განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310016001345594
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3040-17

საქმე № 330310016001345594

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - გ-----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ს------------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 27 მარტის საქმეზე N-/3040-17 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გ-----------------ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2007 წლის 12 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღინიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღიდან და რომელიც ამავდროულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად; 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 მუხლში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გაგრძელდეს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა. 11.2 პუნქტის თანახმად, მხარეები მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რათა შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით.

 

2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის 2009 წლის 2 ივლისის N- ბრძანებით სერჟანტი გ-----------------------------ე დაინიშნა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I ათეულის მსროლელად 2009 წლის 1 ივლისიდან და გათავისუფლდა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ სასწავლო სფეროს ჯავშანსატანკო კურსის (ახალციხე) დაცვისა და უზრუნველყოფის ჯგუფის სატრანსპორტო ჯგუფის მძღოლის თანამდებობიდან.

 

2.3. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 14.01.2011წ. N1/9 §3; 21.01.2011წ. N1/14 §2; 25.01.2011წ. N1/16 §1; 27.01.2011წ. N1/18 §2; 02.02.2011წ. N1/22 §2; 04.02.2011წ. N1/24 §3; 08.02.2011წ. N1/26 §2; 10.02.2011წ. N1/28 §1; 11.02.2011წ. N1/29 §2; 14.02.2011წ. N1/30 §2; 16.02.2011წ. N1/32 §1; 18.02.2011წ. N1/35 §1; 22.02.2011წ. N1/37 §2; 28.02.2011წ. N1/41 §1; 02.03.2011წ. N1/43 §1; 04.03.2011წ. N1/45 §2; 04.03.2011წ. N1/45 §4; 08.03.2011წ. N1/47 §2; 10.03.2011წ. N1/49 §1; 11.03.2011წ. N1/50 §2; 14.03.2011წ. N1/51 §1 ბრძანებებით სერჟანტი გ-----------------------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი.

 

2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2011 წლის 16 მარტის N1/3-1804 წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთაგან კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის 2011 წლის 9 მარტის N1 ოქმის საფუძველზე, კონტრაქტის შემდგომ გაგრძელებაზე უარი ეთქვა სერჟანტ გ-----------------------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის მსროლელს.

 

2.5. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2011 წლის 18 მარტის N5---- ბრძანებით სერჟანტი გ-----------------------------ე კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2011 წლის 18 მარტიდან (საფინანსო კმაყოფიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო მოხსნილია 2011 წლის 12 იანვრიდან) და წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე 2011 წლის 18 მარტიდან.

 

2.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის N1--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის მსროლელი, სერჟანტი გ-----------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

2.6. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დაადგინოს სასარჩელო მოთხოვნის კანონისმიერი საფუძვლები, კერძოდ მოსარჩელის მოთხოვნა, ადმინისტრაციული ორგანოსთვის 1875 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, გამომდინარეობს თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან.

 

2.7. დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 12 იანვარს, დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ამავე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა დათქმა მასზედ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელი იყო ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. დადგენილია, რომ 2011 წლის 12 იანვრის შემდგომ ამავე წლის 14 მარტამდე გამოცემულია ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე გ-----------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2011 წლის 18 მარტის N54 ბრძანებით, კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გ-----------------ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2011 წლის 18 მარტიდან (საფინანსო კმაყოფიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო მოხსნილია 2011 წლის 12 იანვრიდან) და წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე 2011 წლის 18 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის N1--- ბრძანებით გ-----------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სახით ითხოვს 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე სახელფასო ანაზღაურების გაცემას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველესად უნდა შეფასდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძლები. კერძოდ იგი წარმოადგენს კერძო სამართლებრივ თუ საჯარო სამართლებრივ - ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან განსხვავებულია ასეთ ხელშკერულებათა დადებისა და ვადის გაგრძელების წესი და ფორმა, ასევე, მათი სამართლებრივი ბუნება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

კერძო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა გამიჯვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც ,,საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემდგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, ანუ მას შეუძლია დადოს როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სწორედ ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნას ემსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალურ დეფინიციაში მოცემული ელემენტი: ,,საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“. ხელშეკრულების მიზანი უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე, არსებითია იმის დადგენა, თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება.“ (სუს N623-598(კ-13) 17/06/2014 გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში გ-----------------ე ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ ფუნქციას - გადიოდა სამხედრო სამსახურს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 12 იანვარს დადებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც გ-----------------ე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხოლო მასთან დადებული ხელშეკრულება ატარებდა საჯარო უფლებამოსილების მიღწევის მიზანს, რის გამოც მისი დადების, შეწყვეტის, გაგრძელების ან შესრულების კანონიერება უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამდენად, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მიაკუთვნებს ფორმასავალდებულო ხელშეკრულებებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება.

 

დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 12 იანვრის შემდეგ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ დადებულა, ხოლო როგორც უკვე აღინიშნა ზეპირი ფორმით იგი ვერ დაიდებოდა.

 

მოსარჩელე მიუთითებს ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებებზე, რომელიც ადგენდა მოსარჩელის მონაწილეობით სადღეღამისო განწესს და აღნიშნულის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2007 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ვადა 2011 წლის 11 იანვრის შემდგომ ითვლება გაგრძელებულად 2011 წლის 18 მარტამდე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებისთვის სავალდებულოა მისი წერილობითი ფორმით დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში კი მხარეებს არ წარმოეშვებათ უფლებები და მოვალეობები. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ეკისრებოდა რაიმე სახის ვალდებულება გ-----------------ის მიმართ 2011 წლის 11 იანვრიდან, ისევე როგორც, გ------------------- არ იყო ვალდებული მოპასუხე ადმინსიტრაციული ორგანოს წინაშე მითითებული თარიღის შემდგომ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

2.8. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა მხარისთვის, რომ 2011 წლის 11 იანვრიდან ამავე წლის მარტის ჩათვლით ხელშეკრულების არსებობის პირობებშიც კი სასარჩელო მოთხოვნა მოკლებული იქნებოდა სამართლებრივ საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მესამე ნაწილის შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს ანუ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2011 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდზე შრომის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით მომართა სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილს - 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.9. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შრომის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

3. გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია და ფაქტობრივი გარემოებებიდანაც ჩანს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ცალმხრივად იმსჯელა და ამის საფუძველზე არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ „დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 12 იანვრის შემდეგ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ დადებულა“ ხოლო როგორც უკვე აღვნიშნე ზეპირი ფორმით იგი ვერ დაიდებოდა.

 

აპელანტი მიუთითებს ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაურის ბრძანებაზე, რომელიც ადგენდა მოსარჩელის მონაწილეობით სადღეამისო განწესს და აღნიშნულის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2007 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ვადა 2011 წლის 11 იანვრის შემდგომ გაგრძელდა 2011 წლის 18 მარტამდე, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული მსჯელობა და განმარტა, რომ „ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის სავალდებულოა წერილობითი ფორმით დადება, რასაც ადგილი არ ჰქონდა, ხელშეკრულების არსებობის პირობებში კი მხარეებს არ წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები, ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ეკისრებოდა რაიმე სახის ვალდებულება გ----------------ის მიმართ 2011 წლის 11 იანვრიდან, ისევე როგორც გ-----------------ე არ იყო ვალდებული მოპასუხეს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მითითებული თარიღის შემდგომ“.

 

აპელანტის აზრით სასამართლომ არ გამოიყენა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.“ თავდაცვის სამინისტროდან არ იქნა გამოთხოვილი 2011 წლის 11 იანვრიდან 2011 წლის 18 მარტამდე რა სტატუსით იმყოფებოდია მოსარჩელე სამინისტროს შემადგენლობაში და მასზე გაიცემოდა იარაღი. ასევე მოსამართლის მიერ არ იქნა დადგენილი სხდომაზე წარმოდგენილი ბრძანება #--, სადაც მითითებულია, რომ გ-----------------ე მოიხსნას ყველა სახის კმაყოფიდან 2011 წლის 18 მარტიდან და საკითხავია არის თუ არა აღნიშნული რეგისტრირებული ბრძანებათა ჟურნალში და ჰქონდათ თუ არა მისგან მიღებული თანხმობა, რომ 2011 წლის 11 იანვრიდან ფინანსური დაინტერესების გარეშე ითანამშრომლებდა მათთან თუ არა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და სრულიად გაურკვეველი დარჩა მთელი რიგი გარემოებები, რომელი კანონის ან ბრძანების საფუძველზე გაიცემოდა მასზე იარაღი? ან გაცემული იარაღით, რომ არ ჩაიდენდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას საიდან ჰქონდათ გარანტია და თუნდაც რომელი საფუძვლით იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე ყოველგვარის სტატუსის გარეშე.

 

სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის და არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი.

 

სასამართლო გადაწტყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი. გაურკვეველია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონდე ფაქტები, რის გამოც ზედმეტია საუბარი მის სამართლებრივ დასაბუთებულობაზე. გთხოვთ გააუქმოთ გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დამიკმაყოფილოთ სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ნაწილობრივ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას ნაწილობრივ არ იზიარებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.5. 2007 წლის 12 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღინიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღიდან და რომელიც ამავდროულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად; 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 მუხლში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გაგრძელდეს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა. 11.2 პუნქტის თანახმად, მხარეები მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რათა შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით.

 

4.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის 2009 წლის 2 ივლისის N- ბრძანებით სერჟანტი გ-----------------------------ე დაინიშნა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I ათეულის მსროლელად 2009 წლის 1 ივლისიდან და გათავისუფლდა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ სასწავლო სფეროს ჯავშანსატანკო კურსის (ახალციხე) დაცვისა და უზრუნველყოფის ჯგუფის სატრანსპორტო ჯგუფის მძღოლის თანამდებობიდან.

 

4.7. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 14.01.2011წ. N1/9 §3; 21.01.2011წ. N1/14 §2; 25.01.2011წ. N1/16 §1; 27.01.2011წ. N1/18 §2; 02.02.2011წ. N1/22 §2; 04.02.2011წ. N1/24 §3; 08.02.2011წ. N1/26 §2; 10.02.2011წ. N1/28 §1; 11.02.2011წ. N1/29 §2; 14.02.2011წ. N1/30 §2; 16.02.2011წ. N1/32 §1; 18.02.2011წ. N1/35 §1; 22.02.2011წ. N1/37 §2; 28.02.2011წ. N1/41 §1; 02.03.2011წ. N1/43 §1; 04.03.2011წ. N1/45 §2; 04.03.2011წ. N1/45 §4; 08.03.2011წ. N1/47 §2; 10.03.2011წ. N1/49 §1; 11.03.2011წ. N1/50 §2; 14.03.2011წ. N1/51 §1 ბრძანებებით სერჟანტი გ-----------------------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი. აღნიშნული ბრძანებები ადასტურებს, რომ მოსარჩელე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ამ ბრძანებათა გამოცემის დროს.

 

4.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2011 წლის 16 მარტის N1/3-1804 წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთაგან კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის 2011 წლის 9 მარტის N1 ოქმის საფუძველზე, კონტრაქტის შემდგომ გაგრძელებაზე უარი ეთქვა სერჟანტ გ-----------------------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის მსროლელს.

 

4.9. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2011 წლის 18 მარტის N5---- ბრძანებით სერჟანტი გ-----------------------------ე კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2011 წლის 18 მარტიდან (საფინანსო კმაყოფიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო მოხსნილია 2011 წლის 12 იანვრიდან) და წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე 2011 წლის 18 მარტიდან.

 

4.10. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის N1--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის მსროლელი, სერჟანტი გ-----------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

4.11. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის პოლკოვნიკი გ--–---------–----- MOD 6------------ წერილით ირკვევა, რომ 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე გ-----------------ეზე დარიცული და ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს დარიცხული სულ ჯამში 1946.34 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი 1557,09 ლარს.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.12. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

4.13. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას 2018 წლის 06 მარტის სასამართლო სხდომაზე გ-----------------ემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის 1946,34 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, საიდანაც ხელზე გასაცემია 1557.09 ლარი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე გ-----------------ის მოთხოვნა თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

4.14. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. ხოლო, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

4.15. ადამიანის უფლებათა საყოვლთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა და სამართლიანი გასამრჯელოს მიღების უფლება ყოველი ადამიანის ღირსეული არსებობის მნიშნელოვანი პირობაა.

 

„სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენცია, რომლის პირველი მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით: ნებისმიერი პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნეს მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეუწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ. ამ პოლიტიკის მნიშნელოვანი გამოხატულებაა ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.

 

4.16. სააპელაციო პალატა აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

მიუხედავად საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ვალდებულებისა მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელისთვის შრომის ანაზღაურებაზე. დადგენილია, რომ ფაქტობრივად შესრულებული ნამუშევარისთვის პირს გასამრჯელოს არ უხდიან. ადამიანის უფლებებისადმი ასეთი მიდგომა არ შეესაბამება კანონმდებლობას და უგულვებელყოფს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს.

 

4.17. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

 

დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 12 იანვარს, დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ამავე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა დათქმა მასზედ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელი იყო ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. დადგენილია, რომ 2011 წლის 12 იანვრის შემდგომ ამავე წლის 14 მარტამდე გამოცემულია ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე გ-----------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი მიუხედავად კონტრაქტის ვადის გასვლისა და ის პრაქტიკულად ასრულებდა სამუშაოს. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის N1--- ბრძანებით გ-----------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

4.18. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის პოლკოვნიკი გ--–---------–----- 2016 წლის 27 დეკემბრის NMOD 6------------ წერილზე, რომლის თანახმად გ-----------------ეზე მითითებულ პერიოდში (2011 წლის 12 იანვრიდან-18 მარტამდე) დარიცული და ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს დარიცხული სულ ჯამში 1946.34 ლარი, ხოლო ხელზე გასაცემი 1557,09 ლარი. ამ წერილის შინაარსიდან დგინდება ვალდებულები აღიარებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება იმის თობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გ-----------------ის წინაშე აღიარებს დავალიანების არსებობას. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ გ-----------------ემ მისი 4 წლიანი კონტრაქტის ამოწურვისთვის სრულად ხელფასი მიიღო. გ-----------------ისთვის, როგორც ხელშეკრულების მხარისთვის ძირითადი ვალდებულება წარმოადგენდა საკონტრაქტო 4 წლიანი ვადის განმავლობაში არსებული ხელფასი ხოლო, როდესაც 4 წლიანი საკონტრაქტო ვადა გავიდა მან ფაქტობრივად გააგრძელა მუშაობა და მას დამატებით 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე ფაქტობრივად მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება სანამ არ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ამ პერიოდში გამოცემული ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე გ-----------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი მიუხედავად კონტრაქტის ვადის გასვლისა. ამრიგად, გ-----------------ისთვის მოპასუხეს მხრიდან ძირითად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა 4 წლიან საკონტრაქტო პერიოდში გათვალისწინებული ხელფასი, ხოლო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ნამსახურევმა პერიოდმა წარმოშვა ხელფასის გაცემის დამატებითი ვალდებულება.

 

4.20. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის პოლკოვნიკი ლ--------–-------- N MOD 6------------ წერილით ირკვევა, რომ 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე დარიცული და ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს დარიცხული სულ ჯამში 1946.34 ლარს, (საიდანაც 10.97 ლარი არის წოდებრივი სარგო, 302.71 ლარი - თანამდებობრივი სარგო, 31.37 ლარი პროცენტული დანამატი, 1436.77 ლარი - დანამატი, 164.52 ლარი - კვების დანამატი) ხოლო ხელზე გასაცემი 1557,09 ლარს. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას 2018 წლის 06 მარტის სასამართლო სხდომაზე გ-----------------ემ დაადასტურა, რომ იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე შესაბამისად N MOD 6------------ წერილში მითითებული კვების კომპენსაცია 164,52 ლარის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1946,34 ლარიდან სარჩელი საფუძლიანია მხოლოდ 1781.82 (1946,34– 164,52 = 1781.82) ლარის ნაწილში.

 

4.21. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის 1781,82 ლარის (დარიცხული) გადახდა, რომელიც დაიბეგრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისროს 1781,82 ლარი დარიცხულის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ადვოკატის 100 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ვინაიდან, შრომითი უფლება სოციალური უფლებაა და მოცემული დავა შეეხება შრომით უფლებას მხარეები უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურებას. (ს.ფ. 81)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობა, ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებას. კანონმდებელი განმარტას თუ რა არის სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო წარმომადგელის მეშვეობით, ასევე სადავო არ არის, რომ სასამართლოში სარჩელის, სააპელაციო საჩივრის შემოტანა და საქმისწარმოებაში მონაწილეობა დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან. სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურების ღირებულება და აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხევაშიც მხარე აღნიშნულ ხარჯებს გაიღებდა. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს აპელანტ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული სამუშაოს მოცულობას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით წარმომადგენლის დახმარებისათვის 100 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს 1781,82 ლარი დარიცხულის გადახდა გ-----------------ის სასარგებლოდ;

 

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის - 100 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე