გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
190210019003222044
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1785-2019

გადაწყვეტილება

საქარველოს სახელით

10 მარტი 2020 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე სს "ლ-------------ი"

წარმომადგენელი ნინო კაჭარავა

მოპასუხე კ------- ს----ა

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ------- ს----ასათვის სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე 3005.5 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. კ------- ს----ასათვის სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 10 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 2094.52 ლარის გადახდის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2018 წლის 3 აპრილს სს „ლ-------------სა“ და კ------- რ------ას (გვარის შეცვლის შემდეგ მიიღო გვარი ს----ა) შორის საკრედიტო ხელშეკრულება ლიბერთი ექსპრესი, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 1500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადაა 12 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,41%. სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს პროცენტი დადგენილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად თანხის გადახდით. მოპასუხეს სესხის პროცენტი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა 592.45 ლარი. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 1500 ლარი, დარიცხული პროცენტი 1047.17 ლარი და პირგასამტეხლო 458.33 ლარი.

 

2018 წლის 10 მარტს სს ლ-------------სა და კ------- რ------ას შორის დაიდო სამომხმარებლო განვადების ხელშეკრულება N23321727, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 1530.35 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 12 თვე, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.225%. ყოველთვიური მომსახურების საკომისიოა 3 ლარი. ხელშეკრულებით სესხის პროცენტი გათვალისწინებული არ არის. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მისი დავალიანება ძირითადი თანხა 1530.35 ლარი, მომსახურების საკომისიო - 54.17 ლარი და პირგასამტეხლო 510 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე თანხმობას აცხადებს. მოპასუხე არ დაეთანხმა პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე დიდი ოდენობით თანხას მოითხოვს და უნდა შემცირდეს. მოპასუხის განმარტებით უმუშევარია და ძირითადი თანხის გადახდა შეუძლია განწილვადების შემთხვევაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 3 აპრილს სს „ლ-------------სა“ და კ------- რ------ას შორის საკრედიტო ხელშეკრულება ლიბერთი ექსპრესი, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 1500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადაა 12 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,41%. სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს პროცენტი დადგენილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად თანხის გადახდით. მოპასუხეს გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა სესხის პროცენტი 592.45 ლარი.

ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება მხარეთა მიერ შეთანხმებული ინდივიდუალური პირობებით, ასევე საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, საკრედიტო ხაზის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების 1.1.28 პუნქტის შესაბამისად, პროცენტი განმარტებულია, როგორც ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის მოცულობა, რომელიც იანგარიშება მსესხებლის მიერ ბანკის საკრედიტო რესურსის (ლიბერთი ექსპრესი, ექსპრეს პლიუსი, საგანგებო ავანსი, ოვედრაფტი) ძირითადი თანხით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით. თუ ბანკი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით.

კ------- ს----ას კრედიტის დაბრუნების მიზნით ბანკისათვის თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანებაა 3005.5 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, დარიცხული პროცენტი 1047.17 ლარი, პირგასამტეხლო 458.33 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-30 ტომი 1)

 

3.1.2. 2018 წლის 10 მარტს სს „ლ-------------სა“ და კ------- ს----ას შორის დაიდო სამომხმარებლო განვადების ხელშეკრულება N23321727, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 1530.35 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 12 თვე, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.225%. ყოველთვიური მომსახურების საკომისიოა 3 ლარი. ხელშეკრულებით სესხის პროცენტი გათვალისწინებული არ არის. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მისი დავალიანება ძირითადი თანხა 1530.35 ლარი, მომსახურების საკომისიო - 54.17 ლარი და პირგასამტეხლო 510 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 95-48. ტომი 1)

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 77-81. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის გაგრძელება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც. ასევე გონივრულია მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 625-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 873-ე, 401-ე, 407-ე, 394-ე , 404-ე, 412-ე, 414-ე, 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 420–ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 2018 წლის 3 აგვისტოს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.

 

ამ ნორმის მიხედვით, საკრედიტო ურთიერთობაში სესხის პროცენტი უნდა განისაზღვროს 625-ე მუხლის მიხედვით.

 

625-ე მუხლის 2018 წლის აპრილ-მარტში მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება ??????????? ???????? ?????? ????????????? ????? . 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.

 

2018 წლის 3 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის სარგებლის პროცენტი განსაზღვრულია 625-ე მიხედვით, რადგან პროცენტია წლიური 60%, ხოლო პირგასამტეხლოს პროცენტია ყოველდღიურად 0.41%, რაც საერთო ჯამში არ აღემატება სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 150%-ს.

 

2018 წლის 10 მარტის ხელშეკრულებით პროცენტის გადახდა გათვალისწინებული არ არის, გათვალისწინებულია საკრედიტო ხელშეკრულების საკომისიო ყოველთვიურად 3 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.225%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის საფუძველზე, პირს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მას არცერთი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თანხა არ გადაუხდია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის საერთო ჯამში 3030.35 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება როგორც წესი სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტით საპროცენტო განაკვეთი განმატებულია, როგორც საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის თანახმად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი. კერძოდ, 2018 წლის 10 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელთან ერთად გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯი სესხის გაცემის საკომისიო, რაც სრულად გადახდილი არ არის, რის გამოც მსესხებელმა ძირითად თანხასთან და პროცენტთან ერთად უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან 2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასეთ შემთხვევაში სახელშეკრულებო პროცენტის დარიცხვის გაგრძელება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

ბანკის მიერ შეთავაზებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა (1.1.28) პუნქტი ითვალისწინებს დებულებას იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვიდრე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ შესრულდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისი არსით ეს არის სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება ვადის გადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ. ხელშეკრულების სტანდარტული პირობის მიხედვით, კრედიტორს ენიჭება უფლება მოითხოვოს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი ვიდრე კრედიტი სრულად არ დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა.

 

რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობით არის გათვალისწინებული ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების წესი, ეს დებულება უნდა განიმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს, ზიანის ოდენობა უნდა იყოს გონივრული. სასამართლოს მიაჩნია, რომ სტანარტული სახელშერულებო პირობა ამ ნორმით დაცვით ზიანის გონივრულობის წესს შეესაბამება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამავე ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გაგრძელება ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, სარგებლიანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. შესაბამისად, კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი. ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ზიანის წარმოშობის გონივრული ვარაუდი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარის ანალოგიურ პირობებში მყოფი გონივრული განსჯის უნარის მქონე პიროვნება გაითვალისწინებდა ამგვარ შედეგს. გონივრული განსჯის უნარის მქონე (გონიერი) ადამიანის გაგების (აღქმის) განსაზღვრისას, მხედველობაში მისაღებია საქმის ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, ხელშეკრულების პირობები, ვადა, ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობა. ამ შემთხვევაში მოვალისათვის ჩვეულებრივი და არა მომეტებული წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში სავარაუდო იყო, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს ვერ მიიღებდა, რის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის გაგრძელება ვალდებულების სრულ შესრულებამდე მინიმალურ ზიანზე შეთანხმებას წარმოადგენს.

 

სასამართლო მოიხმობს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელიც ასახულია 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-1385-1307-2012. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია კრედიტით სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბანკი ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კასაციის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზრაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. სს „ს.ბ-ის“ ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს”.

 

სესხის სარგებელი განსაზღვრულია 2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 12 თვის ვადით და ამ ვადაში მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი 592.45 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს პროცენტის 1047.17 ლარის გადახდას, საიდანაც 454.72 ლარის არის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ზიანის ასანაზღაურებლად დარიცხული სარგებელი. ძირითადი თანხის დავალიანებაა 1500 ლარი, რომლის 60% არის 900 ლარი, რაც ყოველთვიურად 75 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომი 6 თვის პერიოდში. ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

2018 წლის 3 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირითადი თანხის 0,41%-ს, ხოლო 2018 წლის 10 მარტის ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.225%.

 

2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის და პროცენტის ჯამური დავალიანებაა 2547.17 ლარი, ხოლო მოთხოვნილია პირგასამტეხლო 458.33 ლარი. 2018 წლის 10 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 1530.35 ლარი, ხოლო მოთხოვნილია პირგასამტეხლო 510 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძვლები დასაბუთებული არ არის.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემდეგ. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალემ ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით იზრუნოს ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასამტეხლოს შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად არსებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება და სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მოპასუხემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს ის გარემოებები, რაც პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ოდენობა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დაცვით არის განსაზღვრული, თუმცა პირგასამტეხლო არაგონივრულად შეიძლება გარდაიქმნას ვალდებულების დარღვევის პროცესში. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის გარემოებები, ვადაგადაცილების ხანგრძლივობა, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების და თავდაპირველად ნაკისრი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად ანუ ნაწილობრივ შესრულება შეიძლება გათვალისწინებული იქნას პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად და ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეიძლება დაეკისროს იმაზე ნაკლები პირგასამტეხლო, ვიდრე ვალდებულების საერთოდ შეუსრულებლობის პირობებში დაეკისრებოდა. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს ყველა ის ობიექტური გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულე, მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ოჯახური მდგომარეობა), რამაც მოვალეს ვალებულების შესრულებაში დაბრკოლება შეუქმნა, ეს გარემოებები კი მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს. ამ შემთხვევაში მოპასუხემ არცერთი საკრედიტო ხელშეკრულება არ შეასრულა, მას საერთოდ არ გადაუხდია თანხა კრედიტების დასაბრუნებლად. მოპასუხეს არ მიუთითებია საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოშობილი ობიექტური გარემოება, რომლის გამოც ვალდებულება ვერ შეასრულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა თითოეული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს ძირითადი თანხის 1/3-ზე ნაკლებს, რის გამოც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნილი თანხა ვალდებულების დარღვევების გამო გონივრული და სამართლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის ფასია 5100.02 ლარი, რაც სრულად დაკმაყოფილა. ამ თანხიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის 3030.35 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 60%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 153 ლარი, რომლის 60%-ის 91.8 ლარის გადახდისგან მხარეები თავისუფლდებან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რადგან მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 91.8 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ლ-------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 64.2 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულეის განწილვადების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. 2. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განხილული უნდა იქნას ზეპირი მომენის გარეშე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა ან სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც გამართლებულია გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ან განწილვადება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველი საპროცესო მოქმედების შესრულების დროს, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, გათვალისწინებული უნდა იყოს საქმეში მონაწილე ყველა მხარის კანონიერი ინტერესები და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების დროს კანონმდებელი ადგენს მთელ რიგ ნორმებს მოვალის ინტერესების დაცვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, კანონი ადგენს მოვალისათვის გარკვეულ შეღავათს, აძლევს მას უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება, შეჩერება ან განწილვადება. თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ან განწილვადება შესაძლებელია მხარის ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით. ამ გარემოებების მტკიცების ვალდებულება კი მოპასუხეს აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, აღსრულების გადავადების საფუძველია არა მარტო ქონებრივი მდგომარეობა, არამედ სხვა გარემოებებიც, რაშიც იგულისხმება მხარის ოჯახური პირობები, რომლის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება მიზანშეწონილი არ არის და გამართლებულია მისი დროებით, სხვა დროისათვის გადადება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულების განწილვადება. მოვალის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების ან განწილვადების შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და სათანადოდ დასაბუთებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ისეთი მატერიალური და ოჯახის მდგომარეობა, რომლის გამო გამართლებულია დაკისრებული თანხის გადახდის განწილვადება 12 თვით. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებათა ერთობლიობა (ოჯახის მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლის ოდენობა და წყარო), რაც გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადებისათვის ობიექტურ გარემოებად შეიძლება შეფასდეს. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაშ შესვლის შემდეგ შესაბამისი დასაბუთების პირობებში მოპასუხე კვლავ შეუძლია მომართოს სასამართლოს აღსრულების გადავადების ან განწილვადების შუამდგომლობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს სს „ლიბერთი ბანკის“ სარჩელი;

 

1.2. კ------- ს----ას დაეკისროს სს ლ-------------ისათვის 2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე 3005.5 ლარის გადახდა;

 

1.3. კ------- ს----ას დაეკისროს სს ლ-------------ისათვის 2018 წლის 10 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 2094.52 ლარის გადახდა;

 

2. კ------- ს----ას დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 64,20 ლარის გადახდა;

 

3. სს „ლიბერთი საქართველოს ბანკს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 4 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 91,8 ლარი (საგადასახადო დავალება N 5160524492), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი