განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100120003465531
საქმეN1-168/20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10.03.2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: პა-----–-–--–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზვ--------–-ძე
მამის სახელი: შა-----
დაბადებული: 0-.0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქობულეთი, შ. რუ-------–--------------------.
ბრალდებულის ადვოკატი - ლა–----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1.აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზვ--------–-ძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. ბრალდების არსი:
2020 წლის 06 იანვარს, ღამის საათებში, ქალაქ ქობულეთში, რუ-------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზვ--------–-ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ დედას გა-–-------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გა-–-------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ზვ--------–-ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზვ--------–-ძე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. დაზარალებულმა გა-–-------–--ემ რომელიც არის ბრალდებულ ზვ--------–-ძის დედა, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.
2.2. თავის მხრივ, ბრალდებულმა ზვ--------–-ძემ თავი არც ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა დედას გა-–-------–--ეს, არც ძალადობას და არც მუქარას ოჯახის წევრების მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია; (იხ ოქმი)
2.5. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები სრული მოცულობით უდავოდ ცნო;
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები:
საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------- შეატყობინა 112-ის სამსახურს, რომ ქ. ქალაქ ქობულეთში, რუ-------–--------------------------ში, ზვ--------–-ძეს და გალიკა კილაძეს ჰქონდათ კონფლიქტი; ( იხ ს.ფ. 1-2) ;
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზვ--------–-ძე დაკავებულია 2----–-–-------------- დაკავების ზუსტი დრო: 09:55სთ; დაკავების ადგილი: ქ. ქობულეთი, რუ-------–---------.: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც მისი განმარტებით სახლში ნივთების დაზიანებით მიიღო; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.6-10) ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება ჩატარდა ქალაქ ქობულეთში, რუ-------–--------------------------ში გა-–-------–--ის საცხოვრებელ სახლში, 2----–-–--------------, 14:05 სთ-დან 14:45 სთ-მდე, საცხოვრებელ სახლში დამსხვრეული იყო ხის კარზე არსებული მინები, ასევე ,,ვესტელის’’ ფირმის ტელევიზორი. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში (იხ. ს/ფ - 16-30);
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით N1---, დადგენილია რომ ქალაქ ქობულეთში, რუ-------–--------------------------ში გა-–-------–--ის საცხოვრებელ სახლში ხის კარზე მინების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 13,36 ლარს. ფერადი ტელევიზორის V------ის კინოსკოპიური ეკრანით (დიაგონალი - 50 სმ) დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.. (იხ დასკვნა ს/ფ 34-37) ;
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------; 03.02.2020 დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ზვ--------–-ძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების და შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თავისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით ან ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა ს/ფ 55-58) ;
შემაკავებელი ორდერის ოქმით #0----- დადგენილია, რომ 2----–-–-------------- ქობულეთის რაუიონული სამმართველოს გამომძიებლის ზუ-------------ს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი; (იხ შემაკავებელი ორდერის ოქმი, ს .ფ.81-84);
2.6. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.7 საქმის განხილვით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზვ--------–-ძის მხრიდან მუქარის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის; სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის განცდა, როგორც სულიერი ისე ფიზიკური; აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ედავება ზვ--------–-ძეს ოჯახის წევრების მიმართ (დედის) განხორციელებული მუქარისათვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზვ--------–-ძემ განმარტა, რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მას მუქარა არ განუხორციელებია მისი ოჯახის წევრის მიმართ, მცირე სახით შელაპარაკებას არ უარყოფს, რომ ჰქონდა ადგილი;
სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის სადავო მტკიცებულებებიდან; დაზარალებულმა გა-–-------–--ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზვ--------–-ძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი თემურ ნათაძის, ირაკლი სურმანიძის ჩვენებები, დათვალიერების ოქმი, ზვ--------–-ძის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა და სხვა მტკიცებულებათ ერთობლიობა - მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ზვ--------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა გა-–-------–--ემ მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტი (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნებით ასევე არ დასტურდება რაიმე სახის დაზიანება (იხ დასკვნები)
საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მიერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ზვ--------–-ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების თემურ ნათაძის, ირაკლი სურმანიძის ჩვენებების, დათვალიერების ოქმის, ზვ--------–-ძის დაკავების ოქმის საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ გა-–-------–--ის მიმართ ზვ--------–-ძემ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარ,ა რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 200- წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზვ--------–-ძის მიერ გა-–-------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზვ--------–-ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4.. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა -
2----–-–-------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნიმუში და ზვ--------–-ძისგან აღებული სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზვ--------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ზვ--------–-ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ზვ--------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული ნიმუში და ზვ--------–-ძისგან აღებული სისხლის ნიმუში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე