განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
040100118002254533
ინსტანცია
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100118002254533

(1/ბ-197-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–------------------–---ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 19 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: რეგისტრირებული ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-----–ი, ფაქტობრივად მცხოვრები დ. ლ------------------–-----–ის ქ.1, ბინა 40.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------------–---მა ჩაიდინა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------------–---მა 2017 წლის გაზაფხულზე, ლ-------- რაიონის სოფელ ბავარის ტერიტორიაზე, ლ-------- სატყეო უბნის ხელედის სატყეოს 43-ე კვარტლის მე-14 ლიტერში, უკანონოდ გაჩეხა 7,62 კუბური მეტრის მოცულობის 4(ოთხი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რამაც გამოიწვია 1128,15 ლარის ზიანი.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენით გ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მერაბ ტყეშელაშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო ავტომანქანა ,,კამაზის” სარეგისტრაციო ნომრით A------ ჩამორთმევას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს განაჩენი არ არის დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულია გარემოს და ეკოლოგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საფრთხით და პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. ანაზღაურებული არ არის გარემოზე მიყენებული საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვანი ზიანი. ავტომანქანა ,,კამაზი” სარეგისტრაციო ნომრით A------, წარმოადგენს განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ახალი დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად ჯარიმის სახით ძირითადი სასჯელის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების- ზ-----------------–---ის, მ--------–---------–---ის და პ-------------ის ჩვენებებით, ზიანის გაანგარიშების უწყისით, ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------------–---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, ჯარიმის სახით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მოთხოვნას ,,კამაზის” მარკის ავტომობილის (სარეგისტრაციო ნომრით A------, რითაც მსჯავრდებულმა გადმოიტანა უკანონოდ გაჩეხილი ხე), სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის -ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა დაადასტურა, თუმცა განიმარტა, რომ ქონების ჩამორთმევა პროპორციულ საშუალებად რომ ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაფასებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, თავისთავად არ ნიშნავს ჩარევის თანაზომიერებას. ჩარევა თანაზომიერად რომ შეფასდეს, გასათვალისწინებელია ის გარანტიები, რომელიც მესაკუთრეს იცავს. დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა საგნის უკანონო ფლობას აქვს ადგილი ან არსებობს იმის საშიშროება, რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო, არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე- Ismailov v. Russia, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ქვეყანაში ფარულად შეტანილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა, მისი კანონიერი წარმოშობიდან გამომდინარე- არაპროპორციულ ზომად მიიჩნია. თუმცა ეს ფული რომ „დანაშაულის იარაღს“ წარმოადგენდა, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უარყვია.

 

მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერი გზით შეძენილი, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, იმდენად რამდენადაც ამ ზომას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი (in personam), ამ საშუალების გაუვნებელყოფა ვერ გააქრობს საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს (im rem). არ შეიძლება ავტომანქანის ჩამორთმევას ისეთივე შედეგი ჰქონდეს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთების, მაგ. იარაღის ან ნარკოტიკის ჩამორთმევას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ცაგერის რაიონული პროკურატურის პროკურორის მერაბ ტყეშელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ავტომანქანა ,,კამაზი“, სახელმწიფო ნომრით ,------------- რომელიც მოთავსებულია ლ-------- რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს გ------------–---ს, ხოლო მასზე განთავსებული უკანონოდ მოჭრილი 11 ერთეული ხე-მორი მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე