განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001436926
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-105-2018 1 მაისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ--- კ------–----
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ტ------–--------–----–------ი
წარმომადგენელი - ქ----------------ე, ს---------------–---–ი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ--- კ------–----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 4 ივნისს ტ------–--------–----–------ის საკრებულომ მიიღო განკარგულება N38, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტ------–--------–----–------ის ხელოვნების სკოლის“ დაფუძნების შესახებ. ამავე განკარგულების მეორე პუნქტით ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად (დირექტორად) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაინიშნა მ--- კ------–----. ტ------–--------–----–------ის გამგებლის მიერ 2014 წლის 07 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტ------–--------–----–------ის ხელოვნების სკოლის“ წესდების მეექვსე მუხლის პირველი ნაწილით დადგინდა, რომ „სკოლას“ ხელმძღვანელობდა დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა ტყიბულის მუნუციპალიტეტის გამგებელი, წესდების მეექვსე მუხლის მეორე ნაწილით დირექტორს მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2.2. 2016 წლის 21 ივნისს ტ------–--------–----–------ის გამგებელმა გამოსცა N47430 ბრძანება, რომლის მიხედვით, ტ------–--------–----–------ის გამგეობის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ა.(ა).ი.პ „ტ------–--------–----–------ის მ-----–--------–---–ის სახელობის ხელოვნების სკოლაში“ განხორციელებული აუდიტორული ანგარიშის (10.07.2013-31.12.2015) გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის, 1061-ე მუხლის მე-13 ნაწილის და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ტ------–--------–----–------ის მ-----–--------–---–ის სახელობის ხელოვნების სკოლის“ წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ა(ა)იპ „ტ------–--------–----–------ის მ-----–--------–---–ის სახელობის ხელოვნების სკოლის“ დირექტორი მ--- კ------–---- გათავისუფლდა თანამდებობიდან და ამავე თანამდებობაზე დაინიშნა ნ--------------ე. 2.3. კ------–----ს გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან განხორციელდა აუდიტორული ანგარიშის საფუძველზე. კერძოდ, ტ------–--------–----–------ის გამგებლის 2015 წლის 29 დეკემბრის N47 143 ბრძანებით დამტკიცდა შიდა აუდიტორული შემოწმების 2016 წლის წლიური გეგმა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ტ------–--------–----–------ის მ-----–--------–---–ის სახელობის ხელოვნების სკოლის“ გეგმიური აუდიტი 2016 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემოწმება მოიცავდა 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. აუდიტორულ ანგარიშში მითითებულია, რომ „სკოლაში“ არ არის შემუშავებული კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური და არაფინანსური აქტივების ეფექტურ და გამჭირვალე ხარჯვას. დაწესებულებაში ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშგება არ არის ნაწარმოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. არ არის ნაწარმოები სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა, არ არის თითეული ანგარიშისთვის გახსნილი მემორიალური ორდერი, შესაბამისად, არ არის გახსნილი მაგროვებელი უწყისები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშთა გეგმის შესაბამისად არ არის შედგენილი ბრუნვათა უწყისი, საერთოდ არ გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის აღნიშნული ანგარიშთა გეგმა, არ ხდება ბალანსის შედგენა. საბიუჯეტო წლის ბოლოს ჩატარებული ინვენტარიზაციები არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებს. საერთოდ არ ჩატარებულა ფულადი და მატერიალური რესურსების ინვენტარიზაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი ანგარიშგებისა და ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაცია უნდა ხდებოდეს კვარტალში ერთხელ მაინც, რაც შესამოწმებელ პერიოდში არასოდეს არ განხორციელებულა. ნაღდი ფულის შემოსვლა ისე ხდებოდა, რომ არ აისახებოდა ბუღალტრულ ჩანაწერებში, არ ხდებოდა ფულის შემოსვლის პირველადი დოკუმენტების გაფორმება და დღის ბოლოს არსებული ნაშთის დაფიქსირება. ნაღდი ფულის სახით შემოსული სწავლის გადასახადი არ ტარდებოდა სალაროს ანგარიშზე. შესაბამისად, არც სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერები იწერებოდა. საერთოდ უგულვებელყოფილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის N49 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები. წლის ბიუჯეტი, რომელიც არ იყო შეთანხმებული არც საკრებულოსთან და არც გამგებელთან, შესაბამისად, არ იყო დამტკიცებული სკოლის დირექტორის მიერ, თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა გაურკვეველი მიზეზების გამო და არ ასახავდა ხელოვნების სკოლის ძირითად მიზანს. შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანა არ ხდებოდა ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე, რომელიც სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოემსახურებოდა, სკოლის ადმინისტრაცია ნაკლებად ზრუნავდა, სამაგიეროდ ფინანსური რესურსები იხარჯებოდა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ხელოვნების სკოლის წესდებით არ იყო გათვალისწინებული და არც სამუშაო პროცესში წარმოშობილი აუცილებლობიდან იყო გამოწვეული. კერძოდ, დასაკრავი ინსტრუმენტები უმნიშვნელოდ იყო შეძენილი, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე და კვების პროდუქტების შესყიდვაზე საკმაოდ დიდი მოცულობის თანხები იყო დახარჯული. ელექტროენერგიის ხარჯვა ხელოვნების სკოლის მიერ ხდებოდა არაეფექტურად და უყაირათოდ, რაც თავისთავად იწვევდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ, არაეფექტურ ხარჯვას. 2015 წლის სექტემბრის თვიდან სკოლის ადმინისტრაციამ თვითნებურად გაზარდა ყველა სპეციალობაზე პირველკლასელთათვის სწავლის გადასახადი 70 ლარამდე, რაც ეწინააღმდეგებოდა სკოლის წესდების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. სასწავლო წლის დაწყებისას არც სკოლის დირექტორს გამოუცია სამართლებრივი აქტი, სწავლის ღირებულების გაზრდის შესახებ. სკოლის დაარსებიდან შეძენილია რამდენიმე დასახელების მატერიალური ფასეულობა, რომელიც არ არის ასახული ბუღალტრულ დოკუმენტებში. სასწავლო პროცესი არ ტარდებოდა წარმოდგენილი სასწავლო გეგმის (ცხრილის) მიხედვით, რისი მიზეზიც არასწორად შედგენილი ცხრილი იყო. ზოგ შემთხვევაში, ერთი და იგივე მოსწავლეს, სასწავლო ცხრილების მიხედვით, ერთი და იმავე დროს სხვადასხვა მასწავლებელთან ჰქონდათ ჩანიშნული გაკვეთილი. სასწავლო გეგმაში და მეცადინეობის ცხრილში ფიქტიური გაკვეთილების შეტანით იზრდებოდა მასწავლებელთა დატვირთვის კოეფიციენტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოთხოვნის ეფექტური საშუალებაა. სკოლაში ცალკეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დოკუმენტების გაფორმების სიზუსტეს, არ გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები. მოსარჩელემ სასამართლოს ზემოთმითითებული აუდიტორული ანგარიშის გასაბათილებლად წარუდგინა შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2017 წლის 25 მაისის აუდიტორული დასკვნა, რომლითაც ფინანსური დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესრულებასთან მიმართებაში დარღვევების არსებობა რეალურად დადასტურებულია, თუმცა აუდიტის მოსაზრებით დარღვევები გამოწვეულია ბუღალტრის არაკომპეტენტურობით, რაც გამორიცხავს დირექტორის პასუხისმგებლობას. აღნიშნული მოსაზრება სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტ------–--------–----–------ის ხელოვნების სკოლის“ წესდების მეექვსე მუხლის „ა“ პუნქტით, დირექტორი ხელმძღვანელობს სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; „ზ“ პუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად წარმართვაზე; „ლ“ პუნქტით დირექტორი უზრუნველყოფს სკოლის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას. 2.4. მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება პოლიტიკური პარტიისათვის დარბაზის მიქირავებას, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, წარმოადგენდა თუ არა მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა შრომით ხელშეკრულებას. დადგენილია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 4 ივნისს ტ------–--------–----–------ის საკრებულომ მიიღო განკარგულება N38, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტ------–--------–----–------ის ხელოვნების სკოლის“ დაფუძნების შესახებ. ამავე განკარგულების მეორე პუნქტით ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად (დირექტორად) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაინიშნა მ--- კ------–----. ტ------–--------–----–------ის გამგებლის მიერ 2014 წლის 07 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტ------–--------–----–------ის ხელოვნების სკოლის“ წესდების მეექვსე მუხლის პირველ ნაწილით დადგინდა, რომ „სკოლას“ ხელმძღვანელობდა დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა ტ------–--------–----–------ის გამგებელი, წესდების მეექვსე მუხლის მეორე ნაწილით დირექტორს მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამავე წესდებით განისაზღვრა დირექტორის უფლება-მოვალეობები, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის სხვა შეთანხმება მხარეებს შორის, რომლითაც განისაზღვრებოდა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, შრომის კოდექსის შესაბამისი რეგულაციებიდან გამომდინარე. ამასთან, მ--- კ------–---- იყო ა(ა)იპ-ის დირექტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე ას-225-214- 2017) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავაზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ- ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას - წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულ-სამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება, სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან“. ამდენად, ტ------–--------–----–------ის გამგებელს, ა(ა)იპ-ის წესდებიდან გამომდინარე, სრული შესაძლებლობა ჰქონდა გაეთავისუფლებინა მ--- კ------–---- დაკავებული თანამდებობიდან, შრომის კოდექსის შესაბამისი საფუძვლების მითითების გარეშე, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა აუდიტის ანგარიშით დადასტურებულია დირექტორის მიერ საქმიანობის წარმართვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გათავისუფლების სხვა საფუძველი კი არც გამოვლენილა და არც დადასტურებულა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ--- კ------–----მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გათავისუფლების ბრძანებაში მტკიცებულებად მითითებული დასკვნა ვერ იქნება საფუძველი მ--- კ------–----ს დაკავებული პოზიციიდან განთავისუფლების. 3.2. დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, როდესაც მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული ფაქტი დადასტურდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ მისცა სწორი სამართლებრივი განმარტება დავის არსთან მიმართებაში გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კონსტიტუცია - მუხლები: 30; 17.1; 24.1; 40.1; 40.2; 40.3; 41.1.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ტ------–--------–----–------ის მ-----–--------–---–ის სახელობის ხელოვნების სკოლის დამფუძნებელია ტ------–--------–----–------ი. 4.2. 2013 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 21 ივნისამდე ამ სკოლის დირექტორი იყო მ--- კ------–----. 4.3. 2016 წლის 20 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა ხელოვნების სკოლის გეგმური აუდიტი. 4.4. შემოწმება 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. 4.5. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ პერიოდში ხელოვნების სკოლა მნიშვნელოვანი დარღვევებით ფუნქციონირებდა. კერძოდ: 4.5.1. სკოლაში არ იყო შემუშავებული კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფინანსური და არაფინანსური აქტივების ეფექტურ და გამჭირვალე ხარჯვას; 4.5.2. დაწესებულებაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება არ იყო ნაწარმოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად: არ იყო ნაწარმოები სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა; არ იყო თითოეული ანგარიშისთვის გახსნილი მემორიალური ორდერი; არ იყო გახსნილი მაგროვებელი უწყისები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშთა გეგმის შესაბამისად, არ იყო შედგენილი ბრუნვათა უწყისი; საერთოდ არ გამოიყენებოდა ბუღალტრული აღრიცხვის აღნიშნული ანგარიშთა გეგმა; არ ხდებოდა ბალანსის შედგენა. 4.5.3. საბიუჯეტო წლის ბოლოს ჩატარებული ინვენტარიზაციები არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებს. საერთოდ არ ჩატარებულა ფულადი და მატერიალური რესურსების ინვენტარიზაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი ანგარიშგებისა და ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაცია უნდა ხდებოდეს კვარტალში ერთხელ მაინც, რაც შესამოწმებელ პერიოდში არასოდეს განხორციელებულა. ნაღდი ფულის შემოსვლა ისე ხდებოდა, რომ არ აისახებოდა ბუღალტრულ ჩანაწერებში. არ ხდებოდა ფულის შემოსვლის პირველადი დოკუმენტების გაფორმება და დღის ბოლოს არსებული ნაშთის დაფიქსირება. ნაღდი ფულის სახით შემოსული სწავლის გადასახადი არ ტარდებოდა სალაროს ანგარიშზე. შესაბამისად, არც სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერები იწერებოდა. 4.5.4. საერთოდ უგულვებელყოფილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის N49 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები. წლის ბიუჯეტი, რომელიც არ იყო შეთანხმებული არც საკრებულოსთან და არც გამგებელთან, შესაბამისად, არ იყო დამტკიცებული სკოლის დირექტორის მიერ, თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა. შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანა არ ხდებოდა ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად. 4.5.5. 2015 წლის სექტემბრის თვიდან სკოლის ადმინისტრაციამ თვითნებურად გაზარდა ყველა სპეციალობაზე პირველკლასელთათვის სწავლის გადასახადი 70 ლარამდე, რაც ეწინააღმდეგებოდა სკოლის წესდების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. სასწავლო წლის დაწყებისას არც სკოლის დირექტორს გამოუცია სამართლებრივი აქტი, სწავლის ღირებულების გაზრდის შესახებ. 4.5.6. სკოლაში ცალკეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დოკუმენტების გაფორმების სიზუსტეს, არ გამოიცემოდა სამართლებრივი აქტები. 4.6. ამის გამო, 2016 წლის 21 ივნისს ტ------–--------–----–------ის გამგებელმა მ--- კ------–---- დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 7; 71 და 72 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი იყო აპელანტთან ხელშეკრულება შეეწყვიტა. 4.8. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ გეგმურ აუდიტში მითითებული დარღვევები მისი ბრალით გამოწვეული არ ყოფილა. 4.8.1. პალატის აზრით, მართალია, იურიდიული პირის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას, ჩვეულებრივ, ბუღალტერი ახორციელებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის სისწორეზე პასუხისმგებლობა დირექტორს არ აკისრია. 4.8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და სკოლის შინაგანაწესის მე-7 პუნქტის თანახმად, აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმართვა, სწორედ, დირექტორს ევალებოდა და იმ სახისა და მასშტაბის დარღვევები, რომლებიც სკოლაში იქნა აღმოჩენილი, მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს. 4.8.3. გარდა ამისა, სწავლის გადასახადის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას სკოლის ბუღალტერი უთუოდ ვერ მიიღებდა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ბრძანებების გამოცემაც მისი კომპეტენცია არ ყოფილა. 4.8.4. ეს კი ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს აპელანტთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები ჰქონდა. 4.9. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, დადგენილია, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა და მუნიციპალიტეტს მისი მოშლის შესაძლებლობა შეზღუდული არ ჰქონია. 4.9.1. ეს კი ნიშნავს, რომ მას აპელანტთან ხელშეკრულების შეწყვეტა შეეძლო აუდიტის აქტში ჩამოთვლილი საფუძვლების გარეშეც. 4.10. ამის გამო, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა. 4.11. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება დისკრიმინაციული საფუძვლით მოუშალა. 4.11.1. აღნიშნული გარემოება არც აპელანტის მიერ მითითებული ფაქტებიდან დგინდება და საქმეში არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. 4.11.2. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თავად აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ყოფილა. 4.11.3. აპელანტის თქმით, ამით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო შეხვედრისათვის სკოლის შენობის გამოყენების ფაქტის მისთვის გადაბრალება სცადა. 4.11.4. პირველ ყოვლისა, პალატის აზრით, ეს გარემოება იმდენად ზოგადია, რომ მისი ვერც დადასტურება და ვერც უარყოფა ვერანაირად მოხდება. 4.11.5. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იგი საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ არც-ერთ მოწმეს დაუდასტურებია. 4.11.6. მართალია, ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ, მათი აზრით, აპელანტთან ხელშეკრულების მოშლა სწორედ ზემოხსენებულ შეხვედრას უკავშირდებოდა, თუმცა, თუ რას ეყრდნობოდა ეს მოსაზრება, ვერც-ერთმა მათგანმა ახსნა. 4.11.7. მოწმე, ნ------------–---–მა კი პირდაპირ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, აპელანტს ხელშეკრულება მოუშალეს, რადგან: „აქვს სისხლის სამართლის საქმე... აუდიტმა დაუწერა და თქვენს მაგას ვერ გაიგებთო“. 4.11.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. 4.11.9. როგორც აღინიშნა, დისკრიმინაციული ქმედების ამსახველი არც-ერთი ფაქტი და არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.11.10. მოწინააღმდეგე მხარემ კი დაამტკიცა, რომ აპელანტთან ხელშეკრულების მოშლის საკმარისი საფუძველი ჰქონდა. 4.12. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--- კ------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა