განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2018
საქმის ნომერი
330310017002019675
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002019675

საქმე № 3ბ/47-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი:

21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი - შ--–-ა დ-------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - და------------–---–ი;

დავის საგანი – თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ--–-ა დ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანებით, შ--–-ა დ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფინანსური კონტროლის სამმართველოში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის M------------------- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორი შ--–-ა დ-------–---–ი 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

2017 წლის 05 ივნისს, შ--–-ა დ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ მელაძეს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მოითხოვა ინფორმაცია 2012 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე, ცალკეულ წლებში მის მიერ გამოუყენებელი საშვებულებო დღეების შესახებ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 09 ივნისის MOD 3-------------- წერილით, შ--–-ა დ-------–---–ს 2017 წლის 05 ივნისის (რეგ. N------) განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2013 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა

19 კალენდარული დღით (19.08.2013-06.09.2013), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 11 კალენდარული დღე; 2014 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (18.08.2014-29.08.2014), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2015 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (05.10.2015-16.10.2015), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება არ მომხდარა.

 

2017 წლის 15 ივნისს, შ--–-ა დ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსს თეა ხაზარაშვილს და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მისმა ანაზღაურებადმა გამოუყენებელმა შვებულებამ შეადგინა 77 კალენდარული დღე, ამასთან, მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება შვებულების გამოუყენებელი დღეების შესაბამისად თანხების ოდენობის შესახებ. ამავე განცხადებით, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 ივნისის MOD 0-------------- წერილით, შ--–-ა დ-------–---–ს 2017 წლის 15 ივნისის (რეგ. N563737) განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის N4333 ბრძანების შესაბამისად, მისი დათხოვნა განხორციელდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის და 109-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისად აღნიშნული ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების გაცემას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს შ--–-ა დ-------–---–ის სასარგებლოდ 2013-2016 წლების გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, ჯამში 77 დღე, 4004 ლარის ოდენობით.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან შ--–-ა დ-------–---–ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 4004 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე შ--–-ა დ-------–---–ი 2012 წლის 14 დეკემბრიდან 2016 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეების სახეებს, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ შ--–-ა დ-------–---–ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.

 

მითითებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. იმავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მიერ ნების გამოვლენაზე. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა შვებულების უფლება დასაქმებულს მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ წარმოეშობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ დასაქმებული ვერ ახერხებს წლის განმავლობაში შვებულების უფლებით სარგებლობას, კანონი მას აძლევს უფლებას გამოუყენებელი შვებულება მომდევნო წელს გადაიტანოს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივნისს, შ--–-ა დ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა 2013-2016 წლებში გამოუყენებელი და ამავდროულად აუნაზღაურებელი საშვებულებო თანხის 77 კალენდარულ დღეზე ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არაკანონიერად განუცხადა უარი.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე შ--–-ა დ-------–---–მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში (2013-2016 წლები) 2013 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 19 კალენდარული დღით (19.08.2013-06.09.2013), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 11 კალენდარული დღე; 2014 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (18.08.2014-29.08.2014), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2015 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (05.10.2015-16.10.2015), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება არ მომხდარა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქმის ნომერი: ბს-35-34(2კ-2კს-16), სადაც ზემოთ აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული, კერძოდ: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ას შეუძლია, მოითხოვოს

2014 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, ვინაიდან, დამსაქმებლის მიზეზით, მის მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება. მოსარჩელეს, აგრეთვე, შეეძლო, მოეთხოვა 2013 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურება, შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის - შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

აღნიშნული საკითხი ასევე შეფასებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშიც, საქმის ნომერი: ბს-400-395 (2კ-16).

 

მოსარჩელის განმარტებით, მას ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესახებ ყოველ წელს დაუკმაყოფილდა განცხადება ზუსტად იმ კალენდარული დღეების რაოდენობით, რასაც უთითებდა განცხადებაში. მეტიც, მას წერილობით არ მიუმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების მოთხოვნით და სამინისტროს უკანონოდ არ შეუზღუდავს მისთვის უფლება ესარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.

 

ამდენად, სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე შ--–-ა დ-------–---–ს დამსაქმებლის მიზეზით შეეზღუდა უფლება ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი ნაწილით, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას უარი უნდა ეთქვას გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შ--–-ა დ-------–---–ს მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვაზე სრულიად კანონიერად ეთქვა უარი, ამდენად არ არსებობს შ--–-ა დ-------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვითარებაში შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ,,სხვა ობიექტური გარემოებით, რომელიც ამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“, რისთვისაც დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულისათვის აენაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობის პროპორციულად, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მიუხედავად მოთხოვნისა , დღემდე არ განხორციელებულა.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ობიექტური გარემოებით, რასაც უძღოდა შტატების მოსალოდნელი შემცირება და რეორგანიზაცია, შრომითი ხელშეკრულება მათივე განმარტებით სამართლიანად შეწყდა, რისთვისაც დამსაქმებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, ვალდებული იყო დასაქმებულისთვის აენაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობის პროპორციულად. ასევე, ცხოვრებისეული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო ორგანო ითვალისწინებს რა ფაქტობრივ გარემოებას, ეფუძნება რეალობას და გონივრული გადაწყვეტილებით იღებს სამსაახურიდან უკვე დათოხვნილი საჯარო მოხელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რაც კანონზომიერია.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო არ მსჯელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარის მოტივის კანონერებაზე (თითქოსდა თანხის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსით ყოფილი საჯარო მოხელისათვის უსაფუძვლოა) და საქმის მსვლელობა მიყავს ადრე დასაქმებულის საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში წერილობით დარჩენილი გამოუყენებელი შვებულების მოთხოვნის თითქოსდა არარსებობისკენ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - შ--–-ა დ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2013-2016 წლების გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, ჯამში 77 დღე, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 4004 ლარი.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანებით, შ--–-ა დ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფინანსური კონტროლის სამმართველოში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის M------------------- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორი შ--–-ა დ-------–---–ი 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველს ქმნის სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 09 ივნისის MOD 3-------------- წერილით დასტურდება, რომ შ--–-ა დ-------–---–მა 2013 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 19 კალენდარული დღით (19.08.2013-06.09.2013), ხოლო გამოუყენებელი დარჩა 11 კალენდარული დღე; 2014 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (18.08.2014-29.08.2014), გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2015 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით (05.10.2015-16.10.2015), გამოუყენებელი დარჩა 18 კალენდარული დღე; 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება არ მომხდარა.

 

2017 წლის 15 ივნისს, შ--–-ა დ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მისმა ანაზღაურებადმა გამოუყენებელმა შვებულებამ შეადგინა 77 კალენდარული დღე, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 ივნისის MOD 0-------------- წერილით, შ--–-ა დ-------–---–ს ეცნობა, რომ მისი დათხოვნა განხორციელდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97-ე და 109-ე მუხლების საფუძველზე, რაც არ ითვალისწინებდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების გაცემას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე და თვლის, რომ სახეზეა შ--–-ა დ-------–---–ისათვის 2016 წლის კუთვნილი შვებულების კომპენსირების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

სადავო პერიოდისათვის მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს: საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით; საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

 

აღნიშნულ ნორმაზე მითითებით სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმადაც, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების მოტივით, რაც ექცევა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებში - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელეზე საქართველოს შრომის კოდექსის გავრცელების შეუძლებლობის თაობაზე და აღნიშნავს, გარდა სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნებისა, ასევე მნიშვნელოვანია ის დებულებები, რომელიც ასახულია ,,ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლი ადგენს, პირი, რომელიც გათავისუფლებულია საწარმოს მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კოვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას დასაქმებულს აქვს უფლება მოითხოვოს იმ წლის გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსირება, რომელშიც მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით და რის შედეგადაც მას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, წაერთვა იმ შვებულების გამოყენების შესაძლებლობა, რომელსაც ის სავარაუდოდ გამოიყენებდა.

 

სააპელაციო სასამართლო დასაბუთების თვალსაზრისით ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-427-424 (კ-17), რომელშიც საკასაციო სასამართლო განმარტავს: ზემოაღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო და ადასტურებს იმ წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელ წელსაც მოხდა მოხელის სამსახურიდან დათხოვნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, თუმცა, იმავე ზემოაღნიშნულ მოსაზრებებზე მითითებით, თვლის, რომ კომპენსირება უნდა შეეხოს მხოლოდ 2016 წელს, ანუ იმ პერიოდს, როცა მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მითითებულ ნაწილში და საქმეზე მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-9, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-ა დ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შ--–-ა დ-------–---–ის საარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ--–-ა დ-------–---–ის სასარგებლოდ, 2016 წლის ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებლობის კომპენსირების მიზნით, დაესკისროს 1951.6 ლარის გადახდა, კანონით განსაზღვრული გამოქვითვების გათვალისწინებით.

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე