გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002-61071
2-1185/18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29/01/2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - დ----- თ--------ძე
წარმომადგენელი - ჟ--–------–--------------ე
მოპასუხეები - მ-----– თ--------ძე, ბ------ ჯ--–-----ე
წარმომადგენელი - მ----------------ე, ნ-----------------ე
დავის საგანი - ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, დემონტაჟი.
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - მ-----– თ--------ძე
წარმომადგენელი-მ----------------ე
მოპასუხე - დ----- თ--------ძე
წარმომადგენელი - მ----------------ე, ნ-----------------ე
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ----- თ--------ძე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას მ-----– თ--------ძის და ბ------ ჯ--–-----ის მიერ ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე, №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა. ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს მ-----– თ--------ძის და ბ------ ჯ--–-----ის მიერ აგებულ ღობეს და მათი მფლობელობისაგან გათავისუფლებული მიწის ნაკვეთი ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
დ----- თ--------ძემ, 2009 წელში მ-----– თ--------ძისგან შეიძინა ქ. ბათუმი აკ----–--------------ში (ს/კ 0-.3-.2-.5--) მდებარე 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 2018 წლის თებერვალში მ-----– თ--------ძემ თვითნებურად გააკეთა ბეტონის 2.46 მ. სიმაღლის ბეტონის ღობე და მისი მეშვეობით მიისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი 59 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მიზანია კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიბრუნოს და თავისუფლად შეძლოს მისი მართვა. მ-----– თ--------ძე და ბ------ ჯ--–-----ე მიწის ნაკვეთს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებენ და ამ გზით არღვევენ მის საკუთრების უფლებას.
1.2. მოპასუხეთა პოზიცია:
მ-----– თ--------ძე და ბ------ ჯ--–-----ე სარჩელს არ ცნობენ. განმარტავენ, რომ სასაზღვრო მიჯნა სწორადაა მოწყობილი. სადაო 59 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა, შესაბამისად ისინი არ არიან მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დაუფლებული და მას ხელს არ უშლიან საკუთრების გამოყენებაში. მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მ-----– თ--------ძის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
მ-----– თ--------ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა დ----- თ--------ძის მიმართ და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა 2009 წლის 7 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმება და მიწის ნაკვეთის მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა.
2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
დ----- თ--------ძე შეგებებულ სარჩელს არ ცნობს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2009 წლის 7 სექტემბერს დ----- თ--------ძესა და მ-----– თ--------ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ----- თ--------ძემ მ-----– თ--------ძისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საქმის განხილვის მომენტისათვის დასახელებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დ----- თ--------ძის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 13-14
- ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 19.
3.1.2. ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე, №--.3-.2-.362 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 426.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მ-----– თ--------ძის საკუთრებად იყო რეგისტრირებული 2018 წლის 5 ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ.15-16.
3.1.3. ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე, №--.3-.2-.362 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 426.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ბ------ ჯ--–-----ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერები; ტ.1.
3.1.4. დ----- თ--------ძის და ბ------ ჯ--–-----ის მიწის ნაკეთი ერთმანეთს ესაზღვრება. მათი ნაკვეთების გასამიჯნად მოწყობილია მყარი მიჯნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნა N0---------
დაზუსტებული სარჩელი. ტ. 1. ს.ფ. 98-104
შესაგებელი. ტ. 1. ს.ფ. 126-130.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებაა:
- სასაზღვრო მიჯნის მოწყობა საზღვარზე;
- მოპასუხეების მიერ მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის მფლობელობის საკითხი;
- 59 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრება;
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. 59 კვ.მ. მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სადაო ნაკვეთი თითეული მათგანის საკუთრებაა. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში დასახელებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ხელშეშლის აღკვეთასაც მოითხოვს მისი საკუთრებაა. აღნიშნული გარემოების დადგენა გადაწყვეტს სასაზღვრო მიჯნის საზღვარზე განლაგების საკითხსაც. დასახელებული გარემოების დადგენა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ამონაწერით, აზომვითი ნახაზით და ექსპერტიზის დასკვნით. მისი დადგენისათვის სამივე მტკიცებულების ერთობლიობაა საჭირო.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. მოსარჩელემ, სადაო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების გავრცელების დასამტკიცებლებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოპასუხეებმა მოსარჩელის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყვეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია. მთავარია გაირკვეს რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.7. მოსარჩელემ, მტკიცების ტვირთის დაძლევისა და ზეპირი განმარტების გამყარების მიზნით, წარმოადგინა კუთვნილი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ამონაწერი, მოპასუხეთა საკუთრების უფლების ამსახველი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ექსპერტიზის დასკვნა და აზომვითი ნახაზები. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია - ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოსარჩელე უნდა ფლობდეს იმ მიწის ნაკვეთს, რაც საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული. მოპასუხეებიც უნდა ფლობდენ იმ ნაკვეთს, რაც მათ საკუთრებადაა რეგისტრირებული. ეს ნაკვეთია ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე, №--.3-.2-.362 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 426.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა
3.2.8. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელე არ ფლობს იმ ოდენობის მიწის ნაკვეთს, რაც მის საკუთრებად აქვს რეგისტრირებული.
- იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერები;
- ექსპერტიზის დასკვნა N0---------
3.2.9. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია დადგინდეს ვის ეკუთვნის ის სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია სასაზღვრო მიჯნიდან მოპასუხეთა მხარეს და რომლის გამოთხოვასაც ითხოვს მოსარჩელე. ამ მიზნით საქმეზე ჩატარებული იქნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტმა ადგილზე შეისწავლა მიწის ნაკვეთების განლაგება და შეადარა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. ექსპერტმა საექსპერტო კვლევით დაადგინა, რომ მოპასუხეების ერთიან ნაკვეთსა და მოსარჩელის ნაკვეთებს შორის, რეალურად არსებული მიჯნის დადგენილი განლაგება, განსხვავდება საკადასტრო გეგმაზე დატანილი და საჯარო რეესტრით რეგისტრირებული საზღვრის ხაზების მდებარეობისაგან.
3.2.10. ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში მდებარე №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დ----- თ--------ძე არ ფლობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო ნახაზზე დაფიქსირებულ ნაკვეთს სრულად, ვინაიდან №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ და საკადასტრო გეგმაზე დატანილ ნაკვეთებთან გადაფარვაშია ბ------ ჯ--–-----ის კუთვნილ ნაკვეთთან არსებული ღობის ფაქტობრივ მდებარეობასთან და მცირდება 59 კვ.მ-ით.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა N0---------
3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის კუთვნილება და მფლობელობა ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სავსებით შესაძლებელია მოპასუხე ფლობდეს იმ ფართს, რაც არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ან კიდე ღობის სახით აღმართული სასაზღვრო მიჯნა განლაგებული იყოს იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელეების საკუთრება და იწყება მოპასუხის, ან სხვა პირთა საკუთრება, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ:
- №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ნაწილს ფლობს მ-----– თ--------ძე (ბ------ ჯ--–-----ე) კერძოდ 59.06 კვ.მ ფართს საჯარო რეესტრით რეგისტრირებული ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში 204.19 კვ.მ. დ----- თ--------ძეს და მ-----– თ--------ძის (ან ბ------ ჯ--–-----ის) მიწის ნაკვეთის გამყოფი ღობეების (მათ შორის მხარეების მიერ მითითებული საზღვრები (რკ. ბეტონის ბოძები და გაბმული ბაწარი)) არ შეესაბამება საკადასტრო რეესტრით დარეგისტრირებულ საზღვრებს, კერძოდ:
ა) №--.3-.2-.5-- ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული (№--.3-.2-.362 ნაკვეთთან გამმიჯნავი) მცირე ზომის ბეტონის ბლოკების წყობით მოწყობილი ღობისა და დ----- თ--------ძის კუთვნილი საცხოვრებელი შენობის (საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვართან მიმართებით) ნაწილი გადასულია №--.3-.2-.362 (მ-----– თ--------ძის) კუთვნილ ნაკვეთში, რამაც გამოიწვია 22.30 კვ.მ ფართით გადაფარვა მ-----– თ--------ძის კუთვნილი ნაკვეთისა;
ბ) №--.3-.2-.362 მ-----– თ--------ძის ფაქტიურ სარგებლობაში არსებული ნაკვეთის სამხრეთის მხრიდან შემოღობვა (მცირე ზომის ბლოკების წყობით ნაშენები) შეჭრილია ფაქტიურად საკადასტრო რუქის თანახმად სახელმწიფო სარგებლობაში არსებულ ნაკვეთის ფართში, რამაც გამოიწვია №--.3-.2-.5-- (დ----- თ--------ძის კუთვნილ) ნაკვეთთან 59.06 კვ.მ ფართით, ხოლო სახელმწიფო ნაკვეთისა (მისასვლელი გზისა) კი - 31.03 კვ.მ ფართით;
გ) №--.3-.2-.5-- ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული მიჯნა (თ--------ძის კუთვნილი საცხოვრებელი შენობის ჩრდილოეთი კედლის მდებარეობა, ასევე მათ მიერვე მითითებული ნაკვეთით სარგებლობის საზღვრები -რკ. ბეტონის ბოძები და მათზე გაბმული ბაწარი) თავის მდგომარეობით შემოჭრილია დ----- თ--------ძის კუთვნილ (საჯარო რეესტრით რეგისტრირებულ) ნაკვეთის საზღვრებში, რამაც გამოიწვია №--.3-.2-.5-- (დ----- თ--------ძის კუთვნილ) ნაკვეთთან გადაფარვა 204.19 კვ.მ ფართით;
დ) ხოლო დ----- თ--------ძის სარგებლობაში არსებული ნაკვეთის აღმოსავლეთის მხრიდან მიჯნისა (ხის მასალის- ფიცრული ღობე) და ჩრდილოეთის მხრიდან რკ. ბეტონის ბოძებისა და მათზე გაბმული ბაწრის (მითითებული მიჯნის) ფაქტიური მდგომარეობით N0-.3-.2-.740 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთთან არის გადაფარვა, რომელმაც შეადგინა 174.09 კვ.მ ფართი;
ე) №--.3-.2-.5-- ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებული მიჯნისა (ფოლადის ბადე -რაბიცა) და აღმოსავლეთს მხრიდან (ხის მასალის-ფიცრული ღობე) მიჯნის მდებარეობა შეჭრილია ფაქტიურად სახელმწიფო მიწის ნაკვეთის ფართში, რამაც გამოიწვია (სახელმწიფო მიწის) ნაკვეთის გადაფარვა 55.96 კვ.მ ფართით;
იხ. ექსპერტიზის დასკვნა N0---------
3.2.12. სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ბათუმში, ა-----–-------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის ბ------ ჯ--–-----ეს. მიწის ნაკვეთი მდებარეობს აკაკი შანიძის ქუჩის მარცხენა მხარეს. ქუჩასა და ბ------ ჯ--–-----ის. ნაკვეთებს ერთმანეთისაგან ჰყოფს ქვის ღობე. ქუჩის მხრიდან ღობის სიგრძეა დაახლოებით 20-25 მეტრი. მიწის ნაკვეთში გზიდან დაახლოებიდან 3-4 მეტრში განთავსებულია მ-----– თ--------ძეს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლის მარჯვენა მხარეს მოწყობილია გრძელი ეზო, რომლის მარჯვენა მხარეს აშენებულია ბეტონის ღობე. სწორედ ამ ღობის დემონტაჟზე დაობს დ----- თ--------ძე. მას მიაჩნია, რომ ღობის შიგნით მოქცეული 59 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა. ფაქტობრივად დასახელებული ნაკვეთი მოქცეულია მ-----– თ--------ძის მიერ აშენებულ ღობის შიგნით. ეზო სრულდება ბეტონის ღობით. ფაქტობრივად მ-----– თ--------ძის ყოფილი და ამჟამად ბ------ ჯიმშერაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ბეტონის კედელი. ეზოს ბოლოში არსებული ბეტონის ღობის შემდეგ დ----- თ--------ძის ორ სართულიანი სახლია. ბეტონის ღობესა და სახლს შორის პატარა ეზოა. დ----- თ--------ძის მიწის ნაკვეთი სამხრეთის მხრიდან ნაწილობრივ შემოღობილია ფოლადის ბადის მეშვეობით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან შემოღობილია ფიცრული ღობით.
იხ. ადგლზე დათვალიერების ოქმი;
3.2.13. მოპასუხეებს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვთ ღობის სახით მოწყობილი მიჯნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ექსპერტიზის დასკვნა და ადგილზე დათვალიერება საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ ღობის მეშვეობით მოპასუხეებს შემოკავებული აქვთ მოსარჩელის კუთვნილი 59.06 კვ.მ. ფართობი,იხ. ექსპერტიზის დასკვნა N0---------
3.2.14. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სავსებით შესაძლებელია სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოპასუხეების მფლობელობაშია, ისტორიულად მათი საკუთრებაც იყოს. ამ მოსაზრებას ანვითარებს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს. საზღვრების დაზუსტება დამოკიდებულია მხარეთა ნებზე. მხარეებმა ერთად უნდა გამოავლინონ ასეთი ნება და კომპლექსურად შეისწავლონ საზღვრები და ზუსტად დაადგინონ წითელი ხაზები. ამ საქმის ფარგლებში საზღვრების სისწორე სასარჩელო მოთხოვნის საგანს არ წარმოადგენს, ამიტომ შეუძლებელია მისი სიზუსტის დადგენა. შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილებას აგებს რეგისტრირებულ მონაცემებზე და მსჯელობს იმ მოცემულობებზე, რაც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. აღკვეთილი უნდა იქნას მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ქონება მოსარჩელეს უნდა გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამდენად საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა როგორც კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას საკუთრების უფლება. ანუ იხემძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის საკუთრებადაა რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე
ქ. ბათუმში, აკ----–--------------ში (ს/კ №--.3-.2-.5--) მდებარე 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები, კერძოდ: მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მოპასუხეებს დაკავებული აქვთ 59.06 კვ.მ ფართობი. მოსარჩელე ამ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს აღმართული აქვთ ღობე, დასაკუთრებული აქვთ მათი ნაკვეთის ნაწილი და მოსარჩელეს არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მის საკუთრების უფლებას.
6.4. მხარეთა ყურადღებას სასამართლო მიაქცევს შემდეგ ნორმებზე:
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”. ასევე საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მეორე და მესამე მუხლების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა)”.
დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით. ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ასეთადაა რეესტრში რეგიტრირებული. ის მესაკუთრედ ითვლება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ჩანაწერი მისი საკუთრების შესახებ უზუსტოა. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკი შეიცავს მონაცემებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების შესახებ. მათ შორის მონაცემებს თუ რა საზღვრებში მოქცეული ქონება წარმოადგენს მოსარჩელის ან მოპასუხის საკუთრებას. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით, მხარეთა საკუთრების უფლება არაა იმ საზღვრებში, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. დღეისათვის მხარეებს განსხვავებულ საზღვრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები დაკავებული. როგორც წესი მხარეთა მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა უნდა არსებობდეს იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელის საკუთრება და იწყება მოპასუხეთა საკუთრება. მიჯნის ადგილის განსაზღვრა მხარეთა ნებაზე არაა დამოკიდებული. იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისი უნდა იყოს. არაა აუცილებელი მიჯნა გამოკვეთილი იყოს. იგი შეიძლება პირობითიც იყოს და მხოლოდ ერთი ნაკვეთის დასრულებისა და მეორე ნაკვეთის დასაწყისის ადგილას პირობითად იყოს განსაზღვრული. წინამდებარე შემთხვევაშიც მხარეთა შორის მიჯნის ადგილია ის ადგილი, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მთავრდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთი და იწყება მოპასუხის მიწის ნაკვეთი. მიჯნას, ამჟამად ასეთი მდგომარეობა არ აქვს. ხელოვნური საზღვარი - მოპასუხის მიერ (შეიძლება სხვა პირის მიერაა აგებული) გავლებული ღობე, გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთში და ღობის მეშვეობით თავის მიწის ნაკვეთთან გაერთიანებულია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების 59.06 კვ.მ. ნაკვეთი.
მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ ღობე სწორედ იმ ადგილასაა გავლებული, სადაც მხარეთა საზღვარი უნდა იყოს. სასამართლო მოპასუხის ამ არგუმენტებს არ იზიარებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე. საჯარო რეესტრის ჩანაწერს ახასიათებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, რაც ნიშნავს მას, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები სწორადაა რეგისტრირებული მანამ, სანამ არ დადგინდება საწინააღმდეგო. მოპასუხე რეგისტრირებული მონაცემების წინააღმდეგ წინამდებარე საქმეში არ დაობს. შესაბამისად სწორ მონაცემებად მიჩნეული უნდა იქნას ის მონაცემები, რაც რეესტრშია რეგისტრირებული. ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება. აღნიშნულის გამო არსებობს სასაზღვრო მიჯნის სხვა ადგილას განსაზღვრის საფუძველი. მიჯნა იმ ადგილას არაა, სადაც მხარეთა მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს. აღნიშნულის გამო სარჩელი ღობის დემონტაჟის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ღობის დემონტაჟითაა შესაძლებელი მიჯნის სათანადო ადგილას აღმართვა. მისი დემონტაჟის გარეშე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვერ აღსდგება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელის ნაწილობრივად შეზღუდული აქვს საკუთრების მფლობელობა და სარგებლობა.
მოპასუხეებს შეზღუდული აქვთ დ----- თ--------ძის კუთვნილი 59.06 კვ.მ. ნაკვეთის მფლობელობა. მოპასუხეები ამ ნაკვეთის მესაკუთრედ არარიან რეგისტრირებულები და მათ მფლობელობას მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. მათ მესაკუთრის თანხმობა არ აქვთ. უფრო მეტიც, მესაკუთრე წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მ-----– თ--------ძე და ბ------ ჯ--–-----ე არ არიან დ----- თ--------ძის ნაკვეთის მიმართულებით სასაზღვრო მიჯნამდე არსებული 59.06 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.
დასახელებული ნაკვეთების მოპასუხეების მიერ მფლობელობის წინააღმდეგია მოსარჩელე, რომლსაც მოპასუხეების გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეებსაც არ აქვთ ამ ნაკვეთის ფლობის უფლება. ისინი არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც მათი ზემოქმედებისაგან უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთვნილი 59.06 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასახელებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრეებისათვის გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა (გარიგების ბათილად ცნობაზე).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას საქმის წარმოება დაიწყოს ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ _ ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, განამტკიცებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მხარი დაუჭიროს სარჩელს, გაიხმოს ან მთლიანად უარი თქვას მასზე. განმცხადებელმა გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი დისპოზიციურობის გამოვლენის ნიშანია და სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. მოსარჩელემ გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე, რის გამოც საქმის წარმოება ამ ნაწილში უნდა შეწყდეს.
6.9. შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა (საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმება და ხელშეშლის აღკვეთა). მოპასუხე თანახმაა ამ ნაწილში სარჩელი დარჩეს განუხილველი. სარჩელის გახმობის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლებით. დასახელებული ნორმით მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, განამტკიცებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მოსარჩელეს ანიჭებს თავისი სარჩელის გამოხმობის უფლებას. მხარეს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გაიხმოს სარჩელი. მოსარჩელემ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და სარჩელის გახმობის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილით მთავარ სხდომაზე სასამართლო საქმეს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე თანახმაა სარჩელის განუხილველად დატოვებისა. ამ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა სარჩელის განუხილველად დატოვებას. შესაბამისად ამ ნაწილში სარცელი უნდა დარჩეს განუხილველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა ხელშეშლის აღკვეთას და მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა არის 60 ლარი. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი არ აქვს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 60 ლარს. მოსარჩელეს ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი, ანუ 40 ლარით ზედმეტი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ანაზღაურება. ზედმეტად გადახდილი 40 ლარი კი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
7.2. მოსარჩელეს გადახდილი აქვს ექსპერტიზის ხარჯი 460 ლარის ოდენობით. დასახელებული ხარჯი საპროცესო ხარჯია. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ექსპერტიზის ხარჯები მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს.
7.3. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 900 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარები, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ნაწილობრივად. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
7.4. შეგებებულ სარჩელში სამი მოთხოვნაა. პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 361 ლარს. მეორე მოთხოვნაზე 100 ლარს, ხოლო მესამე მოთხოვნაზე 60 ლარს. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 361 ლარი. პირველ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა მთავარ სხდომაზე. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი მთავარ სხდომაზე სარჩელზე უარის მთქმელ მოსარჩელეებს ბაჟს უნახევრებს. შესაბამისად მის მიერ გადახდილი 361-ე ლარის ნახევარი მ-----– თ--------ძეს უნდა დაუბრუნდეს უკან. მას სარჩელის გახმობის გამო ასევე უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი 40 ლარი.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ-----– თ--------ძეს აეკრძალა ქ. ბათუმი ა-----–-------------0 ში (ს/კ 0-.3-.2-.362) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ამავე ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აეკრძალა ბ------ ჯ--–-----ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით. ორივე ღონისძიება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებით გაუქმებულია. შესაბამისად საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- თ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
2. აღკვეთილი იქნას მ-----– თ--------ძის და ბ------ ჯ--–-----ის მიერ ქ. ბათუმში აკ----–--------------ში მდებარე №--.3-.2-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს 2019 წლის 2- აპრილის №5--------- ექსპერტიზის დასკვნაში და მის №5 და №6 დანართში მითითებულ, სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც დ----- თ--------ძის კუთვნილი 59.06 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია ბ------ ჯ--–-----ის საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 59.06 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ----- თ--------ძეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში;
3. მ-----– თ--------ძეს და ბ------ ჯ--–-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ დ----- თ--------ძეს აუნაზღაურონ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ნაწილი 60 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 460 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
4. დ----- თ--------ძეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 60 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ლიბერთი ბანკი, გადახდის თარიღი - 16/03/2018 წელი, საგადასახადო დავალება 16351020, სახაზინო კოდი - 300693150)
5. სამოქალაქო საქმე მ-----– თ--------ძის შეგებებული სარჩელის გამო დ----- თ--------ძის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდეს სარჩელზე უარის თქმის გამო.
6. მ-----– თ--------ძეს დაუბრუნდეს მ----------------ის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 219,5 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, გადახდის თარიღი - 05/07/2019 წელი, საგადასახადო დავალება 8148466217, სახაზინო კოდი - 300693150)
7. მ-----– თ--------ძეს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 180,5 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე