გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2020
საქმის ნომერი
330210019003182098
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22430-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ა(---------–----------------------ი

წარმომადგენელი - არ---–------–-–---–ი

 

მოპასუხე - ზუ----------------------ე

წარმომადგენელი - ლე-------------ია

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზუ----------------------ეს ა(---------–----------------------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 5 050 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა(---------–----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენდა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული იყო არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება. მოპასუხის განცხადების გამო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კერძოდ, 2015 წლის 26 თებერვლის წერილით ა(-------------------------------------–---მ“ უარი განაცხადა 2015 წლის 16 იანვარს გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელებაზე. ა(-------------------------------------–---ს“ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენდა მოსარჩელე პროექტში „ახ--–-----------–------------–-----------–----–------ში“, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს უნდა მოეხდინა პროექტის სალექციო კურსის მომზადება და მონაწილეების გადამზადება. აღნიშნულისთვის მოსარჩელეს პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციისგან უნდა მიეღო 5 050 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით, მან ეს თანხა დაკარგა მოპასუხის განცხადების გამო, რომლის ცილისმწამებლური ხასიათი დადასტურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

მოსარჩელის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მოპასუხის განცხადება წარმოადგენდა ცილისწამებას და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო განცხადების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, მოსარჩელეს გააჩნია კანონისმიერი უფლება ახალი სამართალწარმოების პირობებში მოპასუხეს მოსთხოვოს დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5 050 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილად დასახელებული ფაქტი, კერძოდ, რომ 2015 წლის 26 თებერვლის წერილით ა(-------------------------------------–---მ“ უარი განაცხადა 2015 წლის 16 იანვარს გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელებაზე, არ ყოფილა დადგენილი სასამართლოს მიერ.

 

მოპასუხემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენდა ცილისწამებას და ის სრულად თავსდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებასაც მოსარჩელე ეყრდნობა, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი შინაარსობრივად, არსებითად არ განხილულა.

 

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მემორანდუმის თანახმად, მემორანდუმის შეწყვეტა შესაძლებელი იყო ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერი საფუძვლით. შეწყვეტას მოპასუხის პოლიტიკურ განცხადებასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი იცავს „პოლიტკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას“. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, პოლიტიკოსს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს ვერავინ აუკრძალავს საჯარო განცხადებების გაკეთებას და ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ადამიანის/ორგანიზაციის მიერ დადებული მემორანდუმის შესრულება, მით უფრო ისეთ მხარესთან, რომელიც თვითონ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში.

 

მემორანდუმის მხარეებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ პოლიტიკოსები საჯარო გამოსვლისას აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და ისინი სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობას არ იღებენ იმ ი-----თ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი მემორანდუმის მხარის მიმართ არ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. მემორანდუმის, შეთანხმების გაგრძელება ვერ იქნება დამოკიდებული მესამე პირის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

 

მოპასუხემ შესაგებელში ასევე ეჭვქვეშ დააყენა ის გარემოება, რომ ა(-------------------------------------–---ს“ მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 26 თებერვლის წერილი არ ყოფილა შედგენილი მითითებულ დროს და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის მხარემ შეადგინა მხარეებს შორის სასამართლო დავის შემდეგ და მასში მიუთითა ძველი თარიღი.

 

მოპასუხემ შესაგებელში ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელი იყო სარჩელში ხსენებული მემორანრუმი შესრულებულიყო და შესაბამისი თანხა მოსარჩელეს ჩარიცხვოდა საბანკო ანგარიშზე.

 

შესაგებელში ჩამოყალიბებული შუამდგომლობა დოკუმენტის შესაძლო სიყალბესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოპასუხეს აღარ წარმოუდგენია, ასევე არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა სიყალბის დადგენის საკითხზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეს, ა(-------------------------------------–---ს“ და ა(ა----------------–--------–----------------------–------–------------–--–-ას“ შორის 2015 წლის 16 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტ „ახ--–-----------–------------–-----------–----–------ში“ ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ მოემზადებინათ პროექტის შესაბამისი სალექციო პროგრამა, სპეციალური პრეზენტაციები პროექტში ჩართული მოსწავლეებისთვის; უზრუნველეყოთ კვალიფიციური ტრენერების წარგზავნა სალექციო კურსების ჩასატარებლად და სხვ.

 

მემორანდუმის ფარგლებში პროექტის სალექციო კურსის პროგრამის წარდგენას უზრუნველყოფდა მემორანდუმზე ხელმომწერი ა(----------–----------------------ი“ და ა(ა----------------–--------–----------------------–------–------------–--–-ა“ არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტისა. ა(----------–----------------------ს“ ასევე უნდა მოემზადებინა სალექციო კურსის პროგრამა არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველეობის კოდექსის, მედიასთან ურთიერთობების და კავკასიოლოგიის შესახებ. პროექტის სალექციო კურსში ა(----------–----------------------ი“ წარადგენდა 3 ტრენერს.

 

მემორანდუმით განსაზღვრული იყო ასევე, რომ ა(----------–----------------------ი“ მომსახურებისა და შრომითი ხელშეკრულებისათვის მიიღებდა 5 050 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (ს.ფ. 27-29).

 

3.1.2. ზემოთდასახელებული 2015 წლის 16 იანვარს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იგი ძალაში შევიდა იმავე დღეს და მოქმედებდა მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.

 

მემორანდუმის მოქმედების ვადის შეწყვეტა, ან შეჩერება შესაძლებელი იყო ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. ინიციატორი მხარის მიერ მეორე მხარისათვის არაუგვიანეს 15 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

 

მოსარჩელე აქტიურად შეუდგა მემორანდუმით მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (ს.ფ. 27-29).

 

3.1.3. 2015 წლის 26 თებერვალს ა(-------------------------------------–---მ“ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ 2015 წლის 16 იანვარს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის 4.2 პუნქტის საფუძველზე მემორანდუმი უნდა შეწყვეტილიყო იმ გარემოების გამო, რომ ორგანიზაცია გაეცნო საქართველოს პარლამენტის წევრის, პ/გ „ერ---------–------–-----------------ს“ აღმასრულებელი მდივნის, ზუ---------------ის სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვით, მემორანდუმის მხარისთვის ეჭვქვეშ დგებოდა მოსარჩელის დამოუკიდებლობა და აპოლიტიკურობა. ა(-------------------------------------–---მ“ აღნიშნა, რომ პროექტი „ახ--–-----------–------------–-----------–----–------ში“ იყო საერთო მნიშვნელობის და ყველა სამოქალაქო ჯგუფისთვის სასურველი ინიციატივა, ამიტომ მათთვის რისკის მატარებელი იყო ეთანამშრომლა მოსარჩელესთან, „რომელიც თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციაში დასახელებული იყო რომელიმე პოლიტიკური სახელის პატრონაჟთან“. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ პროექტი უნდა დასრულებულიყო კონკრეტულ ვადაში, ამიტომ ა(-------------------------------------–---“ ვერ დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, რომლის შესახებ, როგორც მათთვის ცნობილი იყო, განცხადებული ჰქონდა ზუ---------------ეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდებოდა.

 

ასევე მოპასუხე არ შედავებია იმ გარემოებას, რომ პროექტი განხორციელდა და დასრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- ა(-------------------------------------–---ს“ 26.02.2015 წერილი (ს.ფ. 26).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა(----------–----------------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა(----------–----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზუ---------------ეს დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ტელეკომპანია „ი-----ს“ ეთერით გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა(----------–----------------------ის“ სარჩელი და დადგინდა, რომ ზუ---------------ის მიერ ა(----------–----------------------ის“ შესახებ 2015 წლის 17 თებერვალს გავრცელებული ცნობები: „ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ე.წ. „ა---–----------------------ი“ არის პირადად ღა-----–---–ის მიერ მართული“, არის ცილისწამება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ ხაზგასმულ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლითაც სარჩელი არსებითად განხილული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქმეზე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 21 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, მოსარჩელის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად შეაფასა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ზუ---------------ე, რომელსაც ეცნობა სასამართლოს სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია. აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას. ამასთან, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში დეტალურად ჩამოაყალიბა დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. კერძოდ, ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე მონაწილეობენ იგივე მხარეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნულ საქმეზე და როგორც აღინიშნა მასზედ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმესთან მიმართებით გააჩნია პრეიუდიციული ძალა. სასამართლო უფლებამოსილია, ამ საქმის გადაწყვეტისას დაეყრდნოს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, კერძოდ:

- 2015 წლის 17 თებერვლის 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „ქრ------ს“ ეთერში“ ზუ---------------ის მიერ გაკეთებული იქნა შემდეგი სახის განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ა---–----------------------ის“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღა-----–---–ის მართული“.

 

- ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე ა(----------–----------------------ს“ მიადგათ ზიანი, კერძოდ, 2015 წლის 26 თებერვლის წერილით ა(-------------------------------------–---“-მ უარი განაცხადა 2015 წლის 16 იანვარის პროექტის ფარგლებში გაფორმებული სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოსარჩელესთან მემორანდუმის გაგრძელებაზე;

 

- ზუ---------------ის მიერ გაკეთებული განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ა---–----------------------ის“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღა-----–---–ის მართული“ არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, (ს.ფ. 21-25);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, (საქმე N 2-------5, ტ. 1, ს.ფ. 97-109).

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს შესაგებელში გამოთქმულ ეჭვს 2015 წლის 26 თებერვლის წერილის შესაძლო სიყალბესთან დაკავშირებით და გამორიცხავს აღნიშნულს. ამ გარემოების საპირისპიროდ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 26 თებერვლის წერილის არსებობის შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი იყო 2015 წლის აპრილიდან მაინც, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ წერილი ერთვოდა მოსარჩელის მიერ 2015 წლის აპრილში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილი იყო მოპასუხის გამონათქვამის ცილისწამებად აღიარება.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 26 თებერვლის წერილის ნამდვილობის საკითხი მოპასუხემ სადავოდ გახადა წარმოდგენილ შესაგებელში, სასამართლო პროცესზე მხარი არ დაუჭერია შესაგებელში ჩამოყალიბებული შუამდგომლობისთვის დოკუმენტის სიყალბის გამო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს შესაგებელში ჩამოყალიბებულ შედავებას დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით იმაზე მითითებით, რომ წერილი არ არის შედგენილი 2015 წლის 26 თებერვალს და იგი მხარემ შეადგინა შემდეგ, სავარაუდოდ სასამართლო დავების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 39-49);

- 12.03.2020 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი.

- ა(-------------------------------------–---ს“ 26.02.2015 წერილი (ტ. 3, ს.ფ. 35-36).

 

3.2.3. სასამართლო ადგენს, რომ მემორანდუმი შესრულდა მოსარჩელე ა(----------–----------------------ის“ მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მემორანდუმი შესრულდა და შესაძლოა მოსარჩელეს ჩარიცხვოდა კიდეც თანხა საბანკო ანგარიშზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მემორანდუმი მხარეთა შორის დაიდო 2015 წლის 16 იანვარს, სალექციო კურსი უნდა მოემზადებინა და წარედგინა არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტისა. მომსახურების ღირებულება უნდა გადახდილიყო წარსადგენი დავალების შერულების შემდგომ, თუმცა მოსარჩელე 2015 წლის 26 თებერვლის წერილის შემდეგ უკვე აღარ იყო პროექტის მონაწილე, რის გამოც მასთან ანგარიშსწორებაც არ მოუხდენია პროექტის ორგანიზატორ მხარეს. აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მოსარჩელემ ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მტკიცებულება, ორგანიზაციის მომსახურე ბანკის სს „პრ----------------ის“ დეტალური საბანკო ამონაწერი (საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია), რომლითაც მემორანდუმის მოქმედების ვადაში, ანუ 2015 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ა(-------------------------------------–---ს“ მიერ მოსარჩელისთვის თანხის გადარიცხვის ფაქტი დადასტურებული არ არის.

 

მოპასუხეს მოსარჩელის განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ შეუთავაზებია საწინააღმდეგო გარემოებები ან/და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ შეამოწმა რა, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ ა(----------–----------------------ის“ სარჩელი ზუ----------------------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე ზუ----------------------ეს ა(----------–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 050 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 961-ე, 963-ე მუხლები,„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელს განიხილავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის კონტექსტის გათვალისწინებით და აღნიშნავს, რომ ეს კანონი განიმარტება გამოხატვის თავისუფლების უპირატესად დაცვის მიზნიდან გამომდინარე.

 

ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

 

ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ამ კანონით დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, რომელთა შორის ერთ-ერთია მიყენებული ზიანისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, წარმოადგენს მკაცრად აუცილებელ ლეგიტიმურ ზომას, რაც კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 

ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო პასუხიმგებლობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლი. სამოქალაქო ზიანის ანაზღაურების უზოგადეს ნორმატიულ საფუძველს წარმოადგენს კოდექსის 992–ე მუხლი, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამგვარად, ზიანი, იგივე დელიქტი არის სამოქალაქო ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში ჩამოყალიბებულია დელიქტური პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები. კოდექსის მითითებული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რომლებიც ერთდროულად უნდა არსებობდეს, როგორც დელიქტური ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობა. ეს ელემენტებია: 1. ვალდებული პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, 2. ზიანის ფაქტი, 2. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების სტანდარტზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დელიქტიური ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ დამტკიცდეს აღნიშნული ელემენტების არსებობა. ფაქტების შეფასება და შესაბამისი სამართლის ნორმის შერჩევა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ეს მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრისას „ ...საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. მაგ. სუსგ ას-1376-2019, 13/12/2019, §61).

 

დელიქტური პასუხისმგებლობის დადგენისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს ზიანის ფაქტი. ზიანი არის ის პირდაპირი დანაკლისი, რაც მიადგება პირის ქონებას, ქონებრივ უფლებას ან სამართლით დაცულ სხვა სიკეთეს. ამ ზიანის მოცულობა უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენის მიზნისთვის აუცილებელი მეორე ელემენტია ის, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული.

 

სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატება დადგენილი სამართლებრივი დანაწესების დარღვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შეიძლება წარმოადგენდეს ხელშეკრულების დარღვევა.

 

ამასთან ქმედება უნდა იყოს არამარტო მართლსაწინააღმდეგო, არამედ ბრალეულიც. როგორც აღინიშნა, დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველი, ხსენებული 992-ე მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედება. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ცალკეულ დელიქტთან მიმართებით ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძველიც არის გათვალისწინებული მაგრამ ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ ბრალეული ქმედების გამო.

 

დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტია მიზეზობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირი ნიშნავს იმას, რომ პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება აუცილებელ კავშირში უნდა იყოს დამდგარ ზიანთან, ამ ქმედების გარეშე კონკრეტულ დროსა და ადგილას არ უნდა დგინდებოდეს ზიანი მიყენების ფაქტი.

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მას მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით ზიანის ანაზღაურების მიზანი არ არის სადამსჯელო, საჯარიმო ხასიათის ზემოქმედების მოხდენა. პასუხისმგებელ პირს წარმოეშვება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო ზიანის ანაზღაურების ფუნქცია არის დაზარალებულის უფლების აღდგენა, კონკრეტული დანაკლისის კომპენსირება.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს, ა(ა)იპ „კანონი, ადამიანი, თავისუფლება“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არსებობდა ურთიერთსანაცვლო ვალდებულებების წარმომშობი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა გარკვეული ინტელექტუალური სამუშაო, რის სანაცვლოდაც მიიღებდა განსაზღვრული ოდენობის ფინანსურ ანაზღაურებას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს ა(ა)იპ „კანონი, ადამიანი, თავისუფლება“-სგან მემორანდუმის ფარგლებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ მიუღია.

 

შესაბამისად, განიცადა კონკრეტული დანაკლისი იმ შემოსავლის მიუღებლობის სახით, რასაც მიიღებდა მემორანდუმით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.

 

სასამართლო ცალკე ამახვილებს ყურადღებას ზიანის ანაზღაურების აუცილებელ ელემენტზე - მიზეზობრივ კავშირზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი წარმოადგენს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნისთვის მიზეზობრივი კავშირის დადგენის ნორმატიულ საფუძველს. ამ ნორმაში ჩამოყალიბებულია ფორმულა conditio sine qua non. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევის მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამრიგად, 412-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების პირობად მის წინასწარ სავარაუდოობას მოიაზრებს. რა შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ სავარაუდოდ, უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით; შესაძლო ზიანთან მიმართებით არა მხოლოდ ვალდებული პირის სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არამედ, გონივრულობის კრიტერიუმით; ზიანის შესაძლო მიყენებასთან ვალდებული სუბიექტის, როგორც ობიექტური პირის დამოკიდებულების, კონკრეტულ გარემოებებში შეფასებისას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამ საქმესთან მიმართებით პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, დადგინდა, რომ ზუ---------------ის განცხადება წარმოადგენდა მტკიცებით ფორმაში გადმოცემულ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ განცხადებას, რაც მიჩნეული უნდა ყოფილიყო ცილისწამებად. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. შესაბამისად, არსებობდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობები.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს იმავე განცხადების გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაბამისობა შესაბამის ნორმატიულ საფუძველთან.

 

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე დაადასტურა ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებისას პრინციპულია ის, რომ უნდა ანაზღაურდეს სრული ფაქტობრივი ზიანი, რაც უნდა იყოს ფაქტებით დამტკიცებული ოდენობის ტოლფასი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებული განმარტებების თანახმად, „ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა ყოფილიყოს“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalrepatretation-ის პრინციპი). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ...“ (იხ. მაგ. სუსგ Nას-929-869-2017, 27/12/2017, §64 ).

 

სასამართლო მოსარჩელესთან გაფორმებული მემორანდუმიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მემორანდუმი მოსარჩელესთან იმგვარი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებდა, რომელიც წარმოშობდა ურთიერთსანაცვლო უფლებებსა და ვალდებულებებს, კერძოდ მოსარჩელეს ავალდებულებდა კონკრეტული მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

განსახილველ დავაში უდავოდ იქნა დადგენილი, რომ 2015 წლის 26 თებერვალს ა(-------------------------------------–---ს“ მიერ მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ 2015 წლის 16 იანვარს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი უნდა შეწყვეტილიყო. ამავე წერილში ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებულია სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაცია გაეცნო საქართველოს პარლამენტის წევრის, პ/გ „ერ---------–------–-----------------ს“ აღმასრულებელი მდივნის, ზუ---------------ის სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვით, მემორანდუმის მხარისთვის ეჭვქვეშ დგებოდა მოსარჩელის დამოუკიდებლობა და აპოლიტიკურობა. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ პროექტი უნდა დასრულებულიყო კონკრეტულ ვადაში, ამიტომ ა(-------------------------------------–---“ ვერ დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, რომლის შესახებ, როგორც მათთვის ცნობილი იყო, განცხადებული ჰქონდა ზუ---------------ეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდებოდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მას ქონებრივი ზიანი მიადგა სწორედ იმის გამო, რომ მოპასუხის განცხადების შედეგად, მემორანდუმის მხარემ გადაწყვიტა, სახელშეკრულებო ურთიერთობა შეეწყვიტა მოსარჩელესთან.

 

მიზეზობრივი კავშირის შეფასების მიზნისთვის, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოვალის ბრალეული ქმედების შედეგად წარმოშობილი ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოვალეს ეკისრება როგორც პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ „წინასწარ სავარაუდოობა“, რაც ქონებრივი ზიანის ანაზღაურების არსებითი პირობაა, არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულ პირს ზუსტად უნდა სცოდნოდა იმის შესახებ, რომ მის მიერ ცილისმწაბლური განცხადების გავრცელებას შედეგად მოჰყვებოდა მემორანდუმის შეწყვეტა.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ცილისმწამებლურ განცხადებას გაავრცელებდა იმ ვითარებაში, რომ წინასწარ ექნებოდა ჩამოყალიბებული მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობის რწმენა, მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდებოდა, როგორც პირდაპირი განზრახვით ჩადენილი. თუმცა მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ზიანი გამოიწვია მოპასუხის გაუფრთხილებელმა ქმედებამ. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დებატებში ჩართვისას პოლიტიკოსი უნდა მოქმედებდეს იმგვარი პასუხისმგებლობით, რომ განზრახ არ ავრცელებდეს ცილისმწამებლურ ინფორმაციას. მან უნდა გამოიჩინოს იმგვარი წინდახედულება, რომ გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

 

ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შედეგად მოჰყვება ცილისწამების მსხვერპლის მიმართ მატერიალური ზიანის მიყენება, ვალდებულ პირს ეკისრება ამ ზიანის ანაზღაურება.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - 5050 ლარის დაკისრების თაობაზე კანონიერია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 150 ლარი. ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა(---------–----------------------ის სარჩელი ზუ----------------------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ზუ----------------------ეს ა(---------–----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 5 050 ლარის გადახდა.

2. მოპასუხე ზუ----------------------ეს ა(---------–----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე