გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.03.2020
საქმის ნომერი
010210018002379728
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002379728

2-1354/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24/03/2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,ჯ-----------–ი“

წარმომადგენელი: ლ----------ე

მოპასუხე: ნ------ მ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს ,,ჯ-----------–მა“ სარჩელი აღძრა ნ------ მ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1823,28 აშშ დოლარის და 100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

016 წლის 8 ივნისს სს ,,ჯ-----------–სა“ და ნ------ მ-------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 22 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ჯ-----------–მა“ 12 თვის ვადით ნ------ მ-------ეს ასესხა 1020,62 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის წლიურად 72 %. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი ,,მ-–----–-----–---სი’’ სახ. №N------. ნ------ მ-------ეს სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მან დაარღვია ვალდებულება და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხადა. სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო მოსარჩელემ მოპასუხისაგან გამოითხოვა გირავნობის საგანი და ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობის საგანი გაიყიდა 2500 ლარად. რეალიზაციის შემდეგ მოპასუხეს დასაფარი ჰქონდა შემდეგი თანხა:

- სესხის ძირი: - 960,89 აშშ დოლარი;

- სარგებელი - 134,05 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო 518,88 აშშ დოლარი;

- აღმასრულებლის მომსხურება - 112,97 ლარი;

- გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი;

- ავტოტექმომსახურება - 10 ლარი;

- ექსპერტის მომსახურება - 60 ლარი.

ავტომანქანის რეალიზაციით დაიფარა დავალიანების ნაწილი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა - 766.07 აშშ დოლარი და დამატებითი ხარჯი 100 ლარი.

 

გარდა აღნიშნულისა მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით მან დაკარგა შემოსავალი. კერძოდ მოპასუხის მიერ ნაკისრი მოვალეობის ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ის მოპასუხისაგან მიიღებდა 1057,21 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მან დასახელებული შემოსავალი დაკარგა. მოითხოვს დასახელებული მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ნ------ მ-------ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ გირავნობის საგანი ავტომობილი ,,მ-–----–-----–---სი“ სახ. №N------ მოსარჩელემ გაყიდა იაფად. ავტომანქანის ღირებულება გაცილებით ძვირი ღირდა და მისი რეალიზაციით მიღებული თანხა სავსებით საკმარისი იყო ვალის დაფარვისათვის. გარდა ამისა მოსარჩელემ საშუალება არ მისცა ავტომანქანა თავად გაეყიდა უფრო ძვირად. ამტკიცებს, რომ მოსარჩელე შეპირდა, რომ გარკვეული პერიოდი ავტომანქანას არ გაყიდდა და მისცემდა საშუალებას დავალიანება დაეფარა, ან სატრანსპორტო საშუალება თავად გაეყიდა. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა მოსარჩელემ ავტომანქანა გადაცემიდან ერთ კვირაში გაყიდა. მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 8 ივნისს სს ,,ჯ-----------–სა“ და ნ------ მ-------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 22 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ჯ-----------–მა“ 12 თვის ვადით ნ------ მ-------ეს ასესხა 1020,62 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის წლიურად 72 %. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 18-21

- საკრედიტო ხელშეკრულება. 22-23.

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა ,,მ-–----–-----–---სი’ სახ. №N------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ. 25-28

 

3.1.3. ნ------ მ-------ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვადაზე ადრე შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- შეტყობინება. ს.ფ. 29

- გაფრთხილება დამატებითი ვადის დანიშნვაზე. ს.ფ. 30.

 

3.1.4. სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო მოსარჩელემ მოპასუხისაგან გამოითხოვა გირავნობის საგანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ გირავნობის საგანი გაიყიდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის სადაო გარემოებებია:

- გირავნობის საგნის მდგომარეობა და ფასი;

- ავტომანქანის რეალიზაცია 450 ლარად.

- მოსარჩელის ქმედებები ავტომანქანის რეალიზაციის დროს.

- დამატებითი ხარჯების ოდენობა.

-

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრობითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც ავტომანქანის მდგომარეობისა და ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ გირავნობის საგანი, რეალიზაციის დროს ღირდა 2500 ლარი. თავის მხრივ მოპასუხის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ სატრანსპორტო საშუალება 2500 ლარზე უფრო მეტი ღირდა.

 

3.2.5. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდა 2500 ლარად. მანვე უნდა დაამტკიცოს ყველა იმ ხარჯის არსებობა, რაც დაფარა გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით.

 

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.7. მოსარჩელემ, ავტომანქანის 2500 ლარად გაყიდვის დადასტურების მიზნით, წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. მოპასუხემ მოსარჩელის ზეპირი განმარტება ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.8. გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელემ ავტომანქანის 2500 ლარად გაყიდვის დამტკიცების მიზნით წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტი. დასახელებული დოკუმენტი შედგენილია გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისათვის. იგი შეადგინა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკატის მქონე შემფასებელმა. აქტში აღწერილია ავტომანქანის შეფასების მეთოდი, ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა, ბაზრის მიმოხილვა, გამოყენებულია შედარების მეთოდი. მათი ანალიზით გამოყვანილია შესაგებელი ავტომანქანის ფასი. აქტის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 1093 აშშ დოლარს, რაც შეადგენს 2708 ლარს.

იხ.სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში.

 

3.2.9. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ გირავნობის საგანი 2017 წლის 3 ივლისს გაიყიდა 2500 ლარად. ავტომანქანა შეიძინა ჯემალ ჯიშკარიანმა. ხელშეკრულებას ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი და შემძენი.

იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ. 31-32.

 

3.2.10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილების მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა მხოლოდ თავისი ზეპირი განმარტება. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს.

3.2.11. ავტომანქანის ღირებულების დამტკიცების მიზნით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დახარისხდა შემდეგნაირად:

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

- ზეპირი განმარტება;

- სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მოპასუხის მტკიცებულებები:

- ზეპირი განმარტება.

 

3.2.12. მტკიცებულებათა დახარისხებისა და გაანალიზების შემდეგ სასამართლო ვალდებულია კრიტიკულად შეაფასოს ისინი და განმარტოს რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარი და დამაჯერებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ზეპირი განმარტება, სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, მიღება-ჩაბარების აქტი და ნასყიდობის ხელშეკრულება, უფრო მყარი მტკიცებულებებია და უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მოპასუხის ზეპირ განმარტებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ დადგენილად და დადასტურებულად იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ გირავნობის საგანი ღირდა 2708 ლარი და გაიყიდა 2500 ლარად. მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობა უფრო უკეთ შეასრულა, ვიდრე მოპასუხემ. მან მტკიცებულებების მიმართ გამოიჩინა ზერელე მიდგომა და სარჩელისაგან თავი არ დაიცვა. არ წარმოადგინა მტკიცებულებები და არ გააქარწყლა მოსარჩელის არგუმენტები ავტომანქანის 2500 ლარად ღირებულების ან რეალიზაციის თაობაზე.

 

3.2.13. სასამართლომ განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება სადაო ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტი). წინამდებარე შემთხვევაში შესაძლებელია გირავნობის საგანი მართლაც ღირდა 4000 ლარი, ან უფრო მეტი, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება მტკიცება. მოპასუხემ წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი და შედავებაც არაკვალიფიციურად განხორციელა.

 

3.2.14. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელე მის მიმართ არაკეთილსინდისიერად მოიქცა. არაკეთილსინდისიერება მდგომარეობს მასში, რომ გირავნობის საგნის გადაცემის შემდეგ მოსარჩელე შეუთანხმდა, რომ გარკვეული დრო ავტომანქანას არ გაყიდდა და მისცემდა საშუალებას ავტომანქანა თავად გაეყიდა ან დაეფარა დავალიანება. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა მოსარჩელემ ავტომანქანა ერთ კვირაში გაყიდა ღირებულებაზე დაბალ ფასში.

 

3.2.15 მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოპასუხემ გირავნობის საგანი მოსარჩელეს გადასცა 2017 წლის 29 მარტს თვეში.

იხ. სს ,,ჯ-----------–ის“ 2017 წლის 29 მარტის ბრძანება. ს.ფ. 30.

 

3.2.16. თუ მოპასუხის ლოგიკას დავუჯერებთ, მაშინ მოსარჩელეს ავტომანქანა გაყიდული უნდა ჰქონდეს 2017 წლის 10 აპრილამდე მაინც. საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანის შეფასების აქტი, რომლითაც შეფასებული იქნა გირავნობის საგანი. დასახელებული აქტი შედგენილია 2017 წლის 27 აპრილს. ავტომანქანა კი გაიყიდა 2017 წლის 3 ივლისს.

იხ. შეფასების აქტი.

ნასყიდობის ხელშეკრულება.ს.ფ. 31-32.

 

3.2.17. დასახელებული მტკიცებულებები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ გირავნობის საგანი რეალიზებული იქნა არა მოსარჩელისათვის გადაცემიდან ერთ კვირაში, არამედ 3 თვეში და 5 დღეში. დასახელებული ვადა საკმარისი იყო იმისათვის, რომ თუ მოსარჩელეს სურვილი ჰქონდა გადაეხადა ვალი, ან თავად გაეყიდა გირავნობის საგანი.

 

3.2.18. საქმეში წარმოდგენილი საგადასახდო დავალებით დგინდება, რომ გირავნობის საგნის შეფასებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 60 ლარი.

იხ. საგადასახდო დავალება. ს.ფ. 37.

 

3.2.19. საქმეში წარმოდგენილი საგადასახდო დავალებით დგინდება, რომ გირავნობის მოწმობის მიღებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 50 ლარი.

იხ. საგადასახდო დავალება.ს.ფ. 37.

 

3.2.20. საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელემ ავტოტექმომსახურებისათვის გადაიხადა 10 ლარი;

იხ. ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა ს.ფ. 39-41.

 

3.2.21. მოსარჩელემ სააღსრულებო წარმოებისათვის გადაიხადა 272,26 ლარი.

იხ. საგადასახდო დავალება. ს.ფ. 42.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ნ------ მ-------ემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ სს ,,ჯ-----------–ი“ სესხის გამცემი სუბიექტია. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ნ------ მ-------ე სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2016 წლის 8 ივნისს მათ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ჯ-----------–მა“ 12 თვის ვადით ნ------ მ-------ეს ასესხა 1020,62 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის წლიურად 72 %. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრედიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით მათ შორის დავა უნდა დარეგულირდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. 2017 წლის 27 იანვრის შემდეგ დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.5. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ნ------ მ-------ე ვალდებული იყო სესხის ძირი თანხა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა გადახდის ვადის დადგომისთანავე. მან საწყის ეტაპზე განახორციელა გარკვეული შენატანების შეტანა, მაგრამ შემდეგში თანხის შეტანა შეწყვიტა. მის მიერ განხორციელებული შენატანებით დაიფარა ძირი თანხის ნაწილი დაახლოებით 40 აშშ დოლარი. ასევე სარგებელის ნაწილი, თუმცა შენატანების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხის დაფარვის შეწყვეტამ მოსარჩელეს მიანიჭა უფლება გაეყიდა გირავნობის საგანი და მიღებული თანხით დაეფარა ვალი. გირავნობის საგანი 2017 წლის 3 ივლისს გაიყიდა 2500 ლარად.

 

6.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს დასაფარი ჰქონდა შემდეგი ვალდებულება:

- 960,89 აშშ დოლარი -ძირი თანხა;

- 134,05 აშშ დოლარი - დარიცხული სარგებელი;

- 518,88 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს თანხა;

- სააღსრულებო ხარჯი - 112,97 აშშ დოლარი;

- გირავნობის საფასური - 50 ლარი;

- ავტოტექმომსახურების ხარჯი - 10 ლარი;

- ექსპერტის მომსახურება 60 ლარი.

 

6.7. რეალიზაციის შედეგად მიღებულმა 2500 ლარმა შეადგინა 1009,16 აშშ დოლარი. დასახელებული თანხით დაიფარა დავალიანების ნაწილი. აღნიშნულის შემდეგ დავალიანების სახით დარჩა 766,07 აშშ დოლარი და 100 ლარი.

 

6.8. მოსარჩელე, თანხის გადახდას მოითხოვს მას შემდეგ, რაც რეალიზებული იქნა გირავნობის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით ,,გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში”. სწორედ დასახელებულ ნორმას დაეყრდნო მოსარჩელე გირავნობის საგნის რეალიზაციისას. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც გირავნობის საგანი გაიყიდა ვალის დასაფარად.

 

შესაფასებელია გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს თუ არა ის თანხა, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩა გადასახდელი. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქ. სკ-ის 256-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

დასახელებული ნორმით გირავნობის საგნის რეალიზაცია წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა კანონმა მხარეებს მიანიჭა ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმების უფლებაც. თუ მხარეები არაფერზე არ შეთანხმდებიან, მაშინ გირავნობის საგნის რეალიზაციით მოპასუხის ვალდებულება წყდება. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება რეალიზაციით მიღებული თანხა არის თუ არა ვალის დაფარვისათვის საკმარისი. თუ მხარეები ამ წესისაგან განსხვავებულ წესზე არიან შეთანხმებულნი, მაშინ გამოიყენება ის წესი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების 6.4 პუნქტით ,თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

ხელშეკრულების 6.4 პუნქტზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ მსესხებელმა ვალდებულებები შეასრულოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგაც. ანუ შეთანხმდნენ მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვერ დაიფარება დაგროვილი დავალიანება, მაშინ ნ------ მ-------ე გადაიხდის დარჩენილ ნაშთს. აღნიშნული გულისხმობს, მას რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 766,07 აშშ დოლარი და დამატებითი ხარჯი 100 ლარი. სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.9. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 8 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, წლიურად 72 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა, როგორც ამაზე ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი. მოპასუხეს სარგებელი უნდა გადაეხადა 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 22 ნოემბრამდე. მოპასუხემ 2017 წლის 22 იანვრიდან სარგებელი არ გადაიხადა.

 

6.10. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს იმ სარგებელის გადახდა, რასაც ის მიიღებდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხეს 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 22 ნოემბრამდე უნდა გადაეხადა სარგებელი. მან სარგებელი არ გადაიხადა, რის შედეგადაც მოსარჩელემ ვერ მიიღო ის სარგებელი, რასაც ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით მიიღებდა. თუ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა, მოსარჩელე სახელშეკრულებო პერიოდში გარდა ძირი თანხისა სარგებელის სახით მიიღებდა 1057,21 აშშ დოლარს. დასახელებული თანხა მიუღებელი შემოსავალია და იგი მოსარჩელემ დაკარგა მოპასუხის ბრალით. მოპასუხის ვალდებულებაა მოსარჩელეს აუნაზღაუროს დასახელებული ზიანი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 4525,46 ლარზე (შესაბამისი კურსის დაცვით). ამ თანხის 3 % შეადგენს 135,76 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ჯ-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. ნ------ მ-------ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 766,07 აშშ დოლარის, დამატებითი ხარჯის 100 ლარის და მიუღებელი შემოსავალის სახით 1057,21 აშშ დოლარის გადახდა.

3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო თანხა 135,76 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე