გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/144-18 (1402101180022770060)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი
მოპასუხეები - გ----------------–ი, მ------------–----–---–ი, გ--–---------–--ე
წარმომადგენელი – ტ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს (თავდებებს მათ მიერ ნაკისრი პასუხიმგებლობის ზღვრული ოდენობის, თითოეულს – 12 350 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
2016 წლის 4 მარტის №1778751–8278876 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 8 192,94 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 6 045,49 ლარი, პროცენტი – 1 231,78 ლარი, ჯარიმა – 905,10 ლარი და დაზღვევის თანხა – 10,57 ლარი.
2017 წლის 3 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 4 მარტის №1778751–8278876 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 6 045,49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 31 % სარგებლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს – 156,17 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა გ----------------–მა, მ------------–----–---–მა და გ--–---------–--ემ სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში ცნეს, ხოლო სარგებლის ნაწილში მიუთითეს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი არის კაბალური და იგი ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს იგი მოპასუხეებს შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნიათ და ითხოვენ მის შემცირებას 0,005 პროცენტამდე ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და გ----------------–ს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0105.1778751.001, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 4 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის №1778751–8278876 ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 31 %–ით. კრედიტის ვადა – 24 თვე, 04.03.2018 წლამდე ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირიბელი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამას დამატებული 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 5 ოქტომბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება №0105.1778751.001;
– 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1778751–8278876.
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----------სა“ და მ------------–----–---–ს შორის 2016 წლის 4 მარტს გაფორმდა თავდებობის №123123954003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა მ------------–----–---–მა ძირითად მსესხებელ გ----------------–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა №1778751–8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 12 350 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 4 მარტის თავდებობის №123123954003 ხელშეკრულება.
3.1.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----------სა“ და გ--–---------–--ესა შორის 2016 წლის 4 მარტს გაფორმდა თავდებობის №123123954018 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა გ--–---------–--ემ ძირითად მსესხებელ გ----------------–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა №1778751–8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 12 350 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 4 მარტის თავდებობის №123123954018 ხელშეკრულება.
3.1.4. მოპასუხეთა მიერ დაირღვა 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის №1778751–8278876 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 18 მარტის შემდეგ გადახდა არ შეუსრულებიათ. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მოსარჩელის ახსნა–განმარტება;
– გადახდების ისტორია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის №1778751–8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 8 192.94 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა – 6 045,49 ლარი, პროცენტი – 1 231,78 ლარი, ჯარიმა – 905,10 ლარი, დაზღვევის თანხა – 10.57 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2.2. გ----------------–ს ნაწილობრივ შესრულებული აქვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------------–----–---–ისა და გ--–---------–--ის შესაგებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა, სათანადო წერილობითი მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცოს, რომ მან მსესხებელს სესხის სახით გადასცა თანხა, ხოლო ამ უკანასკნელის ვალდებულებაა სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.
მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ძირითადი თანხის ნაწილში. ამასთან, თავდებებმა მიუთითეს, რომ გ----------------–ის შესასრულებელი ვალდებულება არ შეადგენს იმ ოდენობას, რაც სს „თ----------მა“ დავალიანების ცნობაში ასახა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად კი მ------------–----–---–მა და გ--–---------–--ემ შესაგებლის გარდა სხვა მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს სოლიდარული თავდებების განმარტებას, რომ შესასრულებელი ვალდებულება არ შეადგენს იმ ოდენობას, რაც მოსარჩელე მხარემ დავალიანების ცნობაში მიუთითა. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ამორალურიბის საკითხსა და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ოდენობას, მასზე სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში გაამახვილებს ყურადღებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 623-ე, 868-ე, მე-400, 405-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერსა და მის ფარგლებში 2016 წლის 4 მარტს მოსარჩელესა და გ----------------–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათ უზრუნველსაყოფად სს „თ----------სა“ და მოპასუხეებს მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,თ----------სა” და მოპასუხე გ----------------–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებში მხარეებს შორის 2016 წლის 4 მარტს გაფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრილებით მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ მიიღო სესხი შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 9 500 ლარი; საბანკო კრედიტის ვადა 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 31 %; ფიქსირიბელი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამას დამატებული 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 405.1 მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
მოპასუხეები მ------------–----–---–ი და გ--–---------–--ე წარმოადგენენ რა 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულ თავდებებს, მათ გ----------------–თან ერთად სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად ეკისრებათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა.
6.3. სასამართლო მოპასუხეების მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი, ასევე არ დასტურდება სს „თ----------ის“ ძალაუფლება, რადგან მხოლოდ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, რომელიც ეწევა საბანკო საქმიანობას და მას ბაზარზე დომინანტი მდგომარეობა არ უჭირავს. შესაბამისად, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა არ იყო მათთვის მისაღები, შეეძლო ხელი არ მოეწერა ხელშეკრულებაზე ან/და ხელშეკრულების მხარედ სხვა ფიზიკური და იურიდული პირი აერჩია, ვისაც შეეძლო მისთვის უფრო დაბალი პროცენტის ოდენობა შეეთავაზებინა. გარდა ამისა, არ დგინდება სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის კაბალურობა, შესაბამისად, სასამართლო მოპასუხეების პრეტენზიას გაზრდილ პროცენთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლომ მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი დაადგინა, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის - 905.10 ლარის დაკისრება ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით კანონიერია და იგი არც შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, მოპასუხემ პირგასამტეხლოს ოდენობა თვითონვე შეამცირე და სარჩელით შემცირებული ოდენობა მოითხოვა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სს “თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 3 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის კრედიტის №1778751–8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6 04549 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, უნდა დაეკისროს წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 40.30 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 414.45 ლარი, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 107.95 ლარისა და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 181.36 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 125.14 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელე სს „თ----------ი“ ითხოვს ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 500,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯი უნდა აუნაზღაურდეს 385.75 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”თ----------ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის №1778751-8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8 192.94 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6 045.49 ლარი, პროცენტი - 1 231.78 ლარი, ჯარიმა - 905.10 ლარი, დაზღვევის თანხა - 10.57 ლარი.
1.2. მოპასუხეებს გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის №1778751-8278876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6 045.49 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2017 წლის 3 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 40.30 ლარს.
1.3. თავდებების - მ------------–----–---–ისა და გ--–---------–--ის პასუხისმგებლობის ფარგლები თითოეული მათგანისათვის განისაზღვროს 12 350 ლარით.
2. მოპასუხეებს გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 107,95 (ას შვიდი ლარისა და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრის) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს გ----------------–ს, მ------------–----–---–სა და გ--–---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის, 385,75 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 181,36 (ას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, რაც 2017 წლის 29 ნოემბერს №139 საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300833150, ბანკის კოდი: TRESGE22.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20-ე და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი