განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001339753
საქმე №2ბ/7135-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი – შპს „ე----------–ი X--“
წარმომადგენელი - ლ-–--------–---
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს---------------------------------–“
წარმომადგენელი - თ-------------------ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება,ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს---------------------------------–''-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ე----------– X--"-ს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–''-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 5205 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ე----------–ი - X--"-ს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–''-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 20 აპრილის მდგომარეობით 485.64 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირითადი თანხის 5205 ლარის წლიური 8%-ის ოდენობით. მოპასუხე შპს ,,ე----------–ი - X--"-ს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–''-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 185 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის - 240 ლარის ანაზღაურება
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები
2.1 სს „ს---------------------------------–“ წარმოადგენს სს „ს--------------------------–----ი“-ს უფლებამონაცვლეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწამეო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);
- აქციონერთა გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-23);
- აქციონერთა კრების ოქმი და მისი დანართები (ს.ფ. 24-34);
2.2 სს „ს--------------------------–----სა“ და შპს ,,ე----------–ი X--“-ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმდა H-------------- ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ივლისამდე პერიოდი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო ხელშეკრულებება (ს.ფ. 60-67);
2.3 სს „ს--------------------------–----სა“ და შპს ,,ე----------–ი X--“-ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული H-------------- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა სამი დანართი, რომელთა შესაბამისად დაკორექტირდა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის ოდენობა. კერძოდ:
_ 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული 1-1, 2-1 დანართის შესაბამისად ყოველთვიურად გადასახდელ პრემიად განისაზღვრა 485 ლარი;
_ 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული 1-2, 2-2 დანართის შესაბამისად ყოველთვიურად გადასახდელმა პრემიამ 2014 წლის 30 სექტემბრიდან შეადგინა 520.00 ლარი;
_ 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული 1-2, 2-3 დანართის შესაბამისად კი ყოველთვიური გადასახდელი პრემია 2014 წლის 30 ოქტომბრიდან სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე განისაზღვრა 590.00 ლარით;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო ხელშეკრულება და მისი დანართები (ს.ფ. 35-67);
2.4 დადგენილია და მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ 06.11.14წლამდე შპს ,,ე----------–ი X--“ ჯეროვნად ასრულებდა სადაზღვევო პრემიის გადახდის სახელშეკრულებო ვალდებულებას. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანხიდან მოპასუხე მხარის მიერ დაფარულ იქნა 1595 ლარი და გადასახდელი პრემიის დავალიანება შეადგენს 5205 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 13/10/2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- დაზუსტებული შესაგებელი( ს.ფ. 143-152 );
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა ვადამდე;
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელში მითითებულ არგუმენტაცია რომ, ვინაიდან არცერთი მხარე ხელშეკრულებისა არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შპს ,,ე----------–ი X--“-ს შეექმნა რწმენა, დაზღვევის ხელშეკრულება მოშლის თაობაზე და რომ მას შემდეგ, რაც შპს ,,ე----------–ი X--“-მ შეწყვიტა სადაზღვევო პრემიის გადახდა სადაზღვევო კომპანიიისათვის, ეს უკანასკნელი აღარ იყო ვალდებული აენაზღაურებინა ის პოტენციური ზიანი, რაც დაუდგებოდა მოპასუხე მხარეს, თანახმად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.2.6 მუხლისა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო კონკრეტული მტკიცებულებები (იხ. 24.12.14წ N471958, 09.01.15წ N476636 და 20.07.15წ N554260 სარჩელის აქტები თანდართული მასალით), რომლის საფუძველზეც დასტურდებოდა, რომ 2014 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოსარჩელე დაზღვეულ პირებს უნაზღაურებდა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, დამზღვევთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტი მას ანიჭებდა უფლებამოსილებას (და არ ავალდებულებდა) უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა და არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების რომელიმე მხარემ გამოხატა ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ამის თაობაზე, მეორე მხარე ინფორმირებული იყო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 13/10/20174 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- სარჩელის აქტები თანდართული მასალები (ს.ფ. 176-208)
- სადაზღვევო ხელშეკრულება და მისი დანართები (ს.ფ. 35-67);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სკ-ის 799-ე მუხ.), კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენს სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულებაა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ს----------------------------–----სა“ (რომლის უფლებამონაცვლეც არის სს „ს------------------------------------–“) და შპს
,,ე----------–ი X--“-ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად უზრუნველეყო დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები და სიცოცხლის, უბედური შემთხვევის დაზღვევის შემთხვევაში, ფიქსირებული თანხის ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. თავის მხრივ, შპს ,,ე----------–ი X--“-მ იკისრა ვალდებულება, სადაზღვევო კომპანიისთვის გადაეხადა სადაზღვევო პრემია.
სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება _ მოპასუხე მხარემ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა სადაზღვევო პრემიის ნაწილი 1595 ლარის ოდენობით და გადასახდელი პრემიის დავალიანებამ შეადგინა 5205 ლარი.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლებით. კერძოდ, 817-ე მუხლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დანაწესზე, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
სასამართლომ მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს.
სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას; კანონმდებელი მითითებული 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კანონის ამგვარი განმარტება სახელშეკრულებო თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (სამოქალაქო კოდექსი 815.2-ე, 819-ე მუხლები), ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ. სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი).
სასამართლომ მიუთითა, რომ სადაზღვევო პრემიის დაკისრების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, იმის გათვალისწინებით იყო თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება შეწყვეტილი და შესაბამისად, იყო თუ არა ვალდებული სადაზღვევო კომპანია გადაეხადა თანხა მოპასუხისათვის თუ ამ პერიოდში სადაზღვევო შემთხვევა დადგებოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სადაზღვევო კომპანიას არ გამოუყენებია თავისი უფლება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, და ამასთანავე დადასტურებულია რომ - სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე უწევდა მომსახურებას დაზღვეულ პირებს, შესაბამისად მოპასუხე მხარე ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული დარჩენილი პრემიის თანხა - 5870 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ემყარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში უნდა გაირკვეულიყო მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა).
სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომელიც კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს და ადგენს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომელიც მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში რომ მოეხდინა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება აღნიშნული თანხის სს ,,საქართველოს ბანკში'' ვადიან ანაბარზე განთავსების შედეგად მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს ანაბარზე დარიცხული სარგებლის სახით თითოეული პრემიის გადახდის ვალდებულების დადგომიდან - 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით - 485.64 ლარისა და 2016 წლის 20 აპრილიდან ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური 1.25 ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებებით მოსარჩელე ადასტურებდა, რომ სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ''-ს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილი აქვს დეპოზიტები/ანაბრები. შესაბამისი პერიოდისათვის დასარიცხი სარგებლის ოდენობა კი მოსარჩელის მიერ გამოთვლილი იყო სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ვადიან ანაბარზე იურიდიული პირებისათვის ლარში დასარიცხი სტანდარტული საპროცენტო განაკვეთის (წლიური 8%-ის) შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, მათთვის გაუგებარია თუ საიდან დაადგინა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1 პუნქტის ბოლო პუნქტში, რომ რადგან მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი კვლავ სარგებლობდა დაზღვევის მომსახურებით. აპელანტი უთითებს ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტზე, რომელშიც ნათლად წერია, რომ თუ დაზღვეული არ გადაიხდიდა პრემიას, ასეთ ვადაგადაცილებაში დამდგარ ზიანზე დამზღვევს უფლება ჰქონდა, რომ არ გადაეხადა სადაზღვევო თანხა. აპელანტის მითითებით, მათთვის გაუგებარია თუ რა დაზღვევით სარგებლობდნენ მაშინ, როცა თანხას ვეღარ იხდიდნენ .
აპელანტის მითითებით, როდესაც მოსარჩელემ ვეღარ შეძლო სადაზღვევო პრემიის გადახდა კომპანიიისათვის, ეს უკანასკნელი ვალდებული აღარ იყო აენაზღაურებინა ის პოტენციური ზიანი, რაც დაუდგებოდა მოპასუხეს. აღნიშნულის გასამყარებლად აპელანტი უთითებს, 2014 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების 3.2.6 მუხლზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს თანხის გაცემაზე, თუკი დაზარალებულს არ აქვს ვალდებულებები ჯეროვნად შესრულებული. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან კომპანიას ხელშეკრულებაში ეწერა აღნიშნული დანაწესი, შემთხვევის დადგენის დროს იგი არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა ზიანი, იმ პირობებში როდესაც ასეთი ვალდებულება მას იმპერატიულად არ გააჩნდა.
აპელანტის მითითებით, გაუგებარია საიდან იქნა დათვლილი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუღებელი შემოსავლის ყოველდღიური რიცხვი, სარჩელის პირობებსაც რომ გავყვეთ წლიური 8 % სარგებელი ლარში 5205 ლარისა არის 416,4 ხოლო დღეში გამოდის 1.14 ლარი და არა 1.25 .
აპელანტის მითითებით, მზღვეველის უმოქმედობას ამ ტიპის დავის გადაწყვეტისას არა მხოლოდ თეორიული არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი მზღვეველი რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დაზღვეულს, მოსალოდნელ შედეგებში იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნას. აპელანტის განმარტებით, სადაზღვევო კომპანია უნდა მოქცეულიყო კეთილსინდისიერად და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დროულად უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება, ნაცვლად იმისა რომ დალოდებოდა მთლიანი ვადის გასვლას და იმ პერიოდისათვის მოეთხოვა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება.
აპელანტის განმარტებით მას შემდეგ რაც შეწყვიტეს სადაზღვევო პრემიის გადახდა, სადაზღვევო კომპანია აღარ იყო ვალდებული აენაზღაურებინა ის პოტენციური ზიანი, რაც მიადგებოდა მოპასუხე მხარეს. ამ პოზიციას ამყარებს ხელშეკრულების 3.2.6 მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს რომ სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო თანხის გადახდაზე, თუ კი დაზღვეულს არ აქვს ვალდებულებები შესრულებული ჯეროვნად. აპელანტის განცხადებით, რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს აანაზღაუროს ზიანი თავისი კეთილი ნებით, როდესაც ამის ვალდებულება უკვე მხარეს აღარ გააჩნია.
აპელანტის განმარტებით, დარჩენილი მოთხოვნები პირდაპირ უკავშირდება ძირითად მოთხოვნას და შესაბამისად ისინი არასწორად იქნა დაკმაყოფილებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „ე----------–ი X--“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ე----------–ი X--“-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- სს „ს---------------------------------–“ წარმოადგენს სს „ს--------------------------–----ი“-ს უფლებამონაცვლეს.
- სს „ს--------------------------–----სა“ და შპს ,,ე----------–ი X--“-ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმდა H-------------- ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ივლისამდე პერიოდი.
- სს „ს--------------------------–----სა“ და შპს ,,ე----------–ი X--“-ს შორის 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული H-------------- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა სამი დანართი, რომელთა შესაბამისად დაკორექტირდა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის ოდენობა. კერძოდ: 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული 1-1, 2-1 დანართის შესაბამისად ყოველთვიურად გადასახდელ პრემიად განისაზღვრა 485 ლარი; 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული 1-2, 2-2 დანართის შესაბამისად ყოველთვიურად გადასახდელმა პრემიამ 2014 წლის 30 სექტემბრიდან შეადგინა 520.00 ლარი; 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული 1-2, 2-3 დანართის შესაბამისად კი ყოველთვიური გადასახდელი პრემია 2014 წლის 30 ოქტომბრიდან სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე განისაზღვრა 590.00 ლარით;
- 06.11.14წლამდე შპს ,,ე----------–ი X--“ ჯეროვნად ასრულებდა სადაზღვევო პრემიის გადახდის სახელშეკრულებო ვალდებულებას. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანხიდან მოპასუხე მხარის მიერ დაფარულ იქნა 1595 ლარი და გადასახდელი პრემიის დავალიანება შეადგენს 5205 ლარს.
- მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა ვადამდე
4.2 სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ს---------------------------------–სა“ (სს „ს--------------------------–----ის“ უფლებამონაცვლე) და შპს ,,ე----------–ი X--“-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო, ხოლო შპს ,,ე----------–ი X--“-ს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, უნდა გადაეხადა სადაზღვევო შესატანი, რომელიც განისაზღვრა თვეში 485 ლარით, (2014 წლის 30 სექტემბრიდან - 520 ლარით, 2014 წლის 30 ოქტომბრიდან - 590 ლარით).
მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,ე----------–ი X--“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა და მისი დავალიანება შეადგენს 5205 ლარს.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სადავოდ არაა გამხდარი ის ფაქტი, რომ მის მიერ არ ხორციელდებოდა სადაზღვევო პრემიის გადახდა. აპელანტის განმარტებით, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა იქნეს მიჩნეული, სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტი უთითებს ასევე დაზღვევის ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგენის დროს იგი არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა ზიანი, იმ პირობებში როდესაც ასეთი ვალდებულება მას იმპერატიულად არ გააჩნდა.
სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმებით მოწესრიგებულია ის შემთხვევები, როდესაც დამზღვევის მიერ არ ხდება ვალდებულების დროული შესრულება. აღნიშნული მუხლები ადგენს მზღვეველის უფლებამოსილებას, განუსაზღვროს დამატებითი ვადა დამზღვევს, რათა მან ორკვირიან ვადაში უზრუნველყოს სადაზღვევო პრემიის შეტანა, ხოლო დამზღვევის მიერ აღნიშნულ ვადაში პრემიის შეუტანლობის შემთხვევაში, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება, შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ. პალატა მიუთითებს, რომ მოცემული ნორმების თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მზღვეველს, მოშალოს ხელშეკრულება, თუკი დამზღვევი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას; თუმცა აღნიშნულითან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული მუხლები არ ავალდებულებს მას განახორციელოს აღნიშნული ქმედებები. ამდენად, დასახელებული ნორმები არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე ვალდებულია შეწყვიტოს მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები უფლების დამდგენ ნორმებს წარმოადგენენ და ისინი არ შეიძლება ვალდებულების აღმჭურველ ნორმებად შეფასდეს.
დასახელებულ ნორმებს ანალოგიურად განმარტავს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მითითებულია, რომ „სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №ას-1708-1602-2012).
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
დასახელებული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) გამოხატვა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ეს უკანასკნელი არ იხდიდა სადაზღვევო პრემიას, იგულისხმებოდა, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილი იყო.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტის თანახმად, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლებით, განსაზღვრულია მზღვეველის უფლებამოსილება, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტი არ გულისხმობს იმპერატიულ მოთხოვნას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარემ მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.
4.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
პალატა განმარტავს, რომ იმისთვის, რომ პირს მიუღებელი სარგებლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, აუცილებელია დადგინდეს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორმა ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც სესხის დაბრუნების შედეგად მიიღებდა, ამასთანავე უნდა დადგინდეს, რომ შემოსავლის მიუღებლობით პირს მიადგა ზიანი. ამდენად, ამ წინაპირობების არსებობის დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია მოვალეს დამატებით დაეკისროს მიუღებელი შემოსავლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ასევე ზიანის ფაქტის დადასტურებაც. მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გულისხმობს, რომ მოსარჩელემ განიცადა ზარალი, რაც დაკავშირებულია დიდ მატერიალურ დანაკარგთან, ამასთანავე აღნიშნული ზიანი პირდაპირ დაკავშირებული უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში რომ მოეხდინა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება აღნიშნული თანხის სს ,,საქართველოს ბანკში'' ვადიან ანაბარზე განთავსების შედეგად მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს ანაბარზე დარიცხული სარგებლის სახით თითოეული პრემიის გადახდის ვალდებულების დადგომიდან - 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით - 485.64 ლარისა და 2016 წლის 20 აპრილიდან ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური 1.25 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
მოცემული შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა კომერციული ბანკებისგან მიღებული ცნობები/წერილები (ს.ფ. 75-81), საიდანაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სარგებლის მიღების მიზნით ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში თანხებს ათავსებდა კომერციულ ბანკებში გახსნილ დეპოზიტებზე/ანაბრებზე, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ სადაზღვევო პრემიის დროულად გადახდის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას შეეძლო მიეღო სარგებელი, ანაბრებზე განთავსებული თანხებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს ,,ე----------–ი - X--"-ს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–''-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 20 აპრილის მდგომარეობით 485.64 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირითადი თანხის 5205 ლარის წლიური 8%-ის ოდენობით.
პალატა განმარტავს, რომ ზიანის ოდენობა განისაზღვრა მიუღებელი საპროცენტო შემოსავლიდან, რომელიც დადგებოდა თითოეული პრემიის გადახდის ვალდებულების დადგომიდან 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით, რამაც შეადგინა 485.64 ლარი, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებული ზიანის ოდენობა (ძირითადი თანხის წლიური 8%) გამოთვლილი იქნა შესაბამისი პერიოდისათვის დასარიცხი სარგებლის ოდენობით, რომელიც ეფუძნება სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემულ ცნობას, სადაც განსაზღვრულია ვადიან ანაბარზე იურიდიული პირებისათვის ლარში დასარიცხი სტანდარტული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 8%).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე----------–ი X--“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 247 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ე----------–ი X--“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი