განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2018
საქმის ნომერი
330100117002045800
ინსტანცია
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002045800, №1/ბ-799-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - ვლ-------- პა-------ის ძე გა----ე - დაბადებული 197- წლის 2-----------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-----------–-------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასჯელი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტის ნაწილში და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხის გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგ გარემოებათა გამო: ვლ-------- გა----ემ აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) მოქმედების პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რაც დადასტურებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენით, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს სახით შეტანილი თანხის მისი შემტანისათვის უკან დაბრუნების თაობაზე, არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, სასამართლომ სამართლიანად და კანონის სრული დაცვით დაუბრუნა გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა მის შემტან პირს, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი (ვრცლად იხ. შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვლ-------- გა----ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 31 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ხიდიდან მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამავალ პანდუსზე, ვლ-------- გა----ე იმყოფებოდა მ------ მ------–---–ის კუთვნილ ,,V----”-ს ფირმის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით - A--------), რა დროსაც უკანონოდ ინახავდა მის მიერ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, ამინო-ფენილ-ეთანოლის ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება - a-PVP-ს შემცველ მოთეთრო ფერის ნივთიერებას (გრანულების სახით) და ინსულინის შპრიცს, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისა და ,,V----“-ს ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით - A--------) ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით, ვლ-------- გა----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, ახლადდანიშნული სასჯელი შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვლ-------- გა----ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ვლ-------- გა----ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მაისიდან - 2017 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

 

განაჩენით ასევე დადგინდა გირაოს სახით გადახდილი თანხის შემტანი პირისთვის დაბრუნება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვლ-------- გა----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ გასაჩივრებულ საკითხზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვლ-------- გა----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ვლ-------- გა----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ივნისის განჩინებით, ვლ-------- გა----ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 4000 ლარის ოდენობით, მის გადახდამდე პატიმრობით. გირაოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანილი იქნა 2017 წლის 5 ივნისს (გირაოს შემტანი პირი ზვ------------–---–ი), რის შემდეგაც ვლ-------- გა----ე გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

წარმოდგენილი ოქმების თანახმად, როგორც გირაოს შემტანი პირი (ზვ------------–---–ი), ისე ბრალდებული ვლ-------- გა----ე გაფრთხილებულები იქნენ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოქმედების პერიოდში ვლ-------- გა----ემ ჩაიდინა ახალი დანაშაული. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, რომლითაც ვლ-------- გა----ე დამნაშავედ იქნა ცნობილი 2017 წლის 3 სექტემბერს ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

ბრალდების მხარე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გირაოს პირობების დარღვევის გამო გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას, ნაცვლად გირაოს თანხის დაბრუნებისა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოზიცია სტაჟიორ-პროკურორმა ა----------–---–მა ასევე დააფიქსირა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე.

 

დაცვის მხარის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის სუბიექტი შესაძლოა იყოს პროკურორი და ზემდგომი პროკურორი, ხოლო სტაჟიორ-პროკურორი არ წარმოადგენდა გასაჩივრების სუბიექტს, ვერ იქნება გაზიარებული. სტაჟიორ-პროკურორი ა----------–---–ი მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, ამასთან, პროკურატურის სტაჟიორებს მინიჭებული აქვთ ყველა ის უფლება, რაც პროკურორებს, რასაც ადასტურებს ასევე საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ გასაჩივრების უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში ჰქონდა მხოლოდ ზემდგომ პროკურორს, არის უსაფუძვლო.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები დასაბუთებულია, რის გამოც საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულია ის შედეგები, რაც შესაძლოა მოჰყვეს გირაოს პირობის ან კანონის დარღვევას. ამ ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე კი ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ ვლ-------- გა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, თუმცა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს გადახდილი გირაოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესაძლებლობას.

 

დადგენილია, რომ ვლ-------- გა----ემ დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა და კანონი. კერძოდ, გირაოს მოქმედების პერიოდში, მან ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გირაოს შემტანმა წერილობით მიმართა პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას, რაც გახდებოდა გირაოს თანხის დაბრუნების საფუძველი.

 

ცხადია, რომ განაჩენის გამოტანისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გადახდილი გირაოს ბედზე, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერიც. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება სრულად დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული ვლ-------- გა----ე კეთილსინდისიერად არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რაც გირაოს თანხის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

 

დაცვის მხარის პოზიცია, რომ სასამართლო განაჩენით არ იყო უფლებამოსილი გირაოს თანხა გადაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვერ იქნება გაზიარებული. აღსანიშნავია, რომ გირაოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესაძლებლობას განაჩენით არ გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგალითისთვის იხილეთ 2017 წლის 13 დეკემბრის №365აპ- 17 განაჩენი, 2016 წლის 16 მარტის №494აპ-15 განაჩენი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებული და საფუძვლიანია სტაჟიორ-პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი და 2017 წლის 5 ივნისს გადახდილი გირაოს თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ვლ-------- გა----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, ახლადდანიშნული სასჯელი შთანთქოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვლ-------- გა----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ვლ-------- გა----ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ვლ-------- გა----ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მაისიდან - 2017 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ვლ-------- გა----ის მიმართ 2017 წლის 3 ივნისის N10დ/2--- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და 2017 წლის 5 ივნისს ზვ-----------–---–-ს (პირადი N0----------) მიერ გადახდილი გირაოს თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ვლ-------- გა----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ინსულინის შპრიცები, ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.

 

სხვა პირადი ნივთები და ,,V----”-ს ფირმის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით - A--------) - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე