განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002242449
საქმე №1/ბ-377-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული – ვ-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------–------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-----------------მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა გაუქმდეს რადგან მან აღიარა და მოინანია დანაშაული, დაზარალებულებს არ გააჩნიათ პრეტენზია, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის ექვს თვემდე შემცირებას ან დანიშნული სასჯელის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით, კერძოდ - გამასწორებელი სამუშაოთი.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ვ-----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 ოქტომბერს, ვ-----------------მა მეუღლესთან ნ------------------თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს არასრულწლოვან გერს - ა----------------ს რკინის ნაჭერი დაარტყა გვერდში და თავში. ა----------------მა მიიღო თავის ტვინის შერყევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით, ვ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ვ-----------------ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ა----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ------------------ის, ნ---------–---–ის, თ-----------------–ის, მ-----–--------------ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, ამოღებული საგნებითა და ნივთებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხასიათდება დადებითად.
ვ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ იგი არის ნასამართლევი და ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ-----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია, ხასიათდება დადებითად, თუმცა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, კი დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ ვ-----------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის N--------- განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. ვ-----------------ი სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 04 ივნისს პირობით ვადამდე 12 დღით ადრე. დანაშაულის ჩადენის დროს - 2017 წლის 10 ოქტომბერს, მას ზემოაღნიშნული განაჩენით ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, მის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. რისი მხედველობაში მიღებითაც ვ-----------------ის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა მსჯავრდებულის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელიოს - კერძოდ ჯარიმის ან გამასწორებელი სამუშაოს გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვ-----------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ნამსჯელი იქნა ნივთიერი მტკიცებულების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათების, რომლებიც განთავსებულია 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის ნაჭერის, დანის და ანაწმენდების, ასევე ა----------------ის სისხლის ნიმუშის და ვ-----------------ის ნერწყვის ნიმუშის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბალიშის პირის და ლურჯი ნაჭერის შესახებ. თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე ასევე დართულია ხალიჩის ამონაჭერი და დაზარალებულ ნ------------------ის ტანსაცმელი, რომლის საკითხი ხსენებული განაჩენით გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში.
სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ვ-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში ვ-----------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ვ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ოქტომბრიდან.
ვ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ CD დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის ნაჭერი, დანა და ანაწმენდები, ხალიჩის ამონაჭერი, ასევე ა----------------ის სისხლის ნიმუში და ვ-----------------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბალიშის პირი და ლურჯი ნაჭერი, ასევე დაზარალებულ ნ------------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე