განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330210017001876862
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001876862

საქმე №2ბ/6337-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ფ----------

წარმომადგენელი- გ--------------------–-

მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–-----------------

წარმომადგენელი- კ------------------–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ-–------------------ სარჩელი. დაევალა მოპასუხე ფ----------ს, ტელეკომპანია ,,რ------------- საინფორმაციო გამოშვებაში - 18:00 და 21:00 საათიან გადაცემა ,,კ--------–-'' თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 მარტის 18 და 21 საათზე გადაცემა ,,კ--------–-“ გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“; ,,მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო“, არ შეესაბამება სიმართლეს; დაევალა ფ----------ს, ტელეკომპანია ,,T---------–--“ გადაცემა ,,ა----------–-’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 მარტის ტელეკომპანია ,,T------------–--“ გადაცემა ,,ა----------–-“ გამოთქმული შემდეგი განცხადება: ,,ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“, არ შეესაბამება სიმართლეს; დაევალა ფ----------ს, ინტერნეტგამოცემა I---------ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 მარტის ინტერნეტგამოცემა I---------ზე გავრცელებული შემდეგი განცხადება: ,,ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“ არ შეესაბამება სიმართლეს; დაეკისრა მოპასუხე ფ----------ს, ვ-–------------------ სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მოსარჩელე ვ-–-----------------ს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა, სარჩელის განუხილველად დატოვებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ვ-–----------------- წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-სარჩელი;

-შესაგებელი;

-მხარეთა განმარტებები;

 

2.2. მოსარჩელის მიერ, განხილულ იქნა ორი სამოქალაქო საქმე, კომპანიებს ,,ფ---------------“ და ,,თ-------------------“, ასევე კომპანიებს ,,ო--------------“ და ,,ბ----------------------------“ შორის. მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც, კომპანია ,,ფ--------------“ დაეკისრა ,,თ-------------------“ სასარგებლოდ 92 მილიონი ლარის, ხოლო კომპანია ,,ბ----------------------------“ კომპანია ,,ო--------------“ სასარგებლოდ 270 მილიონი ლარის გადახდა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-სარჩელი;

-შესაგებელი;

-მხარეთა განმარტებები;

 

2.3. მოპასუხე ფ---------- წარმოადგენს საერთაშორისო ს------------------ თავმჯდომარეს;

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-შესაგებელი;

-მხარეთა განმარტებები;

 

2.4. 2017 წლის 27 მარტს, ტელეკომპანია ,,რ------------“ ეთერში, 18:00 საათიან გადაცემა კ--------–- გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ,,რ------------“ ჟურნალისტი აცხადებს: ,,დავა რომელზეც გადაწყვეტილება მოსამართლე ვ-–-------------------- მიიღო, ინვესტორებს მილიონობით ლარის ჯარიმას აკისრებს. ს-----------------–- მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებები კორუფციული გარიგების შედეგია. საუბარი არის სამ სამართლებრივ დავაზე, სამივე შემთხვევაში საქმე მიჰყავს ერთი და იგივე მოსამართლეს ვ-–-----------------ს. პირველ შემთხვევაში საუბარია ,,თ-------------------“ და ,,ფ--------------“ შორის მიმდინარე სამართლებრივ დავაზე, რომლის შედეგადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე ვ-–-----------------მ 92 მილიონის გადახდა დააკისრა ,,ფ--------------“. მეორე შემთხვევაში კი, ,,ო--------------“ და ,,ბ------------------“ შორის მიმდინარე დავაზე, ამ უკანასკნელს დაეკისრა 270 მილიონი ლარის გადახდა. მესამე დავა მიმდინარეობს უკვე ,,ტ----------’’ წინააღმდეგ და როგორც ფ----------, საერთაშორისო ს------------------ ხელმძღვანელი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ დავა ამ საქმეშიც ,,ტ----------’’ საწინააღმდეგოდ გადაწყდება, არაბი ინვესტორი ქვეყნის დატოვებას აპირებს. როგორც ფ---------- აცხადებს, ის დარწმუნებულია რომ სახეზეა კორუფციული გარიგება და ის ამბობს, რომ სასამართლოში კორუფცია არ არის ლოკალური, არამედ ეს ფუნდამენტური პრობლემაა...’’

 

ამავე გადაცემის ეთერში გამოქვეყნდა საერთაშორისო ს------------------ პრეზიდენტის ფ----------ს კომენტარიც, რომელიც აცხადებს: ,,განვიხილავთ გზებს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს მართლმსაჯულება კორუმპირებული მოსამართლეებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის სანდოობასა და იმიჯს. ასევე, ძირს უთხრიან საინვესტიციო კლიმატს საქართველოში. მოსამართლე ვ-–------------------ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩვენ პარიზში სამ ყველაზე ცნობილ მოსამართლეს გადავუგზავნეთ და როდესაც ისინი საქმეებს გაეცნენ, ეს მათთვის შოკი იყო. საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ და გვითხრეს, როგორ აღწევენ თავს მოსამართლეები როდესაც მსგავს რამეს აკეთებენ, ჩვენთვის სავსებით ნათელია რომ ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე და არაფერი შეგვაცვლევინებს ამ მოსაზრებას, არც მუქარა არც გასამართლება და არც დაჯარიმება. როდესაც მეუბნებიან კორუფციის რა მტკიცებულება გაქვს, ჩემი პასუხია, რომ როდესაც ვხედავ და ვგრძნობ ნაგვის სუნს, არ

მჭირდება ვინმემ დამიდასტუროს რომ ეს ნაგავია. რაც ვ-–-----------------მ გააკეთა ეს სირცხვილია, ის არცხვენს საკუთარ თავს, სასამართლოსა და საქართველოს. ვიბრძოლებთ და არ შეგვეშინდება, ჩემი აზრით სასამართლოსთან მიმართებაში არსებობს ფუნდამენტური პრობლემა რადგან მოსამართლეების ნაწილს დაუსჯელობის განცდა აქვთ, მათ ჰგონიათ რომ ვერავინ შეეხებათ და რაც უნდათ იმას გააკეთებენ... ’’

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-ტელეკომპანია ,,რ------------- გადაცემა კ---------- ვიდეო ჩანაწერით CD დისკზე;

-მხარეთა განმარტებები;

 

2.5. 2017 წლის 27 მარტს, ტელეკომპანია ,,რ------------“ ეთერში, 21:00 საათიან გადაცემა კ--------–- გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ,,რ------------“ ჟურნალისტი აცხადებს: ,,სამართლებრივი დავა და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უცხოელ ინვესტორებს მილიონობით ლარი ჯარიმა დაეკისრათ...’’

,,სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საუბრობს. ,,მოსამართლე, რომელიც სასამართლოსა და საქართველოს არცხვენს“, ასეთია ფ----------ს შეფასება...’’ ,,ბიზნესმენი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს, თუმცა არ გამორიცხავს რომ მორიგი კორუფციული გარიგების შემთხვევაში ქვეყანა საერთოდ დატოვოს...’’

 

,,ს-------–---------------------------, სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საუბრობს, ამის დასტურად ფ---------- სამ სასამართლო გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელიც ერთი და იმავე მოსამართლემ, ვ-–-----------------მ მიიღო. ერთ შემთხვევაში, ,,ფ----------------“ და ,,თ-------------------“ შორის უცხოურ კომპანიას 92 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ,,ო--------------ა“ და ,,ბ----------------------------“ საქმეში მოსამართლის გადაწყვეტილებით საერთაშორისო მწარმოებელს 270 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი. ,,ტ---------- შემთვევაში’’ კი პროცესი 1 წელია მიმდინარეობს და შესაძლოა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად, ინვესტორმა საქართველო საერთოდ დატოვოს. ფ---------- დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებები კორუფციული გარიგებების შედეგად მიიღო...“

 

ამავე გადაცემის ეთერში გამოქვეყნდა საერთაშორისო ს------------------ პრეზიდენტის ფ------------ კომენტარიც, რომელიც აცხადებს: ,,მოსამართლე ვ-–------------------- მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენ პარიზში სამ ყველაზე ცნობილ მოსამართლეს გადავუგზავნეთ და როდესაც ისინი საქმეებს გაეცნენ ეს მათთვის შოკი იყო. ჩვენთვის სავსებით ნათელია რომ ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე და არაფერი შეგვაცვლევინებს ამ მოსაზრებას, არც მუქარა არც გასამართლება და არც დაჯარიმება. როდესაც მეუბნებიან კორუფციის რა მტკიცებულება გაქვს, ჩემი პასუხია როდესაც ვხედავ და ვგრძნობ ნაგვის სუნს, არ მჭირდება ვინმემ დამიდასტუროს, რომ ეს

ნაგავია. რაც ვ-–-----------------მ გააკეთა ეს სირცხვილია, ის არცხვენს საკუთარ თავს, სასამართლოსა და საქართველოს“.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-ტელეკომპანია ,,რ------------- გადაცემა კ---------- ვიდეო ჩანაწერით CD დისკზე;

 

2.6. 2017 წლის 24 მარტს, ტელეკომპანია ,,T---------–--“ გადაცემა ,,ა----------–-“, მოპასუხის მიერ მიცემულ იქნა ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს: ,,ძირითადი პრობლემა გახლავთ გამრუდებული სასამართლო სისტემა. ჩვენ უფრო და მეტ კორუფციულ საქმეებს ვაწყდებით სასამართლოში. უფრო მეტი და მეტი მოსამართლე, რომელიც თავს ხელშეუხებლად გრძნობს და ძალზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი მხარის სასარგებლოდ, მეორესთვის უპირატესობის მისანიჭებლად. ბიზნეს კლიმატზე ეს უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ აღნიშნულის ყურადღებით ანალიზი რათა შეწყდეს აღნიშნული პრაქტიკა. უმნიშვნელოვანესია სასამართლო სისტემა, ვიცნობ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოსამართლეს, პატიოსანს, მაგრამ მათ სახელსაც ჩირქი მოეცხო იმ მოსამართლეების მხრიდან რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

პირველ რიგში ჩვენ პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია, რამდენიმე ჩვენი წევრი, ,,ფ---------------------------------“ ალბათ კარგად იცნობთ, თამბაქოს მწარმოებელს, ,,ტ---------“ და ,,ბ-----------------------------“. ეს სამი კომპანია, ფაქტიურად მოსამართლე ვ-–------------------ მიერ, იყვნენ უხეშად ვთქვათ მოტყუებულნი მაშინ, როცა მან გამოიტანა გადაწყვეტილება. ყველა ვინც გაეცნო გადაწყვეტილებას საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ჩვენთვის აშკარად კორუმპირებული მოსამართლე გახლავთ ვ-–-----------------. პრობლემა რომელსაც ვაწყდებით ეს გახლავთ ბალანსის მიღწევა არა იმ მეთოდებით, რომ პარლამენტი და მთავრობა ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და მეორე როგორ გავაკონტროლოთ ეს კორუმპირებული მოსამართლეები, იმიტომ, რომ უფლება არ აქვს არავის რომ ხელი დააკაროს მათ და მართალია მთავრობა და არც პარლამენტი, რომ არ ერევა და არც უნდა ჩაერიონ. ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში გახლავთ ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო“ რომელსაც შეუძლია ნაბიჯები გადადგას ესეთი პიროვნების წინააღმდეგ. უმაღლესი საბჭო არ იღებს მკაცრ გადაწყვეტილებებს ესეთი პრაქტიკის შესაჩერებლად. დღეს ჩვენ საჩივარი შევიტანეთ საბჭოში მოსამართლე კ-------- წინააღმდეგ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ იმუშავებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იმედი გვაქვს რომ მოხდება ამ პიროვნების გადაყენება, მაგრამ მთავარია დავინახოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს მხარს უჭერს, თუ ხელს აფარებს კორუმპირებულებს. ეს არის ტესტი ამ ორგანოსთვის...’’

 

,,მე არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის სამართალია მთავარი იყოს ჩემს ქვეყანაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პალატის წევრებს არ ატყუებდნენ მოსამართლეები, არ აშანტაჟებდნენ მათ. თუ მოსამართლეს ეყო სინდისი, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა როგორც ვ-–-----------------ს, ანუ დამერწმუნეთ, არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ შერცხვება ხელი დაადოს ამ მოსამართლეს და თქვას რომ იგი კორუმპირებული მოსამართლეა, მიჩივლოს თუ სურს. ესეთ უსირცხვილო ადამიანს როგორიც ის არის ჩემსავით უსირცხვილო სჭირდება რომ თავისი სახელი მიანიჭოს და დაარქვას.

 

ბიზნესები თავისებურად დაშინებულები არიან, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, არის ესეთი კრიმინალური გონება, კრიმინალური პირი, ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ავალებს დამნაშავეს კომპანიის ფული ჩაიგდოს ხელში დანაშაულებრივი გზით. ე.ი. არის მეთაური ესე ვთქვათ, არის სხვა მოსამართლე რომელიც პარავს ფულს კომპანიას და კომპანიაა მსხვერპლი. რეალურად რას ვიღებთ? კომპანიის ფულს იჯიბავენ და შეუძლიათ გამოსასყიდი განიხილონ, რამდენს გადაგვიხდით რომ ყადაღა მოვხსნათ ან ფული დაგიბრუნოთ, ეს არის ტიპიური დამნაშავის ქმედება რომელსაც სჭირდება გამოძიება არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს არამედ პროკურატურის მიერ. ძირითადი პრობლემა გახლავთ რომ კომპანიების მთელი რიგი შიშობს რომ ხმა ამოიღოს ამ საკითხზე. როგორც წესი წყვეტენ პრობლემებს ისე რომ არავინ არაფერი არ იცოდეს, ასეთ გამომძალველებთან მოლაპარაკებებს ამჯობინებენ, ეს კვებავს სისტემას და ამიტომაც აგრძელებს იგი ესეთ ქმედებებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თუ არ გადადგა ნაბიჯი ესეთი მოსამართლეების წინააღმდეგ, ერთი დამპალი ვაშლი ათასობით ვაშლს გააფუჭებს და პატიოსანი მოსამართლეები, ჩვენ ვხედავთ რომ ესეთები არიან და უპატიოსნო ფულს იპარავს და არავინ ხმას არ იმაღლებს მის წინააღმდეგ და ეს გასდის, მერე პატიოსანი დაიწყებს ფიქრს რომ მოდი იქნებ მეც შევუდგე ესეთ პრაქტიკას და ეს პროცესი უნდა შევწყვიტოთ, როგორ შევწყვეტთ თუ ყველა ხმამაღლა ხმას არ ამოიღებს. ჩვენ აქაც და საერთაშორისო დონეზე სერიოზულ ხმაურს ავტეხავთ, ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მოსამართლის სახელი, ისინი ვინც მის უკან დგანან, რომლებიც მიდიან და ფულს უჯიბავენ მოსამართლეს. ჩვენ საერთაშორისო სამრეწველო პალატის კომერციული დანაშაულის სასამართლოს გავუგზავნეთ ლონდონში, ასევე, იმ განყოფილებას ჩვენი ასოციაციის რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, მათი გვარები გადავეცით, ე.წ. წითელ სიაში მოხვდებიან, მსოფლიოში ვისაც კი ამ მონაცემთა ბაზასთან ექნებათ წვდომა ამ ადამიანების გვარებს გაიგებენ...’’

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-ტელეკომპანია ,,T---------–--“ გადაცემა ანალიტიკის ვიდეო ჩანაწერით CD დისკზე;

 

2.7. 2016 წლის 24 მარტს, ინტერნეტ გამოცემა ,,i---------ზე“ გარკვეული დროის შუალედით გამოქვეყნდა სტატიები, სადაც მოყვანილია ამონარიდები მოპასუხის ინტერვიუდან, კერძოდ:

 

2017 წლის 24 მარტის 15:55 და 16:06 საათი: ,,რამდენიმე ჩვენი წევრი, ,,ფი-–---------- ი---------–----–ი“, ,,ტ---------“ და ,,რ----------------------“ ეს სამი კომპანია ფაქტობრივად, მოსამართლე ვ-–------------------ მიერ იქნენ, უხეშად რომ ვთქვათ, მოტყუებულნი, მაშინ, რა გადაწყვეტილებაც მან გამოიტანა, არავინ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ჩვენთვის კორუმპირებული მოსამართლე გახლავთ ბატონი კა-----ე. პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ეს ბალანსის მიღწევა გახლავთ, მართალია, რომ პარლამენტი და მთავრობა არ ერევა და არც უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, შესაბამისად, ზოგიერთი მოსამართლე თავს ხელშეუხებლად მიიჩნევს. ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში, ეს გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც შეუძლია ესეთი პიროვნებების წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას, იუსტიციის საბჭო ესეთი პრაქტიკების შესაჩერებლად არ იღებს მკაცრ გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ საჩივარი შევიტანეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კ-------- წინააღმდეგ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იმედია ამ პიროვნებას გადააყენებენ, მაგრამ მთავარია დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს მხარს უჭერს, თუ ხელს აფარებს კორუმპირებულებს...“;

 

2017 წლის 24 მარტის 15:30 საათი: ,, ძირითადი პრობლემა გახლავთ გამრუდებული ე.წ. სასამართლო სისტემა. ჩვენ უფრო და მეტ კორუფციულ საქმეებს ვაწყდებით სასამართლოში. უფრო მეტი და მეტი მოსამართლე რომელიც თავს ხელშეუხებლად გრძნობს და ძალზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი მხარის სასარგებლოდ მეორესთვის უპირატესობის მისანიჭებლად. აღნიშნული ბიზნეს კლიმატზე უარყოფითად მოქმედებს. ვიცნობ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოსამართლეს, პატიოსანს მაგრამ მათ სახელსაც ჩირქი მოეცხო იმ მოსამართლეების მხრიდან რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ...“;

 

2017 წლის 24 მარტის 16:57 და 16:54 საათი: ,,არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის მთავარია, ჩემს ქვეყანაში იყოს სამართალი, ჩემთვის მთავარია, ჩემი პალატის წევრებს არ ატყუებდნენ მოსამართლეები, არ აშანტაჟებდნენ მათ. ბიზნესი თავისებურად დაშინებულია, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. დღეს თუ სასამართლოს აღვწერთ, ეს არის ადამიანის სხეული, იმუნიტეტი აქვს ნული, ვირუსი მოხვდა ამ სხეულში და ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან იმუნიტეტი არ გააჩნია ამ სტრუქტურას. მთავრობას არ გააჩნია უფლებამოსილება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში, იგივე პარლამენტს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე და მე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, რომ მოგვარდეს ეს საკითხი. ჩვენ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, არ მივიღებთ აღნიშნულ კორუფციას, როგორც მოცემულობას და ვერ დავუშვებთ იმას, რომ უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ...“;

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- ინტერნეტგამოცემა i---------ს ინტერნეტ გვერდიდან ამოღებული ამონარიდებით;

 

2.8. მოპასუხის მიერ, 2017 წლის 24 მარტის ინტერნეტგამოცემა ,,I---------ზე“, ასევე ტელეკომპანია ,,T---------–--“ 2017 წლის 25 მარტის გადაცემა ,,ა----------–-“ გამოქვეყნებულ იქნა შემდეგი განცხადება: ,,ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“;

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-ინტერნეტგამოცემა i---------ს ინტერნეტ გვერდიდან ამოღებული ამონარიდებით;

-ტელეკომპანია ,,T---------–--“ გადაცემა ანალიტიკის ვიდეო ჩანაწერით CD დისკზე;

- სარჩელით და შესაგებლით;

 

2.9. მოპასუხის მიერ, ტელეკომპანია ,,რ------------- 2017 წლის 27 მარტის 18:00 და 21:00 საათიან გადაცემა ,,კ--------–-’’, გამოქვეყნებულ იქნა შემდეგი განცხადებები: მოსამართლე ვ-–---------------------- არის კორუმპირებული მოსამართლე..’’,,,მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო...“ ;

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-ტელეკომპანია ,,რ------------- გადაცემა კ---------- ვიდეო ჩანაწერით CD დისკზე;

- სარჩელით და შესაგებლით;

 

2.10. ტელეკომპანია ,,რ---------- მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ინტერნეტგამოცემა i---------ს, საიტზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ყოველთვიურად ჰყავს 27981 ვიზიტორი, ხოლო ,,T---------–-“ 27981 ინტერნეტ ვიზიტორი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება;

-შესაგებლის მე-4 ფაქტობრივი გარემოება;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. მოპასუხის მიერ, მედია საშუალებებით გავრცელებული განცხადებები: ,,მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე, მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო’’ შეიცავს მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის ვ-–------------------ შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გაკეთებულ, ზემოაღნიშნულ განცხადებებში მითითებული ფაქტების სისწორე, არ არის დადასტურებული მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, რაც უნდა დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria,2002 w).

 

ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისგან შედგება გამონათქვამი.

 

მოპასუხე საკუთარ განცხადებებში მიუთითებს, რომ ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე და იგი ამას ამბობს იმ ფაქტებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით რაც მისთვის არის ცნობილი. კერძოდ, მან მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომპანიების ,,ფ----------------“ და ,,ბ----------------------------“ მიმართ, შემოწმების მიზნით, გადაუგზავნა პარიზის სამ ყველაზე ცნობილ მოსამართლეს და მიღებული პასუხების შედეგად დარწმუნდა იმაში, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებები მიიღო კორუფციული გარიგებების შედეგად. ასევე, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაში მიუთითებს: ,,ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბატონმა კ-------- მიიღო კომპანიების ,,ფ---------------“ და ,,ბ----------------------------“ წინააღმდეგ, არის კორუმპირებული და ჩვენ არ გვჭირდება დამატებით ამის გამოკვლევა, თუმცა ჩვენ მაინც გავიკითხეთ ამ ფაქტების შესახებ. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება, დასკვნა რომელიც გამოაქვეყნეს საკუთარ გვერდზე, ამ ორი საქმიდან ერთ-ერთის შესახებ, სადაც მათ ხაზგასმით მიუთითეს იმ კანონდარღვევების შესახებ, რომელიც იყო სწორედ ვ-–------------------ მიერ გამოყენებული საქმის განხილვის პროცესში. ეს ჩვენი მტკიცე მოსაზრებაა, რომ მოსამართლე ვ-–----------------- იყო მონაწილე იმ კრიმინალური შეთქმულებისა, რომ ორი ჩვენი კომპანია თაღლითურად მოეტყუებინათ, ასეთი მოსამართლეები აძლევენ ცუდ, ნეგატიურ რეპუტაციას სასამართლოს საქართველოში“. ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ამ გადაწყვეტილების 3.1.4-3.1.7 უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებშიც სრულყოფილად არის ასახული მოპასუხის მიერ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ. აღნიშნულ განცხადებებში მითითებულია, იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მოსარჩელის წინააღმდეგ და მას იმედი აქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსარჩელეს თანამდებობიდან გადააყენებს. ამდენად, მითითებულ განცხადებებში მოპასუხე აკონკრეტებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ გადაწყვეტილებები კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო.

 

აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენენ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ბრალდების შემცველ გამონათქვამებს, რომლითაც მოპასუხე ახდენს უშუალოდ ფაქტის მტკიცებას მოსარჩელის კორუმპირებულობასთან მიმართებაში.

 

2.12. მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477-

1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას.

 

2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიმართ მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებების გავრცელება.

 

აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დანაშაულებრივი ფაქტები მოსარჩელის შესახებ, მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გაავრცელა, კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვისა და მათგან ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიღების გარეშე.

 

2.14. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება: ,,მოსამართლის მიერ კომპანიები უხეშად იქნენ მოტყუებულნი და დაშანტაჟებულნი“ წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას.

 

მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერებში, ნათლად ჩანს, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული კომენტარი: ,,მე არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის სამართალია მთავარი იყოს ჩემს ქვეყანაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პალატის წევრებს არ ატყუებდნენ მოსამართლეები, არ აშანტაჟებდნენ მათ“. არ წარმოადგენს კონკრეტულად მოსარჩელისადმი მიმართულ საუბარს და ამასთან, მოპასუხე აღნიშნული განცხადებით ხაზს უსვამს საკუთარ სურვილს და არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო დაწესებულებაში სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

მოსარჩელე არის საჯარო პირი. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.ნაღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ გამონათქვამი - ,,მოსამართლის მიერ კომპანიები უხეშად იქნენ მოტყუებულნი და დაშანტაჟებულნი“ წარმოადგენს მოპასუხის აზრს და არ არის გადმოცემული მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლოანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ, მედია საშუალებებით გავრცელებული განცხადებები: ,,მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე, მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო’’ შეიცავს მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის ვ-–------------------ შესახებ.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული, საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ამდენად, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად. შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას. იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლოთა განსაკუთრებული მისია საზოგადოებაში. სასამართლოები წარმოადგენენ მართლმსაჯულების გარანტს, მათი როლი სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში გადამწყვეტია. ამიტომ ისინი უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით. შესაბამისად, აუცილებელია მათი დაცვა უსაფუძვლო კრიტიკისაგან. ,,სასამართლო ხელისუფლება’’ ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით სამ კომპონენტს მოიცავს. იგი გულისხმობს სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ განშტოებას, საკუთრივ მოსამართლეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და თვით მართლმსაჯულების განხორცილების მექანიზმს. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თითოეულ ამ კომპონენტებს შეიძლება უკავშირდებოდეს. როდესაც კრიტიკა ეხება კონკრეტულ მოსამართლეს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს კრიტიკა ლახავს პირად ან პროფესიულ რეპუტაციას, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლებას ორი ღირებულება უპირისპირდება - მოსამართლის პირადი უფლებები და რეპუტაცია და სასამართლოს ავტორიტეტი და რეპუტაცია.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს 2015 წლის 27 იანვრის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას KINCSES V. HUNGARY, რომელშიც მითითებულია: ფრაზა ,,სასამართლო ავტორიტეტი“ მოიცავს, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც სათანადო სამსჯავრო, სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეფასებისა და წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის; უფრო მეტიც, საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა სასამართლოს შესაძლებლობას, შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია. სასამართლოს საქმიანობა, რომელიც მართლმსაჯულების გარანტორია და რომელსაც ფუნდამენტური როლი აკისრია კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოში, საჭიროებს საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან. მიუხედავად ამისა, სასამართლოები, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, კრიტიკისა და შენიშვნების მიმართ იმუნიტეტით არ სარგებლობენ. ამრიგად, მართალია, მხარეებს ნამდვილად აქვთ უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავად, კომენტარები გააკეთონ მართლმსაჯულების აღსრულების თაობაზე, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადალახოს გარკვეული ზღვარი. კერძოდ, აშკარად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კრიტიკა და შეურაცხყოფა.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Meister v. Germany, სადაც ადვოკატმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა მოსამართლეთა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც მოიხსენია იმგვარად, რომ ისინი არამართებულად მოქმედებდნენ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში; ასევე გადაწყვეტილება W.R. v. Austria წინააღმდეგ, სადაც ადვოკატმა, მოსამართლის მოსაზრებას ,,სასაცილო“ უწოდა; ასევე Saday-ის საქმე, სადაც ბრალდებულმა თურქი მოსამართლეები მოიხსენია „მანტიით შემოსილ ჯალათებად“ საქმე, სადაც მომჩივანმა, საჩივრის მეშვეობით, მოსამართლე ამპარტავან და არაკომპეტენტურ პიროვნებად მოიხსენა, იმისათვის რომ განახორციელოს მოსამართლის საქმიანობა საქმეებზე, ევროპული სასამართლოს დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ადგილი აქვს მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, მისი კრიტიკისა და რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, ,,დასაშვები კრიტიკის’’ ფარგლების გათვალისწინებით, მნიშვნელობა აქვს შეიცავდა თუ არა კრიტიკა კონკრეტულ ბრალდებას და რამდენად საფუძვლიანი იყო ის.

 

ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barfod v. Denmark, გამართლებულად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს ავტორიტეტის საჯარო ინტერესების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი იყო ის გარემოება, რომ პუბლიკაციით უხეშად იყო შელახული ორი მოსამართლის რეპუტაცია, რომელთა წინააღმდეგაც არავითარი მამხილებელი მასალა არ არსებობდა.

 

ევროპული სასამართლო საქმეში Peruzzi v Italy, აღნიშნავს: ,,სასამართლომ თავიდანვე აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს პერუცის არგუმენტს, რომ ცირკულარულ წერილში მოცემული კრიტიკა იყო მიმართული არა მოსამართლის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად იტალიის სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. აღნიშნულ წერილში იყო მთელი პასაჟები წერილიდან რომელიც პერუციმ მიწერა მართლმსაჯულების უზენაეს საბჭოს, რომელშიც იგი უჩიოდა მოსამართლეს ქცევას და რომელშიც შეაჯამა დავის ძირითადი პუნქტები, იმ კონტექსტში, რომლის მიხედვითაც, როგორც მომჩივანი აცხადებდა მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო.

 

მოსამართლის კრიტიკა იმის გამო, რომ მოსამართლე იყო "მიკერძოებული" და შეცდომები ჩაიდინა "განზრახ ან უხეში დაუდევრობით ან ვალდებულებების უგულვებელყოფით", გულისხმობდა, რომ მოსამართლემ უგულვებელყო მისი ეთიკური ვალდებულებები როგორც მოსამართლემ ან საერთოდ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მოსამართლის მიერ წინასწარი შეცნობით მცდარი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება წარმოადგენდეს ოფიციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მომჩივანს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რომ მის მიერ გაკრიტიკებული გადაწყვეტილებები მიღებული იყო წინასწარგანზრახულად. უფრო მეტიც მან გაავრცელა წერილი ისე, რომ არ დაუცადა იმ საქმის შედეგს, რომელიც მან აღძრა მოსამართლის წინააღმდეგ მართლმსაჯულების უზენაეს საბჭოში.’’

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ’’კრიტიკა არ გაკეთებულა მოსმენაზე ან მემკვიდრეობის საქმის განხილვისას და რომ წერილი გაეგზავნა სხვა, რამდენიმე მოსამართლეს, ისე რომ იგი არ უკავშირდება სამართალწარმოების რაიმე ნაბიჯს; ეს იყო განპირობებული იმით, რომ გამოეწვია მოსამართლის რეპუტაციისა და პროფესიული იმიჯის შელახვა.’’

 

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პერუცის მიმართ განაჩენი მისი ცილისმწამებლური განცხადებების გამო და აგრეთვე სასჯელი რომელიც მას დაეკისრა არ იყო არაპროპორციული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად - მიზეზები, რომელიც იტალიურმა სასამართლოებმა წარმოადგინეს იყო სათანადო და საკმარისი ზემოხსენებული ღონისძიებების დასასაბუთებლად.

 

პერუცის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ რათა დაცული იქნეს სხვების რეპუტაცია და შენარჩუნებული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა მე-10(2) მუხლის გაგებით. შესაბამისად, ზემოხსენებული მუხლი არ დარღვეულა“.

 

ზემოაღნიშნულ საქმეში მოსამართლის მიმართ გამოხატული კრიტიკა შედარებით უფრო ზოგადი ხასიათისაა, ვიდრე წინამდებარე საქმეში მითითებული მოსარჩელის მიმართ გამოთქმული სადაო გამონათქვამები, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა (შეზღუდვა) ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ შეზღუდვა იყო ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, და იგი იყო პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული იმ განცხადებებისათვის, რომელიც სასამართლომ ჩათვალა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათი უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით.

 

2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაეკისრა გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, რაც წარმოადგენს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მნიშვნელოვან საშუალებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხა 20 000 ლარი ვერ იქნება პროპორციული და თანაზომიერი. შესაბამისად გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 3000 ლარი, რომლის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე არის ავტორი ფრაზისა: „მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო“. სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული ის, რომ სადავო განცხადების ავტორი არის არა ფ----------, არამედ ჟურნალისტი, თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ განცხადების ავტორია მოპასუხე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად არის მითითებული ის სტანდარტი, რასაც იყენებს საქართველოს უზენაესი სასამართლო ფაქტისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად, თუმცა, უგულველყოფილია დასახელებული სტანდარტის გამოყენების პრაქტიკა, რაც დამკვიდრებულია უზენაესი სასამართლოს მიერ.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ ალტერნატიულ წინაპირობას წარმოადგენს „აშკარა და უხეში დაუდევრობა“ მცდარი ფაქტების შემცველი განცხადების გაკეთებისას. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის განცხადება იყო „აშკარა და უხეში დაუდევრობის“ შედეგი, მაგრამ სასამართლოს არ ჰქონდა ასეთი დასკვნის გაკეთების ფაქტობრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის განცხადება არ შეიცავდა ფაქტებს. მოპასუხეს არ გამოუჩენია უხეში და აშკარა დაუდევრობა. ფ----------მ მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიაწოდა პარიზის სამ ყველაზე ცნობილ მოსამართლეს და მიიღო პასუხი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე უნდა იყოს არაკვალიფიციური ან კორუმპირებული. ვ-–-----------------ს აქვს მოსამართლეობის ათწლიანი გამოცდილება, შესაბამისად, მის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, ერთ-ერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება, სადაც განმარტებულია ვ-–------------------ მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. სწორედ დასახელებულ შეფასებებზე დაყრდნობით ჩამოუყალიბდა ფ----------ს ის აზრი, რაც გამოხატა მასმედიაში. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის განცხადებები შეიცავდა „დანაშაულის ნიშნებს“, რაც უნდა დადასტურებულიყო „შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთ ტერმინს, როგორიც არის „კორუფცია“. შესაბამისად, ცალკე აღებული ტერმინი არ არის დანაშაულის მატარებელი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა ტერმინ კორუფციის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, არამედ მეგობრის თხოვნის შესრულებას ან ზემდგომი პირის დავალების შესრულებას და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო პირის კორუმპირებულად მოხსენიება არ ნიშნავს ამ პირის დადანაშაულებას ქრთამის აღებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელე საჯარო პირია მის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ.

 

ფ------------, ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო განსახილველად, ვინაიდან, იგი შეტანილია სსსკ-ის 178-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევით. მოსარჩელემ არ მიუთითა რა ფორმით სურდა რომ მომხდარიყო ცნობების უარყოფა, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია. ამასთან, სახეზე იყო სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა, ვინაიდან, ვ-–-----------------ს კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში სასამართლოსათვის არ წარუდგენია გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური. სასამართლოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა სარჩელის დასახელებული საფუძვლით განუხილველად დატოვებას კანონსაწინააღმდეგოა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

იმისათვის რომ პირს დაეკისროს სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სახეზე უნდა იყოს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, მასზე, რომ სადავო გამონათქვამი - ,,მოსამართლემ გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო“ არ ეკუთვნის ფ----------ს.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო გამონათქვამი გაკეთებულია 2017 წლის 27 მარტს ტელეკომპანია რ------------- ეთერში 21:00 საათიან სიუჟეტში. წარმოდგენილი მტკიცებულებით კი ირკვევა, რომ დასახელებული ფრაზა გააჟღერა ჟურნალისტმა, რომელმაც მოამზადა კონკრეტული რეპორტაჟი და რეზიუმე გაუკეთა ვ-–------------------ მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით ფ------------ მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს. პალატა მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ პირს, ვინც თავისი მოქმედებით დაარღვია ვალდებულება და სხვას მიაყენა ზიანი (პასუხისმგებლობა საკუთარი ქმედებისათვის). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ე.ი ფ---------- არ ყოფილა ზემოაღნიშნული სადავო გამონათქვამის ავტორი, ეს გარემოება დასახელებული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ამ ნაწილში უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

4.2. რაც შეეხება, განცხადებას ,,მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“, სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, კერძოდ:

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისგან შედგება გამონათქვამი.

 

აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენენ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ბრალდების შემცველ გამონათქვამებს, რომლითაც მოპასუხე მოახდინა უშუალოდ ფაქტის მტკიცება მოსარჩელის კორუმპირებულობასთან მიმართებით.

 

ამასთან, ფ----------ს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული გამონათქვამი შეიცავს მცდარ ფაქტს მოსარჩელე ვ-–------------------ შესახებ. მითითებული ფაქტის სისწორე, არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ, აპელანტის მოსაზრებას, რომ კორუფცია მოიცავს არამხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, არამედ მეგობრის თხოვნის შესრულებას ან ზემდგომი პირის დავალების შესრულებას, მოპასუხის ქმედება არ შეიძლება მართლზომიერად იქნეს მიჩნეული, უკეთუ, მხარეს არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხის ახსნა-განმარტება საკმარის და სათანადო მტკიცებულებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ფ----------ს მიერ საჯაროდ გავრცელებული გამონათქვამი ,,მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი შინაარსით წარმოადგენს რა ფაქტს და არა შეფასებით მსჯელობას (აზრს), კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, სახეზეა, გამონათქვამი, რომელიც მცდარია და იწვევს დადგენილი წესით პასუხისმგებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნას მასზე, რომ მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიმართ მცდარი ფაქტების შემცველი განცხადების გავრცელება. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დანაშაულებრივი ფაქტები მოსარჩელის შესახებ, მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გაავრცელა, კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვისა და მათგან ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიღების გარეშე, რაც წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. შესაბამისად, პალატა იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას.

 

„დასაშვები კრიტიკის ფარგლებთან“ დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ მართალია, მოსარჩელე საჯარო პირია, მაგრამ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლოთა განსაკუთრებული მისია საზოგადოებაში. სასამართლოები წარმოადგენენ მართლმსაჯულების გარანტს, მათი როლი სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში გადამწყვეტია. ამიტომ ისინი უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით. შესაბამისად, აუცილებელია მათი დაცვა უსაფუძვლო კრიტიკისაგან. ,,სასამართლო ხელისუფლება’’ ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით სამ კომპონენტს მოიცავს. იგი გულისხმობს სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ განშტოებას, საკუთრივ მოსამართლეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და თვით მართლმსაჯულების განხორცილების მექანიზმს. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თითოეულ ამ კომპონენტებს შეიძლება უკავშირდებოდეს. როდესაც კრიტიკა ეხება კონკრეტულ მოსამართლეს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს კრიტიკა ლახავს პირად ან პროფესიულ რეპუტაციას, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლებას ორი ღირებულება უპირისპირდება - მოსამართლის პირადი უფლებები და რეპუტაცია და სასამართლოს ავტორიტეტი და რეპუტაცია.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს 2015 წლის 27 იანვრის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას KINCSES V. HUNGARY, რომელშიც მითითებულია: ფრაზა ,,სასამართლო ავტორიტეტი“ მოიცავს, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც სათანადო სამსჯავრო, სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეფასებისა და წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის; უფრო მეტიც, საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა სასამართლოს შესაძლებლობას, შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია. სასამართლოს საქმიანობა, რომელიც მართლმსაჯულების გარანტორია და რომელსაც ფუნდამენტური როლი აკისრია კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოში, საჭიროებს საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან. მიუხედავად ამისა, სასამართლოები, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, კრიტიკისა და შენიშვნების მიმართ იმუნიტეტით არ სარგებლობენ. ამრიგად, მართალია, მხარეებს ნამდვილად აქვთ უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავად, კომენტარები გააკეთონ მართლმსაჯულების აღსრულების თაობაზე, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადალახოს გარკვეული ზღვარი. კერძოდ, აშკარად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კრიტიკა და შეურაცხყოფა.

 

განსახილველ ფაქტობრივ სინამდვილეში კი, მოპასუხის მიერ გავრცელებულ იქნა ფაქტი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და რომლის დადასტურებაც არ განხორციელებულა. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული იმ განცხადებებისათვის, რომელიც მიჩნეულ იქნა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით, ასევე, გამონათქვამის უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით იმ საშუალებებით, რომლებითაც გავრცელდა სადავო ფრაზა.

 

4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო წარდგენილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით მართებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტი ითვალისწინებს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს თუ მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მიზანია, მოპასუხის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა, მისთვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება კი, უზრუნველყოფს მოპასუხის ამგვარ ინფორმირებას, რომლის შემდეგაც მან უნდა წარადგინოს შესაგებელი, რაც, წინამდებარე შემთხვევაში, განხორციელდა. შესაბამისად, შესაგებლის წარდგენით უზრუნველყოფილი იყო რა სარჩელის ჩაბარების მიზანი, განსახილველ შემთხვევაში, ჩაბარების დასტურის წარდგენას ფორმალური ხასიათი გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ფ----------ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

დაევალოს მოპასუხე ფ----------ს, ტელეკომპანია „რ-------------“ საინფორმაციო გამოშვებაში 18:00 და 21:00 საათიან გადაცემა „კ--------–-“ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: 2017 წლის 27 მარტის 18 და 21 საათზე გადაცემა „კ--------–-“ გამოთქმული შემდეგი განცხადება: „მოსამართლე ვ-–----------------- არის კორუმპირებული მოსამართლე“ არ შეესაბამება სიმართლეს;

 

3. ფ----------ს უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 2017 წლის 31 ოქტომბერს სს „თ------------“ ს---------------- მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 150 ლარი.

 

4. სააპელაციო საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი