განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
090210017002020527
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090210017002020527

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1171-2017 24 აპრილი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში

წარმომადგენელი - ბ--------–---–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა-------–-------------–----–------ი

წარმომადგენელი - თ--------–ი, თ------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა-------–-------------–----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ი------------------------ წარმომადგენლობას საქართველოში ა-------–-------------–----–------ის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო – 37800 ლარის ოდენობით. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 03 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა №57 ხელშეკრულება. სამუშაოების დამთავრების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 სექტემბერი. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა–209000 ლარი. ა-------–-------------–----–------ის გამგებელსა და შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში დირექტორს შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კალენდარული გრაფიკის დარღვევისათვის შედგა შემდეგი აქტები:–2016 წლის 06 ივლისის აქტი, სადაც კალენდარული გრაფიკის დარღვევისათვის, საჯარიმო თანხამ შეადგინა 2904.42 ლარი, 2016 წლის 05 აგვისტოს აქტი, სადაც კალენდარული გრაფიკის დარღვევისათვის საჯარიმო თანხამ შეადგინა 3115,69 ლარი, 2016 წლის 16 სექტემბრის აქტი, სადაც კალენდარული გრაფიკის დარღვევისათვის საჯარიმო თანხამ შეადგინა 6250.69 ლარი. 2016 წლის 06 სექტემბერს განხორციელდა ცვლილება N1, სადაც სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 18 სექტემბერი. 2.2. 2016 წლის 03 მაისის N57 ხელშეკრულებით მიმწოდებელმა (მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხვანჭკარის თემში შემავალ სოფლებში სანიაღვრე არხების რკინა ბეტონის ღარებით მოწყობის სამუშაოები. 2.3. 2016 წლის 06 სექტემბერს განხორციელდა ცვლილება N1, რის შემდეგაც, სამუშაოების დასრულების ვადად, განისაზღვრა 2016 წლის 18 სექტემბერი. 2.5. მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევისათვის, თუ მიმწოდებელი სამუშაოების დასრულების ვადას გადააცილებდა დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2.6. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2016 წლის 18 სექტემბრის ნაცვლად, დაამთავრა 2016 წლის 28 ოქტომბერს. 2.7.2016 წლის 21 ნოემბრის N7177 წერილით, მოპასუხე მხარემ მიმართა ა-------–-------------–----–------ის გამგებელს და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის განწილვადება მის მიერვე წარდგენილი გრაფიკის მიხედვით, რაზეც ა-------–-------------–----–------ის გამგებელი დაეთანხმა და 2016 წლის 24 ნოემბერს გამოსცა N2--- ბრძანება, რის საფუძველზეც, მიეცა უფლება მოპასუხე მხარეს მისი სურვილის შესაბამისად, დაეფარა დაკისრებული პირგასამტეხლო. 2.8 2016 წლის 18 ნოემბერს მიღება – ჩაბარების აქტის თანახმად, შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში მიერ, შესრულებული იქნა N57 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – 203422,84 ლარის ღირებულებით, რომელიც შემოწმებული იქნა ა-------–-------------–----–------ის გამგებლის 2015 წლის 23 დეკემბრის N308 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ და სამუშაოები ჩაითვალა შესრულებულად. იმავდროულად აქტში მითითებულია, რომ შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადაგადაცილებამ შეადგინა 40 დღე, რის გამოც, მიმწოდებელს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.5% ანუ 41800 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. მხარეებს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით – სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულებით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხვანჭკარის თემში შემავალ სოფლებში სანიაღვრე არხების რკინა ბეტონის ღარებით მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 209000 ლარს. 2.10. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2016 წლის 18 ნოემბერს, ორივე მხარის მიერ შედგენილი აქტით, აღიარა პირგასამტეხლოს – 41800 ლარის გადახდის ვალდებულება, გარდა ამისა მოპასუხე მხარემ თვითონვე მიმართა მოსარჩელეს აღიარებული პირგასამტეხლოს განწილვადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ და სასამართლო სხდომაზე იმის განმარტება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო მაღალი და უნდა შემცირებულიყო, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მიმწოდებელს ეს აქტი არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341–ე მუხლის თანახმად, მოცემული დოკუმენტი წარმოადგენდა ვალის აღიარებას. 2.11. მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეული იყო ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებდა კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევისათვის, თუ მიმწოდებელი სამუშაოების დასრულების ვადას გადააცილებდა დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ი------------------------ წარმომადგენლობამ საქართველოში: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი არის არასათანადო მოპასუხე. სასამართლომ არასწორად შეაფასა მისი სამართლებრივი მდგომარეობა და არასწორად დააკისრა თანხა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად აპელანტი არის უცხოური საწარმოს ფილიალი. მართალია სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სარჩელი სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით, მაგრამ ეს ნორმა მხოლოდ განსჯადი სასამრთლოს განსაზღვრის საშუალებას იძლევა ტერიტორიული თვალსაზრისით და მეტი არაფერი. სსსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად სასამართლო განიხილავს სამოქალაქო დავებს მოქალაქეებს, მოქალაქესა და იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირებს შორის. ამ ჩამონათვალში ვერსად ნახავთ ფილიალს ანუ ფილიალის წინააღმდეგ დავის წარმოება აკრძალულია. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის 1 ნაწილის თანახმად კი უცხოური საწარმოს ფილიალი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელი უნდა წარედგინა იურიდიული პირის წინააღმდეგ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. 3.2. სსსკ-ის 178-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ასევე, მე-4 ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო მიეთითებინა მოპასუხის ზუსტი საკონტაქტი ინფორმაცია. მართალია, კანონი მხარეს აძლევს უფლებას განსაზღვროს მოპასუხეთა წრე, მაგრამ არ აძლევს უფლებას მიუთითოს ნებისმიერი პირი, მათ შორის არასათანადო მოპასუხე. ამ მხრივ შეზღუდულია სასამართლოც და სსსკ-ის 186-ე მუხლის 1 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. სასამართლო ვალდებული იყო საქმე მოემზადებინა და მთავარი სხდომა დაენიშნა სსსკ-ის მე-200 და 203-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლოს საქმე შესწავლილი არა აქვს და ისე გადაწყვიტა საქმე, რომ სათანადო მოპასუხეს არ ჩაბარებია. უფრო მეტიც. გადაწყვეტილების აღსრულებაც კი ვერ მოხდება, რადგან აპელანტი არის ფილიალი და მთელი ქონება არის ძირითადი ოფისის, დამფუძნებლის. მის წინააღმდეგ კი ვერ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან მის წინააღმდეგ სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი. 3.3. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას გასათვალისწინებელია 2 გარემოება. მართალია, აპელანტმა მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რაზეც სავარაუდოდ მოახდენს აპელირებას მოპასუხე შესაგებელსა თუ პროცესზე, სადაც განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ მოპასუხე არის სსიპ და ბაზარზე უკავია დომინირებული მდგომარეობა. ის არის ერთადერთი დომინანტი. მოპასუხე სარგებლობს ამით და მიუხედავად აუქციონის მოგებისა, არ გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ ის არ დაიდება მის მიერ შემოთავაზებული უცვლელი პირობებით. ეს ყოველი შესყიდვისას აპელანტს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში. კანონმდებლობით კი დომინანტ პირებს ეკრძალებათ თავიანთი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მათი ამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე მეტყველებს არაერთი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს პრაქტიკის, მითითების და რეკომენდაციისა, ისინი აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას მათ მიერვე უცვლელი ხელშეკრულებით. ერთი შეხედვით ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი 0,05%-ის ოდენობით თითქოს შეესაბამება სასამართლოს პრაქტიკას, მაგრამ სასამართლოს პრაქტიკაში ცნობილია ასევე 0,04%-დან დაწყებული 0,01%-ის ჩათვლით დამთავრებული გადაწყვეტილებები. ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა კი ამ ხელშეკრულებაში არსებული თითქოსდა მისაღები პროცენტის დაანგარიშების ფორმაა. პირგასამტეხლო იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ღირებულებიდან და არა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან. ეს აშკარად არღვევს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს. მოპასუხე მხარე პირგასამტეხლოს აკისრებს უკვე რამდენიმე თვით ადრე შესრულებული სამუშაოდან. სამუშაოდან, რომელიც შესრულდა გათვალისწინებულ გრაფიკში. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან ათვლა უკვე შესრულებულ და შემდგომ შესრულებული სამუშაოების ჩათვლით აშკარად კანონით გათვალისწინებული სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევაა. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სსსკ-ის 3, 4, 178, 200, 203, 11, 393 და 394 მუხლების, ასევე, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის დარღვევითაა გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 3 მაისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება. 4.1.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს ხვანჭკარის თემში შემავალ სოფლებში რკ/ბეტონის ღარებით უნდა მოეწყო სანიაღვრე არხები. 4.1.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 209000 ლარი. 4.1.3. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, აპელანტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების, ე.ი. 209000 ლარის 0,5%-ის ოდენობით. 4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო აპელანტს უნდა დაესრულებინა 2016 წლის 18 სექტემბერს, თუმცა მან სამუშაო დაასრულა 2016 წლის 20 ოქტომბერს, ე.ი. 40 დღის დაგვიანებით. 4.2.1. ამის გამო, მოწინააღმდეგე მხარემ მას დააკისრა პირგასამტეხლო, 41800 ლარი. 4.2.2. აქედან, 4000 ლარი აპელანტმა მოსარჩელეს გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატის აზრით, ა-------–-------------–----–------ის მიერ აღძრულ სარჩელში აპელანტი სათანადო მოპასუხეა. 4.3.1. მართალია, აპელანტის სამართლებრივი ფორმა უცხოური საწარმოს ფილიალია, თუმცა იგი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია დამოუკიდებელ სუბიექტად, თავისი სახელით გამოდის სამართლებრივ ურთიერთობებში, დამოუკიდებლად დებს გარიგებებს და ასრულებს ვალდებულებებს. 4.3.2. ამის შესაბამისად, აპელანტი სამართლებრივი ურთიერთობების, მათ შორის, სამართალწარმოების სუბიეტია. 4.3.3. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში, საქმეზე №ას-981-945-2016 განმარტა: „რაც შეეხება ..... მოსაზრებას, რომ უცხოურო საწარმოს რეგისტრირებული ფილიალი სამართალსუბიექტი არაა (სსსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები), პალატა არ იზიარებს მას და მხარის პრეტენზიების საპირისპიროდ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის ცნება, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და ნორმის მე-5 ნაწილით, კანონმდებელი, კომერციული მიზნით შექმნილი იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი მოწესრიგებისათვის სპეციალურ ნორმატიულ აქტზე _ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მიუთითებს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტით იურიდიული პირის ნამდვილობის უმთავრეს კრიტერიუმად მიჩნეულია მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია (იხ. 4.1. მუხლი), ამასთანავე, მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება (იხ. 16.1 მუხლი), თუმცა ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და რა თქმა უნდა მის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება (იხ. ამავე კანონის 16.6. მუხლი). ამდენად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება _ ფილიალი, რეისტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს“. 4.3.4. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. 4.3.5. ამის შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფილიალი იურიდიულ პირად რომც არ მიგვეჩნია, მას საპროცესო უნარიანობა მაინც ექნებოდა. 4.3.6. ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ საქმე სათანადო მოპასუხის მიმართ განიხილა. 4.4. ამავდროულად, პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი ვალის არსებობის აღიარებად შეცდომით მიიჩნია. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან. 4.4.2. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-679-633-2017 განმარტა: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3-ე მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013წელი). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. სუსგ № ას-383-364-2015, 27.05.2016წ; შდრ. სუსგ-ებს: № ას-1067-1026-2016, 23.06.2017წ; №ას-681-635-2017, 07.07.2017წ.)“. 4.4.3. პალატის აზრით, 2018 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების არც-ერთ ელემენტს შეიცავს - იგი ეხება მხარეთა შორის უკვე არსებულ სამართალურთირთობას, ამ აქტით არც-ერთი მხარე მეორე მხარის მიმართ ვალდებულების არსებობას არ აღიარებს და მის შესრულებას არ კისრულობს. 4.4.4. პალატას მიაჩნია, რომ ეს აქტი ხელშეკრულება საერთოდ არ არის; იგი, მხოლოდ, მხარეთა შორის უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს და ახალ ვალდებულებებს არ წარმოშობს. 4.4.5. ამის გამო, მისი გაუსაჩივრებლობა აპელანტის უფლებებზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.5. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს. 4.5.1. პალატის აზრით, ეს შესაძლებლობა სწორედ მხარეთა მიერ დადგენილი წესით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ეხება. 4.5.2. ამის შესაბამისად, ის, რომ მხარეები პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმდნენ და მოვალემ მისი გადახდა იკისრა, სადავოობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას არ გამოირიცხავს. 4.5.3. ამიტომ, მოწინააღმდეგე მხარის სახელზე აპელანტის წერილი და მის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 24 ნოემბერს გამოცემული ბრძანება სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირებაში ხელს ვერ შეუშლის. 4.6. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო, დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, შეუსაბამოდ მაღალია. 4.6.1. პირველ ყოვლისა, როგორც აღინიშნა, აპელანტს სამუშაოები 2016 წლის 18 სექტმებრისათვის უნდა დაესრულებინა. 4.6.2. 2016 წლის 16 სექტემბრის აქტის მიხედვით, ამ დროისთვის აპელანტს 83986,24 ლარის ღირებულების სამუშაო უკვე შესრულებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, მოსარჩელემ მას ამ ნაწილში პირგასამტეხლო მაინც დააკისრა. 4.6.3. მეტიც, 2016 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აპელანტმა, ფაქტიურად, 203 422,84 ლარის სამუშაო შეასრულა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარემ პირგასამტეხლო 209000 ლარიდან გამოიანგარიშა. 4.6.4. პალატის აზრით, თავისთავად ეს გარემოებებიც პირგასამტეხლოს შესამცირებლად საკმარისი იქნებოდა. 4.6.5. თუმცა, მთავარია, რომ ვალდებულების მოცულობის ყოველდღიური 0,5% წლიური 182,5%-ია. ამ ოდენობის პირგასამტეხლო კი საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს უთუოდ ეწინააღმდეგება. 4.7. ამის გამო, პალატის აზრით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05%-მდე უნდა შემცირდეს. 4.7.1. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს სახით 41800/10=4180 ლარი უნდა გადაუხადოს. 4.8. როგორც აღინიშნა, აპელანტს პირგასამტეხლოს ნაწილი, 4000 ლარი უკვე გადახდილი აქვს, ამიტომ, მას დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. 4.9. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ა-------–-------------–----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალს ა-------–-------------–----–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 180 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ა-------–-------------–----–------ს შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 1504,8 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ა-------–-------------–----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალს ა-------–-------------–----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 180 ლარის გადახდა;

5. ა-------–-------------–----–------ს შპს ი------------------------ წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალის სასარგებლოდ დაეკისროს 1504,8 ლარის გადახდა;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

7. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა