გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019003320600
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - სალომე ბოლქვაძე
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოპასუხე - შ------------
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შ-----------ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 665,98 ლარის გადახდა;
მოსარჩელის განმარტებით, შ-----------სა’’ (შემდგომში „დამკვეთად" წოდებული) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად" წოდებული) შორის დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 16 ნოემბერს დადებული იქნა N3--- ხელშეკრულება, დამკვეთის კუთვნილ დაცვის მომსახურების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე გამოიცა 2017 წლის 05 დეკემბერს ბრძანება N 2------ რომლის მიხედვითაც დეპარტამენტმა დაამონტაჟა ტექნიკური საშუალებები.
2017 წლის 16 ნოემბრის N3--- ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში „დაცვა") ვალდებული იყო უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ობიექტზე (მარკეტის-საცხობის) მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 145 ლარი. ,,დაცვამ’’ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ,,დამკვეთის“ მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, არ იქნა გადახდილი 2018 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ივლისის თვეების მომსახურების საფასური ჯამში 451,17 ლარი, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება და ,,დამკვეთის’’ მიერ შეწყვეტილი იქნა მომსახურება, მაგრამ დარჩენილი დავალიანება ,,დამკვეთს’’ არ გადაუხდია, რასაც ხელშეკრულების 6.7 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლოს 166.81 ლარის ოდენობით და 3.2.13 პუნქტის შესაბამისად (,,დამკვეთის’’ მიერ ხელშეკრულების ერთ წელზე ადრე შეწყვეტა) დაერიცხა პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, ჯამში დავალიანებამ შეადგინა 817.98 ლარი.
2019 წლის 29 იანვარს შ-----------სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული იქნა N------ ურთიერთშეთანხმება, ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდის გრაფიკით 16 თვეზე გადანაწილების შესახებ. რომლის გრაფიკიც შ-------------- მიერ იქნა დარღვეული, კერძოდ 2019 წლის 18 ნოემბრის მდომარეობით უნდა დაეფარა 510 ლარი, მის მიერ კი გადახდილი იქნა მხოლოდ 152 ლარი და გადასახდელი დარჩა 665.98 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ-----------ს“ წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია და თუმცა, 2020 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შ-----------ის“ დირექტორი ი-----–--------------, რომელმაც სარჩელო ცნო. (იხ. სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 16 ნოემბერს შ-----------სა’’ (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N3--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,დაცვა“ უზრუნველყოფდა დანაშაულის აღკვეთას „დამკვეთის“ მარკეტის-საცხობის დაცვას დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ.
დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 145 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხდიდა პირგასამტეხლოს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 6.7. პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისიწნებულ მოტხოვნაა გათვალისიწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემტხვევაში, დაცვა უფლებემოსილი იქნება მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 16 ნოემბრის N3--- ხელშეკრულება (ს.ფ 12-15);
3.1.2. 2017 წლის 05 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N 2------, რომლითაც დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა 2017 წლის 05 დეკემბრიდან უზრუნველეყო ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის ქ. N17-ში მდებარე შ-----------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით უზრუნველყოფა და ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა რიგითი ნომრით N001-2456.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 05 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანება N 2------ (ს.ფ. 18);
3.1.3. 2018 წლის 16 ივლისს შ-----------ის’’ დირექტორმა ი-----–--------------მ განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 ივლისის განცხადება (ს.ფ. 22);
3.1.4 2018 წლის 18 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება MIA 3 18 01717625 ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 20 ივლისიდან შეწყვეტილ იქნა შ-----------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანების საფუძველზე დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა შპს ,,ხ-----ის“ რადიო გადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 18 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება MIA 3 18 01717625 (ს.ფ. 23);
3.1.5. 2019 წელს 29 იანვარს შ-----------სა’’ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა N226124 ურთიერთშეთანხმება. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შ-----------ს“ გააჩნდა დავალიანება 817,98 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო 2017 წლის 16 ნოემბრის N3--- დაცვის მომსახურების ხელშეკრულებიდან და ხ-----ი იღებდა ვალდებულებას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადაეხადა, მათ მიმართ არსებული დავალიანება შეთანხების ხელმოწერიდან 16 თვის განმავლობაში, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ამავე შეთანხების თანახმად, გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხევაში, დეპარატმენტი უფლებამოსილი იქნებოდა მიემართა სასამართლოსათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 29 იანვარის N------ ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 24-25)
3.1.6. შ------------ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ, 2017 წლის 16 ნოემბრის N3--- ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 299,17 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2% - 166,81 ლარი, ერთჯერადი ადმინისტრაციული ჯარიმა 200 (ორასი) ლარი. სულ 665,98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 19 ნოემბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27);
- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 20; 21; 26);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებულია დაცვის მომსახურების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის N3--- ხელშეკრულების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 665,98 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე შ-----------ს“ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 665.98 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის N3--- ხელშეკრულების 6.7. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში კი ,,დამკვეთი’’ ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლოს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 166.81 ლარის და 200 ლარის გადახდა, სულ 366.81 ლარის ოდენობით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარემ მთლიანად დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მის მიერ სადავო თანხა გადახდილი არ არის და სარჩელი ცნო, რაც არ ეწინააღმდეგება დისპოზიციურობის პრინციპს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შ-----------ს“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 665,98 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „ხ-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების გადახდა - 299,17 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდა 166,81 ლარი და ერთჯერადი ადმინისტრაციული ჯარიმა 200 (ორასი) ლარი. სულ 665,98 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შ-----------ს“.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - შ------------ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 665,98 (ექვსას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეს - შ------------ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხ-----ი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი