გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2020
საქმის ნომერი
330210019003234942
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25801-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,და------------------–-----------------------ო“

წარმომადგენელი - არ----------------ი

 

მოპასუხე - ვა------------–---–ი

წარმომადგენელი - გი-–-----------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე სს „და------------------–-----------------------ოს“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 3 327.97 ლარის მოპასუხე ვა------------–---–ისთვის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2019 წლის 19 ივლისს „ნისანის“ მარკის ავტომანქანის (სარეგისტრაციო N R------) მართვისას მოპასუხე ვა------------–---–ის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე სს „და------------------–-----------------------ოს“ მიერ დაზღვეული იზ---–----------–---–-ას კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო N--------).

 

მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი 3 327.97 ლარის გადახდით.

 

მოსარჩელემ მის მიერ ანაზღაურებული ზიანის სუბროგაციის მიზნით მოითხოვა მოპასუხეების: შპს „მ-----ს“ და ვა------------–---–ისთვის 3 327.97 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ზიანის შეფასების საფასურის - 60 ლარის და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 21 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.

 

2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა შუამდგომლობა შპს „მ-----ს“ მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად შპს „მ-----ს“ მიმართ მოთხოვნის ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ვა------------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხემ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევის ფაქტი, რის გამოც იგი დაჯარიმდა. მოპასუხე არ დაეთანხმა მიყენებული ქონებრივი ზიანის მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ ოდენობას და ის მიიჩნია გადაჭარბებულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2019 წლის 19 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა იზ---–----------–---–-ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, სარეგისტრაციო N-------, რომელიც დაზღვეული იყო სს „და------------------–-----------------------ოს“ მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-13);

- პატრულ-ინსპექტორის პატაკი (ს.ფ. 15);

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 19).

 

3.1.2 ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხე ვა------------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შედეგად, რაც სადავო არ გაუხდია და დაადასტურა მოპასუხემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-14);

- პატრულ ინსპექტორის პატაკი (ს.ფ. 15)

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 16)

- შესაგებელი (ს.ფ. 72-80).

 

3.1.3 ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2019 წლის 26 ივლისს, დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ დამზღვევს აუნაზღაურა 1 140.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, 3 327.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-16);

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 23);

- საგადახდო დავალება N392617589 (ს.ფ 24).

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოპასუხემ დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ სადავო გახადა ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო პროცესში მოქმედ, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე _ შესაბამისად გააქარწყლოს მოთხოვნა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება სუბროგაციისას გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. თუკი მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის მოცულობას, იგი ვალდებულია სასამართლოს მიუთითოს იმ გარემოებებზე, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ანაზღაურებული ზიანის ფასი, მიუთითოს ამ ზიანის განსაზღვრის ობიექტურ კრიტერიუმებზე და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოპასუხე როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ღირებულება შეადგენდა 1 445 ლარს, რის მტკიცებულებადაც წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი - ინვოისი, ხოლო დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანის შეკეთების მომსახურების საბაზრო ღირებულება მოსარჩელის მიერ გადაჭარბებული ოდენობით იყო მოთხოვნილი და ნაწილების ღირებულება შესაბამის მომსახურებასთან ერთად შეადგენდა 2 200 ლარს.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სადავო ფაქტის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იხილეთ გადაწყვეტილების 6-ე პუნქტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 2-13);

- შპს „ავ---------------ს“ N2------- ინვოისი ( იხ. 18.03.2020 წ. სხდომის ოქმის დანართი)

- მხარის წარმომადგენლის განმარტება (18.03.2020 წ. სხდომის ოქმი).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ამართლებს სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე და 992-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაცია).

 

საქართვეთველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბა განმარტებები სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივი მნიშვნელობის შესახებ სადაზღვევო ურთიერთობების და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში. „[საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის] აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ. მაგ.: სუსგ საქმე №ას-1523-2019, 24/01/2020 და იქ არსებული მითითებები: Nას-809-776-2016, 04.04.17წ., Nას-581-549-2011, 05.09.12 წ.).

 

სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. სუბროგაციის წესის ფარგლებში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა მზღვეველს უფლება, იგივე მოცულობით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მესამე პირისგან, რა მოცულობითაც შეასრულა ვალდებულება დამზღვევის წინაშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი აერთიანებს როგორც სადაზღვევო ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეთა ნების ავტონომიის შედეგია, ისე დელიქტიდან წარმოშობილ ვალდებულებებს. სუბროგაციის განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნის შესატყვისი. ამასთან, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების და თავისებურებების ავტომატური გადატანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია.

 

სუბროგაციაზე მსჯელობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანი და მისი მოცულობა, რაც როგორც სადაზღვევო ურთიერთობიდან, ისე დელიქტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში განსხვავებულად ფასდება. დოქტრინაში ერთმანეთისგან მიჯნავენ სადაზღვევოსამართლებრივ ზიანს და სამოქალაქოსამართლებრივ ზიანს, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთის იდენტური.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია; მხარეები საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მომსახურების ხარისხი, შინაარსი და მოცულობა შეთანხმების საგანია, რაც გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ საქმესთან მიმართებით მოსარჩელის ვალდებულება განისაზღვრება მოსარჩელესა და დამზღვევს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამ ვალდებულების მოცულობა დამოკიდებულია სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებზე და სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მოცულობით განისაზღვრება. ამ მოცულობაზე შეთანხმებას მხარეები აღწევენ თავიანთი ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისკენ. აღიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზიანის მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებუბლი ზიანის ანაზღაურების კონტექსტში.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს მზღვეველს, მესამე პირს წარუდგინოს მოთხოვნა დელიქტურსამართლებრივი ურთირთობის ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულ პირს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

სასმართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექისის 992–ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა განსაზღრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების საგანს.

 

დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია აგებულია ორ მნიშვნელოვან პრინციპზე: 1. ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს. 2. არავინ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარლებული ვალდებულია მოახდინოს ზარალის მინიმალიზლაცია.

 

ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესოსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებზე, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების ტვირთის განაწილების კონტექსტში. იმ შეთმხვევაში თუ მოპასუხე დავობს ზიანის ოდენობაზე, თუმცა აღიარებს ზიანის მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არ აქვს უფლება, დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, რაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. მითითებული პრინციპი „ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს“ ავალდებულებს მოპასუხეს, ზიანის აღიარების პირობებში, მიუთითოს მისი მოცულობის საკუთარი ვერსია. თუ მოპასუხის პასიურობისას ან მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის მხოლოდ უარყოფისას, მაინც მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს ზიანის ოდენობა, ეს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ თუ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ვალდებულება, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნება დადგენილი მოპასუხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებულ პრინციპს. მოცემულ საქმეზე ვა------------–---–მა აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა სარჩელში მითითებულ ოდენობას. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა 2 200 ლარს, ამ თანხიდან 1 445 ლარი, წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით, იყო ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ღირებულება.

 

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტს, რომელიც დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას, მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი ნივთის დაზიანებისას ადგენს დანაკლისის კომპენსირების წესს ობიექტური (საბაზრო ღირებულების) ფარგლებით.

 

მოცემულ დავაში ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „ავტოექსპერტიზის“ საექსპერტო დასკვნა, რომელიც შეიცავს ავტომანქანის ნაწილების ფასებს და სამუშაოების ღირებულებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიც შეიცავს ფასების ცხრილს საქონლის ჩამონათვალის და თანმდევი სამუშაოების მიხედვით. ეს მტკიცებულება არ შეიძლება ჩაითვალოს საქონლის და თანმდევი მომსახურების ობიექტურ ღირებულების ამსახველ დოკუმანტად. სასამართლოს შეფასებით, ის ნაწილობრივ სუბიექტური შეფასების შედეგია, რაც შეიძლება მზღვეველთან ურთიერთობის ეკონომიკური ინტერესებით იყოს განპირობებული. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის საბაზრო ღირებულების ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას, რაც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტთან.

 

შესაბამისად, მოსარჩელემ სრულყოფილად ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება. რაც შეეხება მოპასუხეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, მართალია, შეეხება მხოლოდ დაზიანებული ნაწილების ფასებს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული განმარტების გათვალისწინებით, სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნისთვის ობიექტურ შეფასებად მიიჩნევს მოპასუხის მიერ დასახელებულ 2 200 ლარს და ადგენს, რომ სარჩელი ამ მოცულობით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხის გადასახდელი თანხა შეადგენს 2 200 ლარს (იხ. 18.03.2020 წ. სხდომის ოქმი, 17:07:49სთ) და სარჩელიც ამ მოცულობით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული ბაჟი - 33 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გაღებულ იქნა ზიანის შეფასების საფასურის სახით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი 60 ლარი (ს.ფ. 25-28) და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურის სანაცვლოდ 21 ლარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,და------------------–-----------------------ოს“ სარჩელი მოპასუხე ვა------------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ვა------------–---–ს სს ,,და------------------–-----------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2 200 ლარის გადახდა.

 

3. ვა------------–---–ს სს ,,და------------------–-----------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 33 ლარის, ზიანის შეფასების საფასურის - 60 ლარისა და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურის სანაცვლოდ - 21 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე