განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2018
საქმის ნომერი
080100117002160329
ინსტანცია
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002160329

(1/ბ-213-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ირინე მჟავიას,ადვოკატის - ნიკოლოზ კანკავას,მსჯავრდებულის - ნ-------------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------------–------------–---------ას მიმართ, პირადი №5----------, დაბადებული 197- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული წ---–-----------------------ი, მცხოვრები: წ---–------------------------ი,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------------ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.რაც გამოიხატა შემდეგში:

 

წ---–-------- რაიონის სოფელ უ------ში, 2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 09 საათზე, ნ-------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ--------------ეს, კერძოდ, ჯოხი დაარტყა გვერდისა და ფეხის არეში, აღნიშნულის შედეგად ნ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ნ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ-------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ შეგნებულად თავი აარიდა დაზარალებულის ჩვენების ცრუ ჩვენებაში ელემეტების შემცველი ფრაგმენტების მიმართ კრიტიკულ შეფასებას, რითაც დაარღვია საქართვერლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის დანაწესი. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებები არც კი აისახა განაჩენში, რა დროსაც მოწმნეებმა მ----------------------მ და ნ---------------ემ დეტალურად და მკაფიოდ აჩვენეს, რომ ე.წ. დაზარალებული ბუნებით არის კონფლიკტური ადამიანი და მის საქციელი ზოგჯერ არაადეკვატურია. ნ-------------ას ფსქიკური დამოკიდებულება ე.წ. დაზარალებულის ქმედების მიმართ, გამოიხატა არა მარტო მოგერიებაში, არამედ მის ,,პროფილაქტიკურ” უკურეაქციაში, მომდევნო თავდასხმის თავიდან აცილოების მიზნით. ნ-------------ა ვერ ერკვევა კანომდებლობაში და არ შეეძლო სცოდნოდა, რომ იდენტური ქმედების ფონზე (ცემა), დაზარალებული დაუსჯელი, ხოლო თავად დანაშავის როლს მოირგებდა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტ - მსჯავრდებულ ნ-------------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნიკოლოზ კანკავას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ქუთაისის რაიონულ პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ნ---------ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს წ---–-------- რაიონი სოფელ უ------ში და წლების განმავლობაში აქვს კონფლიქტი მის მეზობლად მცხოვრებ ნ-------------ასთან. შემთხვევის წინა დღეს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ესმოდა მისი მისამართით ნ-------------ას ლანძღვა-გინება, უწოდებდა მას ქურდს და ამბობდა, თუ სად წაიყვანა მისი ძროხა. აღნიშნულის გამო მივიდა მის მეზობლად მცხოვრებ კ----–------------თან და სთხოვა დახმარებოდა მას დაერწმუნებინა ნ-------------ა, რომ მას მისი ძროხა არ მოუპარავს. რის გამოც, კ----–----------ე მივიდა ნ-------------ასთან. ნ-------------ას ძროხის დაკარგვის ფაქტზე სოფელში მისული იყო პოლიცია, რომელთაც განუცხადა, რომ ნ-------------ა აბრალებდა მას ძროხის ქურდობას. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, სახლიდან გაიყვანა მისი კუთვნილი საქონელი, როდესაც გაიარა ნ-------------ას ჭიშკართან დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ხის ,,რეიკით“ იდგა მისი სახლის შესასვლელ ჭიშკართან. მოწმის ნ--------ის განმარტებით, მან უხმოდ წაიყვანა საქონელი და როდესაც უკან ბრუნდებოდა და მიუახლოვდა ნ--------------ას მივარდა მას და მოულოდნელად ხის ,,რეიკით“ დაუწყო ცემა მას, ორჯერ დაარტყა ფეხის არეში, ასევე წელზე, რა დროსაც, ხის ,,რეიკა“ გადატყდა. ამ დროს ნ-------------ას ხის ,,რეიკა“ ხელიდან წაართვა მეზობელმა ა----------–--ემ. ნ--------------ა სცემდა, მას სიტყვა არ შეუბრუნებია მისთვის, მართალია მისკენ ხელით წაიწია, მაგრამ ნ-------------ას არ შეხებია და ისევ დაწია ხელი დაბლა. ამ დროს ნ-------------ა მას სიტყვიერადაც ლანძღავდა, უწოდებდა ქურდს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. იგი გახდა ცუდად და დაურეკა თავის მეზობელს. მას სხეულზე აღენიშნება ნ-------------ას მიერ მიყენებული ,,ჩალურჯებები“ და დაზიანებები. მის სანახავად მივიდნენ მისი ნათესავები, მეზობლები, ასევე მისული იყო პოლიციაც. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც გასინჯეს და გაუკეთეს ნემსი. ექიმები მასთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დარჩნენ. მოწმის განმარტებით, ნ-------------ას დაკარგული ძროხა იმ დღესვე იქნა ნაპოვნი პოლიციის თანამშრომლების მიერ. ადასტურებს, რომ დაახლოებით 23 წლის წინ ნ-------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას. მათი კონფლიქტის მიზეზი გამოწვეული იყო მის ეზოში დანთებული ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გამო, რომელიც გადადიოდა ნ-------------ას ეზოში, რაც ამ უკანასკნელს არ მოსწონდა. განმარტავს, რომ ნ-------------ა ამ ფაქტამდე ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქუჩაში არ უშვებდა, ესროდა ქვებს. მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ მიიტანა ნ-------------ამ ეჭვი მასზე დაკარგული საქონლის მოპარვაში. მოწმის განმარტებით, მას კონფლიქტის დროს ხელში ჯოხი არ ქონია. ა----------–--ის მიერ ნ-------------ას ხელში არსებული ხის ,,რეიკის“ გადაგდების შემდეგ, ნ-------------ა გაჰყვა მას უკან და უძახოდა ,,უნდა მოგკლაო“ ასევე, მის ხელთ არსებული ტელეფონით უღებდა მას სურათებს.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ---–--------–------ძის ჩვენების თანახმად, არის ნ--------------ის და ბრალდებულ ნ-------------ას მეზობელი. ნ-------------ას მეუღლე არის მისი შვილის ნათლია. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მას ტელეფონით დაუკავშირდა ნ--------------ე და აცნობა, რომ იყო ცუდად, რადგანაც ნ-------------ამ ხის ,,რეიკით“ სცემა იგი. მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდა ნ--------------ის სახლში, ნახა, რომ ეს უკანასკნელი იწვა საწოლში და ფეხები ქონდა ,,დალურჯებული“, ასევე, თირკმელებთან აღენიშნებოდა ,,ჩალურჯებები“, ჩანდა, რომ იგი ნამდვილად გალახული იყო. იმის გამო, რომ ნ--------------ის სხეულზე იმატებდა სილურჯეები და სტკიოდა წელი საჭიროდ ჩათვალეს დაერეკათ სასწრაფო სამედიცნო დახმარებისთვის. სასწრაფო დახმარების ექიმებმა გასინჯეს ნ--------------ე და გაუკეთეს მას ნემსი. ნ-------მ იქვე განუმარტა მათ, რომ ნ-------------ა აბრალებდა მას ძროხის ქურდობას, რის გამოც, სცემა იგი. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ნ--------------ესა და ნ-------------ას შორის ადრეც ჰქონდა კონფლიქტს ადგილი. როგორც მისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი ნ-------------ას ძროხა ნაპოვნი იქნა იმავე დღეს, დილის 8 საათზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა----------–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა ყვირილის ხმა. როდესაც გადავიდა ეზოდან, დაინახა, რომ ნ------- ს-----ე იდგა თავის ჭიშკართან და საშველად უხმობდა პოლიციას. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია. მას ესმოდა ნ-------------ას და ნ--------------ის სიტყვები რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ. ამ ორ მეზობელს შორის ყოველთვის იყო კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, მას რაიმე სახის ხის ,,რეიკა“ არ დაუნახავს. ის უბრალოდ შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ნ-------------ა და ნ--------------ე ერთმანეთს სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა--------------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი და ნ--------------ე იყო ცუდად. როდესაც მივიდა მისი დის სახლში, ნახა, რომ ნ--------------ეს ფეხებზე ჰქონდა ,,ჩალურჯებები“ და ამბობდა ნ-------------ამ დამარტყა ხის ,,რეიკაო“. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. სასწრაფოს ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი დის გაჩერება სახლში არ შეიძლებოდა და იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის ა---------ის განმარტებით, როგორც მისმა დამ უთხრა ნ--------------ა აბრალებდა მას ძროხის ქურდობას და ამიტომ სცემა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-------------ას დაკარგული ძროხა იმ დღესვე დილით უნახავთ. კონფლიქტის მიზეზი ყოფილა ის, რომ მის დას ცეცხლი დაუნთია ეზოში და კვამლი გადასულა ნ-------------ას მხარეს, რის გამოც, მოსვლიათ კამათი. მოწმის განმარტებით, საავადმყოფოში მყოფი მისი და ნ--------------ე ამბობდა, რომ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ქონდა ტკივილები.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქ------–--–--ის ჩვენების თანახმად, ნ--------------ე არის მისი და ხოლო, ნ-------------ა კი მისი დის მეზობელია. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 01 სექტემბერს, დილის საათებში მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და აცნობეს, რომ მისი და იყო ცუდად. როდესაც მივიდა ნ-------ს ს-----ის სახლში ეს უკანასკნელი ტიროდა. ნახა, რომ მის დას დალურჯებული ქონდა ფეხები და წელის არე. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ასევე პოლიციაც. ნ--------------ე ამბობდა, რომ ნ-------------ამ გამლახა ,,კეტითო“, რადგანაც აბრალებდა საქონლის ქურდობას. მის დას სტკიოდა დაზიანების ადგილები და შესამჩნევად ჩალურჯებული ქონდა ფეხები და წელის არე. ადასტურებს, რომ ნ--------------ესა და ნ-------------ას ადრეც ჰქონდათ კონფლიქტი, იმის გამო, რომ მისი დის ეზოდან კვამლი გადასულა ნ-------------ას ეზოში, ამ უკანასკნელმა ადრე მის დედას 82 წლის მოხუცს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმის სახით დაკითხულ დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელის ვ---------------ის ჩვენების თანახმად, შეტყობინების საფუძველზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო წ---–-------- რაიონი სოფელ უ------ში მომხდარ ცემის ფაქტზე. სადაც შემთხვევის ადგილზე თავის საცხოვრებელ სახლში დახვდათ ნ------- ს-----ე, რომელმაც განუცხადა მათ, რომ სცემა მეზობელმა ნ-------------ამ. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, ასევე გამოკითხული იქნა ნ-------------ა, რომელმაც აღიარა ნ--------------ის ცემის ფაქტი. ნ-------------ას წარუდგინა ბრალი. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა იქ უკვე მისულები დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ხოლო დაზარალებული ნ--------------ე იწვა თავის საცხოვრებელ სახლში. იქვე შეკრებილი იყვნენ მეზობლებიც. გამოკითხვა მის მიერ ნაწარმოები იქნა პოლიციის განყოფილებაში. იმ დღესვე დაკითხა დაზარალებული ნ--------------ეც, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ხის ,,რეიკით“ სცემა ნ-------------ამ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია. იქვე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ--------------ესა და ნ-------------ას შორის დიდი ხნის მანძილზე ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ-------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით 27 წელიწადია, რაც კონფლიქტი აქვს მის მეზობლად მცხოვრებ ნ--------------ესთან, რომელიც მას თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, წყევლის მას და მის ოჯახს. შემთხვევის წინა დღეს დაეკარგა ძროხა, რის გამოც, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები წავიდნენ ძროხის საძებნელად სხვადასხვა მიმართულებით. შემთხვევის დღეს მარტო იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც, მისი ეზოს ჭიშკართან ნ--------------ემ ჩამოატარა ძროხები და დაინახა იგი დაუწყო მას წყევლა. როდესაც ნ--------------ე უკან ბრუნდებოდა, იგი იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. ნ--------------ემ ისევ დაუწყო მას წყევლა და მოუქნია მის ხელით არსებული ძროხის გასადენი ჯოხი, ადასტურებს, რომ წაართვა მას ჯოხი და დაარტყა. განმარტავს, რომ წლების წინ ნ--------------ე ანთებდა თავის ეზოში ცეცხლს, როდესაც ქარის მიმართულება იყო მისი ავადმყოფი დედის საცხოვრებელი ოთახის ფანჯრების მიმართულებით. რასაც მოჰყვა კონფლიქტი და ამის გამო მის დედას, რომელიც გასული ყოფილა ეზოში ცეცხლის ჩასაქრობად ნ--------------ემ თავი გაუტეხა. მოწმის სახით დაკითხული მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ ნ--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ თუ სამჯერ დაარტყა მას ჯოხი, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული აიძულა ნ--------------ემ, რადგანაც თავდაცვის მიზნით წაართვა ამ უკანასკნელს ჯოხი და ამ ჯოხით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მისთვის უცნობია სხეულის რა ადგილებში მოხვდა მის მიერ მოქნეული ჯოხი ნ--------------ეს. ეს ჯოხი იყო პატარა და მას ხელში არ სჭერია ექვსმეტრიანი ხის ,,რეიკა“ როგორც ამას ნ--------------ე მიუთითებს. განმარტავს, რომ იგი არის ავად, აქვს წელის ტკივილები და ექვსმეტრიან ხის ,,რეიკას“ იგი ვერ გამოიყენებდა. ამის შემდეგ ნ--------------ემ ატეხა კივილი მისი მისამართით წყევლა-კრულვა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. იმ დღეს ნ--------------ე, ასევე, ეჩხუბა მის მეზობელს ა----------–--ეს და შემდეგ მუშაობდა თავის ეზოში, რაც მოწმის განმარტებით, იმაზე მიუთითებს, რომ ნ--------------ეს მისი მხრიდან რაიმე დაზიანება არ მიუღია. ითხოვს, რომ ნ--------------ემ თავი დაანებოს მისი მისამართით წყევლას. ითხოვს გამართლებას.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 01.09.2017წ. 20:45-21:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--------------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დასკვნის თანახმად, ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო დაცვის მხარის განმარტებას, რომ ნ-------------ა დაზარალებულმა ნ--------------ემ აიძულა და თავდაცვის მიზნით წაართვა ამ უკანასკნელს ჯოხი და ამ ჯოხით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით: ის, ვინც არი იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია არ დაისჯება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.

შეცდომა მისატევებელია თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ბრალის გამომრიცხველი ეს გარემოება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება: პირმა ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის შეცდომა შეიძლება დაუშვას, როგორც თავის სასარგებლოდ, ისე საზიანოდ, პირი არ ფიქრობს, რომ აზიანებს სისხლის სამართლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს ან არ იცის მისი სამართლებრივი ბუნების შესახებ, რომ ასეთი ქმედების ჩადენა დასჯადია, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ იმოქმედებდა. კონკრეტულ შემთხვევაში ნ---------ასთვის სავალდებულო არ იყო სცოდნოდა დანაშაულის იურდიული შინაარსი და დანაწესები, მთავარია მან იცოდა, რომ სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სამართლებრივად დაცული სიკეთეა, რომ ყოველგვარი კანონდარღვევა (თუნდაც დაზარალებულის მხრიდან) აღკვეთილი უნდა იქნას სამართალდამცავი ორგანოების მიერ (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა). ნ---------ა კი აცხადებს, რომ ამ დავაში ,,პოლიციის ჩარევას” მოერიდა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე, სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული და მისი ადვოკატი აპელირებენ ნ--------ას მხრიდან მისატევებელი შეცდომის დაშვების შესახებ, თუმცა სამართლებრივი განმარტებისას მოიხმობენ სსკ-ის 28-ე მუხლით განსაზღვრულ აუცილებელი მოგერიების განმარტებას. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არის იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ასეთი ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მართალია მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარესაა, თუმცა როგორც აღნიშნული იყო შეჯიბრებითობის პირობებში საკუთარი პოზიციის გასამტკიცებლად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა გარკვეული მტკიცებულებები წარუდგინოს სასამართლოს.

რაც მთავარია სასამართლოსთვის ფრიად გაურკვეველი დარჩა დაცვის მხარის პოზიცია და მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთება. ნ---------ას ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება (სსკ-ის 28-ე მუხლი) თუ ბრალის გამომრიცხველი გარემოება (სსკ-ის 36-ე მუხლი), ამ ორი ცნების ერთმანეთში არევა და ერთი ქმედების ორი სამართლებრივი განმარტებით წარმოჩენა - არ წარმოადგენს არგუმენტირებულ მსჯელობას და გავლენას ვერ ახდენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ნ-------------ას მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნიკოლოზ კანკავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე