განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2018
საქმის ნომერი
010210016001571984
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001571984

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-29-2018 25 მაისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - პ------ კ-------ი

წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - ი---–-- ჩ--–------ი

წარმომადგენელი - ვ-–-----------–---–ი

დავის საგანი - ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება 1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ------ კ-------ის სასარჩელო მოთხოვნა. პ------ კ-------ი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, კ-----–--ის ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0------------------ თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხა პ------ კ-------ის საკუთრებაში. ასევე პ------ კრიჩინი ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ლ---------------------ების ქუჩაზე (მე-12 სართული, სასტუმრო ნომერი №1209, ფართი- 31 კვმ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------, ბო-------ის მუნიციპალიტეტში, დაბა ბა--------ში (სართული 2, სასტუმრო ნომერი 233, ფართი 20 კვმ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6----------- და ბო-------ის მუნიციპალიტეტი, დაბა ბა--------ში (სართული 3, სასტუმრო ნომერი 333, ფართი 23 კვმ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-----------, მდებარე უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ და მისი წილი ზ/აღნიშნულ ქონებებში განისაზღვრა ½ ნაწილით. მოპასუხე ი---–-- ჩ--–------ს დაეკისრა პ------ კ-------ის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ნახევრის ღირებულების ანაზღაურება 2812,5 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ი---–-- ჩ--–------ს დაეკისრა პ------ კ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. პ------ კ-------ი და ი---–-- ჩ--–------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 24 ივლისიდან 2016 წლის 07 ივნისამდე. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2016 წლის 07 ივნისს განქორწინებით. განქორწინების შედეგად მოპასუხის გვარი ,,კ-------’’ შეიცვალა ქორწინებამდელ გვარზე ,,ჩ--–------ი’’. 2.2. მოპასუხე ი---–-- კ-------ის (ჩ--–------ის) მიერ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 2014 წლის 27 ნოემბერს შეძენილი იქნა ქ. ბათუმი, ლ---------------------ების ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს მე-12 სართულზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------) 31 კვმ ფართის საცხოვრებელი ბინა. ასევე მის მიერ 2015 წლის 13 იანვარს შეძენილი იქნა ბო-------ის მუნიციპალიტეტი, დაბა ბა--------ში ორი საცხოვრებელი ბინა 20 კვმ და 23 კვმ ფართის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6----------- და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-----------. 2015 წლის 21 აპრილს კი ასევე ი---–-- კ-------ის სახელზე შეძენილი იქნა ქ. ბათუმში, კ-----–--ის ქ. N2-ში მდებარე 41,53 კვმ ფართის საცხოვრებელი ბინა, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------). 2.3. 2016 წლის 07 ივნისის ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება პ------ კ-------სა და ი---–-- კ-------ს შორის, რის შემდეგაც ი---–-- კ-------ის გვარი ”კ-------ი” შეცვლილი იქნა ქორწინებამდელი გვარით ”ჩ--–------ი”. 2.4. შპს ”აუდიტის და შეფასების სახლის” №2--------- დასკვნით დგინდება, რომ ი---–-- კ-------ის (ჩ--–------ი) მიერ შესყიდული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 83 000 აშშ დოლარს. 2.4. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი---–-- ჩ--–------მა და პ------ კ-------მა ქორწინების განმავლობაში შეიძინეს საცხოვრებელი ავეჯი, კერძოდ: დივანი - 1ც, მაგიდა - 1ც, სკამები - 4ც, ლეიბი - 1ც, ბალიში - 2ც, საწოლი - 1ც, კუთხური მაგიდა - 2ც, გარდერობი - 1ც, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა - 1ც, საპირფარეშოს მაგიდა - 1ც, გარდერობის სარკე - 1ც, ჟურნალის მაგიდა - 1ც, შემოსასვლელი დერეფნის გარდერობი - 1ც, საერთო ღირებულებით 5625 აშშ დოლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ “ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად კი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ გადაეხვია მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისათვის. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1165-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ - სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს, ამასთან ამავე კოდექსის 1166-ე მუხლი ადგენს, რომ თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი იქნა გარდა უძრავი ქონებისა, მოძრავი ქონებაც, კერძოდ: დივანი - 1ც, მაგიდა - 1ც, სკამები - 4ც, ლეიბი - 1ც, ბალიში - 2ც, საწოლი - 1ც, კუთხური მაგიდა - 2ც, გარდერობი - 1ც, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა - 1ც, საპირფარეშოს მაგიდა - 1ც, გარდერობის სარკე - 1ც, ჟურნალის მაგიდა - 1ც, შემოსასვლელი დერეფნის გარდერობი - 1ც, საერთო ღირებულებით 5625 აშშ დოლარი. ასევე აღნიშნული მოძრავი ქონება იმყოფება მოპასუხე ი---–-- ჩ--–------ის მფლობელობაში და სარგებლობაში. მოსარჩელეს არ მოუთხოვია საერთო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ნატურით გადაცემა, მან მოითხოვა ამ ნივთების ღირებულების ნახევარის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბაჟისა და მოძრავი ქონების ღირებულების დაკისრების ნაწილში, გაასაჩივრა ი---–-- ჩ--–------მა, ხოლო იურიდიული მომსახურების თანხის დაკისრების ნაწილში - პ------ კ-------მა: ფაქტობრივი საფუძვლები ი---–-- ჩ--–------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.1. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმის შესახებ, რომ მოპასუხე ი---–-- ჩ--–------ი ნაწილობრივ ცნობდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნის ნახევარში, უძრავ ქონებასთან მიმართებაში. ი---–-- ჩ--–------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მოძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია. ფაქტობრივად კი სადავო მოძრავი ქონება ორივე მხარის მფლობელობაშია, რადგანაც სადავო ბინას, რომელშიც განლაგებულია სადავო მოძრავი ქონება ორივე მხარე ფლობს და ორივე მხარეს აქვს მასთან შემხებლობა. მართალია, აპელანტი ამ ნაწილში სარჩელს ცნობს, მაგრამ თუ რატომ უნდა დარჩეს მოპასუხის მფლობელობაში მოძრავი ქონება და ღირებულების ნახევარი რატომ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს, სასამართლო არ ასაბუთებს. პ------ კ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტის მიერ წარდგენილი იქნა იურიდიული მომსახურების გაწევისათვის ქვითარი 1385 (ათას სამას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხზე არ უმსჯელია სასამართლოს. 3.3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პ------ კ-------მა კვლავ გაწია საადვოკატო მომსახურების ხარჯი 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით. სამართლებრივი საფუძვლები ი---–-- ჩ--–------ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.1.1. სასამართლომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრებისას იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, მაშინ, როცა უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და აპელანტისათვის დაეკისრებინა გადახდილი ბაჟის ნახევარი, 1500 ლარი, რადგან იგი სარჩელს მოთხოვნის ნახევარში ცნობდა შესაგებლის შედგენის სტადიიდან. ი---–-- ჩ--–------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.2.1. სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის მოთხოვნას, მაგრამ თუ რატომ უნდა დაკისრებოდა აპელანტს ღირებულების გადახდა, არ დაუსაბუთებია, მაშინ, როცა აპელანტი თანახმა არის მოძრავი ქონება მიეკუთვნოს მოსარჩელეს და მან მიიღოს ღირებულების ნახევარი. პ------ კ-------ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ ი---–-- ჩ--–------ის სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პ------ კ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ პ------ კ-------ი და ი---–-- ჩ--–------ი დაქორწინდნენ 2004 წლის 24 ივლისს. 4.2. ქორწინების პერიოდში მათ შეიძინეს უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის: დივანი, მაგიდა, სკამები, ლეიბი, ბალიში, საწოლი, კუთხის მაგიდა, გარდერობი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, საპირფარეშოს მაგიდა, გარდერობის სარკე, ჟურნალის მაგიდა და შემოსასვლელი დერეფნის გარდერობი. 4.3. ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულება 5625 აშშ დოლარია. 4.4. პ------ კ-------მა სარჩელი აღძრა ი---–-- ჩ--–------ის წინააღმდეგ და ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის, მოძრავი ნივთების სანაცვლოდ, 2812,5 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. 4.5. ი---–-- ჩ--–------მა სარჩელი, უძრავი ქონებიდან 1/4 წილის მიკუთვნების ნაწილში, საქმის მომზადების ეტაპზევე ცნო. 4.6. იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ პ------ კ-------მა წარმომადგენლებს 1785 აშშ დოლარი გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. პალატა ეთანხმება ი---–-- ჩ--–------ს, რომ საქალაქო სასამართლომ მის მიერ გადასახდელი საპროცესო ხარჯი შეცდომით განსაზღვრა. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე... მოპასუხე ცნობს სარჩელს... მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 4.7.2. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. 4.7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, კი იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. 4.7.4. როგორც აღინიშნა, სარჩელით პ------ კ-------მა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, ე.ი. ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. 4.7.5. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ქონების 1/4 წილის მიკუთვნების ნაწილში ცნო, ე.ი. იგი მოსარჩელის მოთხოვნის 1/2 ნაწილს დაეთანხმა. 4.7.6. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ. 4.7.7. სასამართლომ მოსარჩელე სადავო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთედ აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილში, სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა და, ამიტომ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ნაწილი მოპასუხემ მას უნდა აუნაზღაუროს. 4.7.8. ამის შესაბამისად, ი---–-- ჩ--–------მა პ------ კ-------ს უნდა გადაუხადოს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1/2 ნაწილი - 1500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1500 ლარი პ------ კ-------ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოი ბიუჯეტიდან. 4.8. პალატას, ასევე, მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურება შეცდომით დააკისრა. 4.8.1. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთები მეუღლეთა თანასაკუთრებაა. 4.8.2. ამის შესაბამისად, მხარეებს ამ ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნით და ამ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე- 964-ე მუხლებით დადგენილი წესითაა შესაძლებელი. 4.8.3. აღნიშნული მოთხოვნა კი პ------ კ-------ს არ დაუყენებია. 4.8.4. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისას შესაძლებელია ერთ-ერთ მეუღლეს ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაციაც მიეცეს, მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მეორე მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება. 4.8.5. მხარეებს არ მოუთხოვიათ და არც სასამართლოს მიუღია გადაწყვეტილება ზემოხსენებული ნივთების ი---–-- ჩ--–------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. 4.8.6. აღნიშნული ნივთები, თავისი ფუნქციური დანიშნულებითაც, მაინცდამაინც, ი---–-- ჩ--–------ის საკუთრება ვერ იქნება და მოსარჩელეს არ მიუთითებია იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ისინი მისი ნებართვის გარეშე განკარგა. 4.8.7. ამის შესაბამისად, პ------ კ-------ის მოთხოვნა ი---–-- ჩ--–------ისათვის ნივთების ღიერბულების დაკისრების თაობაზე სამართლებრივად უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი. 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. 4.9.1. პალატის აზრით, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, გარდა დავის საგნის ღირებულებისა, უნდა შეფასდეს დავის სირთულე, წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების მოცულობა, მის მიერ დახარჯული დრო, შესრულებული საპროცესო მოქმედებების რაოდენობა და ა.შ. 4.9.2. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის სადავო არის ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე ერთ-ერთი მეუღლის თანამესაკუთრედ ცნობა. 4.9.3. მსგავსი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ე.ი. საქმე არსებითი სირთულით არ გამოირჩევა. 4.9.4. მოპასუხემ სარჩელი საქმის მომზადების ეტაპზევე, ნაწილობრივ, ცნო; სასამართლომ საქმის არსებითად განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა ჩაატარა და ისიც დაახლ. 28 წთ-ს გაგრძელდა. 4.9.5. ასევე მიმდინარეობდა საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 4.9.6. ამ ვითარებაში, პალატას მიაჩნია, რომ პ------ კ-------ის წარმომადგენლის მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი ხარჯი 600 ლარით უნდა განისაზღვროს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ი---–-- ჩ--–------ის სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. პ------ კ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ნახევარის ღირებულების, 2812,5 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის ანაზღაურება და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. პ------ კ-------ის სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1500 ლარის გადახდა. ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 600 ლარის გადახდა. პ------ კ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარი.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, პ------ კ-------ს ი---–-- ჩ--–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 425,15 ლარის ანაზღაურება. 6.2. თავის მხრივ, ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 24 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ი---–-- ჩ--–------ის სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. პ------ კ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ნახევარის ღირებულების, 2812,5 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის ანაზღაურება და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. პ------ კ-------ის სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა;

6. ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 600 ლარის გადახდა;

7. პ------ კ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარი;

8. პ------ კ-------ს ი---–-- ჩ--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 425,15 ლარის გადახდა;

9. ი---–-- ჩ--–------ს პ------ კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 24 ლარის გადახდა;

10. მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე