განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.03.2018
საქმის ნომერი
330310016001456169
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001456169

საქმე №3ბ/1540-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე, მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შ--------------ი

წარმომადგენელი - ირ-----------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გი---------------ძე

 

მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნი----------–--–--ლი, დი----------–---–ია

 

მესამე პირი - საქართველოს მთავარი პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა

 

1.1. აპელანტის (მოსარჩელე) შ--------------ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტის (მოპასუხე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 21 აპრილის განაჩენით შ--------------ი, სხვა პირებთან ერთად, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ს 65-ე მუხლის პირველი ნაწილის, 17-67-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 45-ე მუხლის საფუძველზე და მიესაჯა სსკ-ს 65-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფების აღკვეთა 7 წლით, 17-67-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 წლით. სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაცია და სასჯელის მკაცი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 21 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 17-44).

 

3.2. 1999 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა №2------------- რეკომენდაციით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ემსჯელა უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში პროტესტის შეტანის თაობაზე შ- რ------ისა და სხვათა მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 352-353-ე მუხლებით უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 21 აპრილის განაჩენის გაუქმების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახალხო დამცველის 1999 წლის 25 იანვრის №2------------- მიმართვა (ს.ფ. 45-50).

 

3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 14 მაისის №4--- დადგენილებით პროტესტის მოთხოვნა შ--------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და შ--------------ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 14 დღით.

 

დადგენილებაში აღინიშნა, რომ განაჩენით მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ სამშობლოს ღალატისათვის და საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სამსახურებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით - სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მზადებისათვის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, შეიარაღებული ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისათვის. პრეზიდიუმი არ დაეთანხმა პროტესტის მოთხოვნას იმის შესახებ, თითქოს შ- რ------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები დადასტურებული არ არის და მისი ქმედება გამოიხატა მხოლოდ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულობათა განუცხადებლობაში. პრეზიდიუმმა ჩათვალა, რომ ყველა მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დადასტურებულია. პრეზიდიუმი დაეთანხმა პროტესტის მოთხოვნას მასზედ, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, მართალია მიუთითა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, მაგრამ ისინი სრული მოცულობით არ გაითვალისწინა და მსჯავრდებულებს დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შეუსაბამო, მკაცრი სასჯელები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 14 მაისის №4--- დადგენილება (ს.ფ. 51-56).

 

3.4. 1998 წლის 22 ივლისს შ--------------მა საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელიც დაფუძნებულ იქნა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის 28-ე მუხლის შესაბამისად. საჩივარში მომჩივანი ასაჩივრებდა, რომ ის სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ უშიშროების სამსახურში; რომ მისი დაპატიმრება იყო უკანონო და თვითნებური და რომ უზენაესმა სასამათლომ არ განიხილა მისი საჩივარი დაპატიმრების უკანონობის თობაზე. ის ასაჩივრებდა მის მიმართ მე-14 მუხლის მრავალჯერად დარღვევას; რომ მას არ მიეცა საქმის მასალების მისაწვდომობის უფლება დაცვის მოსამზადებლად; რომ მას არ მისცეს უფლება ჰყოლოდა ადვოკატი; რომ მას არ მისცეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება; რომ მის საქმეში დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და რომ მას არ მიეცა განაჩენის გასაჩივრების უფლება.

 

2005 წლის 21 ივლისის დადგენილებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიჩნია, რომ განსახილველი საქმის მიხედვით (განჩინების) გადასინჯვის მექანიზმები არ აკმაყოფილებს მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მოპასუხე მთავრობამ დაარღვია მომჩივნის უფლება გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და სასჯელი მაღალი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. მომჩივანი იმსახურებს შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებას. მოპასუხე მთავრობას გააჩნია ვალდებულება მომჩივანს გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია და განახორციელოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მომავალში მსგავსი დარღვევა არ განმეორდეს.

 

დადგენილებაში კომიტეტმა განმარტა, რომ მომჩივნის საჩივარი მე-7 და მე-10 მუხლის დარღვევაზე, კერძოდ, რომ ის სცემეს, არაადამიანურად მოექცნენ და შეურაცხყვეს, ასევე მის საჩივარზე ადვოკატის მისაწვდომობის უფლების დარღვევაზე მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მიჩნეულ იქნა ზოგადი ხასიათის საჩივრად, რაზეც მომჩივანს არ წარუდგენია საკმარისად დეტალური ინფორმაცია მის დასასაბუთებლად. შესაბამისად, კომიტეტმა საჩივარი ამ ნაწილში მიუღებლად გამოაცხადა. მომჩივნის საჩივარი მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე, რომ ის არასწორად გაასამართლეს, კომიტეტმა დაადგინა, რომ საჩივრის მოთხოვნა შეეხება ფაქტებისა და მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში. კომიტეტმა მიუთითა თავის იურისპრუდენციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოს საქმეა და არა მისი გადასინჯოს ან შეაფასოს ფაქტები და მტკიცებულებები, ვიდრე არ იქნება დადგენილი, რომ სასამართლო განხილვის პროცესში ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება აშკარად თვითნებური იყო ან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს წარმოადგენდა. კომიტეტმა დაადგინა, რომ სასამართლო პროცედურა მომჩივნის საქმეში ამგვარ ხარვეზებს არ შეიცავდა. შესაბამისად მომჩივნის საჩივარი მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მიხედვით მიუღებლად გამოცხადდა დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ, კომიტეტმა მიუთითა თავის მე-13 ზოგად კომენტარზე მე-14 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს, რომ საჯარო მოხელენი ვალებულნი არიან თავი შეიკავონ სასამართლო განხილვის წინასწარი შეფასებისგან. თუმცა მომჩივნის საჩივარი აღნიშნულთან დაკავშირებით მიჩნეულ იქნა ზოგადი ხასიათის საჩივრად, ვერ იქნა წარდგენილი საკმარისი დეტალური ინფორმაცია მის დასასაბუთებლად. შესაბამისად, კომიტეტმა საჩივარი ამ ნაწილში მიუღებლად ცნო. კომიტეტმა აღნიშნა, რომ მოპასუხე მთავრობამ არ წარადგინა ინფორმაცია მომჩივნის დაკავებასა და მისი სასამართლო პროცესის ვადების ხანგრძლივობის თაობაზე, თუმცა კომიტეტმა მიუთითა, რომ წელიწადნახევარი არ შეიძლება გაუმართლებელ გაჭიანურებად ჩაითვალოს. საკითხი იმის შესახებ თუ რა უნდა ჩაითვალოს ,,გაუმართლებელ გაჭიანურებად“ დამოკიდებულია თითოეული საქმის გარემოებებზე, როგორიცაა საქმის კომპლექსურობა და მისი გამოძიება. დამატებითი ინფორმაციის არარსებობის პირობებში კომიტეტმა საჩივრის ეს ნაწილი მიიჩნია დაუსაბუთებლად და მიუღებლად ცნო. მომჩივნის მტკიცებასთან დაკავშირებით გამოეძახებინა და დაეკითხა მოწმეები, რომ მას დაერღვა მე-14 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი, კომიტეტმა აღნიშნა, რომ არ იქნა წარდგენილი დეტალები სადავო მოწმეთა ვინაობის ან იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა გამოც მომჩივანი ითხოვდა და სასამართლომ უარყო მოწმეთა სასამართლოში გამოძახება. კომიტეტმა საჩივრის ეს ნაწილი მიიჩნია დაუსაბუთებლად და მიუღებლად ცნო. კომიტეტმა არსებითად განიხილა საჩივარი მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის დადგენილება (ს.ფ. 57-72).

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება მითითებულ კონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცვლელია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

4.2. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

4.3. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, არც პასუხისმგებლობის საკითხი არის განსახვავებული რეგულაციის ქვეშ მოქცეული, სახელმწიფოც ისევეა პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის, როგორც კერძო პირები.

 

4.4. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე პაქტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას, მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ თითოეულ მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, მისი ბრალდება და განაჩენი კანონის შესაბამისად გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს. საქართველო ხსენებულ პაქტს მიუერთდა 1994 წლის 3 მაისს და ის საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან.

 

პაქტის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ იქნა უფლებათა კომიტეტის შექმნა, რომელიც დაარსდა 1966 წელს.

 

პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ამ ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს საჩივარი მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან.

 

პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით.

 

ამდენად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს აკისრებს ვალდებულებებს დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები, არ ხელყოს იგი, ამასთან ამ პაქტით გარანტირებული უფლებების დარღვევის პირობებში უფლებაშელახულ პირს ანიჭებს შესაძლებლობას საჩივრის წარდგენის გზით დაიცვას პაქტით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 27 აპრილის №5013 საქართველოს კანონზე, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და დაემატა VII14-ე თავი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. ხსენებული ცვლილების განხორციელების შედეგად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებული 2157-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა. ამავე კოდექსის 2160-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ხსენებული ცვლილებების შეტანა ემსახურება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ფაქტით გარანტირებული უფლებების ეფექტურ დაცვას. აქვე სასამართლომ ყურადღება მიაქცია 2160-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ დანაწესს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს ფულადი კომპენსაციის ოდენობა ადამიანის უფლებების დარღვევის გათვალისწინებით. ამდენად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ადგენს პაქტით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის ფაქტს, ხოლო ეროვნული სასამართლო დადგენილ დარღვევათა სიმძიმის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 21 აპრილის განაჩენით შ--------------ი, სხვა პირებთან ერთად, დამნაშავედ იქნა ცნობილი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით 7 წლამდე. დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ სამშობლოს ღალატისათვის და საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობისათვს, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სამსახურებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით - სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მზადებისათვის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, შეიარაღებული ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისათვის.

 

უზენაესი სასამართლოს ხსენებული განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს. განსახილველ შემთხვევაშიც, შ--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ იქნა პირველი ინსტანციით, რაც გულისხმობს იმას, რომ შ--------------ის მიმართ, პირველი ინსტანციით, მიღებული განაჩენი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

 

დადგენილია, რომ 1999 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა №2------------- რეკომენდაციით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა საქარველოს უზენაეს სასამართლოს ემსჯელა უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში პროტესტის შეტანის თაობაზე შ- რ------ისა და სხვათა მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 352-353-ე მუხლებით უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 21 აპრილის განაჩენის გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 14 მაისის №4--- დადგენილებით პროტესტის მოთხოვნა შ--------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და შ--------------ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვითა და 14 დღით. საგულისხმოა, რომ ცვლილება განხორციელდა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რაც შეეხება თავად ბრალეულობის საკითხს, დადგენილებაში ნათლად დაფიქსირდა, რომ შ--------------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები დადასტურებული იყო.

 

მოსარჩელის მიერ საჩივარი წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა კომიტეტში. საჩივარში შ--------------ი მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ მთელ რიგ დარღვევებზე, კერძოდ მასზედ, რომ ის სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ უშიშროების სამსახურში; რომ მისი დაპატიმრება იყო უკანონო და თვითნებური და რომ უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა მისი საჩივარი დაპატიმრების უკანონობის თობაზე. ის ასაჩივრებდა მის მიმართ მე-14 მუხლის მრავალჯერად დარღვევას; რომ მას არ მიეცა საქმის მასალების მისაწვდომობის უფლება დაცვის მოსამზადებლად; რომ მას არ მისცეს უფლება ჰყოლოდა ადვოკატი; რომ მას არ მისცეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება; რომ მის საქმეში დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და რომ მას არ მიეცა განაჩენის გასაჩივრების უფლება.

 

შ--------------ის საქმეზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2005 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით არსებითად განხილულ იქნა მხოლოდ საჩივარი განაჩენის გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით. დანაჩენ დარღვევებთან მიმართებით კომიტეტმა განმარტა, რომ საჩივარი ზოგადი ხასიათისაა, დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. არსებითად განხილულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა მიიჩნია, რომ განჩინების გადასინჯვის მექანიზმები არ აკმაყოფილებდა მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მოპასუხე მთავრობამ დაარღვია მომჩივნის უფლება გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და სასჯელი მაღალი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. მომჩივანი იმსახურებს შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებას. მოპასუხე მთავრობას გააჩნია ვალდებულება მომჩივანს გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია და განახორციელოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მომავალში მსგავსი დარღვევა არ განმეორდეს.

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დარღეულ იქნა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, კერძოდ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, რაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებას მის მიმართ გამოტანილი მსჯავრი გადასინჯულ იქნეს ზემდგომი სასამართლოს მიერ. დარღვევის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დაეკისრა ორი ვალდებულების შესრულება, კერძოდ 1) დარღვევის გათვალისწინებით მოსარჩელისთვის კომპენსაციის გადახდა; და 2) კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რაც მომავალში გამორიცხავდა მსგავსი დარღვევის აღმოფხვრას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლები თავის არსით ემსახურება კომიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალებულების ჯეროვნად აღსრულებას კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე ვალდებულებას სასამართლომ განმარტა, რომ იგი წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას აღმოფხვრას იმგვარი ხარვეზი კანონმდებლობაში, რაც ზღუდავს პირის უფლებას მის მიმართ გამოტანილი ბრალდება გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ. სასამართლომ განმარტა, რომ ამ უკანასკნელი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2005 წლის 27 დეკემბრის №2496 საქართველოს კონტიტუციური კანონის ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლო აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ სასამართლოს პირველი ინსტანციით არსებითად განიხილოს საქმეები. ცვლილების შედეგად მოცემული ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი საკასაციო სასამართლო“. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ შესრულებულია კომიტეტის დადგენილებით დაკისრებული ვალდებულება კონკრეტულ ღონისძიებათა გატარების შესახებ, მსგავსი დაღვევის აღმოფხვრის მიზნით.

 

რაც შეეხება, კომპენსაციის საკითხს, სასამართლომ მიიჩნა, რომ კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება გულისხმობს მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური - არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში, ზიანი გამოიხატა მასში, რომ პირს არ ჰქონდა ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და ემტკიცებინა მისი უდანაშაულობა. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 300 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. (იხ. სუს 08.04.09წ. გადაწყვეტილება საქმე Nბს-972-936(3კ-08)).

 

,,მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ-), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.“ (იხ. სუს 25.07.2013წ. გადაწყვეტილება საქმე N494-488(2კ-12)).

 

მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული დარღვევა, ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნულ პირობებში უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული გაანგარიშების საფუძველზე, რაც გამორიცხავს კომპენსაციის ოდენობის უსაშველოდ გაზრდას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

 

4.5. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 200 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ არ ყოფილა განხილული შ--------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენისა თუ ბრალდებების კანონიერების საკითხი, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი. არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით ყოფილა შ--------------ი გამართლებული, პირიქით დადგენილებაში აღინიშნა, რომ შ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია, ცვლილება შეეხო მხოლოდ სასჯელის ნაწილს. აღნიშნული კი არ ადასტურებს მოსარჩელის უდანაშაულობის ფაქტს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

ზემოაღნიშნული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დადასტურა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მატერიალურ ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

5. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის შ--------------ის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ 393-ე და 394 ,,ე“ პრიმა მუხლებით გათვალისწინებული სამართლის ნორმების დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, აღნიშნულს შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ნაწილობრივი დაკმაყოფილების დასაბუთებისას აპელანტი არ ეთანხმება, რამდენადაც აღნიშნული მსჯელობა არც ფაქტებითაა გამყარებული და ვერც მოთხოვნის დაუსაბუთებელ გაფართოებას ადასტურებს. სასამართლომ არა თუ დამაჯერებლად, არამედ საერთოდ არ განმარტა რომელ ობიექტურ ფაქტორებს აფუძნებდა ,,გონივრულ გაანგარიშებას“ და რომელი კრიტერიუმით შეაფასა უფლების დარღვევის სიმძიმე, რის გამოც მოთხოვნის მიზერული დაკმაყოფილება ,,შესაბამის კომპენსაციად’’ მიიჩნია.

 

აპელანტს სრულიად გაუმართლებლად მიაჩნია, სასამართლოს განმარტება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2005 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილების მე-13 პუნქტის შესახებ.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მთლიანად უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.

 

5.2. აპელანტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითებით, სასამართლომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპით, ამასთან, აღნიშნული განგარიშება უნდა იყოს მართლზომიერი, რისი განხორციელებაც შესაძლებელია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში ანუ დაუშვებელია მხოლოდ კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე ან პირიქით. აღნიშნული პრიციპების მიხედვით, საქმის ყველა გარემოებების გათვალისწინებითა და მხედველობაში მიღებით რეალურად უნდა შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთმიმართება და ამგვარად დადგინდეს მათ შორის პროპორცია, რათა ურთიერთსაწინააღმდეგო არ გახდეს კერძო პირის/პირებისა და საზოგადოებრივი/საჯარო ინტერესები.

 

ამასთან, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული კომპენსაციის განსაზღვრისათვის კანონით დადგენილი კრიტერიუმებით და გამოსახოს ხსენებული თანხობრივად. აღნიშნული კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა კი უნდა გამოიხატოს იმ სოციალური ამოცანების განხორციელებით, რომელსაც მიზნად ისახავს აღნიშნული კომპენსაცია. მნიშვნელოვანია აღნიშნული კომპენსაცია გაიცეს სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამეყენებინა, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

6.1.2. სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტები ვერ უთითებენ რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრების ავტორების შეფასებები.

 

6.1.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

ამავე კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

ამასთან, პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომ “არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით”. “სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ-), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს”.

 

პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია თავად განსაზღვროს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული ტკივილის (სულიერი, ფიზიკური) კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულების საკითხს განეკუთვნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული დარღვევა, ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული გაანგარიშების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პროპორციულობის გათვალისწინებით მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განისაზღვრა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც პალატა სრულად ეთანხმება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა ვერ მიეთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

6.1.4. რაც შეეხება, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატაც მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ არ ყოფილა განხილული შ--------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენისა თუ ბრალდებების კანონიერების საკითხი და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით ყოფილა შ--------------ი გამართლებული არ დგინდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა მატერიალურ ზიანსა და მოპასუხეთა ქმედებას შორის.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ--------------ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები გიორგი ტყავაძე

 

მანანა ჩოხელი