განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002148379
საქმე #1ბ/29-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შოთა სარიას
მსჯავრდებულის: ჰ---–-----------–---–ის
ადვოკატის: ლალი ჩაველაშვილის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №017020917001) ჰ---–-----------–---–ის, დაბადებულის 1950 წლის 15 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №08001019185), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ახმეტაში, გიორგევსკის ქუჩა №28-ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ---–-----------–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 აგვისტოს, ახმეტის რაიონში, ე.წ „იფნისგორის“ ტერიტორიაზე, ახმეტის სატყეოს №13 კვარტალში, ჰ---–-----------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც სსიპ „ეროვნული სატყეო სამსახურის კახეთის სატყეო სამსახურს“ მიადგა 1492,25 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
ჰ---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ჰ---–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-გირაო, გაუქმდა.
განაჩენით ავტომანქანა „ზილ-131“ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხდა ერთი ცალი ბენზოხერხისა და თოთხმეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აპელანტმა მოითხოვა ჰ---–-----------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების, ჩამორთმევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჰ---–-----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების: ილია დათუნაშვილის, მირზა ღუბიანურის, ლევან წიგნაძის, ალექსი ფანცქალაშვილის, გიორგი ჭაბაშვილის, კახა მღებრიშვილის, ჯონი ღვინაშვილის, პაატა არმაზაშვილის გამოკითხვის ოქმებით, ჰ---–-----------–---–ის მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით (თანდართული ფოტოცხრილით), 2017 წლის 27 აგვისტოს აქტით, მომართვის წერილით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან თანდართულ გაანგარიშებასთან ერთად - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჰ---–-----------–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სააპელაციო პალატა ჰ---–-----------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ჰ---–-----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ჰ---–-----------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვას „ზილ-131“ მარკის ავტომანქანა, ვერ დაეთანხმება. სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე (ქონების ჩამორთმევა) და აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ამოღებული ზემოხსენებული „ზილ-131“ მარკის ავტომანქანა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონებაა, რომლის დანიშნულებაც მოცემულ შემთხვევაში არის ხის მორების ტრანსპორტირება და რომლის გარეშეც პრაქტიკულად აზრს კარგავს ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ ზემოხსენებულ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვასთან, ხოლო დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც (მოჭრა, ამოთხრა, მოხერხვა და ა.შ.), სპეციალური ნებართვის გარეშე, ხდება დანაშაულის ჩადენა, რაც ობიექტურად აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ობიექტური მხრივ დანაშაულის შემადგენლობისთვის ასევე აუცილებელია შედეგის დადგომა, ხოლო განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამ ქმედებამ - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვამ - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. რაც შეეხება მოცემული დანაშაულის, როგორც კონკრეტული ქმედების (აქტის) დამთავრებას, დანაშაული დამთავრებულია, როდესაც დამნაშავე პირი რაიმე იარაღის გამოყენებით ან უამისოდ გაჩეხავს (მოჭრის, ამოთხრის, მოხერხავს და ა.შ.) ხე-ბუჩქნარს.
სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისათვის, მსჯავრდებულისათვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას, ჰ---–-----------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ჰ---–-----------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა (მოჭრა) სამი ძირი წიფლის ჯიშის ხე და მას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების, დანაშაულის აქტის ჩასადენად არ გამოუყენებია „ზილ-131“ მარკის ავტომანქანა. შესაბამისად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვერ ჩაითვლება დანაშაულის იარაღად, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ან საამისოდ გამოყენებულ ნივთად. სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებით გამოდის, რომ ჰ---–-----------–---–ს, რომელმაც უკანონდ მოჭრა ხეები, რომლებსაც „ზილ-131“ მარკის ავტომანქანით წამოიღებდა ტყიდან და განათავსებდა თავის საცხოვრებელ სახლში, უნდა ჩამოერთვას არა მარტო სატრანსპორტო საშუალება, არამედ საცხოვრებელი სახლიც, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ჰ---–-----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის იარაღად განიხილავს მხოლოდ ბენზოხერხს, რომლის გამოყენებითაც მსჯავრდებულმა მოჭრა ხეები და რომლის საპროცესო კონფისკაციაც სრულიად სამართლიანად და კანონიერად მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ჰ---–-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჰ---–-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ჰ---–-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ჰ---–-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
პირობით მსჯავრდებულ ჰ---–-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ჰ---–-----------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ჰ---–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ჰ---–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით 1000 (ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ თამაზი სამუკაშვილის (პირადი №08001001943) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 4775,00 კვმ. მდებარე ქ. ახმეტა, საკადასტრო კოდი: N50.04.34.058;
ავტომანქანა „ზილ-131“ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხდეს ერთი ცალი ბენზოხერხისა და თოთხმეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე