განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700052962
საქმე №1აგ/144-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გი------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით:
გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 381-ე მიუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 03 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ–ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გი------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გი------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 07 თებერვალს მსჯავრდებულმა გი------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გი------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გი------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით ასევე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გი------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ასევე თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და შესაბამისად უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ამავე დროს, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით, გი------------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებებით მსჯავრდების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, გი------------–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გი------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
გი------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გი------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გი------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გი------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენები დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ. სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
გ. ჯეირანაშვილი