განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
330210117002013418
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002013418

საქმე №2ბ/600-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ი/მ გო-------–--ე

წარმომადგენლები: მა-----------ე, მა-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - და------------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით იმ გო-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე და------------ს მოსარჩელე ი/მ გო-------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ოდენობით. მოპასუხე და------------ს მოსარჩელე ი/მ გო-------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 2 720 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 09 თებერვალს და------------სა და ი/მ გო-------–--ეს შორის დაიდო სესხის, გირავნობისა და გირავნობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №---.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ გამსესხებელი მსესხებელზე გასცემდა სასყიდლიან სესხს შეთანხმებული პირობებით, ხოლო მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით დაებრუნებინა სესხი სათანადო სარგებლით.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში).

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სესხის საპროცენტო სარგებელი - სესხის ძირი თანხის 4%. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდებოდა სამი თვის მანძილზე, ხელშეკრულებაში აღნიშნული გრაფიკის მიხედვით, ყოველ თვის 9 რიცხვში.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, დამგირავებლის ინიციატივით შესაძლებელია სესხის დაბრუნების 3 თვიანი ვადა გაგრძელდეს კიდევ ერთი თვით, ორი თვით, სამი თვით და ა.შ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამგირავებელი ჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს/პროცენტის გადახდას. აღნიშნულის თაობაზე დამგირავებლმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გადამგირავებელს. ასეთ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდება შეთანხმება წინამდებარე სესხის როგორც დანართი და გახდება მისი განუყოფელი ნაწილი. სესხისა და სარგებლის გადახდა განხორციელდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო - სესხის, გირავნობის და გირავნობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 20-24)

 

2.2. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით მხარეთა შორის 2014 წლის 09 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა და------------ის (დამგირავებლის) საკუთრებაში არსებული ავტომობილი (მარკა, მოდელი - ტოიოტა RAV4, გამოშვების წელი - 2001, სახ. ნომერი - T------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო ნომერი - A--------).

 

2014 წლის 12 თებერვალს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, და------------მა გო-------–--ეს მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მართვისა და განკარგვის უფლება. მინდობილობა გაიცა 6 (ექვსი) თვის ვადით, 2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

 

გირავნობით დატვირთული ავტომანქანა რეგსტრირებულია ამ------------ის სახელზე და მასზე უფლებრივი შეზღუდვა ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ტ. І, ს.ფ. 18)

- ცნობა (ტ. І, ს.ფ. 19, 112)

 

2.3. 2014 წლის 21 დეკემბერს მსესხებლის (დამგირავებლის) მიერ მოხდა დაგირავებული ავტომობილის გასხვისება.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, მოგირავნე დამგირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცემს სესხის უზრუნველყოფის საგანს, ავტომანქანას, რომლის რეკვიზიტებია - მარკა, მოდელი - ტოიოტა RAV4, გამოშვების წელი - 2001, სახ. ნომერი - T------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო ნომერი - A--------. ამავე მუხლის 4.4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამგირავებელს ეკრძალება დაგირავებული ავტომანქანის გასხვისება ხელშეკრულებით მხარეთა ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობას (ტ. І, ს.ფ. 19; 112)

 

2.4. 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანების თაობაზე მოპასუხე და------------ს წერილობით ეცნობა და მოეთხოვა დავალიანების უმოკლეს ვადებში დაფარვა.

 

სასამართლო დაეყრდნო გაფრთხილების წერილს (ტ. І, ს.ფ. 42-43).

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება სესხის დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეზე სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემული თანხის ოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა, ხან გაიზარდა და მოხდა დამატება, ხან კი მოხდა მისი შემცირება. როგორც იგი განმარტავდა, საბოლოოდ მის მიერ მოპასუხეზე ძირითადი თანხის სახით გაცემული იქნა 9 243 აშშ დოლარი, რასაც მისი მოსაზრებით, ადასტურებდა სესხის გადახდის გრაფიკი (ტ. І, ს.ფ. 25-26).

 

მოპასუხე არ უარყოფდა, რომ მოსარჩელისაგან მიღებული ჰქონდა სესხის სახით გარკვეული თანხა, თუმცა იგი აღნიშნავდა, რომ წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე მას მიღებული ჰქონდა 1 000 აშშ დოლარი, ხოლო ზეპირი შეთანხმებით მოსარჩელისაგან მიღებული ჰქონდა ასევე 3 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, სესხის ძირითადი თანხის 9 243 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ დოკუმენტად სასამართლო ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სესხის გადახდის აღრიცხვას. აღნიშნულს სასამართლო ვერ მიიჩნევს მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში დადგენილი წესით განხორციელებულ ცვლილებად. თვითონ მოსარჩელე მხარეც განმარტავდა სასამართლო სხდომაზე, რომ სარგებელი/პროცენტი ემატებოდა ძირითადი თანხის სახით გაცემულ თანხას მათ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე და მისი გაგრძელება ხდებოდა ზეპირი შეთანხმებით 3 თვით. წარმოდგენილი სესხის გადახდის გრაფიკიდანაც ნათლად არ ირკვევა, რა თანხა არის სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემული და რამდენია მასზე დარიცხული სარგებელი. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე მასზე არსებულ ხელმოწერას ხდიდა სადაოდ და მოსარჩელემაც ვერ დაადასტურა, რომ სესხის გადახდის აღრიცხვის დოკუმენტის შესაბამის გრაფებში არსებული ყველა ხელმოწერა ეკუთვნოდა მოპასუხეს. როგორც მოსარჩელე 2017 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტავდა, მას ადგენდა მისი მოლარე. გაანგარიშებიდანაც ირკვევა, რომ სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემულ თანხას ერიცხებოდა პროცენტი, შემდეგ ის აისახებოდა როგორც ძირითადი თანხა და მას კვლავ ერიცხებოდა პროცენტი. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მის მიერ სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემული იქნა მოპასუხეზე 9 243 აშშ დოლარი. ამასთან, რამდენადაც მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელისაგან სესხის ძირთადი თანხის სახით სულ 4 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტობრივ გარემოებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ სწორედ აღნიშნული თანხა იქნა მიღებული სესხის ძირთადი თანხის სახით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანხმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

სსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დამადასტურებელი, რომ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ უდავო ფაქტია, რომ მხარეები შეთანხმდნენ 2014 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით სესხის პირობების მოწესრიგებაზე. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემდეგ დღის წესრიგში დადგებოდა სესხთან დაკავშირებით, მათ შორის, სესხის გაგრძელების ვადა, მოითხოვდა ასევე წერილობით ფორმას. მხოლოდ ასეთი ფორმის დაცვა აქცევდა მხარეთა შეთანხმებას იურიდიულად მბოჭავად ერთმანეთისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტა, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით ფორმირებული საერთო ნება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარდა იმისა, რომ ნება უნდა არსებობდეს, იგი ნების ავტორის მიერ გამოვლენილიც უნდა იყოს. შინაგანი ნება გამოვლენილ ნებასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იმის თაობაზე, რომ არსებობს ნადვილი გარიგება, ნამდვილი ხელშეკრულება.

 

შესაბამისად, როგორც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მოპასუხე მხარემ დაადატურა მოსარჩელისაგან სესხის სახით 4 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, მას დამადასტურებელი აღნიშნული თანხის დაბრუნების მოსარჩელისათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც არსებობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი;

 

2.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება სარგებლის გადახდა სესხის ძირითადი 9 243 აშშ დოლარის 4%-ის, 1 109.16 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე განმარტავდა, რომ მის მიერ სესხის ძირითადი თანხის სახით 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული იქნა 9 243 აშშ დოლარი 3 თვის ვადით და საპროცენტო სარგებელი 4% მას ერიცხებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

აღნიშნულ სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სესხის ძირითადი თანხის სახით არა 9 243 აშშ დოლარის, არამედ 4 000 აშშ დოლარის გაცემის ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, მოპასუხე განმარტავდა, რომ 1 000 აშშ დოლარი გაცემული იყო სწორედ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხე ხან იხდიდა სარგებელს და ხან არა. მოსარჩელეს სასამართლოსათვის დამადასტურებელი, რომ 9 243 აშშ დოლარი მოპასუხეზე სესხის სახით გაცემული იქნა 2015 წლის 24 ნოემბერს 3 თვის ვადით 4% სარგებლის დარიცხვით, არ წარმოუდგენია. სესხის გადახდის აღრიცხვის დოკუმენტი სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული მათ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებად. შესაბამისად, მოსარჩელეს იმის დამადასტურებელი, რომ მის მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს იქნა გაცემული სესხის ძირითადი თანხის სახით 9 243 აშშ დოლარი 3 თვის ვადით და რომ არსებობდა შეთანხმება 4%-ის სარგებლის დარიცხვის თაობაზე, არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილ სესხის გადახდის აღრიცხვის დოკუმენტს და მის განმარტებას კი სასამართლოს შესაბამისი გარემოების დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს, რის გამოც დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 9 243 აშშ დოლარის 4%-ის სარგებლის გადახდა სამი თვის განმავლობაში.

 

სსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს. ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით – მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნა-განმარტებით. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი – თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს სესხის გადახდის აღრიცხვის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა.

 

მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დამადასტურებელი, რომ მის მიერ სესხის სახით მოპასუხეზე 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული იქნა 3 თვის ვადით 4% სარგებლის დარიცხვით 9 243 აშშ დოლარი, რის გამოც სასამართლო მის მოთხოვნას ამ ნაწილში უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

 

მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია შემდეგი კუმულაციური წინაპირობების არსებობა, კერძოდ, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება მასზედ, რომ იგი დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს.

 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პირობები წარმოადგენს სასესხო სამართალურთიერთობების არსებით პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთის დაუდგენლობის შემთხვევაში, სამართალურთიერთობა სესხად ვერ დაკვალიფიცირდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და მისი არსებითი პირობები; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; 4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად უნდა განაწილდეს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ სესხისა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ან მხარეები შემდგომ შეთანხმდნენ სესხისათვის სარგებლის სახით ყოველთვიურად 4%-ის გადახდაზე; 2. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

 

2.7. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, სულ 2 720 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს 17 თვეზე გაანგარიშებით 9 243 აშშ დოლარის 4%-ის, 369.72 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.

 

სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემული იქნა 4 000 აშშ დოლარი. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი სესხის გადახდის აღრიცხვის დოკუმენტი მოპასუხეზე სესხის ძირითადი თანხის სახით 9 243 აშშ დოლარის გაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 9 243 აშშ დოლარის 4%-ის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408-ე მუხლის პირველი ნაწილი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც სალომბარდე მომსახურების სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, სესხის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 09 თებერვალს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სესხის, გირავნობისა და გირავნობის უზრუნვლეყოფის შესახებ წერილობითი ფორმით. შესაბამისად, მოპასუხეზე გაცემული სესხის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).

 

ნებისმიერ მსესხებელთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვერ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის გადახდის დაკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია სესხით სარგებლობისათვის მათ შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებით. გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ძირითადი თანხის სახით მოპასუხეზე როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია დადგენილად გაცემული იქნა 4 000 აშშ დოლარი, მათ შორის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე 4%-ის სარგებლით-1 000 აშშ დოლარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც 1 000, ისე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაცემული 3 000 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში იგი შეძლებდა მიეღო 4% სარგებელი, მისი კვლავ სესხად გაცემის გზით. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 4 000 აშშ დოლარის 4%-ის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს ითხოვს 17 თვეზე გაანგარიშებით, რის გამოც მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს 2 720 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ოდენობით (4 000 აშშ დოლარის 4%*17თვეზე).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია როგორც მათ შორის 2014 წლის 09 თებერვალს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ისე სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოპასუხე მხარე ადასტურებდა, რომ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ჰქონდა 1 000 აშშ დოლარი, რისი დამადასტურებელიც ასევე წარმოდგენილი იყო მოსარჩელის მიერ, ხოლო მისივე განმარტებით, 3 000 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანხმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია სესხის ძირითადი თანხის სახით მიღებული 4 000 აშშ დოლარი, რის გამოც არსებობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

2.10. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი იქნა. მოსარჩელე თვითონვე ადასტურებდა, რომ მოპასუხე იხდიდა თავიდან სარგებელს. ის რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი მას არ გადაუხდია, სასამართლოსათვის არ მიუთითებია და სარწმუნოდ არ დაუდასტურებია. რაც შეეხება სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემულ 3 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მასთან დაკავშირებით არ არსებობდა დადგენილი წესით შეთანხმება პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე ითხოვს სარგებლის სახით 4%-ის დაკისრებას 3 თვის განმავლობაში მოპასუხისათვის იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოპასუხეზე 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული იქნა სამი თვის ვადით 9 243 აშშ დოლარი 4%-ის სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულის დამადასტურებელი მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ შესაბამისი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი სესხის გადახდის აღრიცხვის დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

2.11. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა).

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ინდ. მეწარმემ ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა მათ შორის 2014 წლის 09 თებერვალს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს სესხის კვლავ გაცემით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-307-291-2011).

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც სალომბარდე საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, სესხის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. შესაბამისად, მოპასუხეს გაცემული სესხის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მისი სალომბარდე საქმიანობიდან გამომდინარე, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო განიცადა ზიანი და წაერთვა ის სარგებელი, რასაც მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კერძოდ სესხის ძირი თანხის 4%-ის ოდენობით, რაც გათვალისწინებულია მხარეებს შორის 2014 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია სესხით სარგებლობისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის სახით გაცემული იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სულ 4 000 აშშ დოლარი, მათ შორის, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე - 1 000 აშშ დოლარი და არა 9 243 აშშ დოლარი 2015 წლის 24 ნოემბერს. ამასთან, იგი მიუღებელ შემოსავალს ითხოვს 17 თვეზე გაანგარიშებით, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 720 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა (4 000 აშშ დოლარის 4%*17 თვეზე).

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, სესხის აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ და------------ს აღებული აქვს სესხის ძირი თანხა 9 243 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის აღრიცხვის ბარათი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად და------------ის მიერ აღებული სესხი დასტურდება მისი ხელმოწერებით და მიღების დროის მითითებით, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ ცვლილებას, ან დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ. ასეთ დოკუმენტად სასამართლომ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სესხის გადახდის აღრიცხვა. მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში დადგენილი წესით სესხის გადახდის აღრიცხვა წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების დანართს და გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულების 3.3. პუნქტიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს მოპასუხე და------------ს დამატებით დაეკისროს ძირი თანხის დარჩენილი ნაწილის 5243 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ერთადერთ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დამატებით სესხის სახით 5243 აშშ დოლარის (ძირი თანხის) გადაცემის ფაქტობრივი გარემოება.

 

სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 09 თებერვალს და------------სა და ი/მ გო-------–--ეს შორის დაიდო სესხის, გირავნობისა და გირავნობის უზრუნველყოფის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 1000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) (ტ. І, ს.ფ. 20-24).

 

ასევე, უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი (იხ. მხარეთა განმარტებები).

 

4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მთლიანობაში მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 9 243 აშშ დოლარი.

 

აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს პალატას აძლევს მოსარჩელის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებელი, კერძოდ, სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე უთითებს, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს მოხდა სესხის ძირი თანხის ბოლო დამატება (გაზრდა), რის შემდეგაც სესხის ძირი თანხა განისაზღვრა 9243 აშშ დოლარით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად სარჩელში მითითებულია „შეთანხმება, წინამდებარე სესხის ხელშეკრულების როგორც დანართი და განუყოფელი ნაწილი“. აღნიშნული მტკიცებულება დანართის სახით ერთვის სარჩელს (ტ. І, ს.ფ. 25-26).

 

სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ის აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება (ტ. І, ს.ფ. 85-87).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად: პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან ახალი გარემოებების და მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილი სესხის გადახდის აღრიცხვით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მთლიანობაში სესხის სახით გადასცა 9243 აშშ დოლარი. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება ხელმოწერილია მოპასუხის მიერ. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს შესაგებლით ხსენებული წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და ამ მტკიცებულების საწინაარმდეგოდ თავის მხრივ სხვა გამაბათილებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ფაქტობრივი გარემოება - სესხის სახით 9243 აშშ დოლარის გადაცემა მითითებული წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ.

 

4.3. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას დაკისრებული სესხის ძირი თანხის ოდენობის ნაწილში და დამატებით და------------ს დაეკისროს 5243 აშშ დოლარის გადახდა (სესხის ძირი თანხა).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ განმარტებაზე, სადაც ის ადასტურებს, რომ მის მიერ მოთხოვნილი 5243 აშშ დოლარიდან სესხის ძირ თანხას წარმოადგენს 5000 აშშ დოლარი, ხოლო 243 აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის 17 მაისის სხდომის ოქმი 10:37:13სთ; 10:39:37სთ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

 

ამდენად, ვინაიდან, აპელანტს სესხის სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არამედ გადაწყვეტილება სადავოდაა გამხდარი ძირი თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, სახეზეა 243 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და------------ის ფულადი ვალდებულება ი/მ გო-------–--ის მიმართ სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა 4000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა მთლიანობაში 9000 აშშ დოლარი (ძირი თანხა), სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ი/მ გო-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან ი/მ გო-------–--ის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, და------------ს ი/მ გო-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მხრიდან სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად, მთლიანობაში 1342.67 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ გო-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ი/მ გო-------–--ის სარჩელი სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. მოპასუხე და------------ს მოსარჩელე ი/მ გო-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის გადახდა 9 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ოდენობით.

 

5. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი სესხის ძირი თანხის 243 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

6. და------------ს ი/მ გო-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1342.67 ლარის ოდენობით.

 

7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა