განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
120100118002300508
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002300508

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/460-18 18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ბ---------–------ (პირადი ნომერი: №4----------), დაბადებული 1951 წლის 19 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ა---––----------------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა და ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

 

მსჯავრდებულ ბ---------–------ს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის პერიოდში ბ---------–------ არასრულწლოვანი შვილიშვილის თ---------------ის თანდასწრებით, მის შეზღუდული შესაძლებლობებიოს მქონე შვილს ე-–-----–------ს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სრულყოფილად ვერ ასრულებდა მამის დავალებებს, სისტემატიურად ხელისა და სხვადასხვა ნივთების დარტყმით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 9 დეკემბერს ბ---------–------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ე-–-----–------ს მიცემული დავალების შეუსრულებლობის გამო ღუმელის საჩხრეკი ლითონის საგნის თავის არეში ჩარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რითიც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბ---------–------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების ნ--------------ს, ა-------------------ს, ნ-----–----------ს გამოკითხვის ოქმებით, ბ---------–------ს მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვანი ვ--–----------ის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ---------–------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ---------–------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117, 118, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წიანასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ---------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ბ---------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის აზრით ბ---------–------ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 5 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ ბ---------–------ ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ბ---------–------სადმი დანიშნული სასჯელი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არ იქნება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ გახადა სადავოდ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მსჯავრდებულს არ გააჩნია დამამაძიმებელი გარემოებები, რაც მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის საკმარის ეფექტურობაზე.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ბ---------–------ს მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ბ---------–------ს მიმართ დანიშნულმა ,,ლოიალურმა“ სასჯელმა შეიძლება შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. ასეთი დასკვნის გამოტანის საუძველს არ იძლევა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი წარსული ცხოვრება. ბ---------–------მ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, ბ---------–------ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ---------–------სთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ბ---------–------სთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. პალატა ითვალისწინებს, რომ თავისუფლების სახით განსაზღვრული სასჯელიდან თითქმის ორი თვე - 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლამდე პერიოდი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სავსებით საკმარისია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. სასჯელის რეალურად მოხდის პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბ---------–------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი, უნდა გაუქმდეს.

 

ბ---------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

ღუმელის საჩხრეკი რკინა, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი ბ---------–------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი ბ---------–------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ბ---------–------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ბ---------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ღუმელის საჩხრეკი რკინა, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე