განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
030310117002025601
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310117002025601 (3/ბ-15-2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 მარტი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები (მოპასუხეები) – ტ------–-–-----–ია (როგორც ფიზიკური პირი და როგორც შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------), შპს “ი-----------ის“ (ს/ნ 4--------; შპს “ფ------------ის“ (ს/ნ 4---------) დირექტორი), მ-------------–ია (როგორც ფიზიკური პირი და როგორც (შპს“ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორი);

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

დავის საგანი – ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------), შპს “ი-----------ის“ (ს/ნ 4--------; შპს “ფ------------ის“ (ს/ნ 4--------), შპს “ი-----------ის“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–იას და მ-------------–იას მიმართ და მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 14 ივლისის მდგომარეობით შპს ,,მ----------------“ (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 373 662.06 ლარის ოდენობით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,მ----------------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 14 აპრილს. საწარმოს დირექტორი და 50% წილის მფლობელია ტ------–-–-----–ია (ს/ნ 4----------). შპს ,,მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების და საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. 2014 წლის 16 სექტემბერს N0------- შეტყობინებით გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 0--------------ს შპს ,,მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2014 წლის 28 ოქტომბერს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, გარდა საკონტროლო სალარო აპარატისა. 2014 წლის 07 ოქტომბერს რეგისტრირდება შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და 100 % წილის მფლობელი არის მ-------------–ია (ს/ნ 4----------), ტ------–-–-----–იას (ს/ნ 4----------) მეუღლე. საქმიანობის სფერო იგივეა, რაც შპს ,,მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) შემთხვევაში (საცალო ვაჭრობა მაღაზიებში, ბაზრობებზე) საქმიანობის განხორციელების ადგილი იგივეა, ქ.ფოთი, ე--------–---–ის ქ. N---. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, 2014 წლის 2--------------ს, N ელ-0--------- ზედნადებით შპს ,,მ-----------------მა“ (ს/ნ 4--------) შპს ,,ი-----------ს“ (ს/ნ 4--------) გადასცა 40 487 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და იმავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ფ-----------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 03 თებერვალს, ხოლო კიდევ ერთი შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------) - 2016 წლის 22 იანვარს. ორივე შპს-ს დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ტ------–-–-----–ია (ს/ნ 4----------). საქმიანობის სფერო იგივეა, რაც შპს ,,მ-----------------ის“ შემთხვევაში (საცალო ვაჭრობა მაღაზიებში, ბაზრობებზე). შპს ,,მ----------------“, საქმიანობის შეჩერების შემდეგ, ფაქტობრივად ჩაანაცვლა აღნიშნულმა შპს-ებმა. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, შპს ,,მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) მიერ ზედნადებით ქონების გადაწერა შპს ,,ი-----------ზე“ (ს/ნ 4--------), ასევე შპს ,,ფ------------ის“ (ს/ნ 4--------) და შპს ,,ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) მიერ იგივე საქმიანობის გაგრძელება, რასაც ახორციელებდა შპს ,,მ----------------“ და ამ უკანასკნელის მიერ საქმიანობის შეჩერება, - მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.

 

მოპასუხეების შპს ,,მ-----------------ის“, შპს ,,ფ------------ის“ და შპს ,,ი-----------ის“ დირექტორმა ტ------–-–-----–იამ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეები არ ახორციელებდნენ ერთი და იგივე სამეწარმეო საქმიანობა, რომ 2010 წელს გაიხსნა შპს ,,მ----------------“, რომელიც მუშაობდა ზუგდიდის ტერიტორიაზე, ნაქირავებ ობიექტში, საგადასახადო ორგანომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო ფირმის შემოწმება, რითაც ხელი შეეშალა საქმიანობასი და იძულებული გახდა დაეფუძნებია სხვა ფირმა. მაშინ საქონელი არ იყო დაყადაღებული, შესაბამისად, უფლება ჰქონდა საქონელი გაეყიდა. აპელანტის მტკიცებით, თურქეთიდან ნისიად ჰქონდა შემოტანილი 40 000 ლარის საქონელი, ცხოველის საკვები, როდესაც მიმწოდებელმა გაიგო საგადასახადომ შემოწმების შესახებ, სასწრაფოდ მოთხოვა თანხა, რაც ტ------–-–-----–იას მიერ გადახდილ იქნა. მან მისი მეუღლის (მ-------------–ია) სახელით გახსნა სხვა ფირმა შპს ,,ი----------’’ და 40 000 ლარის საქონელი გადააწერა მ-------------–იას, რომელმაც დაიწყო საქმიანობა მაგრამ მალევე ცხოველის საკვებით ვაჭრობა ჩაანაცვლა სასურსათო საქონლით ვაჭრობით. შპს ,,ი-----------მა“ იმუშავა შვიდი თვე და აქაც დაიწყო საგადასახადო შემოწმება. ამ დროს პარალელურად საქმიანობდა შპს ,,ფ-----------“. ერთ საწარმოში ვაჭრობდა აზოტით, მეორეში კი თამბაქოს პროდუქციით. საგადასახადო შემოწმება შპს ,,ფ-----------“-ში განხორციელდა და დაყადაღებული იქნა აღნიშნული ფირმაც. ტ------–-–-----–იას განმარტებით, დავალიანება, მის მიმართ არასწორად იქნა დარიცხული ხოლო დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა დავალიანების არარსებობას, სახლის დემონაჟის დროს დაეკარგა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,მ----------------“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------), მ-------------–ია (პ/ნ 4----------), შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-----------“ (ს/ნ 4--------) და შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------) ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 19 აგვისტოს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,მ-----------------ის“ დირექტორი და 50% წილის მფლობელია ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------);

 

2014 წლის 07 ოქტომბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ-------------–ია (პ/ნ 4----------);

 

2016 წლის 17 ოქტომბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ი-----------ის“ (ს/კ 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელია ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------);

 

2013 წლის 18 მარტს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ფ------------ის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------);

 

2014 წლის 2-------------ის N0--------- ზედნადების შესაბამისად, შპს ,,მ-----------------მა“ შპს ,,ი-----------ს“ მიჰყიდა ცხოველების საკვები, რომლის ღირებულება შეადგენდა 40 487.5 ლარს;

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N0-------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით მ-------------–ია (პ/ნ 4----------) არის ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------) მეუღლე;

 

სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ 2014 წლის 0-------------ის N0------ ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებას;

 

შედარების აქტის შესაბამისად, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 03 ივლისამდე მდგომარეობით შპს ,,მ-----------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 372 624.6 ლარს;

 

შედარების აქტის თანახმად, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 14 ივლისამდე მდგომარეობით შპს ,,მ-----------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 373 662.06 ლარს;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები. ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნეს არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია, როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც.

 

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება ამ პირთა მიმართ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 03 ოქტომბრის Nბს-103-96(კ-13) განჩინებით განიმარტა, რომ პირთა ცრუმაგიერად აღიარების მოთხოვნისას სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს შპს ,,მ----------------“-ის (ს/ნ 4--------); ტ------–-–-----–იას (პ/ნ 4----------); მ-------------–იას (პ/ნ 4----------); შპს ,,ი----------“-ის (ს/ნ 4--------); შპს ,,ფ-----------“-ის (ს/ნ 4--------) და შპს ,,ი----------“-ის (ს/ნ 4--------) ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნას და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა მითითებული ქმედება, იყო თუ არა წინააღმდეგობაში კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნას უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნას ცნობილი, რომ შპს ,,მ----------------“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------), მ-------------–ია (პ/ნ 4----------), შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-----------“ (ს/ნ 4--------) და შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების შესაბამისად, შპს ,,მ-----------------ის“ დირექტორი და 50% წილის მფლობელი არის ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------); შპს ,,ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მ-------------–ია (პ/ნ 4----------); შპს ,,ი-----------ის“ (ს/კ 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------); შპს ,,ფ------------ის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N0-------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით მ-------------–ია (პ/ნ 4----------) არის ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------) მეუღლე.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის შპს ,,მ-----------------ის“ და ტ------–-–-----–იას, მ-------------–იასთან, შპს ,,ი---------- -თან“, შპს ,,ფ------------თან“ და შპს ,,ი-----------თან“ ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რაც მათ ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ტ------–-–-----–იამ (როგორც ფიზიკურმა პირმა და როგორც შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------), შპს “ი-----------ის“ (ს/ნ 4--------; შპს “ფ------------ის“ (ს/ნ 4---------) დირექტორმა), მ-------------–იამ (როგორც ფიზიკურმა პირმა და როგორც (შპს“ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორმა), რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს. აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად არასწორი შეფასება მისცა ტ------–-–-----–იას და მ-------------–იას კომპანიებს შორის შორის არსებულ ურთიერთობას და არასწორად სცნო ინინი ცრუმაგიერ პირებად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს “მ-----------------ს“ (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 373 662.06 ლარის ოდენობით.

 

სარჩელში მითითებული აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტების (მოპასუხეების) მიერ წარმოდგენილი არ არის შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის აღიარებული და დღემდე შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება - სახეზეა.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით:

- შპს „მ----------------“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი - ზუგდიდი, ს-------------------ის ქუჩა) რეგისტრირებულია 1-----2010 წ-დან. საწარმოს დამფუძნებლები არიან: ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------) - 50 %, ბ------------–---ია (პ/ნ 1----------) – 50 %. საწარმოს დირექტორია ტ------–-–-----–ია (ს.ფ. 24-25); საწარმოს მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკა 0---------, 04----2008წ - საფუძველი: N0----, 2-----2008წ;

- შპს“ი----------“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი - ფოთი, ე--------–---–ის ქ. N---) რეგისტრირებულია 0-----2014 წ, საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია მ-------------–ია (პ/ნ 4----------) (ს.ფ. 26-27);

- შპს “ი----------“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი ფოთი, ე-------–---–ის ქ. N---) რეგისტრირებულია 22/01/2016წ, საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------) (ს.ფ. 28-29);

- შპს “ფ-----------“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რ-ნი, გ-------–---–ის გამზირი 3-------) რეგისტრირებულია 0-----2012წ, საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ტ------–-–-----–ია პ/ნ 4----------); საწარმოს ქონებაზე რეგისტრირებულია: 1) საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკა 0---------, 04----2008, საფუძველი - შეტყობინება N0----, 2-----2008 - ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექცია; 2) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 1-----------, 2-----2012, საფუძველი - შეტყობინება N0-------, 2-----2012, თბილისის რეგიონული ცენტრი (ს.ფ. 30-31).

 

საქმეში წარმოდგენილი (ს.ფ. 33) შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს “მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) მთელ ქონებაზე 2014 წლის 16-----------იდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთკა, საფუძველი 1-----2014 წლის შემოსავლების სამსახურის შეტყობინება N0------ (ს.ფ. 33).

 

სადავო არ არის, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, 2014 წლის 2--------------ს, Nელ 0--------- ელქტრონული ზედნადებით შპს “მ-----------------მა“ (ს/ნ 4--------) შპს“ი-----------ს“ (ს/ნ 4--------) გადასცა 40 487 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობა და ამავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.

 

მ-------------–ია (პ/ნ 4----------) და ტ------–-–-----–ია (პ/ნ 4----------) არიან მეუღლეები (ს.ფ. 35).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას. ხსენებული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ხსენებული ნორმის შინაარსის მიხედვით, ცრუმაგიერი მფლობელობის დასადგენად უნდა დადასტურდეს სხვა პირის განსხვავების შეუძლებლობა საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელისაგან და ეს სხვა პირი უნდა გამოიყენებოდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები. სააპელაციო პალატის აზრით, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს შპს “მ-----------------სა“ (ს/ნ 4--------) და შპს “ი-----------ს“ (ს/ნ 4--------) შორის, რაც უდავოდ დგინდება მოსარჩელე მხარის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლის საწინააღმდეგო, შესაბამისი დოკუმენეტებით გამყარებულ გარემოებებზე მოპასუხეები ვერ მიუთითებენ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, აღიარებული იქნეს, რომ შპს ,,მ----------------“ (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–ია (ს/ნ 4----------), მ-------------–ია (ს/ნ 4----------), შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-----------“ (ს/ნ 4--------) და შპს ,,ი----------“ (ს/ნ 4--------) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს “მ-----------------ს“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და ერთერთი დამფუძნებელიც არის ტ------–-–-----–ია, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 373 662. 06 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა საწარმომ, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, 2014 წლის 2--------------ს, Nელ 0--------- ელექტრონული ზედნადებით შპს “ი-----------ს“ (ს/ნ 4--------), რომელიც დარეგისტრირდა 0-----2014წ და რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორია ტ------–-–-----–იას (შპს “მ-----------------ის“ ს/ნ 4--------) მეუღლე, მ-------------–ია, გადასცა 40 487 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობა და ამავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. ზედნადებით მიღებული საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოპასუხეებმა ვერ წარმოადგენეს.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) ცრუმაგიერ პირებად შპს “ი----------“ (ს/ნ 4--------) და შპს “ფ-----------“ (ს/ნ 4--------), ასევე ფიზიკური პირების ტ------–-–-----–იასა და მ-------------–იას აღიარების თაობაზე, - სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულ ისეთ გარემოებებზე, რაც მათი ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტს დადასტურებს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ შპს “ფ-----------“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე გადმოსულია შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იოთეკა 0---------, 04----2008, საფუძველი - შეტყობინება N0----, 2-----2008წ - ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექცია. სკ-ის 246-ე მუხლით ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტის დადგენის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს გადამხდელის მხრიდან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების ხელშეშლა და საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასულია შპს “ფ-----------“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 239.1 და 239.2 მუხლებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 239.5 მუხლით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად (იგივე შინაარსის ნორმებს შეიცავდა 22/12/2004 წ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლი, რომელიც 2008 წელს, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დროისთვის მოქმედებდა).

 

6. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელს ტ------–-–-----–იას მიმართ, უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.07.2017წ. განჩინებით ტ------–-–-----–იას მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა - ტ------–-–-----–იას საბანკო ანგარიშებზე სს “ს----------–--------ში’’, სს “თ------------ში“ და სს “ლ-------- ბანკში“).

 

7. სასამართლო ხარჯები

აპელანტების მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, რაც სარჩელის ნაწილის უარყოფის გამო მათ არ დაუბრუნდება _ თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ტ------–-–-----–იას (როგორც ფიზიკური პირი და როგორც შპს „მ-----------------ის“ (ს/ნ 4--------), შპს “ი-----------ის“ (ს/ნ 4--------; შპს “ფ------------ის“ (ს/ნ 4---------) დირექტორი), მ-------------–იას (როგორც ფიზიკური პირი და როგორც (შპს“ი-----------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორი) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.09.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ _ შპს “მ-----------------ის“ (ს/კ 4--------) ცრუმაგიერ პირად ცნობილ იქნეს შპს “ი----------“ (ს/კ 4--------);

 

3. დანარჩენ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.07.2017წ. განჩინებით ტ------–-–-----–იას მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა - ტ------–-–-----–იას საბანკო ანგარიშებზე სს “ს----------–--------ში’’, სს “თ------------ში“ და სს “ლ-------- ბანკში“.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32);

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი