრივ, ისეთი ხელშეკრულების დადებასაც, რომლებიც მოიცავს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ხელშეკრულების ელემენტებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ამავე კოდექსის 428-ე მუხლის რეგულაციით - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.

 

მოცემულ შემთხევაში დგინდება, რომ მ------ ჯ----–---–ს ჟ--–---ა ხ-------–ის მიმართ გააჩნდა ფულადი ვალდებულება წარმოშობილი 2018 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით შეთანხმდნენ ჟ--–---ა ხ-------–ის მიმართ იპოთეკის გაუქმებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 24 აგვისტოს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა შესაბამისი შედეგი - მოვალე მ------ ჯ----–---–ის როგორც მსესხებლის ვალდებულება, წარმოშობილი 2018 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან შეწყდა კრედიტორის - ჟ--–---ა ხ-------–ის მიერ სხვა შესრულების მიღებით, რაც შესაბამისობაშია სსკ-ის 428-ე მუხლის დანაწესთან და არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია იმ ურთიერთობის არსებობა მხარეებს შორის, რაც თვისობრივად უძრავი ნივთის ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებისათვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს მათი შინაგანი, რეალური ნებისა და გარეგნულად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გამოხატული ნების თანხვედრას და ამ ნებისათვის მხარეთა მიერ მსვლელობის მიცემას, სსკ-ის 477-ე, 509-ე, 319-ე და 428-ე მუხლების შესაბამისად.

 

6.2. ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმ----ბა არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, 40,00 კვ.მ, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით არის ჟ--–---ა ხ-------–ის საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ მ------ ჯ----–---–ი, ი--ა ნ----------–ი, დ-------ი ნ----------–ი ნ----- ჭ-----–--ე ფლობენ ჟ--–---ა ხ-------–ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას-საცხოვრებელ სახლს.

 

მხარეთა შორის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შესაძლოა მოპასუხეებთან მიმართებაში ყოფილიყო შეზღუდული. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეების მ------ ჯ----–---–ის, დ-------ი ნ----------–ის, ი--ა ნ----------–ის, ნ----- ჭ-----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა, მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს ჟ--–---ა ხ-------–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მ------ ჯ----–---–ის სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწუფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეებს მ------ ჯ----–---–ს, დ-------ი ნ----------–ს, ი--ა ნ----------–სა და ნ----- ჭ-----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა, ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სარჩელები წარმოადგენენ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს (დავის საგნის ღირებულება 4000 ლარით განისაზღვრება) და შესაბამისად, სსსკ 39-ე მუხლის მეორე ნაწილისა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ------ ჯ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ ჯ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ჟ--–---ა ხ-------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხეების მ------ ჯ----–---–ის, დ-------ი ნ----------–ის, ი--ა ნ----------–ის, ნ----- ჭ-----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-3ა, მ/რ, კორპ №--, ბინა №1--, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ჟ--–---ა ხ-------–ს.

 

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ჟ--–---ა ხ-------–ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–----ის მე-3ა მ/რ. კორპ. N23, ს/ნ N0----------------------. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

5. მოპასუხეებს მ------ ჯ----–---–ს, დ-------ი ნ----------–ს, ი--ა ნ----------–სა და ნ----- ჭ-----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე