განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
330100117002217716
ინსტანცია
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002217716

საქმე №1ბ/351-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ---------------–---–--

მსჯავრდებულის ადვოკატის: ა----–-–---–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: კ-----------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-----------ის, დ----------–--------–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–------------–-------–-------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–----------------------------------------, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-----------ემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით კ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

2016 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში, პეკინის გამზირი №35-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი კ-----------ე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

 

კ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ---------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–-- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ კ-----------ის დანაშაულებრივი ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეების მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, რეაგირების ოქმის, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის, ცივი იარაღის ექსპერტიზის №1992/ცი დასკვნისა და ცივი იარაღის - დანის, მოწმის და ბრალდებულ კ-----------ის გამოკითხვის ოქმების, მოწმეების - გ--------------–------------------–----------- გამოკითხის ოქმების, კ-----------ის ნასამართლობის ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენის - შეფასების და გაანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ-----------ემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი არ არის კანონიერი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით გასამართლებულმა კ-----------ემ, რომელსაც ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება). მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ იგნორირება გაუკეთა აღნიშნული დეფინიციით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი) განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნას, არ გააუქმა პირობითი მსჯავრი და კ-----------ეს არ დაუნიშნა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნა განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენის არგუმენტს იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის გავიდა წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა, დანიშნული პირობითი სასჯელი აღსრულებულია და მისი გაუქმებისა და ბოლო განაჩენზე დამატების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა, განმარტავს რა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის არსს, რის გარეშეც შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, აცხადებს, რომ გარკვეული პირობების არსებობისას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი), სასამართლოს შეუძლია, დანიშნული სასჯელი, ან მისი ნაწილი ჩათვალოს პირობით. სასჯელის მოხდის ზემოაღნიშნული მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ პირი რეალურად არ იხდის დანიშნულ სასჯელს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი უწესებს გამოსაცდელ ვადას. სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი კი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. პირობის დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევა კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული წინადადება - თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა - საჭიროებს შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის დადგენას: პირი უნდა იყოს პირობით მსჯავრდებული და ახალი დანაშაულის ჩადენა უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში. მოცემულ საქმეზე არ არის სადავო გარემოებად გამხდარი, რომ კ-----------ე იყო პირობით მსჯავრდებული და სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით, რაც დროში ცდება გამოსაცდელ ვადას, ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დებულების გამოუყენებლობის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის №401აპ-15 გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხი უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა განაჩენის გამოტანის დროს, ანუ თუ განზრახი დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველს და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია თუ არა გამოსაცდელი ვადა, რადგან ასეთ დათქმას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იგივე საკითხებზეა მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის №682აპ-17, 2015 წლის 13 ოქტომბრის №203აპ-15, 2017 წლის 9 ივნისის №733აპ-1 და სხვ. გადაწყვეტილებებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის გამოტანის დროს გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, განაჩენთა ერთობლიობის გარეშე სასჯელის დანიშვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნამდვილ ნებას, რადგან, ამ თვალსაზრისით, მოხდება საქმეების ხელოვნური გაჭიანურება გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. „გამოსაცდელი ვადა“ არ წარმოადგენს სასჯელის სახეს, თუმცა წარმოადგენს გამოცდას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში არ აღსრულდება განაჩენით დანიშნული სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენით დადგინდა, რომ გამოსაცდელ ვადაში კ-----------ემ ჩაიდინა დანაშაული, ხოლო გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან.

 

შესაბამისად, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი, ხოლო ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველიც.

 

იმავდროულად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის, აგრეთვე, მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ამგვარი მოსაზრებები არ არის კ-----------ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის რელევენტური. როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოსაცდელი ვადა არ არის სასჯელი და მოცემულ შემთხვევაში პირობითად ჩათვლილი სასჯელის აღსასრულებლად მიქცევა იმის გამო, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია გამოსაცდელი ვადის პირობა, კერძოდ, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, არ ნიშნავს ამ პირის (მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ კ-----------ის) განმეორებით მსჯავრდებას ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება იქნას შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ;

 

კ-----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით კ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, კ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 3 (სამი) თვის ვადით და ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ კ-----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან;

 

მსჯავრდებულ კ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

კ-----------ის კუთვნილი დანა, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე