განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2018
საქმის ნომერი
330310017001982013
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001982013

საქმე N3ბ/781-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ------- თ-----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე---------–-–---–-;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №--- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ------- თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელე გ------- თ-----–---–ისათვის 2017 წლის აპრილიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ------- თ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. მოსარჩელე გ------- თ-----–---–ი დაიბადა 1994 წლის 1--------–- და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი.

 

4.2. მოსარჩელე გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და ამის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი მიენიჭა ასევე მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს.

 

4.3. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს ცნობით, გ------- თ-----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------–-.

 

4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი, ხოლო მითითებული ბრძანება ძალაშია შესული.

 

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან აღნიშნა, რომ იგი დაიბადა 1994 წლის 1--------–- ქ. თბილისში, სკოლაში სწავლა დაიწყო ქ. თბილისში, ხოლო 2005 წელს გადავიდა ახალგორის რაიონის სოფელ ი-----ის საჯარო სკოლაში და 2008 წელს სწავლა გააგრძელა და დაამთავრა ქ. თბილისის 3--- საჯარო სკოლაში. 2005 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კ---------–- პაპა და ბებიასთან, ხოლო მისი მშობლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში.

 

4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 13 აპრილს მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და წარუდგინა დასკვნა მოსარჩელე გ------- თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის შესახებ.

 

4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლებიც არასრულწლოვანი პირისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების პირობებს განსაზღვრავს, კერძოდ აღნიშნული პუნქტების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ - ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმების სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვნის მიერ, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მიღების კანონით გათვალისწინებულ პირობას, მისი ერთ - ერთი მშობლის მიერ, შესაბამისი სტატუსის მიღება წარმოადგენს და აღნიშნული პირობა მოქმედებს ამ პირის სრულწლოვნების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, შესაბამისად, პირს, რომელიც არასრულწლოვანი იყო იძულებით გადაადგილების დროს, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს აღნიშნული სტატუსი მინიჭებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და ამის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი მიენიჭა, ასევე მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და მითითებული ბრძანება ძალაშია შესული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის გამოც მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიენიჭა, აღარ არსებობს და მისთვის სტატუსის გაუქმება კანონიერია.

 

6. გ------- თ-----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

6.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

7. გ------- თ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

7.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, არასწორად განმარტა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლი. ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და და 105-ე მუხლები და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლები.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე და 95-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობა ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალიწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე და განმარტავს, რომ არც გამგეობის და არც სამინისტროს მიერ არ ეცნობა, თუ სად და როდის გაიმართებოდა სხდომა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით. აპელანტი მიუთითებს, რომ მართალია დევნილის სტატუსი მიენიჭა როგორც არასრულწლოვანს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დადგინდა მისი ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მიუთითებს, რომ სარჩელით ითხოვდა არა დევნილის სტატუსის მინიჭებას, არამედ აღდგენას, რადგან მას უკვე ჰქონდა დევნილის სტატუსი მინიჭებული.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ -სამართლებრივ და სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.

 

მართალია სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მაგრამ რამდენადაცისინი არასრულყოფილადაა დადგენილი, სააპელაციო პალატა ქრონოლოგიურად მიუთითებს მათზე და აღნიშნავს:

 

მოსარჩელე გ------- თ-----–---–ი დაიბადა 1994 წლის 1--------–- და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი.

 

გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი მიენიჭა ასევე გ------- თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს. მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი, მითითებული ბრძანება ძალაშია.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოსარჩელე გ------- თ-----–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან აღნიშნა, რომ იგი დაიბადა 1994 წლის 1--------–- ქ. თბილისში, სკოლაში სწავლა დაიწყო ქ. თბილისში, ხოლო 2005 წელს გადავიდა ახალგორის რაიონის სოფელ ი-----ის საჯარო სკოლაში და 2008 წელს სწავლა გააგრძელა და დაამთავრა ქ. თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში. 2005 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კ---------–- პაპა და ბებიასთან, ხოლო მისი მშობლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 მარტის N--- ბრძანებით, გ------- თ-----–---–ის მამას - ბ-–-- თ-----–---–ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ვინაიდან, გ------- თ-----–---–ს სტატუსი მინიჭებული ჰქონდა როგორც არასრულწლოვანს, მამის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით, ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული 2017 წლის 20 ივნისისა და 2017 წლის 23 ივნისის განცხადებებით ზ------ თ-----–---–ი, ვ-–-------- თ-------–---–ი, თ----- თ-----–---–ი, ბ-----–---------ი და მ-----------–---–ი ადასტურებენ 2008 წლის აგვისტოს ომამდე გ------- თ----–---–-ს ახალგორის რაიონის სოფელ კ---------–- მუდმივად ცხოვრების ფაქტს. (ს.ფ 87-89).

 

საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის კ---------- თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 23 ივნისის N-- ცნობით მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების განცხადებების საფუძველზე ადასტურებს, რომ გ------- თ-----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------–-. (ს.ფ 83).

 

საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს N------ ცნობით გამგებელი ადასტურებს, რომ გ------- თ-----–---–ი (პ/ნ 0----------) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონი სოფელ კ---------–-. (ს.ფ 82).

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტის მიერ განმარტებული იქნა მისი ახალგორის რაიონის სოფელ კ---------–- მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის საფუძველი. მისი განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო ოჯახის წევრის კერძოდ, პაპის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას და მოვლას საჭიროებდა და ასევე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით (დაავადებულია შიზოფრენიით), რის გამოც იგი, როგორც არასრულწლოვანი გარიდებული იქნა აღნიშნულ სიტუაციას. გ------- თ-----–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ დედის - ნ----- ი----–---–ის სახელზე გაცემული საპენსიო მოწმობის ასლი, სახე - II ჯგუფის ინვალიდი, მნიშვნელოვნად გამოხატული, შეზღუდვის სტატუსი დადგინდა - უვადოდ.

 

პალატა მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლებიც არასრულწლოვანი პირისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების პირობებს განსაზღვრავს, კერძოდ აღნიშნული პუნქტების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ -ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ------- თ-----–---–ისათვის, როგორც არასრულწლოვანი პირისათვის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება განხორციელდა მამის დევნილის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე და მას ეს სტატუსი ჩამოერთვა ავტომატურად, მამის ბ-–-- თ-----–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველზე, სადავო 2017 წლის 21 აპრილის N703 ბრძანებაში დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა ემსჯელა და დაედგინა გ------- თ-----–---–ის ახალგორის რაიონის სოფელ კ---------–-, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რადგან გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, სავარაუდოდ იგი აკმაყოფილებდა სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, მიუთითებდა რა მნიშვნელოვან გარემოებებზე: პაპის მოვლის საჭიროება, დედის მძიმე ავადმყოფობა და მისი, როგორც არასრულწლოვნის გარიდების საჭიროება, მოწმეთა განმარტებები და სხვა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა. არსებობს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №--- ბრძანება გ------- თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ------- თ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ------- თ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №--- ბრძანება გ------- თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა.

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -