გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8871-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ირ------------- (I---------R)
წარმომადგენელი - ზ---------------ა
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - სო---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილება (დაზუსტებული მოთხოვნა, 06.03.2020 წლის სხდომის ოქმი);
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ირ-------------ის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1989 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში 1989-1991 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 28 მაისს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 29 მაისი), ირ-------------ის წარმომადგენელმა ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ირი---------–---–ის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1989 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალში 1989-1991 წლებში სწავლების ფაქტის დადგენა, ასევე, 1991 წლის 25 ივნისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ ირი---------–---–ისადმი ფილოლოგიის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფაქტის დადგენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ირი---------–---–ის სახელზე სათანადო ფორმის დიპლომის დუბლიკატის გაცემის დავალება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, ირ-------------ის წარმომადგენლის ზ---------------ას განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი წერილობითი განცხადება და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ირი---------–---–ის) ან ირი---------–---–ის და ი---------------ს იდენტიფიცირების (იგივეობის) დამადასტურებელი სრულყოფილი სარწმუნო დოკუმენტი (დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი). ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდებოდა მითითებული დოკუმენტების წარდგენისთანავე.
2018 წლის 14 დეკემბერს, ირ-------------ის წარმომადგენელმა ზ---------------ამ კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ანალოგიური მოთხოვნით.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს მიღებული იქნა M---------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ცენტრმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება განმცხადებლის მიერ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
2018 წლის 21 დეკემბერს, ირ-------------ის წარმომადგენელმა ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ირი---------–---–მა შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა ირინ საფირრ (I---------R).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილებით, ზ---------------ას 2018 წლის 29 მაისის და 14 დეკემბრის განცხადებები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ მოიპოვება ინფორმაცია აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის ან საგანმანათლებლო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. კანონმდებლობით ასევე არ არის გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე პირის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილება ირ---------რმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ირ---------რის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3/280-19), ირ---------რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ირ---------რის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 28 მაისის განცხადება (ს.ფ. 82-87);
-2018 წლის 14 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 113-115);
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 137-138);
-2018 წლის 21 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 139-140);
-აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი (ს.ფ. 125-129);
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 153-154);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N3/280-19) (ს.ფ. 16-27);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N3/280-19) საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ცენტრმა 2019 წლის 17 მაისს, წერილით მიმართა ზ---------------ას, რომელსაც ეთხოვა კორესპონდეციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ცენტრში წარედგინა კორესპონდენციაზე თანდართული ფორმის შესაბამისად შევსებული, იმ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც დაადასტურებენ 1986-1990 წლებში, აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირ---------რის მიერ განათლების მიღების ფაქტს და 1990-1991 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ირ---------რის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ფაქტს. ასევე, განმცხადებელს ეთხოვა მოწმეების კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და 1990-1991 წლებში, დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ წერილობითი მონაცემების წარდგენა. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა დაეზუსტებინა რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სურდა ირ---------რის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა.
აღნიშნული წერილის პასუხად, ირ-------------ის წარმომადგენელმა ზ---------------ამ 2019 წლის 31 მაისს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა შემდეგი დოკუმენტაცია: მ----–---–--ას განცხადება, მისი დიპლომის ასლი და დევნილის მოწმობა, ი------------იას განცხადება, მისი დიპლომის ასლი და დევნილის მოწმობა, რწმუნებულება. ამავე წერილში მიეთითა, რომ ირ-------------ს სურს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაადგინოს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან. ასევე, აღინიშნა, რომ წერილობითი მონაცემები 1990-1991 წლებში ირ-------------ის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ არ მოიპოვება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 მაისის წერილი (ს.ფ. 28-29);
-ზ---------------ას 2019 წლის 31 მაისის წერილი (ს.ფ. 30);
3.1.3. 2019 წლის 03 ივნისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა ზ---------------ას და აცნობა, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი წერილობითი მონაცემები, 1990-1991 წლებში, ირ---------რის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ. ამდენად, განმცხადებელს ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, წარედგინა წერილობითი მონაცემები, 1990-1991 წლებში, დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ.
2019 წლის 07 ივნისს, ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე 1986-1990 წლებში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდგომ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში 1990-1992 წლებში ირ---------რის მიერ გავლილი საგნებისა და მათი შეფასებების შესახებ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 21 ივნისის წერილით, ზ---------------ას ეცნობა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების გამო, აღნიშნული პერიოდის ჩათვლით სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა პირადი საქმეები და საარქივო მასალები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია. ამდენად, ირინ საფირის (ირი---------–---–ი) მიერ თსუ სოხუმის ფილიალში სწავლებისა და დამთავრების ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპეტენციას სცილდება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 03 ივნისის წერილი (ს.ფ. 33-34);
-ზ---------------ას 2019 წლის 07 ივნისის განცხადება (ს.ფ. 35);
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 21 ივნისის წერილი (ს.ფ. 36);
3.1.4. 2019 წლის 25 ივნისს, ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა მისი 2019 წლის 07 ივნისის განცხადება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 21 ივნისის წერილი.
2019 წლის 27 ივნისს, ზ---------------ამ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა იმ საგნების სია, რაც იქნა გავლილი და ჩაბარებული ირი---------–---–ის (საფირრის) მიერ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1990 წლებსა და შემდგომ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში 1990-1992 წლებში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ზ---------------ას 2019 წლის 25 და 27 ივნისის განცხადებები (ს.ფ. 37-38);
3.1.5. 2019 წლის 27 ივნისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და გადაუგზავნა ზ---------------ას 2019 წლის 27 ივნისის განცხადება. ამავე წერილით უნივერსიტეტს ეთხოვა დაედგინა ირი---------–---–ის (საფირრ) მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და ცენტრში მის მიერ გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ დასკვნის წარდგენა.
2019 წლის 12 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გადაუგზავნა ირი---------–---–ის (საფირრის) მიერ 1990-1992 სასწავლო წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების თაობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შექმნილი კომისიის დასკვნა და აცნობა, რომ კომისიამ ირი---------–---–ის (საფირრის) მიერ წარმოდგენილი ჩაბარებული დისციპლინების ჩამონათვალი შეადარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი სლავური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების შედარების საფუძველზე დადგინდა ნაწილობრივი შესაბამისობა. კომისიამ დაასკვნა, რომ ნასწავლი საგნების შესაბამისობა შეადგენს 48 ECTS კრედიტს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის წერილი (ს.ფ. 191-192);
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 12 ივლისის წერილი და თანდართული დასკვნა (ს.ფ. 195-200);
3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილებით, აღიარებული იქნა ი---------------ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლება 48 კრედიტის ოდენობით, გადაწყვეტილებაში აღნიშნული საგნებისა და შეფასებების გათვალისწინებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-40);
3.1.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - მ----–---–--ამ განმარტა, რომ იგი 1986 წელს ჩაირიცხა გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ მოხდა არეულობა, უნივერსიტეტი გაიყო და ჩამოყალიბდა თბილისის ფილიალი, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობდა სოხუმში და რომელმაც მომდევნო წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო ახალი სტუდენტების მიღება. მანვე აღნიშნა, რომ პირველ კურსზე გაიცნო ირი---------–---–ი, ისინი იყვნენ ერთ კურსზე, ერთ ჯგუფში, ერთად აბარებდნენ გამოცდებს და სადიპლომოზეც ერთად გავიდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ უნივერსიტეტის გაყოფის შემდგომ, ქართველი სტუდენტები და ლექტორები გადავიდნენ თბილისის ფილიალში, მათ შორის იყო თვითონაც და ირი---------–---–იც. მ----–---–--ამ ასევე აღნიშნა, რომ იგი სწავლობდა 5 წელი, სწავლა დაასრულა და დიპლომი აიღო ქალაქ სოხუმში, თუმცა აფხაზეთიდან წამოსვლის შემდგომ არანაირი დოკუმენტი, მათ შორის არც დიპლომი არ წამოუღია. მისივე განმარტებით, 1995 წელს აიღო დიპლომის დუბლიკატი, სამი მოწმის დადასტურების საფუძველზე, ვინაიდან კანონმდებლობა იმ დროისთვის ასეთ რეგულაციას ითვალისწინებდა. მოწმის თქმით, მას უნდა მინიჭებოდა რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგის, თარჯიმნისა და მასწავლებლის კვალიფიკაცია, ვინაიდან იგი სწორედ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლობდა, თუმცა ვინაიდან რუსული ენის თარჯიმნის კვალიფიკაცია საბჭოთა კავშირში აქტუალური არ იყო, შესაბამისად, მასზე გაიცა დიპლომი რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგის, მასწავლებლის კვალიფიკაციით. მ----–---–--ას განმარტებით, ანალოგიური კვალიფიკაციის დიპლომი იქნა გაცემული ირი---------–---–ზეც.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მ----–---–--ას სახელზე გაცემული დიპლომი აუ N------ (დუბლიკატი), რომლის თანახმად, მ----–---–--ა 1986 წელს შევიდა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1991 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.----–---–---ს მიენიჭა ფილოლოგის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მოწმის ჩვენება (06.03.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
-დიპლომი აუ N------ (დუბლიკატი) (ს.ფ. 99);
3.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ი------------იამ განმარტა, რომ იგი 1986 წელს ჩაირიცხა გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირი---------–---–თან ერთად, თუმცა იგი იყო მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო ირი---------–---–ი რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მანვე აღნიშნა, რომ იგი ბავშვობიდან იცნობს ირი---------–---–ს, სოხუმში იყვნენ მეზობლები, გვერდიგვერდ კორპუსებში ცხოვრობნენ და უნივერსიტეტში ერთად დადიოდნენ, ერთ ქუჩას მიუყვებოდნენ, ვინაიდან მიუხედავად განსხვავებული ფაკულტეტებისა, ერთ შენობაში სწავლობდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ 1989 წელს, უნივერსიტეტს ნამდვილად გამოეყო ფილიალი, მაგრამ იგი ფილიალში არ გადასულა და დაამთავრა გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა ასპირანტურაში ჩაირიცხა ფილიალში. ი------------იამ ასევე მიუთითა, რომ მისი მამა ასწავლიდა ამ უნივერსიტეტში და გაყოფის შემდგომ გადავიდა ფილიალში. ამასთან, დაადასტურა, რომ ფილიალში ნამდვილად გადავიდა ირი---------–---–იც და სწავლა დაასრულა ფილიალში, რის შემდგომაც ფილიალშივე დაიწყო მუშაობა ლაბორანტად. მოწმის განმარტებით, მას მინიჭებული აქვს მათემატიკოსის, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ვინაიდან მასწავლებლის კვალიფიკაციას ანიჭებდნენ მაშინ ყველას, შესაბამისად, რადგან ირი---------–---–ი სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მას მინიჭებული აქვს ფილოლოგის, მასწავლებლის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მოწმის ჩვენება (06.03.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ირ-------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი’’ დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 251 მუხლი ადგენს, რომ ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას ანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამავდროულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ცენტრი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე იმსჯელოს განათლების აღიარების საკითხზე. ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებისას არ მოითხოვს ამავდროულად დაინტერესებული პირის – დევნილად ყოფნას, ვინაიდან, კანონმდებელი ცალკე ადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობას, სხვა დამატებითი პირობების დადასტურების გარეშე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას სხვა დამატებითი პირობების (მათ შორის, დევნილის სტატუსის) დადასტურების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს, ირ-------------ის წარმომადგენელმა ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ირი---------–---–ის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1989 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალში 1989-1991 წლებში სწავლების ფაქტის დადგენა, ასევე, 1991 წლის 25 ივნისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ ირი---------–---–ისადმი ფილოლოგიის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფაქტის დადგენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ირი---------–---–ის სახელზე სათანადო ფორმის დიპლომის დუბლიკატის გაცემის დავალება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილებით, ზ---------------ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ მოიპოვება ინფორმაცია აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის ან საგანმანათლებლო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. კანონმდებლობით ასევე არ არის გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე პირის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობა.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილება ირ---------რმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3/280-19), ირ---------რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის ME--------------- გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ირ---------რის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი“ დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებით.
აღნიშნული წესი განსაზღვრავს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურებს. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს უმაღლესი განათლება – დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება ან იღებენ უმაღლეს განათლებას. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე, ხოლო მე-3 მუხლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქართულ ან აფხაზურ ენაზე შედგენილ წერილობით განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტს, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას; გ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე; ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.
ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, შესაძლებლობის შემთხვევაში უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მე-4 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აღნიშნულ საკითხზე, ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარადგენს დასკვნას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დასკვნის მიღების შემდეგ ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც: ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას; ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღება ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ ინფორმაციას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N3/280-19) საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ცენტრმა წერილებით მიმართა ზ---------------ას, რომელსაც ეთხოვა ცენტრში წარედგინა კორესპონდენციაზე თანდართული ფორმის შესაბამისად შევსებული, იმ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც დაადასტურებენ 1986-1990 წლებში, აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირ---------რის მიერ განათლების მიღების ფაქტს და 1990-1991 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ირ---------რის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ფაქტს. ასევე, განმცხადებელს ეთხოვა მოწმეების კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და 1990-1991 წლებში, დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ წერილობითი მონაცემების წარდგენა. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა დაეზუსტებინა რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სურდა ირ---------რის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა.
დადგენილია, რომ ზ---------------ას მიერ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა მ----–---–--ას და ი------------იას განცხადებები, მათი დიპლომების ასლები და დევნილის მოწმობები. ასევე, ცენტრს ეცნობა, რომ ირ-------------ს სურს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაადგინოს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან. ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ წერილობითი მონაცემები 1990-1991 წლებში ირ-------------ის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ არ მოიპოვება, რაც ასევე დადასტურდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილითაც, რომელმაც 2019 წლის 21 ივნისის წერილში აღნიშნა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების გამო, აღნიშნული პერიოდის ჩათვლით სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა პირადი საქმეები და საარქივო მასალები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია და ირინ საფირის (ირი---------–---–ი) მიერ თსუ სოხუმის ფილიალში სწავლებისა და დამთავრების ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპეტენციას სცილდება. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრისთვის წარდგენილი იქნა იმ საგნების სია, რომელიც თავად ირ-------------ს მოეპოვებოდა/ახსოვდა. აღნიშნული სია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაგზავნილი იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის მიზნით, უნივერსიტეტის დასკვნის თანახმად კი, კომისიამ დაასკვნა, რომ ირ-------------ის მიერ ნასწავლი საგნების შესაბამისობა შეადგენდა 48 ECTS კრედიტს.
ამდენად, ჩატარებული ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა MES 3------------ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აღიარებული იქნა ი---------------ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლება 48 კრედიტის ოდენობით, გადაწყვეტილებაში აღნიშნული საგნებისა და შეფასებების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არსებითად დაეყრდნო მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგნების სიის მიხედვით იყო შედგენილი (რაც მხარეს ზეპირად ახსოვდა) და სრულიად უგულებელყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი ორი მოწმის: მ----–---–--ას და ი------------იას ჩვენება და მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომები, მაშინ როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N3/280-19) საფუძველზე, ცენტრს დავალებული ჰქონდა სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო ახალი გადაწყვეტილება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული პირების: მ----–---–--ასა და ი------------იას ჩვენებებზე, რომლებმაც საკმაოდ მკაფიოდ და დეტალურად აღწერეს მოსარჩელესთან მათი კავშირი, სწავლის პერიოდი, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერისტეტის გაყოფისა და ფილიალის ჩამოყალიბების მიზეზები. კერძოდ, აღსანიშნავია მ----–---–--ას განმარტება, სადაც მან მიუთითა, რომ იგი იყო ირი---------–---–ის (საფირრის) კურსელი, ჯგუფელი, ყველა გამოცდას ერთად აბარებდნენ, ფილიალშიც ერთად გადავიდნენ და სადიპლომო ნაშრომიც ერთად დაიცვეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მოწმე ი------------იას განმარტებით, ირი---------–---–ი (საფირრ) თსუ-ს სოხუმის ფილიალში სწავლის დასრულების შემდგომ მუშაობდა კიდეც, ლაბორანტად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოწმეთა მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებები, მათი დიპლომები და დაეყრდნო მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ დასკვნას, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი საგნების სიის მიხედვით იყო შედგენილი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცენტრი უფლებამოსილი იყო მიეწვია მოწმეები ზეპირ მოსმენაზე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. ცენტრმა ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოწმე მ----–---–--აზე 1995 წელს გაცემული იყო დიპლომის დუბლიკატი, საიდანაც ნათელი იყო, რომ მ----–---–--ა 1986 წელს შევიდა ა.მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1991 წელს დაამთავრა უკვე სხვა უნივერსიტეტი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალი. მისივე განმარტებით, იგი ამ ხუთი წლის მანძილზე ირი---------–---–თან (საფირრთან) ერთად სწავლობდა და დუბლიკატის აღება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე განახორციელა, ვინაიდან მასაც არ გააჩნდა უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი არანაირი წერილობითი დოკუმენტი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ირ-------------ის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1989 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში 1989-1991 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 17 ივლისის MES 3------------ გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ირ-------------ის მიერ აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1989 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში 1989-1991 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
4. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელე ირ-------------ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი