განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002411512
საქმე №1ბ/732-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ რო------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნო-------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: გ--------------------, სოფელი გურჯაანი, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით ნო-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ნო-------------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნო-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2009 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნო-------------–-–---–ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისთვის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 (ხუთი) წლის ვადით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის 22 დეკემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, კერძოდ, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის დროს, როდესაც პირს არ აქვს მართვის უფლება, გამოვლენილ იქნა ნო-------------–-–---–ი, რომელიც თბილისში პატარიძის ქუჩის მიმდებარედ მართავდა ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით F--------.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორმა რო------------ემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ნო-------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას, ნო-------------–-–---–ი წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის ყაჩაღობისა და ძარცვისათვის, მის მიმართ წარსულში არაერთხელ გამოყენებული იქნა შეღავათი, მათ შორის პირობითი მსჯავრი და ამნისტია, მაგრამ აღნიშნულმა ვერ გამოიღო სათანადო შედეგი, იგი არ განმსჭვალულა მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, არამედ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: სო------------–-–---–ის, ინ---------ის, აკ------------ის და გი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი - N------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენი და ასევე სხვა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ნო-------------–-–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, ხოლო პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი ქმედების და შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ რო------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნო-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ნო-------------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნო-------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნო-------------–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ნო-------------–-–---–ის მიმართ საზოგადებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება განხორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე