განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/988-17
საქმე № 330310016001428901
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი - სს „ე------------------------“
წარმომადგენელი - შ--–-------------
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენლები - ნ-----–-----–----–---, თ---------------
მესამე პირი - ე-----–--------–--–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. სს „ე------------------------ს“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სს „ე------------------------ს“ სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს ელექტროენერგია მიეწოდება სს „ე------------------------ს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით და კომპანიის მიერ მინიჭებული აქვს სააბონენტო N4---------.
2.2. 2011 წლის 28 ივლისს ე-----–--------–--–---–მა განცხადებით მიმართა სს „ე------------------------ს“ და მიუთითა, რომ მცხეთაში, სოფელ მ------–------ში (სადაც იგი აბონენტად იყო რეგისტრირებული) ესაჭიროებოდა სამფაზა ელექტროენერგია. განმცხადებელმა მოითხოვა ნების დართვა საკუთარი ხარჯებით სამფაზა აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად.
2.3. აბონენტის - ე-----–--------–--–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე, სს „ე------------------------მ“ მცხეთაში, სოფელ მ------–------ში, 2011 წლის 16 სექტემბერს დააყენა სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველი და აღნიშნულის დამადასტურებლად შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N3-----. აქტში მითითებულ იქნა, რომ მრიცხველი მუშაობდა დასაშვები ცდომილებით.
2.4. 2015 წლის 11 მაისს სს „ე------------------------მ“ შეამოწმა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-ს ელექტროენერგიის მრიცხველი და შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1------, რომელშიც მიუთითა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. ასევე დადგინდა, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, ნაცვლად რეალური ჩვენებისა - 6757, ფიქსირდებოდა 775. არ ხდებოდა ელ. მრიცხველის ჩვენების წაკითხვა სწორად.
2.5. 2015 წლის 28 ოქტომბრის განცხადების პასუხად, სს „ე------------------------მ“ 2015 წლის 6 ნოემბერს ე-----–--------–--–---–ს აცნობა, რომ 2011 წლის 16 სექტემბერს დამონტაჟებული მისი ინდივიდუალური მრიცხველის შემოწმების შედეგად, 2015 წლის 11 მაისს დადგინდა, რომ მრიცხველის დამონტაჟების მომენტიდან ხდებოდა მასზე ჩვენებების არასწორედ წაკითხვა. შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე დაერიცხა 16.09.2011-დან 11.05.2015-მდე აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, თანხით 1046.81 ლარი. შემდგომში, მოხმარების პერიოდის გათვალისწინებით, მოხდა ტარიფის დაკორექტირება და ანგარიშის ჩასწორება 162.09 ლარით.
ამასთან, სს „ე------------------------მ“ 2015 წლის 4 დეკემბერს ე-----–--------–--–---–ს აცნობა, რომ კომპანიამ დამატებით მოახდინა გადაანგარიშება, რის შემდეგაც დაკორექტირებულმა ტარიფმა შეადგინა 167,55 ლარი (ნაცვლად 162,09 ლარისა). ამავე წერილით ე-----–--------–--–---–ს დანართის სახით გაეგზავნა დეტალური გაანგარიშება, აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი და აბონენტის ბრუნვის ისტორია.
2.6. 2015 წლის პირველი მაისის მონაცემებით, აბონენტის პირად ბარათზე N0-------------- მრიცხველის ჩვენებად დაფიქსირებულია 775 კვ.სთ, ხოლო ამავე წლის 11 მაისს - 6757 კვ.სთ., შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობად განისაზღვრა 5982 კვ.სთ, თანხით - 1046.81 ლარი. ამავე წლის 25 ივნისს აბონენტს დაერიცხა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასური - 2 ლარი, ხოლო ამავე წლის 22 სექტემბერს მოხდა დარიცხვის შესწორება, თანხით - 162.09 ლარი. ჯამში მომხმარებელზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა 886.72 ლარი.
2.7. 2016 წლის 22 იანვარს ე-----–--------–--–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სს „ე------------------------ს“ მიმართა ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის დაკორექტირების მოთხოვნით, ვინაიდან კვანძის შემოწმება განხორციელდა 2015 წლის 11 მაისს, ხოლო სს „ე------------------------მ“ გადაანგარიშება მოახდინა მრიცხველის დამონტაჟების დღიდან - 2011 წლის 16 სექტემბრიდან და არ გაითვალისწინა, რომ გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. განმცხადებლის განამარტებით, გაუგებარია კომპანიის მიერ დარიცხული თანხის გაანგარიშების საფუძველი, რომლის მიხედვით, თითქოს აბონენტის მხრიდან საშუალო მოხმარება ერთ დღე-ღამეში შეადგენდა 4,98 კვ/საათს, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელ სახლს იყენებს სააგარაკედ და სახლის ექსპლუატაცია ხდება იშვიათად, ზაფხულის თვეებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მასზე კომპანიის ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის ჩამოწერა.
2.8. 2016 წლის 11 თებერვლის წერილით სს „ე------------------------მ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ ვინაიდან 2015 წლის 11 მაისს აბონენტის აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას გამოვლინდა მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვის ფაქტი (შვიდციფრიანი ჩვენების ნაცვლად, იკითხებოდა 6 ციფრი), კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 11 მაისს მრიცხველის რეალურ ჩვენებად დაფიქსირდა 6757 კვ/სთ, ჩასწორდა აბონენტ ე-----–--------–--–---–-ს ანგარიშიც.
2.9. ე-----–--------–--–---–-ს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 7 მარტს სს „ე------------------------მ“ ადგილზე შეამოწმა მცხეთაში, სოფელ მ------–------ში არსებული მომხმარებლის - ე-----–- ნ-----–--–---–ის აღრიცხვის კვანძი და შეადგინა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1------, რომლის დანართშიც აღწერილია მომხმარებლის ბინაში არსებული დანადგარები. აღნიშნული შემოწმება-მიღების აქტის მიხედვით, დაზიანებული მრიცხველი (რომელიც არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას - მთვლელი მექანიზმი იყო გაჭედილი) შეიცვალა ახალი მრიცხველით.
2.10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N3---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-ს საჩივარი. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოქალაქე ე-----–--------–--–---–ზე სს „ე------------------------ს“ მიერ 2015 წლის 11 მაისს 5982 კვ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 884.72 ლარისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურის - 2 ლარის დარიცხვა. ამავე გადაწყვეტილებით სს „ე------------------------ს“ დაევალა N4--------- აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, კომპანიას დაევალა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის განხორციელება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს „ე------------------------ს“ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის წაკითხვა არასწორად ხდებოდა - შვიდციფრიანი ჩვენების ნაცვლად, იკითხებოდა ექვსი, ვინაიდან ყოველთვიურად, 2015 წლის პირველ მაისამდე, კომპანიის მოსაზრებით „არასწორედ“ წაკითხული და 2015 წლის 11 მაისს „სწორედ“ წაკითხული ჩვენებების მეათედის, მეასედის და მეათიათასედის აღმრიცხველი თანრიგების მიმდევრობა არ ესადაგოდა ერთმანეთს. კომისიის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბონენტთან არსებული ელექტროენერგიის მოხმარების დანადგარები ჩართული იქნებოდა უწყვეტი - 24 საათიანი რეჟიმით - 240 საათის განმავლობაში, მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს შეეძლო არაუმეტეს 878.4 კვ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო მრიცხველს აღრიცხული აქვს დაახლოებით 7-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია (კომპანიასაც თანხა დარიცხული აქვს ამ მონაცემის შესაბამისად), რისი მოხმარებაც თეორიულად შეეძლო ე-----–--------–--–---–ს 10 დღეში. კომპანიის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ამ ოდენობის ელექტროენერგიის ღირებულების დაკისრების ასახსნელად უნდა არსებობდეს რეალური, ლოგიკური მიზეზი. ასეთი რეალური, ლოგიკური ახსნა, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მტკიცებულებებით, კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა. ამრიგად, კომპანიის ვარაუდი, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის წაკითხვა არასწორად ხდებოდა, კომისიამ არ გაიზიარა.
კომისიამ მიუთითა, რომ ვინაიდან ე-----–--------–--–---–-ს მიერ 2015 წლის 11 მაისამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო, 5982 კვ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 884.72 ლარის დარიცხვა მიჩნეული უნდა ყოფილიყო უსაფუძვლოდ, ხოლო კომპანიას უნდა დავალებოდა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-სათვის თანხის დარიცხვის განხორციელება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად (რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით) და შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მითითებული საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურად 2 ლარის დარიცხვა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №3---- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამასთან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“.
აღნიშნული წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ამავე წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. მე-9 პუნქტის თანახმად კი, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს ელექტროენერგია მიეწოდება სს „ე------------------------ს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან და მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით. უდავოა, რომ ე-----–--------–--–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე, სს „ე------------------------მ“ მცხეთაში, სოფელ მ------–------ში, 2011 წლის 16 სექტემბერს დააყენა სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველი და აღნიშნულის დამადასტურებლად შეადგინა N3----- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N3-----, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ მრიცხველი მუშაობდა დასაშვები ცდომილებით. ამასთან, დადგენილია, რომ მოქალაქე ე-----–- ნ-----–--–---–ისათვის სადავო დარიცხვის განხორციელების წინაპირობა გახდა 2015 წლის 11 მაისს სს „ე------------------------ს“ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის შედგენა. კომპანიამ მიუთითა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სწორედ არ ხდებოდა ელექტრონერგიის მრიცხველის ჩვენების წაკითხვა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული წესების მე-11 მუხლი შეეხება ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებას და აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო და მოქალაქე ე-----–--------–--–---–-სათვის თანხის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მეთოდი. როგორც აღინიშნა, მომხმარებლის ანგარიშის ჩასწორებისას, კომპანიას მითითებული წესების მე-11 მუხლის მეორე პუნქტით შეუძლია იხელმძღვანელოს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა 2015 წლის 11 მაისს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ მრიცხველის დაზიანების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული ფაქტის უდავოდ არსებობის თაობაზე საქმეზე შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ასევე, არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ 2015 წლის 11 მაისამდე პერიოდში არასწორედ ხდებოდა ელექტრონერგიის მრიცხველის ჩვენების წაკითხვა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურები მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს აზრით, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეფუძნება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევას. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა სს „ე------------------------ს“ მიერ აბონენტ ე-----–- ნ-----–--–---–ისათვის 5982 კვ.სთ ელექტროენერგიის საფასურის -884.72 ლარისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურის - 2 ლარის დარიცხვის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებების არსებობა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა.
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სს „ე------------------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ენერგოკომპანიამ ე-----–--------–--–---–ს დაარიცხა მრიცხველის გაუმართაობით გამოწვეული აღურიცხავი ელ. ენერგიის საფასური. ენერგოკომპანიამ დარიცხვა განახორციელა რეალური ჩვენებით. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, რომ 11.05.15 შედგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების N1------ აქტში, გარდა მრიცხველის გაუმართაობისა, დაფიქსირებულია, რომ არ ხდებოდა მრიცხველის ჩვენების სწორად წაკითხვა. სასამართლო მხოლოდ ნორმატიული აქტების ციტირებით იფარგლება და არ განმარტავს, რატომ ჩათვალა, რომ ენერგოკომპანია აბონენტს რაიმე ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რაც სემეკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული არაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აბონენტს მრიცხველის რეალური ჩვენების მიხედვით განხორციელებული დარიცხვის შესაბამისი ქვითარი მიეწოდა. ენერგოკომპანიის თანამშრომლის შეცდომის გამო არ ხდებოდა მრიცხველის ჩვენებების სწორად წაკითხვა, რაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა მომხდარიყო შეცდომის გასწორება და აბონენტს არ უნდა გადაეხადა მის მიერ რეალურად მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური. ნაცვლად შვიდთანრიგიანი ციფრისა, წაკითხვა მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში ექვსი თანრიგით ხდებოდა. მრიცხველის დადგმის დროს კი სწორედ შვიდი ციფრით იქნა ფიქსირებული საწყისი ჩვენება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომ ე-----–--------–--–---–ს თავისივე განცხადების საფუძველზე ფაზანოლიანი მრიცხველი შეეცვალა სამფაზა მრიცხველით. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ჩვეულებრივმა საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა რატომ მოითხოვა სამფაზა მრიცხველის დაყენება, თუ მხოლოდ ერთ მაცივარსა და ერთ ტელევიზორს ამუშავებდა. ლოგიკურად, სურვილს, მიზანს, ზედმეტ დანახარჯებს ახსნა უნდა ჰქონდეს. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ცალფაზა მრიცხველის დროს, მესამე პირის მიერ ელ. ენერგიის მოხმარება თვეში 800 კვტ/სთ შეადგენდა, ხოლო სამფაზა მრიცხველის დაყენების შემდეგ - 30კვტ/სთ არ აღემატებოდა. დადგენილია, რომ ფაზა-ნოლიანი მრიცხველი აბონენტს უყენდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე არ აღემატება 10კვტ-ს. 10კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მოთხოვნის შემთხვევაში აღარ ყენდება ფაზა-ნოლიანი მრიცხველი, რათა თავიდან იქნას აცილებული ქსელში გადამეტებული ძაბვები და ამით გამოწვეული წყვეტა, ყენდება სამფაზიანი მრიცხველი. უდავოა, რომ ე-----–--------–--–---–ს 10კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ელ. მოწყობილობების გამო დასჭირდა სამფაზა მრიცხველი. გარდა ამისა, სემეკის N20 დადგენილების დანართში, სადაც განსაზღვრულია ქსელზე მიერთების საფასურები მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით, 0.220 ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის მოწყობის საფასური გათვალისწინებულია მხოლოდ ფაზა-ნოლიანი მრიცხველის მოწყობისთვის, ხოლო 10 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მოთხოვნის შემთხვევაში აღრიცხვა უნდა მოეწყოს მხოლოდ 0,380 კვ ძაბვის საფეხურზე და შესაბამისად, აბონენტს უნდა დაუმონტაჟდეს სამფაზიანი მრიცხველი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მნიშვნელოვან გარემოებას, რომ მესამე პირის სახლში დადგმული სიმძლავრეების აღწერა სწორედ სემეკის დავალებით მოხდა და იმ სხდომას ე-----–--------–--–---–-ც ესწრებოდა. ბუნებრივია, ენერგოკომპანიამ აბონენტთან შეთანხმებით მოახდინა მის საკუთარ სახლში სიმძლავრეების აღწერა, რაც სრულ შესაბამისობაში ვერ იქნებოდა რეალობასთან (მხარე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით სრულად არ გამოაჩენდა ელ. ტექნიკას), ვინაიდან ეს განხორციელდა არა ელ. ენერგიის მოხმარების პერიოდში, არამედ დავის განხილვისას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ისეთ გარემოებებზე მსჯელობს, რაც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მაგალითად, რომ სემეკის 19.05.16 N3---- გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. ენერგოკომპანიის პრეტენზიაა, რომ სემეკმა დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, სასამართლო პასუხს არ სცემს სარჩელში დასმულ სადავო საკითხებს.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ მსჯელობს მხარის მიერ სათანადო ფორმით გამოხატული აღიარების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე მითითებით, აპელანტი განმარტავს, რომ აბონენტის მიერ მოხდა ვალის არსებობის აღიარება, რაც გამოიხატა ნაკისრი ვალდებულები ნაწილობრივ შესრულებაში - დავალიანების ნაწილის 200 ლარის გადახდაში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მესამე პირის განცხადებით დასტურდება, რომ იგი დაეთანხმა ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს, რომ მრიცხველიდან ჩვენების წაკითხვა არასრულად და არასწორად ხდებოდა და როდესაც გასწორდა, ბუნებრივია, ერთდროულად მოუხდებოდა რეალურად მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადახდა, რასაც მანამდე, კომპანიის წარმომადგენელთა შეცდომის გამო, არ იხდიდა. მითითებული აღიარების ე.წ. უარყოფა კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნებს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია ენერგოკომპანიის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე - დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ სემეკს მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტის დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია. გაუგებარია, რა საფრთხე იქმნებოდა დარიცხული თანხის დაუყოვნებლივ არჩამოწერის შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც მესამე პირის მხრიდან შეთანხმება გაფორმებული და გადახდა ნაწილობრივ შესრულებული იყო. ვინაიდან ენერგოკომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სავარაუდოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სემეკის ეს ქმედება გამართლებულად მიიჩნია.
აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას საკითხის გადასაწყვეტად სემეკის N20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითების თაობაზე, რომელიც მრიცხველის დაზიანების დროს დარიცხვის წესებს შეეხება და ამავდროულად განმარტებას, რომ ენერგოკომპანიამ ვერ დაასაბუთა მრიცხველის დაზიანებისა და მრიცხველიდან ჩვენებების არასწორად წაკითხვის გარემოება. საქმეში წარმოდგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტების, მოხსენებითი ბარათების, წერილების ნამდვილობა კი არც სემეკში და არც სასამართლოში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. აღნიშნულის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 11 მაისს მრიცხველის რეალურ ჩვენებად დაფიქსირდა 6757 კვტ/სთ, ჩასწორდა აბონენტის ანგარიში.
აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი მტკიცების ტვირთს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, რომელმაც გამოსცა აქტი. სასამართლო არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი სემეკს, გარდა ახსნა-განმარტებისა და საკუთარი მოსაზრებისა, რაც შესაძლებელია, კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებების გაბათილების საფუძველი ყოფილიყო.
აპელანტი მიუთითებს, რომ სემეკის 19.05.16 N3---- გადაწყვეტილებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა სს „ე------------------------ს“ კანონიერ ინტერესს და უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლებები, დაკარგა რა სემეკის ნორმატიული აქტით (N20 დადგენილებით) განკუთვნილი შემოსავალი, რაც უდავოდ უარყოფითად აისახება მის საქმიანობაზე და გავლენას იქონიებს მისი ლიცენზიის ფარგლებში ელ. მომარაგების განხორციელებაზე.
აპელატის განმარტებით, სასამართლომ ზუსტად არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გამოიყენა კანონი, რომელი არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება, რაც მისი გაუქმების უდავო საფუძველს წარმოადგენს. უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილება არასწორ სასამართლო პრაქტიკას დაამკვიდრებს, რომელიც აშკარად უარყოფითად აისახება სამართლის შემდეგ განვითარებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. დადგენილია, რომ მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს ელექტროენერგია მიეწოდება სს „ე------------------------ს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით და კომპანიის მიერ მინიჭებული აქვს სააბონენტო N4---------.
4.5. 2011 წლის 28 ივლისს ე-----–--------–--–---–მა განცხადებით მიმართა სს „ე------------------------ს“ და მიუთითა, რომ მცხეთაში, სოფელ მ------–------ში (სადაც იგი აბონენტად იყო რეგისტრირებული) ესაჭიროებოდა სამფაზა ელექტროენერგია. განმცხადებელმა საკუთარი ხარჯებით სამფაზა აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად ნების დართვა მოითხოვა.
4.6. აბონენტის - ე-----–--------–--–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე, სს „ე------------------------მ“ მცხეთაში, სოფელ მ------–------ში, 2011 წლის 16 სექტემბერს დააყენა სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველი და აღნიშნულის დამადასტურებლად შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N3-----. აქტს მიხედვით, მრიცხველი მუშაობდა დასაშვები ცდომილებით.
4.7. 2015 წლის 11 მაისს სს „ე------------------------მ“ შეამოწმა ე-----–--------–--–---–-ს ელექტროენერგიის მრიცხველი და შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1------, რომელშიც მიეთითა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას. ასევე, დადგინდა, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, ნაცვლად რეალური ჩვენებისა - 6757, ფიქსირდებოდა 775. არ ხდებოდა ელ. მრიცხველის ჩვენების წაკითხვა სწორად.
4.8. სს „ე------------------------მ“ 2015 წლის 6 ნოემბრის წერილით ე-----–--------–--–---–ს აცნობა, რომ 2011 წლის 16 სექტემბერს დამონტაჟებული მისი ინდივიდუალური მრიცხველის შემოწმების შედეგად, 2015 წლის 11 მაისს დადგინდა, რომ მრიცხველის დამონტაჟების მომენტიდან ხდებოდა მასზე ჩვენებების არასწორედ წაკითხვა. შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, დაერიცხა 16.09.2011-დან 11.05.2015-მდე აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, თანხით 1046.81 ლარი. შემდგომში მოხმარების პერიოდის გათვალისწინებით, მოხდა ტარიფის დაკორექტირება და ანგარიშის ჩასწორება 162.09 ლარით.
სს „ე------------------------ს“ 2015 წლის 4 დეკემბრის წერილით ე-----–--------–--–---–ს ეცნობა, რომ კომპანიამ დამატებით მოახდინა გადაანგარიშება, რის შემდეგაც, დაკორექტირებულმა ტარიფმა შეადგინა 167,55 ლარი (ნაცვლად 162,09 ლარისა). ამავე წერილით დანართის სახით გაგზავნილ იქნა დეტალური გაანგარიშება, აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი და აბონენტის ბრუნვის ისტორია.
4.9. 2015 წლის პირველი მაისის მონაცემებით, აბონენტის პირად ბარათზე N0-------------- მრიცხველის ჩვენებად დაფიქსირებულია 775 კვ.სთ, ხოლო ამავე წლის 11 მაისს - 6757 კვ.სთ. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობად განისაზღვრა 5982 კვ.სთ, თანხით - 1046.81 ლარი. ამავე წლის 25 ივნისს აბონენტს დაერიცხა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასური - 2 ლარი, ხოლო ამავე წლის 22 სექტემბერს მოხდა დარიცხვის შესწორება, თანხით - 162.09 ლარი. ჯამში მომხმარებელზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა 886.72 ლარი.
4.10. 2016 წლის 22 იანვარს ე-----–--------–--–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სს „ე------------------------ს“ მიმართა ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის დაკორექტირების მოთხოვნით, ვინაიდან კვანძის შემოწმება განხორციელდა 2015 წლის 11 მაისს, ხოლო სს „ე--------------------------“ გადაანგარიშება მოახდინა მრიცხველის დამონტაჟების დღიდან - 2011 წლის 16 სექტემბრიდან და არ გაითვალისწინა, რომ გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. განმცხადებლის განმარტებით, გაუგებარია კომპანიის მიერ დარიცხული თანხის გაანგარიშების საფუძველი, რომლის მიხედვით, თითქოს აბონენტის მხრიდან საშუალო მოხმარება ერთ დღე-ღამეში შეადგენდა 4,98 კვ/საათს, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელ სახლს იყენებს სააგარაკედ და სახლის ექსპლუატაცია ხდება იშვიათად, ზაფხულის თვეებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მასზე კომპანიის ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის ჩამოწერა.
4.11. 2016 წლის 11 თებერვლის წერილით სს „ე------------------------მ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ ვინაიდან 2015 წლის 11 მაისს აბონენტის აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას გამოვლინდა მრიცხველის ჩვენების არასწორედ წაკითხვის ფაქტი (შვიდციფრიანი ჩვენების ნაცვლად, იკითხებოდა 6 ციფრი), კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 11 მაისს მრიცხველის რეალურ ჩვენებად დაფიქსირდა 6757 კვ/სთ, ჩასწორდა აბონენტ ე-----–--------–--–---–-ს ანგარიშიც.
4.12. ე-----–--------–--–---–-ს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 7 მარტს, სს „ე------------------------მ“ ადგილზე შეამოწმა მცხეთაში, სოფელ მ------–------ში არსებული მომხმარებლის - ე-----–- ნ-----–--–---–ის აღრიცხვის კვანძი და შეადგინა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1------, რომლის დანართშიც აღწერილია მომხმარებლის ბინაში არსებული დანადგარები. აღნიშნული შემოწმება-მიღების აქტის მიხედვით, დაზიანებული მრიცხველი, რომელიც არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას - მთვლელი მექანიზმი იყო გაჭედილი, შეიცვალა ახალი მრიცხველით.
4.13. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N3---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-----–--------–--–---–-ს საჩივარი. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოქალაქე ე-----–--------–--–---–ზე სს „ე------------------------ს“ მიერ 2015 წლის 11 მაისს 5982 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 884.72 ლარისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურის - 2 ლარის დარიცხვა. ამავე გადაწყვეტილებით სს „ე------------------------ს“ დაევალა N4--------- აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, კომპანიას დაევალა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის განხორციელება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს „ე------------------------ს“ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის წაკითხვა არასწორედ ხდებოდა - შვიდციფრიანი ჩვენების ნაცვლად, იკითხებოდა ექვსი, ვინაიდან ყოველთვიურად, 2015 წლის პირველ მაისამდე, კომპანიის მოსაზრებით „არასწორედ“ წაკითხული და 2015 წლის 11 მაისს „სწორედ“ წაკითხული ჩვენებების მეათედის, მეასედის და მეათიათასედის აღმრიცხველი თანრიგების მიმდევრობა არ ესადაგოდა ერთმანეთს. კომისიის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბონენტთან არსებული ელექტროენერგიის მოხმარების დანადგარები ჩართული იქნებოდა უწყვეტი - 24-საათიანი რეჟიმით - 240 საათის განმავლობაში, მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს შეეძლო არა უმეტეს 878.4 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო მრიცხველს აღრიცხული აქვს, დაახლოებით, 7-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია (კომპანიასაც თანხა დარიცხული აქვს ამ მონაცემის შესაბამისად), რისი მოხმარებაც ე-----–--------–--–---–ს თეორიულად 10 დღეში შეეძლო. ამ ოდენობის ელექტროენერგიის ღირებულების დაკისრების ასახსნელად უნდა არსებობდეს რეალური, ლოგიკური მიზეზი. ასეთი რეალური, ლოგიკური ახსნა, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მტკიცებულებებით, კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა. ამრიგად, კომპანიის ვარაუდი, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის წაკითხვა არასწორად ხდებოდა, კომისიამ არ გაიზიარა.
კომისიამ მიუთითა, რომ ვინაიდან ე-----–--------–--–---–-ს მიერ 2015 წლის 11 მაისამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო, 5982 კვ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 884.72 ლარის დარიცხვა მიჩნეული უნდა ყოფილიყო უსაფუძვლოდ, ხოლო კომპანიას უნდა დავალებოდა მოქალაქე ე-----–--------–--–---–-სათვის თანხის დარიცხვის განხორციელება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად (რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით) და შესაბამისი ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მითითებული საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურად 2 ლარის დარიცხვა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №3---- გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან.
4.16. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ამავე წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. მე-9 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
4.17. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სწორად მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული წესების მე-11 მუხლი შეეხება ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებას და აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
4.18. სააპელაციო პალატას, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო, მოქალაქე ე-----–--------–--–---–-სათვის თანხის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოყენებულიყო „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მეთოდი, მართებულია. დამატებით აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის ანგარიშის ჩასწორებისას, კომპანიას მითითებული წესების მე-11 მუხლის მეორე პუნქტით შეუძლია იხელმძღვანელოს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული. მოცემულ შემთხვევაში, სს „ე------------------------მ“ მიუთითა 2015 წლის 11 მაისს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ მრიცხველის დაზიანების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული ფაქტის უდავოდ არსებობის თაობაზე საქმეზე შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ასევე, არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ 2015 წლის 11 მაისამდე პერიოდში არასწორად ხდებოდა ელექტრონერგიის მრიცხველის ჩვენების წაკითხვა. აღნიშნული სადავო ფაქტი დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული ე-----–--------–--–---–-ს მოთხოვნის შედეგად სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებული ეჭვებისა და ვარაუდების წარმოშობის საფუძველზე. მით უფრო, როდესაც 2011 წლის 16 სექტემბრის კვანძის შემოწმება-მიღების N3----- აქტში მითითებულ იქნა, რომ მრიცხველი მუშაობდა დასაშვები ცდომილებით. ამდენად, პერიოდის განსაზღვრა, როდიდან არ მუშაობდა მრიცხველი, შეუძლებელია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N3---- გადაწყვეტილების თანახმად კი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბონენტთან არსებული ელექტროენერგიის მოხმარების დანადგარები ჩართული იქნებოდა უწყვეტი - 24 საათიანი რეჟიმით - 240 საათის განმავლობაში, მოქალაქე ე-----–--------–--–---–ს შეეძლო არა უმეტეს 878.4 კვ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო მრიცხველს აღრიცხული აქვს დაახლოებით 7-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია (კომპანიასაც თანხა დარიცხული აქვს ამ მონაცემის შესაბამისად).
4.19. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებას ე-----–--------–--–---–-ს მიერ ვალის აღიარების თაობაზე, რამეთუ ვალის აღიარება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. ვალის არსებობის მსგავსი აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მიმართ, მისი სპეციფიკისა და სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძოსამართლებრივი შეთანხმების - ვალის არსებობის აღიარების მარეგულირებელი ნორმების გავრცელება ვერ მოხდება. სასამართლო წარმოებისას კი მესამე პირი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და არ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.
4.20. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“ განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეფუძნება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევას. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა სს „ე------------------------ს“ მიერ აბონენტ ე-----–- ნ-----–--–---–ისათვის 5982 კვ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 884.72 ლარისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასურის - 2 ლარის დარიცხვის შესაძლებლობას.
4.21, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ უზრუნლველყოფის ღონისძიება გამოყენებულია უფლებამოსილი პირის მიერ და სადავო აქტის შესაბამისად მიზნად ისახავს მომხმარებლის კანონიერი ინტერესისა და ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების მიზნის უზრუნველყოფას. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა აპელანტის მითითება დაუყოვნებლივი აღსრულების შესაძლებლობის გამოყენების უკანონობაზე.
4.22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
აპელანტის - სს „ე------------------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
მარიამ ცისკაძე