განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003076699
საქმეN1-556/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.03.2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ან---------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: გი------------–-ძე
მამის სახელი: სუ-–-----ი
დაბადებული: 1--0-.1--- წელი
პასპორტის ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, დ. თა-----------–------------------
ბრალდებულის ადვოკატი - მი----–-------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი------------–-ძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
1.2. ბრალდების არსი:
2019 წლის 04 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.ბათუმში, დ. თა-----------–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ ბინა N--ში, გი------------–-ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ინ-------ას, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელები ორივე ხელზე, რის შემდგომაც ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. გი------------–-ძის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ინ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. შესაბამისად, გი------------–-ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი------------–-ძე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1.1. დაზარალებულმა ინ-------ამ, რომელიც არის ბრალდებულ გი------------–-ძის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება. (იხ ოქმი);
2.1.2. მოწმის სახით დაკითხვისას გი--------ემ და ავ--------–----------ძემ განაცხადეს, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ბათუმში თა-----------–----------ში; ადგილზე მისულებს დახვდათ შეტყობინების ინიციატორი - ინ-------ა, გი------------–-ძე იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; ის მათი მისვლისას გამოხატავდა აგრესიას, ინ-------ამ მათ უთხრა, რომ იყო ფეხმძიმედ და მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა; გი------------–-ძეს რაიმე სახით განმარტება არ გაუკეთებია, მათთან ერთად შეთხვევის ადგილზე მყოფმა გამომძიებელმა - ბო-------–----ამ, მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ განუმარტა უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილებაში; ის გაეცნო დაკავების ოქმს და მოაწერა ხელი, უკვე მშვიდად იყო, დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ სხდომის ოქმი 18.11.2019წ; 20.10.2019წ)
2.1.2.საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიებლებმა ბო-------–----ამ და ლი-–-------–----ძემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა; განმარტეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ; (იხ სხდომის ოქმი 18.11.2019წ; 24.12.2019წ);
2.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლე-–-------–-ძემ განმარტა, რომ არის ბრალდებულის გი------------–-ძის და; ის კონკრეტულ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 04 ივნისს, არ შესწრებია, შემდეგ გაიგო უთანხმოების შესახებ; იცის, რომ გი------------–-ძეს მისი მეუღლისთვის - ინ-------ასთვის - იმ დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; მხოლოდ იკამათეს; თავად ინ-------ამ მოუყვა მომხდარის შესახებ, ის არის ნერვიული და თავად ნანობდა, მას არც შეატყობინება განუხორციელებია პოლიციის განყოფილებაში; სხვა პირმა აცნობა განყოფილებას ბინაში არსებული ხმაურის შესახებ; მას აქვს იმის შიში, რომ გიორგიმ არ მიატოვოს; შემთხვევის შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ შეეძინათ შვილი; ამ შემთხვევის შემდეგ რაიმე უთანხმოების შესახებ მას არც გაუგია; (იხ სხდომის ოქმი 12.03.2020წ);
2.1.4.ბრალდებულმა გი------------–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მას მხოლოდ კამათი ჰქონდა; უნდოდა სახლიდან წასვლა და ამის თაობაზე კამათობდნენ; თავად არ ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ აწყნარებდა, რომ არ ეხმაურა; ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, ცალი ხელით ცდილობდა მისგან თავი დაეცვა და შეეკავებინა, მხოლოდ ეს იყო მისგან ფიზიკური შეურაცხყოფა; მას არ დაურტყამს მისთვის, მხოლოდ ხელით ცდილობდა მისი ხელი შეეკავებინა; (იხ სხდომის ოქმი 12.03.2020წ)
2.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ინ-------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გი------------–-ძეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი და ნაკაწრები. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ მოქმედების შედეგად, ხოლო ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.1.7. სასამართლო სხდომაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ღუ--------------–--ლმა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე; (იხ სხდომის ოქმი 12.03.2020);
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით:
2.1.8. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 04 ივნისს მოქალაქე რუ-------------ძე ცდილობს შეატყობინოს პოლიციის განყოფილებას ქ.ბათუმში, დ. თა-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინა N--ში ოჯახის წევრებს შორის არსებული და მიმდინარე უთანხმოების შესახებ; შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გი------------–-ძის მიერ დასაბუთებული ვარაუდით თავის ორსულ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე; (იხ. ს.ფ. 1-2);
2.1.9. ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ გი------------–-ძე დაკავებულია 2019 წლის 04 ივნისს 22:47 სათზე, ქ.ბათუმში, დ. თა-----------–-------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინა N--ში, დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სახის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომელიც მისივე განმარტებით მიაყენა მისმა მეუღლემ ინ-------ამ კონფლიქტის დროს; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.4-8) ;
2.1.10. 2019 წლის 05 ივნისის ინ-------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელის მკლავებზე აღენიშნება ნაკაწრები; (იხ ს/ფ-15-18);
2.1.11. 2019 წლის 04 ივნისს პოლიციის მესამე განყოფილების მიერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი N0-----, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა 2019 წლის 04 ივნისს საღამოს საათებში ქ.ბათუმში, დ. თა-----------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინა N--ში, გი------------–-ძის მიერ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება ინ-------აზე;(იხ ს.ფ. 16-19)
2.1.12. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს იმ მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე მოითხოვს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და თვლის, რომ მტკიცებულებები საკმარისია გი------------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად;
2.1.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.5. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი------------–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში;
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ინ-------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.6. სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გი------------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვით არ გამოკვლეულა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. სავარაუდო დაზარალებულმა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ). სხვა გამოკვლეული მტკიცებულებები კი, მათ შორის მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მიერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). გამოკვლეული მტკიცებულებები, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გი------------–-ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
3.7. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას (მოწმეთა: გი--------ის, ავ--------–----------ძის, ექსპერტის ჩვენებები, ექპერტიზის დასკვნები, ინ-------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილი, 2019 წლის 04 ივნისის შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ინ-------ას მიმართ გი------------–-ძემ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
3.8. საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის პირდაპირი, - რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
3.9. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.10. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.11. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
3.12. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 10--109).
3.13. ამდენად, საქმის განხილვით სახეზეა არ არის პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გი------------–-ძის მიერ ინ-------ას მიმართ ძალადობის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი------------–-ძე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი------------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს გი------------–-ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
გი------------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ინ-------ას (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში“ გირაოს სახით შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (დოკუმენტის N1/1----, დასტური N ა 0-----); განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე