განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001607936 (3ბ/1061-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ბ---------------ე
წარმომადგენელი - დ--------–-----
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ-------------–---
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტ ბ---------------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ბ---------------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 54 000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ბ---------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ბ---------------ის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურეობის თანხის ანაზღაურება 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---------------ე 2014 წლის 12 დეკემბერს დაკავებულ იქნა, ხოლო 2014 წლის 13 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნას თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე №1---------- განჩინების თანახმად, პროკურორ თ------------------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბრალდებული ბ---------------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და ის დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და 2014 წლის 19 დეკემბრის №---------- საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება და ბ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. 2015 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.
2.3. 2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილით აცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ბ---------------ის დაკავების შესახებ, 2015 წლის 08 იანვრის სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის (დროებითი მოვალეობის შემსრულებლის) №----------------- ბრძანების თანახმად, ბ---------------ეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და 2015 წლის 09 იანვრიდან განთავისუფლდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების გ---------–---------------ს თანამდებებიდან.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 მაისის №-------- განაჩენის თანახმად, ბ----------------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180 მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებაში, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ცნობილ იქნა უდანაშუალოდ და გამართლდა.
2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის №--------- განაჩენით ბ---------------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენი ბ---------------ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების შესახებ დარჩა უცვლელად.
2.6. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილებით, ბ---------------ის სარჩელი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის ჰოსპიტალის მიმართ დაკმაყოფილდა და გაუქმდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 08 იანვრის ბრძანება და მოსარჩელე ბ---------------ე აღდგენილ იქნა სსიპ გ---------------–---–-ს სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ს---------------------ის თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ასევე განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
2.8. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას ,,სამართლიან ანაზღაურებაზე’’. ,,სამართლიანი ანაზღაურების’’ მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო’’. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
2.10. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მისი უდანაშაულოდ ცნობა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---------------ე 2014 წლის 12 დეკემბერს იქნა დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ შეეფარდა აღკვეთის ღონისძება, რაც გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მთავარი პოკურატურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის №---------- განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფლდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება და ბ---------------ეს აღკვეთი ღონისძების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულ ბ---------------ეს პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავებიდან და პატიმრობაში ჩაეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2014 წლის 12 დეკემბრიდან (19:10 საათიდან), თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს სხდომის დარბაზიდან განთავისუფლებამდე (14:01 საათამდე) პერიოდი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული ღონისძიება პატიმრობა ბ---------------ეს შეეცვალა გირაოთი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 მაისის №-------- განაჩენით ბ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ აღნიშნულ განაჩენში განმარტა, რომ 2014 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით 400 ლარის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე. გამოძიების ეტაპაზე 2014 წლის 13 დეკემბერს ბ---------------ის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო მოხელის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, შემდგომ კვალიფიკაცია ორჯერ შეიცვალა. 2015 წლის 20 იანვარს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დაზუსტდა დანაშაულის სუბიექტი, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ბ---------------ე, როგორც დანაშაულის სუბიექტი იყო არა საჯარო მოხელე, არამედ საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი. დასკვნით სიტყვამდე კი ბრალდება მესამეჯერ დაზუსტდა და ბოლო ეტაპზე ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით). სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, პროკურორს ბრალდების სამჯერ შეცვლით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია, თუმცა ბრალდების ხშირი ცვალებადობა სასამართლოს აფიქრებინებს, რომ გამოძიება არ იყო დამაჯერებელი. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდება არ ეფუძნებოდა ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ეჭვზე და ვარაუდებზე იყო დაფუძნებული, რაც გაბათილებულ ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად მოცემულ ვითარებაში შეუძლებელი იყო იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა მართლაც ჩაიდინა ინკრიმინირებული ქმედება.
2.11. მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნაზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. საქალაქო სასამართლოს მითითებით, კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია. საქალაქო სასამართლომ მიიჩნი, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, პატიმრობის შეფარდება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები, რადგან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად განმეორებით დააკავეს 2014 წლის 19 დეკემბერს, რადგან მას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში იმყოფებოდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე - 2015 წლის 14 აგვისტომდე, 8 (რვა) თვის მანძილზე. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობდა 2014 წლიდან 2016 წლამდე და ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე ითმენდა ამ ბრალდებით გამოწვეულ უხერხულობას. გასათვალისწინებელია ასევე წარდგენილი ბრალდების სიმძიმე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იწვევს პირის ღირსების შელახვას და არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ, ევრო-სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარია.
2.12. ბ---------------ის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოვლა-შენახვის ხარჯმა 2 565.00 (ორი ათას ხუთას სამოცდახუთი) ლარი. ამასთან, მხარე ითხოვს წართმეული შრომითი უფლების ნაყოფის (ხელფასის) მიუღებლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, დაკავებული თანამდებობიდან განათავისუფლების დღიდან 08.01.2015 წლიდან - 10.01.2017 წლამდე 54 000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ---------------ე დაკავებისას მუშაობდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და დაკავებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში გ---------–---------------ს თანამდებობა, ხოლო მისი დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენა თვეში 2250 (ორიათას ორასორმოცდაათ) ლარს. ბ---------------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილით აცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ბ---------------ის დაკავების შესახებ, 2015 წლის 08 იანვრის სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის (დროებითი მოვალეობის შემსრულებლის) №----------------- ბრძანების თანახმად, ბ---------------ეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და 2015 წლის 09 იანვრიდან განთავისუფლდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების გ---------–---------------ს თანამდებობიდან. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილებით, ბ---------------ის სარჩელი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის ჰოსპიტალის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 08 იანვრის ბრძანება და მოსარჩელე ბ---------------ე აღდგენილ იქნა სსიპ გ---------------–---–-ს სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ს---------------------ის თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.13. რაც შეეხება მხარის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 2565.00 ლარის ოდენობით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს აქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი სხვა ნივთების შეძენა სახელმწიფოს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით არის გამოწვეული, აღნიშნული წარმოშობს ზიანის მოთხოვნას, თუმცაღა არა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი არააუცილებლი ხარჯების გაწევა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
2.14. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იგი შეზღუდულია დაეყრდნოს მხოლოდ ერთი, დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებას. განსახილველ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის კ.ს. ,,საადვოკატო ბიურო - ს-------------------------------ის” ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხის გადახდა, ხარჯის გაწევა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.15. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაზე ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 16 ნოემბრის №------ საადვოკატო მომსახურეობის ხელშეკრულება და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი №------, რომლითაც დასტურდება, რომ ბ---------------ემ დ--------–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შემოტანის დღეს, 2016 წლის 16 ნოემბერს, გადაუხადა საადვოკატო მომსახურეობის საფასური 2500 ლარის ოდენობით, ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს მოპასუხის ქმედების შედეგად ქონებრივი ზიანის წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ბ---------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.2 პუნქტში არასწორად შეაფასა მოსარჩელე ბ---- ს-------ის მიერ მისი პატიმრობის დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაწეული ხარჯები და აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლზე, რადგან ბ---------------ეს მის მიმართ განხორციელებული უკანონო პატიმრობის შედეგად წარმოეშვა ის ხარჯი, რომელიც მან 2565 ლარის ოდენობით გადაიხადა პატიმრობაში ყოფნის დროს. აპელანტის განმარტებით, აქ შესაფასებელი და გამოსარკვევი არის მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო პატიმრობასა და მის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის. ბ---------------ე არ იყო ვალდებული უკანონო პატიმრობის საფუძველზე მიეღო ის მომსახურება, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სთავაზობდა. ის რომ არ ყოფილიყო უკანონო პატიმრობაში, ბუნებრივია, არ ექნებოდა ის ხარჯი, რაც მან 2565 ლარის ოდენობით გასწია პატიმრობის დროს და აღნიშნული თანხის გადახდის საფუძველი არის მხოლოდ მისი პატიმრობა. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ 2565 ლარი არის ზიანი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რადგან აღნიშნული პირის ინიციატივით იმყოფებოდა ბ---------------ე უკანონო პატიმრობაში.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში ასევე არასწორად არის შეფასებული ბ---------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის დროს ადვოკატისთვის გადახდილი მომსახურების ჰონორარი 2500 ლარის ოდენობით. სასამართლოს ამ შემთხვევაშიდაც ყურადღება უნდა მიექცია ბ---------------ის მიერ ამ თანხის გადახდის მიზეზშედეგობრივ კავშირზე მის მიმართ განხორციელებული უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველთან. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბ---------------ეს თავისუფლებაში ყოფნის დროს არ სჭირდებოდა ადვოკატი, მას აღნიშნული ხარჯის გაწევა მოუწია მოწინააღმდეგე მხარის ქმედებების გამო. ხოლო რაც შეეხება ამ ნაწილში მოთხოვნის დასაბუთებას საჭირო მტკიცებულებებით, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ამ საფუძვლით აღნიშნული თანხის გადახდა სადაოდ არ გაუხდია და არც სასამართლოს დაუდგენია ამ ფაქტთან დაკავშირებით არც სადაო და არც უდავო გარემოებები. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ ბ---------------ის უკანონო პატიმრობამ გამოიწვია მისი სულიერი ტკივილის და უხერხულობის თმენის გარდა, მისი რეპუტაციის შელახვა, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციების შედეგად ის დასახელებული იყო, როგორც მექრთამე. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში მორალური კომპენსაციის დაკისრება მხოლოდ 6000 ლარის ოდენობით არის არაგონივრული და აშკარად მცირე. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით შეფასების მიხედვით აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ბ---------------ეს ამ საფუძვლით უნდა აუნაზღაურდეს 150000 ლარი და არა მხოლოდ 6000 ლარი.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია დაუდგენელი და შეუფასებელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გასაჩივრებულ ნაწილში იურიდულად არის დაუსაბუთებელი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაქუმების საფუძველს. ამასთან, სასამართლომ გასაჩივრებული ნაწილის დასაბუთების მიზნით არასწორად გამოიყენა პატიმრობის კოდექსი, რაც წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობას და ამავე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
3. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.4. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, ბ---------------ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
3.5. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანიათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სასამრთლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა. კერძოდ: ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო. ამასთან დაკავშირებით, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, საგულისხმოა საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა მსგავს საქმეებთან მიმართებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის №--------- გადაწყვეტილებით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ. ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე და 02 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით მორალური ზიანის ანაზაღაურება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე გ.გ.-ს 2012 წლის 28 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, 2013 წლის წლის 28 ივნისის განაჩენით გამართლდა, 2013 წლის 07 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა, საბოლოოდ გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 1 წელი, 07 თვე და 26 დღე. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ბ---------------ე პატიმრობაში იმყოფებოდა 08 (რვა) თვე. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივი ნორმები, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსგავს საქმეებზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
3.6. რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩინებაში განმარტა რომ, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის მისი დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებლი, მაგრამ არა გარანტი. რაღაც პერიოდში მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამასთან, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე. „მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის #ას-307-291-2011 განჩინება). აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 თავი განსაზღვრავს სხვა საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის, რეგლამენტირებულია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საპროცესო შესაძლებლობა, კერძოდ, 159ე-162-ე მუხლებით განსაზღვრულია ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, წესი და ვადა. მოცემულ შემთხვევაში კი პროკურატურას ბ---------------ის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
3.7. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშებისას განსაზღვრა პერიოდი - ბ------------ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემიდან მისი სამსახურში აღდგენის ბრძანების გამოცემამდე. საქმეში წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და განჩინება ბ---------------ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რა გახდა ბ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი და ამ სახით შესულია თუ არა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. სამსახურში აღდგენის ბრძანების მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან ამ სამოქალაქო საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყევტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, ამ მოცემულობაში არ დგინდება ბ---------------ესა და მის დამსაქმებელს შორის შრომითი დავის განხილვა/სამსახურში აღდგენა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია თუ არა პროკურატურის ქმედებასთან. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელმა მითითება გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის №--------- კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიუღებელი შემოსავლის ოდენობა განისაზღვრა გამამართლებელი განაჩენის მიღების მომენტისათვის და არა შრომის ხელშეკრულების მთელ პერიოდზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ---------------ე 2014 წლის 12 დეკემბერს დაკავებულ იქნა, ხოლო 2014 წლის 13 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნას თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე №1---------- განჩინების თანახმად, პროკურორ თ------------------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბრალდებული ბ---------------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და ის დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და 2014 წლის 19 დეკემბრის №---------- საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება და ბ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. 2015 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.
4.3. 2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილით აცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ბ---------------ის დაკავების შესახებ, 2015 წლის 08 იანვრის სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის (დროებითი მოვალეობის შემსრულებლის) №----------------- ბრძანების თანახმად, ბ---------------ეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და 2015 წლის 09 იანვრიდან განთავისუფლდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების გ---------–---------------ს თანამდებებიდან.
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 მაისის №-------- განაჩენის თანახმად, ბ----------------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180 მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებაში, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ცნობილ იქნა უდანაშუალოდ და გამართლდა.
4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის №--------- განაჩენით ბ---------------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენი ბ---------------ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების შესახებ დარჩა უცვლელად.
4.6. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილებით, ბ---------------ის სარჩელი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის ჰოსპიტალის მიმართ დაკმაყოფილდა და გაუქმდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 08 იანვრის ბრძანება და მოსარჩელე ბ---------------ე აღდგენილ იქნა სსიპ გ---------------–---–-ს სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ს---------------------ის თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ასევე განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
4.8. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას ,,სამართლიან ანაზღაურებაზე’’. ,,სამართლიანი ანაზღაურების’’ მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“
4.9. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
4.10. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი უდანაშაულოდ ცნობა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ---------------ე 2014 წლის 12 დეკემბერს იქნა დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ შეეფარდა აღკვეთის ღონისძება, რაც გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მთავარი პოკურატურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის №---------- განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფლდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება და ბ---------------ეს აღკვეთი ღონისძების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულ ბ---------------ეს პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავებიდან და პატიმრობაში ჩაეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2014 წლის 12 დეკემბრიდან (19:10 საათიდან), თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს სხდომის დარბაზიდან განთავისუფლებამდე (14:01 საათამდე) პერიოდი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული ღონისძიება პატიმრობა ბ---------------ეს შეეცვალა გირაოთი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 მაისის №-------- განაჩენით ბ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ აღნიშნულ განაჩენში განმარტა, რომ 2014 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით 400 ლარის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე. გამოძიების ეტაპაზე 2014 წლის 13 დეკემბერს ბ---------------ის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო მოხელის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, შემდგომ კვალიფიკაცია ორჯერ შეიცვალა. 2015 წლის 20 იანვარს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დაზუსტდა დანაშაულის სუბიექტი, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ბ---------------ე, როგორც დანაშაულის სუბიექტი იყო არა საჯარო მოხელე, არამედ საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი. დასკვნით სიტყვამდე კი ბრალდება მესამეჯერ დაზუსტდა და ბოლო ეტაპზე ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით). სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, პროკურორს ბრალდების სამჯერ შეცვლით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია, თუმცა ბრალდების ხშირი ცვალებადობა სასამართლოს აფიქრებინებს, რომ გამოძიება არ იყო დამაჯერებელი. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდება არ ეფუძნებოდა ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ეჭვზე და ვარაუდებზე იყო დაფუძნებული, რაც გაბათილებულ ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად მოცემულ ვითარებაში შეუძლებელი იყო იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა მართლაც ჩაიდინა ინკრიმინირებული ქმედება.
4.11. მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნაზე საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, პატიმრობის შეფარდება, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სწორად განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები, რადგან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად განმეორებით დააკავეს 2014 წლის 19 დეკემბერს, რადგან მას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში იმყოფებოდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე - 2015 წლის 14 აგვისტომდე, 8 (რვა) თვის მანძილზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობდა 2014 წლიდან 2016 წლამდე და ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე ითმენდა ამ ბრალდებით გამოწვეულ უხერხულობას. გასათვალისწინებელია ასევე წარდგენილი ბრალდების სიმძიმე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იწვევს პირის ღირსების შელახვას და არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ, ევრო-სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარია. სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
4.12. ბ---------------ის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოვლა-შენახვის ხარჯმა 2 565.00 (ორი ათას ხუთას სამოცდახუთი) ლარი. ამასთან, მხარე ითხოვს წართმეული შრომითი უფლების ნაყოფის (ხელფასის) მიუღებლობით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, დაკავებული თანამდებობიდან განათავისუფლების დღიდან 08.01.2015 წლიდან - 10.01.2017 წლამდე 54 000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ---------------ე დაკავებისას მუშაობდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და დაკავებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში გ---------–---------------ს თანამდებობა, ხოლო მისი დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენა თვეში 2250 (ორიათას ორასორმოცდაათ) ლარს. ბ---------------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილით აცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ბ---------------ის დაკავების შესახებ, 2015 წლის 08 იანვრის სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის (დროებითი მოვალეობის შემსრულებლის) №----------------- ბრძანების თანახმად, ბ---------------ეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა და 2015 წლის 09 იანვრიდან განთავისუფლდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების გ---------–---------------ს თანამდებობიდან. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილებით, ბ---------------ის სარჩელი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის ჰოსპიტალის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 08 იანვრის ბრძანება და მოსარჩელე ბ---------------ე აღდგენილ იქნა სსიპ გ---------------–---–-ს სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ს---------------------ის თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით არასწორად დაეკისრა დარიცხული ხელფასის - 54 000.00 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, არამედ უნდა დაკისრებოდა ხელზე ასაღები თანხის - 43 200 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს სწორედ ხელზე ასაღები თანხის - 43 200 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
4.13. რაც შეეხება მხარის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 2565.00 ლარის ოდენობით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს აქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი სხვა ნივთების შეძენა სახელმწიფოს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით არის გამოწვეული, აღნიშნული წარმოშობს ზიანის მოთხოვნას, თუმცაღა არა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, ვინაიდან მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი არააუცილებლი ხარჯების გაწევა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
4.14. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იგი შეზღუდულია დაეყრდნოს მხოლოდ ერთი, დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის კ.ს. ,,საადვოკატო ბიურო - ს-------------------------------ის” ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხის გადახდა, ხარჯის გაწევა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ბ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის 2500 ლარის გადახდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მითითებული თანხის ანაზღაურების ვალდებულებაც.
4.15. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაზე ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 16 ნოემბრის №------ საადვოკატო მომსახურეობის ხელშეკრულება და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი №------, რომლითაც დასტურდება, რომ ბ---------------ემ დ--------–-----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შემოტანის დღეს, 2016 წლის 16 ნოემბერს, გადაუხადა საადვოკატო მომსახურეობის საფასური 2000 ლარის ოდენობით, ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს მოპასუხის ქმედების შედეგად ქონებრივი ზიანის წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ---------------ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბ---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს მთავარი პროკურატურას ბ---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი ხელფასის - 43 200 ლარის (ორმოცდა სამი ათას ორასი ლარი, ხელზე ასაღები თანხა), მორალური ზიანის - 6000 (ექვსი ათასი) ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ---------------ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს მთავარი პროკურატურას ბ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის - 43 200 ლარის (ორმოცდა სამი ათას ორასი ლარი, ხელზე ასაღები თანხა), მორალური ზიანის - 6000 (ექვსი ათასი) ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი