განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001199536
საქმე №3ბ/1765-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): კ--------–--ე, მი----–--------ვა
წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი--------–--ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მი----–--------ვას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 56 364 (ორმოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდაოთხი) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე კ--------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 73 073 (სამოცდაცამეტი ათას სამოცდაცამეტი) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს დაკავებულ იქნა კ--------–--ე, რომელსაც 2007 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანება.
3.1.2. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს დაკავებულ იქნა მი----–--------ვა, რომელსაც 2007 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, სასამართლო გამოძიებისას, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, შეწყდა მი----–--------ვას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდა აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენი (საქმე №1--------).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით მი----–--------ვასა და კ--------–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო 2 500 ლარის ოდენობით. გირაოს სრულ შეტანამდე ბრალდებულებს შეეფარდათ პატიმრობა ორი თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანება.
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენით (საქმე №1--------) კ--------–--ე და მი----–--------ვა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში და გაუქმდა მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენი უცვლელად დარჩა სააპელაციო საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქმეზე №1-------4.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით (საქმე №3-------) დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურატურის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენი (საქმე №1--------)
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი (საქმე №1-------4)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება (საქმე №3-------)
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით ლეიტენანტი კ--------–--ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანება.
3.1.6. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით უმცროსი ლეიტენანტი მი----–--------ვა გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის სამსახურის მთავარ ინსპექტორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანება.
3.1.7. დადგენილია, რომ კ--------–--ისა და მი----–--------ვას მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსისადმი წარდგენილია პატაკები, რომლებითაც ისინი, ოჯახური მდგომარეობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას ითხოვენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიმართვა.
- კ--------–--ის 2007 წლის 3 ოქტომბრის პატაკი.
3.1.8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს II განყოფილების უფროსი, კაპიტანი კ--------–--ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადებით) თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანება.
3.1.9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს II განყოფილების მთავარი ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი მი----–--------ვა დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადებით) თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანება.
3.1.10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის №M---------------- მიმართვის მიხედვით, კაპიტანი კ--------–--ე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით დაინიშნა ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსად. 2006 წლის 18 სექტემბრის №2--- ბრძანებით იგი გადაადგილდა და დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის განყოფილების უფროსად. 2007 წლის №1--- ბრძანებით გადაადგილდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსად. იგი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლდა 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანებით. მისი ხელფასი 2006 წლის განმავლობაში შეადგენდა - მაისში - 1 265,30 ლარს, ივნისში - 1 211 ლარს, ივლისსა და აგვისტოში - 1 129 ლარს, სექტემბერში - 1 050,54 ლარს, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში - 1 079 ლარს. 2007 წელს - იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში - 1 079 ლარს, მაისში - 1 091 ლარს, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - 1 085 ლარს, ოქტომბერში - 444 ლარს.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ უფროსი ლეიტენანტი მი----–--------ვა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2006 წლის 20 აპრილის №--- ბრძანებით დაინიშნა ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის სამსახურში მთავარ ინსპექტორად. იგი 2006 წლის 18 სექტემბრის №2--- ბრძანებით გადაადგილდა და დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს ობიექტების დაცვის განყოფილების მთავარ ინსპექტორად. 2007 წლის №1--- ბრძანებით გადაადგილდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების მთავარ ინსპექტორად. იგი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლდა 2007 წლის 12 ოქტომბრის №3--- ბრძანებით. მისი ხელფასი 2006 წლის განმავლობაში შეადგენდა - მაისში - 896,30 ლარს, ივნისში - 852,25 ლარს, ივლისსა და აგვისტოში - 821,50 ლარს, სექტემბერში - 839,95 ლარს, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში - 832,50 ლარს. 2007 წელს - იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - 832,50 ლარს, ოქტომბერში - 354,40 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის №M---------------- მიმართვა.
3.1.11. მი----–--------ვას 2006-2007 წლების ხელფასის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, მისი დარიცხული ხელფასი 2006 წელს შეადგენდა - მაისში 896,30 ლარს (ხელზე გასაცემელი - 788,75 ლარი), ივნისში - 852,25 ლარს (ხელზე გასაცემელი - 749,98 ლარი), ივლისსა და აგვისტოში - 821,50 ლარს (ხელზე გასაცემელი - 722,92 ლარი), სექტემბერში - 839,95 ლარს (ხელზე გასაცემელი - 739,16 ლარი), ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში - 832,50 ლარს (ხელზე გასაცემელი - 732,60 ლარი); 2007 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენდა - იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - 832,50 ლარს (ხელზე გასაცემელი - 732,60 ლარი), ოქტომბერში - 354,40 ლარს (ხელზე გასაცემელი - 311,88 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები ხელფასის თაობაზე.
3.1.12. კ--------–--ის 2006-2007 წლების ხელფასის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, მისი დარიცხული ხელფასი 2006 წელს შეადგენდა - მაისში 1 265,30 ლარს (ხელზე გასაცემელი - 1 113,47 ლარი), ივნისში - 1 211 ლარს (ხელზე გასაცემელი - 1 065,68 ლარი), ივლისსა და აგვისტოში - 1 129 ლარს (ხელზე გასაცემელი - 993,52 ლარი), სექტემბერში - 1 050,54 ლარს (ხელზე გასაცემელი - 924,48 ლარი), ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში - 1 079 ლარს (ხელზე გასაცემელი - 949,52 ლარი); 2007 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენდა - იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში - 1 079 ლარს (ხელზე გასაცემელი - 949,52 ლარი), მაისში - 1 091 ლარს (ხელზე გასაცემელი - 960,08 ლარი), ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - 1 085 ლარს (ხელზე გასაცემელი - 954,80 ლარი), ოქტომბერში - 444 ლარს (ხელზე გასაცემელი - 390,73 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები ხელფასის თაობაზე.
3.1.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მი----–--------ვას მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 18 545,45 ლარს, დაკავებული გადასახადი - 3 815,45 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია შემოსავლების შესახებ.
3.1.14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 ნოემბრის №M---------------- მიმართვის მიხედვით, უფროსი ლეიტენანტი მი----–--------ვა და კაპიტანი კ--------–--ე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოში მსახურობდნენ 2006 წლიდან 2007 წლამდე. აღნიშნული პერიოდიდან შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში არაერთხელ ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები, რის შედეგადაც, ხსენებული სამმართველო სამხედრო პოლიციის სტრუქტურულ შემადგენლობაში აღარ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 ნოემბრის №M---------------- მიმართვა.
3.1.15. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №M---------------- მიმართვის მიხედვით, 2007 წლის 22 ნოემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა დაცვის სამმართველო (მასში შემავალი განყოფილებებით) და შეიქმნა დაცვის სამსახური. 2007 წლიდან გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში არაერთხელ ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა განიცადა როგორც სტრუქტურული ტრანსფორმაცია, ასევე მასში შემავალი ქვედანაყოფების ფუნქციური და საშტატო ცვლილებები. ამასთან, 2010 წელს დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა სამხედრო წოდებების და თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ოფიცრის წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის აუცილებელია ოფიცერთა თანამდებობებისა და წოდებების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სამხედრო ოფიცრის თანამდებობაზე დასანიშნად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფროს ლეიტენანტ მი----–--------ვასა და კაპიტან კ--------–--ის მიერ 2006-2007 წლებში დაკავებული თანამდებობების მსგავსი (ტოლფასი) თანამდებობები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №M---------------- მიმართვა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ზემოთ მითითებული ნორმა შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, იგი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
დადგენილია, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს დაკავებულ იქნენ კ--------–--ე და მი----–--------ვა, რომელთაც 2007 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით წარედგინათ ბრალდება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელეებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო 2 500 ლარის ოდენობით. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საქმეზე №1-------- კ--------–--ე და მი----–--------ვა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში და გაუქმდა მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელეთა მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ისინი იყვნენ დაკავებული და მათ მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ისინი გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. პირი, რომლის მიმართაც უკანონოდ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, არ არის ვალდებული, ითმინოს აღნიშნულთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელმაც დაადგინა ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის. თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი უფროა, ვიდრე მისი ბუნების ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ იქნას დეტალურად. ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნას განხილული. ამდენად, მართალია, მოსარჩელეები არ ყოფილან პატიმრობაში, მაგრამ ისინი, დაახლოებით, ორი დღის განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი, შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიება და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. სწორედ ამიტომ, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობა.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად, არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელეთა დაკავების პერიოდს, მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახესა და სისხლისსამართლებრივი საქმის მიმდინარეობის ხანგრძლივობას. აღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 1 000 (ათასი) ლარის გადახდა.
4.2. მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მიადგათ 2007 წლის 12 ოქტომბრიდან გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე (2014 წლის 31 მარტამდე) სამსახურიდან დათხოვნის გამო ხელფასის მიუღებლობის სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ მიერ გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა განპირობებული იყო იძულებით, კერძოდ, მათი უფროსი - იოსებ ფ------–--ლი დაიბარეს სამხედრო პოლიციაში, სადაც განუმარტეს, რომ უნდა წასულიყვნენ სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო იძულების უფრო მძიმე ღონისძიებები. იოსებ ფ------–--ლს თანამშრომლებთან, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, გაატანეს განცხადებები გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ იძულება, ზოგადად, იმგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რომელიც გამორიცხავს ადრესატის თავისუფალ ნებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სასამართლომ განმარტა, რომ, პროკურორი, მართალია, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს, იგი წყვეტს საკითხს კონკრეტული პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნის დაწყების თუ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა პირი დამნაშავედ მიიჩნევა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მუქარის დროს იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს თავისუფალი ნების გარეშე, რაიმეს შიშით, განახორციელოს ესა თუ ის ქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებზე, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყველა პირი, რომელთა მიმართაც კ--------–--ესა და მი----–--------ვასთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელეების იდენტურად გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, პირადი განცხადების საფუძველზე ოჯახურ მდგომარეობაზე მითითებით. ამდენად, ვინაიდან სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოხდა მოსარჩელეების მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, განცხადებათა იდენტურობისა და თარიღის, გათავისუფლების თაობაზე ერთი და იგივე ბრძანების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები მიუთითებს, რომ სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა გახდა მოსარჩელეთა მიერ სამსახურიდან გათვალისუფლების შესახებ განცხადების წარდგენის საფუძველი და აღნიშნული არ შეესაბამებოდა მათ თავისუფალ ნებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), რომელშიც აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების ბრძანებები, ასევე, ცნობები მათი ხელფასის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის. რაც შეეხება მითითებას, რომ რეორგანიზაციის შემდგომ აღარ არსებობს მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობების იდენტური თანამდებობები, სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია ცალსახად და ავტომატურად არ გულისხმობს მოსარჩელეთა მიერ სამსახურიდან დათხოვნას, კანონმდებლობით მინიჭებული გარანტიებით სარგებლობის უფლების დაკარგვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე პერიოდში, ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კ--------–--ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 73 073 ლარის ოდენობით, ხოლო მი----–--------ვას სასარგებლოდ - 56 364 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩვრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია.
როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, კ--------–--ისა და მი----–--------ვას მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. სს საქმის გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ - გირაო. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ საპროცესო მოქმედებები განხორციელდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას ვფიქრობ, რომ სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა.
განსახილველ შემთხვევაში, კ. კ--–---სა და მ. ჩ--------- აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა 2007 წლის 29 სექტემბრის სასამართლო განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ - გირაო, საგულისხმოა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბრალდებო დასკვნა შედგა 2008 წლის 22 სექტემბერს და გადაიგზავნა განსახილველად სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განაჩენით გამართლდნენ, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის წარმოება გამართლებამდე მიმდინარეობდა 06 წელი 06 თვე და 03 დღე.
ამ მოცემულობაში მოსარჩელეებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას, ამასთან, დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და მოპასუხის (საქართველოს მთავარი პროკურატურის) ქმედებას შორის.
ის გარემოება, რომ ი. ფ------–--ლი დაიბარეს სამხედრო პოლიციაში და სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ უნდა წასულიყო სამსახურიდან და გაატანა განცხადებები სხვა პირებთან, მათ შორის მოსარჩელეებთან, წარმოადგენს დამოუკიდებელ ქმედებას, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოება დამოუკიდებელს. სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მიერ კონკრეტული ქმედების შეფასება სამოქალაქო კოდექსის 85-89-ე მუხლების, 992-ე და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მთავარი პროკურატურის მიერ ვინმესათვის ზიანის მიყენებად.
აპელანტს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მატერიალური ზიანის ანაზღაურების არცერთი სამართლებრივი წინაპირობა.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებს. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები, გარემოებები და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არ არსებობს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, სახეზე არ გახლავთ პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ამასთან, გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივ ნორმათა, გარემოებათა და მტკიცებულებათა არასწორ განმარტებასა და შეფასებას.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
6.1.2. სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებები.
6.1.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
ამავე კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზის შედეგად, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად განისაზღვრა როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანის ოდენობები. ამასთან, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი