განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.05.2018
საქმის ნომერი
010332117700029997
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
05.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010332117700029997 (3ბ/01-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი - ს-----------------

 

მესამე პირები - სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი: ლ-–----------–----, გ----------------–---–-, ბ----------, ა---------–---–-, დ---------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ-----------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის №0-------- დადგენილების ბათილად ცნობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმარა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ თ----------–-----სა და ასისტენტ-ფროფესორის ნ-----------------–--ის აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სტუდენტების აშკარა წაქეზებას, სტუდენტებს შორის შუღლისა და განხეთქილების ჩამოგდებას, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობისა და არჩევნების პროცესში უხეშ ჩარევას.

 

2.2. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აკადემიური საბჭოს სახელზე შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 06 იანვრის დასკვნის თანახმად, ნ-----------------–--ისადმი გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

2.3. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 08 იანვრის N0-------- დადგენილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–---ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა გაფრთხილება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. რაიონული სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გასაჩივრებული აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. რაიონული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

2.5. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ბრძანების კანონიერებას სადავოდ ხდის იმ მოტივით, რომ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აკადემიური საბჭოს სახელზე შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი კომისია იყო ტენდენციური, არაობიექტური, რომელთა მიმართაც მოსარჩელემ განაცხადა აცილება, ასევე კომისიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქგვერდზე მოთავსებული პოსტები გამოიყენა იმისათვის, რომ დადგენილად მიეჩნია მისი მცდელობა უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ, მისი განმარტებით უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნული ქმედება არის ჩარევა მის კონსტიტუციურ უფლებაში, რომელიც მდგომარეობს გამოხატვის თავისუფლების არსში.

 

2.6. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია კანონი. სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ ჩატარებული იქნა ხუთი სხდომა, მოხდა სსუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფთან (ლ-–----------–----, ბ----------, გ----------------–---–-, დ---------–-–---–-, ა---------–---–-), მჯდომარე აქციის მონაწილე სტუდენტების წარმომადგენლებთან (ლ---------------, ფ--–---------–--–---), მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ თ----------–-----სა და ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–---სთან, მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის დ--------–------–---------თან, სსუ რექტორ ჯ--------------თან შეხვედრა, მიღებული და მოსმენილი იქნა მათი ახსნა-განმარტებები, შესწავლილი იქნა მათ მიერ მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ვიდეო მასალა, და ამ მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ ნ-----------------–--ის მიერ გამოვლენილი გადაცდომის ხარისხი და ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე იძლევა საფუძველს, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

2.7. რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მოსარჩელე ნ-----------------–--ის ფეისბუქგვერდზე გაკეთებული განცხადება-შეტყობინებები (ე.წ. ,,პოსტი”), რომლებიც უნივერსიტეტის საკითხის შემსწავლელი კომისიის და შემდგომ აკადემიური საბჭოს მიერ ჩაითვალა უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად. რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ შემდეგ მოსაზრებებზე:

 

2015 წლის 6 ივლისს განთავსებული მოსაზრება: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნებს საქართველოს პროკურატურა დაიცავს... რათა არ მოხდეს ამომრჩევლების ნების გამოხატულების ხელის შეშლა... სსუ-ს ადმინისტრაციისათვის გასაგებ ენაზე - არ მოხდეს თანამშრომლების დაბარება და დაშინება სამსახურიდან დათხოვნით, ცხვირწინ თუ მაგიდაზე ხელის ბრახუნი ისტერიული ხმით, სტუდენტებზე ზეწოლა.... ამ მიმართულებით ზომები მიღებულია..... და მაინც დასჯა თვითმიზანი არაა, მიზანი - სუფთა არჩევნების ჩატარებაა ...ამიტომაც გაწვდით ინფორმაციას განსჯისათვის P.S. უფლის მიერ ადამიანზე მონიჭებული ნების თავისუფლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერაა გაუქმებული თავის თანამშრომლებისათვის! ეს აზრი ამეკვიატება ხოლმე, როცა თვითმხილველები სსუ-ში არჩევნების შესახებ ფაქტებს მაცნობენ“.

 

2015 წლის 31 ივლისის მოსაზრება: „ „საოცნებო დემოკრატია’’ სსუ-ში. ფაკულტეტის საბჭოზე მისი წევრისათვის სიტყვის არ მიცემა. კანცლერისა და დეკანის ავტორიტარიზმი და თავგადასულობა, აგრესიულად - მართვადი მასის თანხმობით.....”.

 

2015 წლის 12 დეკემბრის მოსაზრება: „ეტყობა რომ სტუდენტური საპროტესტო აქცია და მისი გაშუქება მაღალეფექტურია - 3 ათასამდე მნახველი ყავს ინფორმაციას, რომელიც ამ მოვლენებს ასახავს, ამიტომაც არჩევნების „გაყალბებების მამებმა“ მიუსიეს ალალ-მართალ ხალხს თავიანთი მსტოვრები, ბინძური ინსინუაციებით, - ამ უკანასკნელებს მივმართავთ, თავი არ გაიფუჭოთ, საქართველოს სახელით აგებთ პასუხს და თქვენი პატრონები თითსაც ვერ გაატოკებენ, სიბინძურეს შეგახოცებენ“.

 

2015 წლის 12 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს მაღალი ადმინისტრაციის „მსტოვრები“ სსუ-ს სტუდენტური საპროტესტო აქციის მონაწილეებს პატრულის გამოძახებით და გარეთ-ყინვაში გაყრით ემუქრებოდნენ...- სტუდენტების პასუხი!!!!“.

 

2015 წლის 13 დეკემბრის მოსაზრება: ,,მზად ვარ ჩემი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში გავერკვე ამ საკითხებში, სამართლიანობის აღდგენისათვის. სამოქალაქო „გმირობა“ მოეთხოვება იმ სტუდენტებსაც, რომლებიც კომისიის ოქმით მოხვდნენ თვითმმართველობის გამგეობაში - თუ ისინი ყველანი ან უმეტესი ნაწილი დაწერს განცხადებას და უარს იტყვის ისეთ „გამგეობაში“ ყოფნაზე, რაც თქვენდამი სტუდენტური თანადგომის გამოხატულებაც იქნება და ასევე საფუძველი ხელახალი, მაგრამ უკვე სამართლიანი, პატიოსანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს მათი მხრიდან იქნება მაღალი ზნეობის დემონსტრირება და შემდგომი დაძაბულობისა და გამწვავების თავიდან აცილების სურვილიცა და მზადყოფნაც“.

 

2015 წლის 14 დეკემბრის მოსაზრება: „ „რექტორი“-სა და კანცლერის ფაშისტური იდეოლოგიის საწყისები ისინი ღიად დეკლალირებენ ფაშიზმს და სათანადო ქმედებებისკენ მოუწოდებენ სტუდენტებს. აი საიდან და როგორ იგეგმება ხვალინდელი სამარცხვინო ფაშისტური აქცია“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს ფაშისტურ-კომუნისტურ მმართველობას ნამდვილად შეეშალა, არა ვარ მე იმ დონის პიროვნება, რომ ახალგაზრდების ხელით ივანე ჯავახიშვილს, რომ მოუწყვეს უნივერსიტეტში ისეთივე დევნა განახორციელოთ ჩემზეც. მაგრამ არც თქვენ ხართ ალბათ ბერიას დონის ლიდერები, რომელსაც ესოდენ ეტრფით და გინდათ ემსგავსოთ!!!!“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს ფაშისტურ-კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ მასაში გაუთვითცნობიერი ახალგაზრდობის გამოყენებით, ძალადობით ჩამიშალა ლექცია..... ახალგაზრდებზე პრეტენზია არ მაქვს, მათ უკან ვინც დგას, მოეკითხებათ პასუხი არა უხეში ძალიათ, არამედ საქართველოს კანონის ძალით.... სიმართლისაკენ სავალი გზა გრძელდება“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „რას აკეთებდა ტროაში? უცნობია! რას აკეთებდა და აკეთებს სსუ-ში? ცნობილია! აპირისპირებს სტუდენტებს და პროფესორებს ერთმანეთს! დევნის პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერებს პოლიტიკური ნიშნით! და არა მარტო მათ, და არა მარტო პოლიტიკური ნიშნით! P.S კადრები წლების წინაა ჩაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია. მათი არქივიდან ამოღება მაშინ გადავწყვიტეთ, როცა სიუჟეტის „გმირმა’’ ღიად და აშკარად დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და უკანონოდ აგრძელებს სსუ-ს რექტრის უფლებამოსილების შესრულებას, რითაც მისი საქმიანობა მინიმუმ განისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით - თვითნებობა“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ჯ-------------, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში რექტორის ფუნქციას ასრულებს, ხვალ გვიგზავნის სტუდენტურ ჯგუფს თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარის მეთაურობით, რათა მათ ობსტრუქცია მოუწყონ აფხაზეთის ომის ვეტერან პროფესორებს“.

 

2.8. რაიონული სასამართლოს მითითებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განმარტა, რომ შესაძლოა აღნიშნული გამოქვეყნებები მოსარჩელის სოციალურ ქსელში მისი მოსაზრებებია, მაგრამ საჯარო სივრცეში მოსარჩელის მიერ მათი გამოქვეყნება შეფასებულ იქნა ცილისწამებად და შეურაცხყოფად, კოლეგების უსაფუძვლო დადანაშაულებად, სსუ-ის პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ შეგნებულ ქმედებად, რომელიც შეიცავს მისი კოლეგების არაკონსტრუქციულ კრიტიკას, ცრუ ბრალდებებს, რაც ლახავს მათ უფლებებს, სცილდება აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლების ფარგლებს, რითაც უხეშად დაირღვა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსუ-ს ეთიკის კოდექსის 3.1.4, 3.1.6-ის „დ“ ქვეპუნქტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.

 

2.9. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა მოპასუხე ნ-----------------–--ის განმარტებაზე, რომ ზემოაღნიშნული მხოლოდ მისი მოსაზრებებია, რაც ასევე მითითებული აქვს ფეისბუქგვერდის გარეკან ფოტოზე, ამასთან, მიაჩნია, რომ მისი კონსტიტუციური უფლებაა, გამოხატოს აზრი თავისუფლად და შეუზღუდავად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლებიც აწესებენ, ცვლიან, წყვეტენ ან ადასტურებენ პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 08 იანვრის N0-------- დადგენილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–--ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

2.11. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის, ხოლო 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში ,,ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად...’’. რაიონული სასამართლი დაეთანხმა სხვადასხვა მეცნიერთა მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ „გამოხატვის“ მოთხოვნილება იმანენტურად ახასიათებს ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას. იგი განპირობებულია იმით, რომ გონება ადამიანის ბუნებრივი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა - ამ გონების განუყოფელი ატრიბური. სწორედ აქედან წარმოდგება ადამიანის ბუნებითი უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რომელსაც მას გონება კარნახობს ჭეშმარიტების სახით (თუნდაც ის ცდებოდეს). გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის „აბსოლუტურ“ და თუნდაც სავსებით შეუზღუდავ ბუნებას. საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...’’. აღნიშნული პუნქტი მიუთითებს ,,სხვათა რეპუტაციაზე’’, რასაც აშკარად იცავს პაქტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ვითარება წარმოშობს კლასიკურ კონფლიქტს ადამიანის უფლებების (გამოხატვის თავისუფლებას) და პიროვნების დაცვას შორის. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გამონათქვამები მოსარჩელის მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელიც ასახავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მაგრამ შესაძლოა, ზოგჯერ სუბიექტური აზრი - შეფასებითი მსჯელობაც არანაკლებ მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი იყოს პირისათვის, უნივერსიტეტისათვის, ვიდრე უშუალოდ ფაქტის გადმოცემა. რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად: 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად... 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკითაც აზრის გამოხატვის უფლება დაცულია. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კონვენციის მეათე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, შეადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს და მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობას. კონვენციის მეათე მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვით კი, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი ,,ინფორმაციისა” და ,,იდეების” მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც თავისი არსით შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. ეს არის პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და საღი აზროვნების არსებითი ნიშანი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება”. რაიონული სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხოლოდ გარკვეულ ეთიკურ ჩარჩოებში გამოხატული კრიტიკა შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამონათქვამები ემსახურება მხოლოდ საზოგადოების თვალში პიროვნების დამცირებას, შეურაცხყოფას. ყურადსაღებია ის სფერო, რომელშიც მოღვაწეობს მოსარჩელე - განათლების სექტორი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რადგან ისინი ემსახურებიან საზოგადოებისათვის ძალიან მგრძნობიარე - ახალგაზრდების განათლების საქმეს.

 

2.12. რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე წარმოადგენს უნივერსიტეტის ლექტორს, პიროვნებას, რომლის მიერ გამოთქმული კრიტიკა ამა თუ იმ პიროვნების თუ ადმინისტრაციის მიმართ არის უფრო დამაჯერებელი, მეტი მნიშვნელობისა და წონის მქონე, ვიდრე ჩვეულებრივი კერძო პირის მიერ გამოთქმული კრიტიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ არ იქნეს სხვათა პირადი ღირსება შელახული. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 37.2 მუხლის თანახმად, აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 28.2 მუხლის შესაბამისად, აკადემიური პერსონალი ვალდებულია: დაიცვას სსუ-ს ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ხოლო სსუ-ს ეთიკის კოდექსის 3.1.4-ის განმარტავს, რომ „...კოლეგის კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული; არ უნდა გააკეთოს უხეში და მიუღებელი კომენტარები კოლეგის სწავლების მეთოდებზე, დაუშვებელია კოლეგის პიროვნული დამცირება, ცილისწამება, შეურაცხყოფა ან ანონიმურად დადანაშაულება“. იმავე კოდექსის 3.1.6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები სამართლიანად და პატივისცემით უნდა მოეპყრონ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს“. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა სსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 7 მარტის მე-4 სხდომის N4/2 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებებს, პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და სსუ-ს დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი.

 

2.13. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. რაიონული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრული სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში, მისი მხრიდან სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელის მიმართ.

 

2.14. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 08 იანვრის N0-------- დადგენილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–--ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, არ არსებობს დადგენილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, 2015 წლის 15 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სახელზე შეტანილ იქნა სტუდენტთა საინვესტიციო ჯგუფის განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული იყო მისი და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თ----------–-----ს მიერ ვითომდა უნივერსიტეტის დისკრედიტაციისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის განხეთქილების ხელშემწყობი ქმედებების ამსახველი კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაცია. მოცემული საკითხების შემსწავლელმა აკადემიურმა საბჭომ შექმნა საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელმაც განიხილა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში დასმული საკითხები, მიიღო დასკვნა და გადაუგზავნა სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად, რომელმაც აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოსცა დადგენილება ნ-----------------–--ის მიმართ დისციპლინური სახდელის გაფრთხილების გამოყენების თაობაზე. აპელანტის განმარტებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო პერსონალისა და ზოგადად უნივერსიტეტის ავტორიტეტზე უარყოფითი გავლენის მოხდენისაკენ, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მისი ქმედებები დაუსაბუთებელი, არაობიექტური და ტენდენციურია. აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოში, რომლის 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. აპელანტმა აღნიშნა, რომ საკითხთა შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის მიმართ განაცხადა აცილება, თუმცა არ იქნა გაზიარებული მისი მოთხოვნები, საქმე განხილულ იქნა იმ პიროვნებების მიერ, რომლებიც ვერ იქნებოდნენ ობიექტურები მის მიმართ. აპელანტის განმარტებით, აცილების შესახებ განცხადება შეიცავდა კონკრეტული პირების მიმართ კონკრეტულ არგუმენტებს, რომლის შესაბამისად, საქმეზე ვერ იქნებოდა დაცული ობიექტური ფაქტორი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ კომისიის ზოგიერთ წევრთან მიმართებით მიმდინარეობდა სასამართლო დავები, რომლებშიც აპელანტი მონაწილეობდა მხარედ. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაამახვილა ყურადღება მოცემულ გარემოებებზე, სასამართლომ არ შესწავლა ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა მას უარი კომისიის წევრის აცილებაზე და უფლებამოსილი იყო თუ არა კომისიის კონკრეტული წევრი მის მიმართ მიეღო გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განმტკიცებული მიუკერძოებლობის პრინციპი, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, 93-ე მუხლები საქმის განმხილველს ავალდებულებს აცილების შესახებ განცხადების განხილვას. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მის მიერ მითითებულ გარემოებაზე და გაეკეთებინა შესაბამისი შეფასება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო დაეყრდნო მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს, განმარტა, რომ აღნიშნული სუბიექტური აზრია და მოსარჩელის მოსაზრებაა, თუმცა შესაძლებელია მტკივნეული და ზიანის მომტანი იყოს უნივერსიტეტისათვის. აპელანტის მოსაზრებით, ზიანის მიყენებაზე მსჯელობა და სიტყვა ,,შესაძლოს’’ ერთად გამოყენება ეწინააღმდეგება ზოგადად სამართლის ელემენტარულ პრინციპებს, ზიანის დასადგენად საჭიროა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პიროვნების მოსაზრების გამო შესაძლო ზიანზე მსჯელობა გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს, უსაფუძვლოს ხდის არგუმენტაციას და გადაწყვეტილების საბოლოო შედეგს. აპელანტის მითითებით, სტუდენტების განცხადებაში საუბარი იყო ორი პიროვნების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე, თუმცა გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება, რატომ გამორიცხა უნივერსიტეტმა თ----------–-----ს პასუხისმგებლობის საკითხი, როგორ გაქარწყლდა ის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც აპელანტის მიმართ დადგენილად იქნა მიჩნეული. სასამართლოს არ გაუჩნდა კითხვა და არ შეისწავლა გარემოება, თუ რატომ მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იდენტურ გარემოებებში სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ასევე მეტყველებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და შეუსაბამობაზე ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან.

 

3.3. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ფეისბუქის საშუალებით გაკეთებული პოსტები სასამართლომ ცალსახად აღიარა აპელანტის აზრის თავისუფლად გამოხატვის კონსტიტუციულ უფლებად, ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მოიშველია და განმარტა, რომ ადამიანის თავისუფლად გამოხატული აზრი მოიცავს არამარტო კეთილგანწყობილ მოსაზრებებს, არამედ ისეთსაც რომელიც შესაძლებელია სხვა ადამიანში აღშფოთებას იწვევდეს. აღნიშნული განმარტების მიუხედავად, სასამართლომ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებების შემზღუდველ ფაქტორად მიიჩნია აპელანტის დასაქმება განათლების სფეროში, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან კონსტიტუციით ცალსახად არის განმარტებული, რომ ყოველი უფლების შეზღუდვა უნდა იქნეს განხორციელებული კანონის საფუძველზე და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ნათლად არ ვლინდება მოცემულ დავასთან მიმართებაში. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე მისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმაციისათვის იყენებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას და მის კონკრეტულ პუნქტებს მაშინ, როდესაც თვითონ კონსტიტუცია გამორიცხავს უფლების შეზღუდვისათვის კანონზე იერარქიულად ქვემდგომი აქტის გამოყენებას.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული აქტებით დადგენილი გარემოებები შეუძლებელია დადგენილი ყოფილიყო კომისიის მიერ, ვინაიდან კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული, მან სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება განიმარტოს, რამდენად არის მისი მოსაზრებები სამართლებრივად გამართული. აპელანტის მოსაზრებით, კომისიამ და საბოლოოდ სასამართლომ აპელანტის ფეისბუქგვერდზე განთავსებული პოსტები გამოიყენა იმისათვის, რომ დადგენილად მიეჩნია აპელანტის მცდელობა უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ, რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული არის ჩარევა მის კონსტიტუციურ უფლებაში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაში მდგომარეობს. აპელანტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, იმისათვის, რომ არ განხორციელდეს დაუსაბუთებელი მიდგომები სოციალური ქსელის გამოყენების მეშვეობით გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კრიტიკის შემთხვევაში, კრიტიკის ადრესატს ეძლევა შესაძლებლობა შეზღუდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმარა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ თ----------–-----სა და ასისტენტ-ფროფესორის ნ-----------------–--ის აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სტუდენტების აშკარა წაქეზებას, სტუდენტებს შორის შუღლისა და განხეთქილების ჩამოგდებას, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობისა და არჩევნების პროცესში უხეშ ჩარევას.

 

4.3. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აკადემიური საბჭოს სახელზე შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 06 იანვრის დასკვნის თანახმად, ნ-----------------–--ისადმი გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

4.4. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 08 იანვრის N0-------- დადგენილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–---ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა გაფრთხილება.

 

4.5. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მოსარჩელე ნ-----------------–--ის ფეისბუქგვერდზე გაკეთებული განცხადება-შეტყობინებები (ე.წ. ,,პოსტი”), რომლებიც უნივერსიტეტის საკითხის შემსწავლელი კომისიის და შემდგომ აკადემიური საბჭოს მიერ ჩაითვალა უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად. სააპელაციო პალატაც ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ შემდეგ მოსაზრებებზე:

 

2015 წლის 6 ივლისს განთავსებული მოსაზრება: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნებს საქართველოს პროკურატურა დაიცავს... რათა არ მოხდეს ამომრჩევლების ნების გამოხატულების ხელის შეშლა... სსუ-ს ადმინისტრაციისათვის გასაგებ ენაზე - არ მოხდეს თანამშრომლების დაბარება და დაშინება სამსახურიდან დათხოვნით, ცხვირწინ თუ მაგიდაზე ხელის ბრახუნი ისტერიული ხმით, სტუდენტებზე ზეწოლა.... ამ მიმართულებით ზომები მიღებულია..... და მაინც დასჯა თვითმიზანი არაა, მიზანი - სუფთა არჩევნების ჩატარებაა ...ამიტომაც გაწვდით ინფორმაციას განსჯისათვის P.S. უფლის მიერ ადამიანზე მონიჭებული ნების თავისუფლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერაა გაუქმებული თავის თანამშრომლებისათვის! ეს აზრი ამეკვიატება ხოლმე, როცა თვითმხილველები სსუ-ში არჩევნების შესახებ ფაქტებს მაცნობენ“.

 

2015 წლის 31 ივლისის მოსაზრება: „ „საოცნებო დემოკრატია’’ სსუ-ში. ფაკულტეტის საბჭოზე მისი წევრისათვის სიტყვის არ მიცემა. კანცლერისა და დეკანის ავტორიტარიზმი და თავგადასულობა, აგრესიულად - მართვადი მასის თანხმობით.....”.

 

2015 წლის 12 დეკემბრის მოსაზრება: „ეტყობა რომ სტუდენტური საპროტესტო აქცია და მისი გაშუქება მაღალეფექტურია - 3 ათასამდე მნახველი ყავს ინფორმაციას, რომელიც ამ მოვლენებს ასახავს, ამიტომაც არჩევნების „გაყალბებების მამებმა“ მიუსიეს ალალ-მართალ ხალხს თავიანთი მსტოვრები, ბინძური ინსინუაციებით, - ამ უკანასკნელებს მივმართავთ, თავი არ გაიფუჭოთ, საქართველოს სახელით აგებთ პასუხს და თქვენი პატრონები თითსაც ვერ გაატოკებენ, სიბინძურეს შეგახოცებენ“.

 

2015 წლის 12 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს მაღალი ადმინისტრაციის „მსტოვრები“ სსუ-ს სტუდენტური საპროტესტო აქციის მონაწილეებს პატრულის გამოძახებით და გარეთ-ყინვაში გაყრით ემუქრებოდნენ...- სტუდენტების პასუხი!!!!“.

 

2015 წლის 13 დეკემბრის მოსაზრება: ,,მზად ვარ ჩემი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში გავერკვე ამ საკითხებში, სამართლიანობის აღდგენისათვის. სამოქალაქო „გმირობა“ მოეთხოვება იმ სტუდენტებსაც, რომლებიც კომისიის ოქმით მოხვდნენ თვითმმართველობის გამგეობაში - თუ ისინი ყველანი ან უმეტესი ნაწილი დაწერს განცხადებას და უარს იტყვის ისეთ „გამგეობაში“ ყოფნაზე, რაც თქვენდამი სტუდენტური თანადგომის გამოხატულებაც იქნება და ასევე საფუძველი ხელახალი, მაგრამ უკვე სამართლიანი, პატიოსანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს მათი მხრიდან იქნება მაღალი ზნეობის დემონსტრირება და შემდგომი დაძაბულობისა და გამწვავების თავიდან აცილების სურვილიცა და მზადყოფნაც“.

 

2015 წლის 14 დეკემბრის მოსაზრება: „ „რექტორი“-სა და კანცლერის ფაშისტური იდეოლოგიის საწყისები ისინი ღიად დეკლალირებენ ფაშიზმს და სათანადო ქმედებებისკენ მოუწოდებენ სტუდენტებს. აი საიდან და როგორ იგეგმება ხვალინდელი სამარცხვინო ფაშისტური აქცია“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს ფაშისტურ-კომუნისტურ მმართველობას ნამდვილად შეეშალა, არა ვარ მე იმ დონის პიროვნება, რომ ახალგაზრდების ხელით ივანე ჯავახიშვილს, რომ მოუწყვეს უნივერსიტეტში ისეთივე დევნა განახორციელოთ ჩემზეც. მაგრამ არც თქვენ ხართ ალბათ ბერიას დონის ლიდერები, რომელსაც ესოდენ ეტრფით და გინდათ ემსგავსოთ!!!!“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სსუ-ს ფაშისტურ-კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ მასაში გაუთვითცნობიერი ახალგაზრდობის გამოყენებით, ძალადობით ჩამიშალა ლექცია..... ახალგაზრდებზე პრეტენზია არ მაქვს, მათ უკან ვინც დგას, მოეკითხებათ პასუხი არა უხეში ძალიათ, არამედ საქართველოს კანონის ძალით.... სიმართლისაკენ სავალი გზა გრძელდება“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „რას აკეთებდა ტროაში? უცნობია! რას აკეთებდა და აკეთებს სსუ-ში? ცნობილია! აპირისპირებს სტუდენტებს და პროფესორებს ერთმანეთს! დევნის პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერებს პოლიტიკური ნიშნით! და არა მარტო მათ, და არა მარტო პოლიტიკური ნიშნით! P.S კადრები წლების წინაა ჩაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია. მათი არქივიდან ამოღება მაშინ გადავწყვიტეთ, როცა სიუჟეტის „გმირმა’’ ღიად და აშკარად დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და უკანონოდ აგრძელებს სსუ-ს რექტრის უფლებამოსილების შესრულებას, რითაც მისი საქმიანობა მინიმუმ განისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით - თვითნებობა“.

 

2015 წლის 15 დეკემბრის მოსაზრება: „სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ჯ-------------, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში რექტორის ფუნქციას ასრულებს, ხვალ გვიგზავნის სტუდენტურ ჯგუფს თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარის მეთაურობით, რათა მათ ობსტრუქცია მოუწყონ აფხაზეთის ომის ვეტერან პროფესორებს“.

 

4.6. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განმარტა, რომ შესაძლოა აღნიშნული გამოქვეყნებები მოსარჩელის სოციალურ ქსელში მისი მოსაზრებებია, მაგრამ საჯარო სივრცეში მოსარჩელის მიერ მათი გამოქვეყნება შეფასებულ იქნა ცილისწამებად და შეურაცხყოფად, კოლეგების უსაფუძვლო დადანაშაულებად, სსუ-ის პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ შეგნებულ ქმედებად, რომელიც შეიცავს მისი კოლეგების არაკონსტრუქციულ კრიტიკას, ცრუ ბრალდებებს, რაც ლახავს მათ უფლებებს, სცილდება აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლების ფარგლებს, რითაც უხეშად დაირღვა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსუ-ს ეთიკის კოდექსის 3.1.4, 3.1.6-ის „დ“ ქვეპუნქტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება (ჩატარდა ხუთი სხდომა), მოხდა შეხვედრა სსუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფთან (ლ-–----------–----, ბ----------, გ----------------–---–-, დ---------–-–---–-, ა---------–---–-), მჯდომარე აქციის მონაწილე სტუდენტების წარმომადგენლებთან (ლ---------------, ფ--–---------–--–---), მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ თ----------–-----სა და ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–---სთან, მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის დ--------–------–---------თან, რექტორ ჯ--------------თან, მოსმენილ იქნა აღნიშნულ პირთა ახსნა-განმარტებები, შესწავლილ იქნა მათ მიერ მტკიცებულებების სახით წარდგენილი ვიდეომასალა. სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიიჩნია კომისიამ, რომ ნ-----------------–--ის მხრიდან გამოვლენილი გადაცდომის ხარისხი, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე იძლეოდა საფუძველს, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებული პირადი მოსაზრებები მართებულად შეფასდა ცილისწამებად და შეურაცხყოფად, კოლეგების უსაფუძვლო დადანაშაულებად, სსუ-ის პერსონალისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ შეგნებულ ქმედებად, რომელიც შეიცავს მისი კოლეგების არაკონსტრუქციულ კრიტიკას, ცრუ ბრალდებებს, რაც ლახავს მათ უფლებებს, სცილდება აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლების ფარგლებს, აღნიშნულით უხეშად იქნა დარღვეული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსუ-ს ეთიკის კოდექსის 3.1.4, 3.1.6-ის „დ“ ქვეპუნქტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 22-ე მუხლის მოთხოვნები.

 

4.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლითაც უზრუნველყოფილია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება თითოეული ადამიანისათვის. ასევე მართებულია კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებაც, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, რაც გულისხმობს მითითებული უფლებების განხორციელების შეზღუდვის შესაძლებლობას ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. რაიონულმა სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად, ამასთანავე, ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებლობას წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. საფუძვლიანია რაიონული სასამართლოს მითითება იმის შესახებაც, რომ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკითაც აზრის გამოხატვის უფლება დაცულია. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კონვენციის მეათე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, შეადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს და მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობას. კონვენციის მეათე მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვით კი, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი ,,ინფორმაციისა” და ,,იდეების” მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც თავისი არსით შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. ეს არის პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და საღი აზროვნების არსებითი ნიშანი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება”. სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ „გამოხატვის“ მოთხოვნილება იმანენტურად ახასიათებს ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას, იგი განპირობებულია იმით, რომ გონება ადამიანის ბუნებრივი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა - ამ გონების განუყოფელი ატრიბუტი. სწორედ აქედან წარმოდგება ადამიანის ბუნებითი უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რომელსაც მას გონება კარნახობს ჭეშმარიტების სახით (თუნდაც ის ცდებოდეს). გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის „აბსოლუტურ“ და თუნდაც სავსებით შეუზღუდავ ბუნებას. ამავდროულად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძვლიანია რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხოლოდ გარკვეულ ეთიკურ ჩარჩოებში გამოხატული კრიტიკა შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებები ასახავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, თუმცა შესაძლოა, ზოგჯერ სუბიექტური აზრი - შეფასებითი მსჯელობაც არანაკლებ მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი იყოს პირისათვის, უნივერსიტეტისათვის, ვიდრე უშუალოდ ფაქტის გადმოცემა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორედ მიიჩნია დადგენილად, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამონათქვამები ემსახურებოდა საზოგადოების თვალში პიროვნების დამცირებას, შეურაცხყოფას, ამასთან, საკითხის ამგვარად შეფასებაზე გავლენას ახდენს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მოღვაწეობს განათლების სექტორში და აღნიშნული უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს (ისინი ემსახურებიან საზოგადოებისათვის ძალიან მგრძნობიარე - ახალგაზრდების განათლების საქმეს). მართებულია რაიონული სასამართლოს მიერ ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე წარმოადგენს უნივერსიტეტის ლექტორს, პიროვნებას, რომლის მიერ გამოთქმული კრიტიკა ამა თუ იმ პიროვნების თუ ადმინისტრაციის მიმართ არის უფრო დამაჯერებელი, მეტი მნიშვნელობისა და წონის მქონე, ვიდრე ჩვეულებრივი კერძო პირის მიერ გამოთქმული კრიტიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ არ იქნეს სხვათა პირადი ღირსება შელახული.

 

4.11. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე, რომელთა დაცვაც ევალებოდა მოსარჩელეს, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს. კერძოდ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 37.2 მუხლის თანახმად, აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N123/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28.2 მუხლის შესაბამისად, აკადემიური პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ხოლო სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის 3.1.4. მუხლის თანახმად, აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა და მოწვეულმა პედაგოგმა პატივი უნდა სცეს კოლეგის აკადემიურ დამოუკიდებლობას, სამართლიანად და ობიექტურად უნდა შეაფასოს მისი საქმიანობა და ნაშრომები; კოლეგის კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული; არ უნდა გააკეთოს უხეში და მიუღებელი კომენტარები კოლეგის სწავლების მეთოდებზე, დაუშვებელია კოლეგის პიროვნული დამცირება, ცილისწამება, შეურაცხყოფა ან ანონიმურად დადანაშაულება. იმავე კოდექსის 3.1.6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები სამართლიანად და პატივისცემით უნდა მოეპყრონ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს. ამასთანავე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 7 მარტის მე-4 სხდომის N4/2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ 22-ე მუხლის თანახმად, პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებებს, პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და სსუ-ს დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში, მისი მხრიდან სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელის მიმართ. საფუძვლიანია რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის N0-------- დადგენილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ----------------------------------– მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნ-----------------–--ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, არ არსებობს დადგენილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე