განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
330100117002057942
ინსტანცია
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002057942

საქმე №1/ბ-229-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა------–----ე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------------------------------------------------

 

ადვოკატი: მ------ პ----–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც ინიშნება სასამართლოს განაჩენით და შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს და გამოიხატება ამ პირისათვის სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევასა და შეზღუდვაში. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულ გ-------------–---–ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, კერძოდ ის რომ ქმედების განხორციელებისას ის იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რომ ჩაიდინა ოჯახური განზრახი დანაშაული, რომ მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისას იქვე იყო არასრულწლოვანი გ--------------–---–ი, რომელზეც მამის ქმედებები უარყოფითად მოქმედებს. დაზარალებულის განმარტებით ეს არ იყო ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა, მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებული განიცდიდა სულიერ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მსჯავრდებული მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებითაც არ ერიდება მსგავსი ქმედების განხორციელებას, რაც ცუდ გავლენას ახდენს მასზე და საბოლოოდ უარყოფითად აისახება არასრულწლოვნის ფსიქიკაზე. არსებობს საფრთხე იმისა, რომ გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებულმა ლოიალურმა სასჯელმა განაპირობოს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სჯელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელით და მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ პ----–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ პ----–---–მა, მხარი დაუჭირეს საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. მათ პოზოციით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში - კი სამართლიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ-------------–---–ი 22 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–--–- ბ---–---–თან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2017 წლის 20 ივლისს, 00:05 საათზე, თბილისში, მუ--------------–-----------------------------------ში, დაკავებულ იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-------------–---–ი, რომელმაც ოჯახში ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - ა-–--–-------–---–ზე, მათი არასრულწლოვანი შვილის, 2002 წლის 14 თებერვალს დაბადებულ - გ--------------–---–ის თანდასწრებით, კერძოდ: ხელი წამოარტყა კეფაზე. გ-------------–---–ის მიერ მიყენებული დარტყმით ა-–--–-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2017 წლის 20 ივლისს, 00:05 საათზე, თბილისში, მუ--------------–-----------------------------------ში, დაკავებულ იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-------------–---–ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა-–--–-------–---–ს და არასრულწლოვან, 2002 წლის 14 თებერვალს დაბადებულ შვილს გ--------------–---–ს, კერძოდ: გააღო სამზარეულს კარი და მისაღებ ოთახში ისროლა ანთებული მცირე ზომის გაზის ქურა ა-–--–-------–---–ის და გ--------------–---–ის მიმართულებით, თან დაუყვირა: ,,გადაგწვავთ და აგაფეთქებთ ყველასო“, გაიხურა კარი და ჩაიკეტა სამზარეულოში. აღნიშნულით ა-–--–-------–---–ს და გ--------------–---–ს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, როგორც გამოკვლეული, ისევე მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ:

დაზარალებულ ა-–--–-------–---–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ იგი 22 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ-------------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - გ--------------–---–ი და გ-------------–---–ი. მისი მეუღლე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდგომაც გამოირჩეოდა აგრესიულობით როგორც დაზარალებულის, ისე შვილების მიმართ. წარსულშიც არაერთხელ ყოფილა ოჯახში კონფლიქტი, რა დროსაც მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, ასევე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას ოჯახის წევრების მიმართ, რა დროსაც განიცდიდნენ მორალურ ტანჯვას. 2017 წლის 19 ივლისს, გვიან ღამით, ა-–--–-------–---–ი და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი - გ--------------–---–ი იმყოფებოდნენ ბინაში, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-------------–---–ი. ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა აგრესიულობით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ცოლ-შვილს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ხელი წარმოარტყა თავში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ გ-------------–---–ი გავიდა სამზარეულოში, საიდანაც კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, შემდეგ უეცრად გამოაღო სამზარეულოს კარი და მათი მიმართულებით ისროლა ცეცხლმოკიდებული, მცირე ზომის გაზქურა და თან ყვიროდა ,,ამოგხოცავთო“. მსჯავრდებულის ამ ქმედებით დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი ძალიან შეშინდნენ, დაიწყეს ყვირილი. ხმაურზე ბინაში შემოვიდა უფროსი შვილი გ-------------–---–ი, რომელმაც აიღო ძირს დავარდნილი ანთებული გაზქურა და გამორთო. დაზარალებულის განმარტებით, ამ ფაქტის გამო მან განიცადა ძლიერი შიში, ვინაიდან რეალურად აღიქვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

პატრულ-ინსპექტორების გ-------------ის და გ------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, რადიოსადგურ „ცენტრისგან“ მიიღეს შეტყობინება, თბილისში, გ-–--------------–---------------------------------------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას, დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ა-–--–-------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქმარი გ-------------–---–ი აყენებდა სისტემატურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, იმ საღამოს გ-------------–---–მა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც, კერძოდ, ხელი წამოარტყა თავში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ კი დაზარალებულ ა-–--–-------–---–ს და მის ქალიშვილს გ--------------–---–ს ესროლა ანთებული გაზქურის ბალონი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ-------------–---–ი პატრულ-ინსპექტორების თანდასწრებითაც აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას დაზარალებულის მიმართ. გ-------------ემ ადგილზე შეადგინა შემაკავებელი ორდერი, ხოლო გ------------–---–მა გ-------------–---–ი დააკავა ბრალდებულის სახით.

 

სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ა-–--–-------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა-–--–-------–---–ი გ-------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო, განიცდიდა სისტემატურ შეურაცხოფას და დამცირებას, რაც სავარაუდოდ მიაღწევდა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვის ხარისხს.

 

ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: დ---------------ემ, ა-–-------------------–---–მა და ლ---------–----ამ დაადასტურეს გ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:

 

არასრუწლოვანი მოწმის გ--------------–---–ის ჩვენებით, ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს თბილისი, მ---------------------------------------------ში, მშობლებთან ა-–--–-------–---–თან, გ-------------–---–თან და უფროს ძმასთან გ-------------–---–თან ერთად. მამა გ-------------–---–ი სისტემატიურად იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რის შემდეგაც გამოირჩევა აგრესიულობით, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის წევრებს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. 2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დედასთან ა-–--–-------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მამა დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. იგი იყო აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედა-შვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–--–-------–---–ს, კერძოდ, ხელი წამოარტყა თავში, შემდეგ კი სამზარეულოდან მათი მიმართულებით ისროლა ანთებული გაზქურა და თან ემუქრებოდა ,,გადაგწვავთ ყველასო“. ამ ფაქტით შეშინებულმა დედა-შვილმა დაიწყეს ყვირილი და დახმარების თხოვნა, რაზეც ბინაში შემოვიდა მისი უფროსი ძმა - გ-------------–---–ი, რომელმაც დაკეტა გაზქურის ონკანი. გ--------- ხ-----–---–ის განმარტებით, მოხდარმა იგი ძალიან შეაშინა, ვინაიდან რეალურად აღიქვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება რომ იგი მშობლებთან და არასრულწლოვან დასთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისი, მ---------------------------------------------ში. მამამისი გ-------------–---–ი სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს, აქვს ცუდი სიმთვრალე და ხშირად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორც დედას ა-–--–-------–---–ს, ისე მის არასრულწლოვან დას გ--------------–---–ს. 2017 წლის 19 ივლისს, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებული მიუახლოვდა ბინაში შესასვლელ კარს, გაიგო დედისა და დის ყვირილი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. მისაღებ ოთახში შესულმა დაინახა, რომ დედამისის და მისი დის წინ იატაკზე ეგდო მცირე ზომის გაზქურა ანთებულ მდგომარეობაში, რომელიც სასწრაფოდ ჩააქრო. მან დედისგან და დისგან შეიტყო, რომ გ-------------–---–მა მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი წარმოარტყა ა-–--–-------–---–ს თავში და ორივე მათგანს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ასევე ანთებული გაზქურა ისროლა მათი მიმართულებით.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ივლისს 00:05 საათზე, თბილისში, მ------------–------------------------------------ში, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გ-------------–---–ი.

 

ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ივლისს, თბილისში, მ------------–------------------------------------ში, მოქალაქე ა-–--–-------–---–ის საცხოვრებელ სახლიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის გაზქურა, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

ალკოტესტის შემოწმების ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 ივლისს გ-------------–---–ს, დაუგინდა - ალკოჰოლური თრობა.

 

2015 წლის 23 აგვისტოს №------ , 2015 წლის 26 ოქტომბრის №------ და 2017 წლის 19 ივლისის შემაკავებელი ორდერებითა და მათზე თანადართული ახნა-განმარტებებით დგინდება, რომ მსხვერპლის ა-–--–-------–---–ის მიმართ, მეუღლის გ-------------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 23.08.2015 წელს გაცემული №------ შემაკავებელი ორდერი და გ-------------–---–ს 1 თვით აეკრძალა იმ სახლში მისვლა, სადაც ა-–--–-------–---–ი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც ა-–--–-------–---–ი იმყოფება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 26.10.2015 წელს გაცემული №------ შემაკავებელი ორდერი და გ-------------–---–ს აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იმყოფება მსხვერპლი.

 

ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №--------- ოქმის თანახმად, 2015 წლის 15 ნოემბერს თბილისში, მ------------–------------------------------------ში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა გ-------------–---–ი, რომელმაც არ შეასრულა 2015 წლის 26 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის დადგენილებით, გ-------------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 (შვიდი) დღის ვადით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 21.07.2017 წ-ს ა-–--–-------–---–ს სხეულზე დაზიანებების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

 

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ხსენებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ იმას, ვისაც ემუქრებიან, უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეურიგდა დაზარალებულებს.

გ-------------–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით. პალატა თვლის, რომ გ-------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მცირე ზომის გაზის ბალონი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში – უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ-------------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 02 თებერვლის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე გ-------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ გ-------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: მცირე ზომის გაზის ბალონი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე