განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310017001892773
საქმე №3/ბ-648-2017წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მე-3 პირი) – ა------------------ა
წარმომადგენელი – მ----------–----–--ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ-----------------ა
წარმომადგენელი – ნ-----–-------------ე
მოპასუხე (მოპასუხე) – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – მ---------------ა
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 21 აპრილს ვ-----------------ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის ა------------------ას მიმართ. მოსარჩელემ ქ.ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩის N71–ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და შენობა–ნაგებობაზე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილების და 2010 წლის 24 დეკემბრს გაცემული საკუთრების უფლების N--- მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი იყო კანონშესაბამისი და არ არსებობდა ამ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები.
მესამე პირმა ა------------------ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა კანონით დადგენილი წესით. მისი მტკიცებით სადავო ნაკვეთს ყოველთვის ფლობდა მისი მამა გ----------------ა, ვისაც ამ ნაკვეთის მომიჯნავედ რეგისტრირებული ჰქონდა უძრავი ნივთი. მისივე მტკიცებით სადავო ნაკვეთზე შეტანილი იყო სამშენებლო მასალა (აგურები), განზრახული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომლის საძირკველიც ამოყვანილია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილება ქ. ზუგდიდში, დ-----------–-----–-- №71-ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2010 წლის 24 დეკემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N--- (მიწის ნაკვეთის ფართობი -1454 მ2, შენობა-ნაგებობის ფართობი - 180 მ2); მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი 150 ლარის ოდენობით დაეკისრა მოპასუხეს - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ა------------------ას მამის გ----------------ას საკუთრებაში 2008 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი (დაუზუსტებელი ფართობით 600 მ2) მისამართზე ქ.ზუგდიდი, დ-----------–-----–-- ქუჩა N71 – მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 4------------
გ----------------ა გარდაიცვალა 2008 წლის 13 ივნისს.
ამჟამად სადავო ქონება (ნაკვეთის წინა ნომერი 4-----------) მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე ახალი საკადასტრო კოდით – 4----------- ა------------------ას საკუთრებაშია რეგისტრირებული;
2.1.2. ქ.ზუგდიდი, დ-----------–-----–-- ქუჩა N71-ში თანასაკუთრება რეგისტრირებული აქვს ვ-----------------ას – ს.კ. 4-----------, მიწის ნაკვეთის ფართობია 600 მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა და 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. თანასაკუთრების რეგისტრაციის საფუძველია სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელეს ეკუთვნის ამ ქონების ¼ ნაწილი;
2.1.3. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 24 დეკემბრს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღიარებულია ა------------------ას საკუთრების უფლება ქ. ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩის N71–ში მდებარე უძრავ ნივთზე – 1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და შენობა–ნაგებობაზე – 180 მ2;
აღნიშნულ ქონებაზე ა------------------ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით 4-----------. რეგისტრაციის მასალების მიხედვით ამ ნაკვეთზე რეგისტრირებულია 180 მ2 ფართის შენობა, თუმცა სარჩელის განხილვის დროისთვის, ასევე ამ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისთვის ამ ნაკვეთზე შენობა ნაგებობა არ არსებობდა;
2.1.4. სასამართლომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინა, რომ ქ.ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩა N71–ში (ერთ მისამართზე) ამჟამად რეგისტრირებული 3 სხვადასხვა უძრავი ნივთი – ს.კ. 4-----------, 4-----------, 4-----------. სამივე ეს ნივთი მოქცეულია ერთ ღობეში.
დ-----------–-----–-- ქუჩის მხრიდან მოწყობილია საერთო რკინა–ბეტონის ღობე და რკინის ჭიშკარი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან სხვა მეზობლებისგან ეს ქონება გამოყოფილია მავთულბადის, ნაწილობრივ ასევე რკინის კონსტრუქციის ღობით. ერთი შეხედვით, წერილობითი დოკუმენტების გაცნობამდე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ერთი ქონებაა, თუმცა საყურადღებოა, რომ იმ მხარეს, სადაც ორსართულიანი სახლი დგას (ანუ ვ-----------------ას რეგისტრირებული თანასაკუთრების მხარეს) სამფრთიანი ჭიშკარი ისეა მოწყობილი, რომ დაუბრკოლებლად შეიძლება ქუჩიდან შესვლა ეზოში ქვეითად ერთფრთიანი კარით და ავტომანქანითაც ორფრთიანი კარით, ხოლო ა------------------ას რეგისტრირებული საკუთრების მხარეს მოწყობილია მხოლოდ ორფრთიანი კარი – მანქანისთვის, თუმცა ქუჩიდან გადასასვლელი არ არის გაკეთებული, მანამდე კი მანქანის შესვლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი და გზის სავალი ნაწილი გამოყოფილია სანიაღვრე არხით. რკინა ბეტონის ღობე იმგვარად არის მოწყობილი და შეღებილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწყობილია ერთი ქონებისთვის.
ეზოში დგას დიდი ორსართულიანი სახლი დამხმარე ნაგებობებით – მოსარჩელის თანასაკუთრებაში.
მესამე პირის საკუთრების მხარეს რაიმე დასრულებული ნაგებობა არ დგას. 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ – დოკუმენტების მიხედვით 600 მ2 მიწის ნაკვეთზე დარჩენილია ძველი საძირკველი (ნასახლარი), ხოლო 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ – დოკუმენტების მიხედვით 1454 მ2 მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა–ნაგებობა, მათ შორის საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებული 180 მ2 არ დგას. ამ ნაკვეთზე მოწყობილია ბეტონის საძირკველი, თუმცა არა იმ ადგილას, სადაც ნახაზზე აღნიშნულია შენობა–ნაგებობა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი მდებარეობს მოსარჩელის თანასაკუთრების უკან, ხოლო გვერდითა მხრიდან გარკვეულ ნაწილში ესაზღვრება უშუალოდ საცხოვრებელი სახლის კედელს;
2.1.5. ა------------------ამ შესაბამის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებასთან ერთად წარუდგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მეზობლების განცხადება (მათი ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ) და სხვა დოკუმენტები.
წარდგენილი მასალებიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება არსებულ რეალობას, ხოლო განცხადებაზე ხელმომწერი პირების ნაწილმა ნ----–-----მ და კ--------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მისცეს ჩვენება და აღნიშნეს, რომ ა------------------ას ეხმარებოდნენ მიწის რეგისტრაციაში, თუმცა არ იცოდნენ ზუსტად რა ნაკვეთს ირეგისტრირებდა იგი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ეს პირები არ დაკითხულან.
სასამართლოში საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც აჩვენეს, რომ ეს ნაკვეთი იყო მოსარჩელის და მესამე პირის წინაპრების და მხოლოდ მესამე პირის მამკვიდრებლის მფლობელობას ვერ დაადასტურებს;
2.1.6. ვ-----------------ას და მისი ოჯახის წევრებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ადმინისტრაციული წარმოების ან/და მისი შედეგების შესახებ მისთვის არ შეუტყობინებიათ.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლოს აღნიშვნით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ მოპასუხე კომისიის უფლებამოსილებაში შედის მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის კომისიამ სათანადო მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასებით უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა დაინტერესებული პირის (ან მისი მამკვიდრებლის) თვითნებური მფლობელობა მიწის ნაკვეთზე.
სასამართლოს მითითებით, განსახილველი შემთხვევისთვის საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს აშკარად იყო გამოკვეთილი სხვა პირების (მ/შორის საქმეში მოწვეული მესამე პირის) დაინტერესება კომისიაში განსახილველ საკითხთან, ამასთან სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ როგორც მოსარჩელის, ასევე მესამე პირის მამკვიდრებლებიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე და 954-ე მუხლებით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
სასამართლოს აღნშვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული იმპერატიული დანაწესის შესრულება მოპასუხე კომისიამ ვერ უზრუნველყო და მტკიცებულებები შეაფასა იზოლირებულად სათანადო გამოკვლეფისა და შეფასების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო იმავე კოდექსის 97-ე მუხლის დანაწესებით საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები, ბ) შეაგროვოს ცნობები, გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, ე) დანიშნოს ექსპერტიზა, ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის (კომისიის გადაწყვეტილების) კანონთან წინააღმდეგობა, რის გამოც ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა------------------ამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომელიც თვითონვე არასწორად შეადგინა. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ იმ მხარეს, სადაც ორსართულიანი სახლი დგას (ანუ ვ-----------------ას რეგისტრირებული თანასაკუთრების მხარეს) სამფრთიანი ჭიშკარი ისეა მოწყობილი, რომ დაუბრკოლებლად შეიძლება ქუჩიდან შესვლა ეზოში ქვეითად ერთფრთიანი კარით და ავტომანქანითაც ორფრთიანი კარით, ხოლო ა------------------ას რეგისტრირებული საკუთრების მხარეს მოწყობილია მხოლოდ ორფრთიანი კარი - მანქანისთვის, თუმცა ქუჩიდან გადასასვლელი არ არის გაკეთებული, მანამდე კი მანქანის შესვლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი და გზის სავალი ნაწილი გამოყოფილია სანიაღვრე არხით და შემდეგ დაასკვნა, რომ თურმე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწყობილია ერთი ქონებისათვის. წარმოდგენილი ფოტოსურათიდან ნათლად ჩანს, რომ ორივე ჭიშკარი აბსოლუტურად ერთნაირია (ისინი, ორივე ა------------------ას მამამ დაამზადებინა, ისევე როგორც მანვე მოაწყო რკინა-ბეტონის შემოღობვა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არც კი შემოუნახავს, რადგანაც მისი პიროვნებიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ დაუშვებდა მისი ძმისშვილის მხრიდან, რომელზედაც დიდი ამაგი მიუძღვის, ასეთ ქმედებას) და გაუგებარია როგორ აღმოაჩინა სასამართლომ მათ შორის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული სხვაობა. სანიაღვრე არხიც აპელანტის მხარეს ზუსტად იმავე მოცულობისაა, როგორიც ვ-----------------ას რეგისტრირებული თანასაკუთრების მხარეს და გადასასვლელის მოწყობა მასზე არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ნათელია, რომ ა------------------ას იქ არ უცხოვრია და ამჟამად მანქანის გადასასვლელის საჭიროება არ არსებობს;
3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია, რომ მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მისი მამკვიდრებელი ფლობდა სადაო ქონებას არ წარმოუდგენია და ამავდროულად დააიგნორა ა------------------ას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ქ. ზუგდიდის მთავარი არქიტექტორისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 28.01.87წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული ორსართულიანი სახლის გეგმა, რომელიც უნდა აშენებულიყო ა------------------ას მამკვიდრებლის მიერ მის მიერვე მფლობელობაში არსებულ ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთზე, რომლის საძირკველიც 180 კვ.მ-ზე თვითონ სასამართლომ დააფიქსირა ადგილზე დათვალიერების ოქმში ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთზე;
3.1.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაადგინა,რომ თითქოსდა საქმის მასალებით უტყუარად იყო დადგენილი, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს აშკარად იყო გამოკვეთილი სხვა პირების (მ/შორის საქმეში მოწვეული მესამე პირის) დაინტერესება კომისიაში განსახილველ საკითხთან, ამასთან სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ როგორც მოსარჩელის, ასევე მესამე პირის მამკვიდრებლებიც". აქ საინტერესოა საიდან უნდა სცოდნოდა კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დროს მოსარჩელისა და მისი ინტერესის შესახებ, როდესაც მათ დღეს დარეგისტრირებული 600კვ.მ-ც კი არ ჰქონდათ საკუთრებაში. მესამე პირმა წარმოადგინა კანონითა და "წესით" დადგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებაში არ იყო (წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია აღნიშნულ საკითხს ვერ განიხილავდა);
3.1.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი (სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით) და მე-4 ნაწილები (თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდევი სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე). მოსარჩელე თავდაპირველად ცდილობდა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა და ამტკიცებდა, რომ გ----------–---------------ს აღნიშნულ მისამართზე საერთოდ არ უცხოვრია. მას შემდეგ რაც აპელანტმა წარმოადგინა აღნიშნულის დამამტკიცებელი უტყუარი დოკუმენტები, შეეცადა მოწმეთა მოშველიებით, რომელთა დაკითხვის შუამდგომლობა ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ დააყენა, აღნიშნულის დამტკიცებას, მაგრამ ვერ შეძლო. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად აპელანტის მიერ აღნიშვნისა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული სარჩელი შეიტანა მხოლოდ ქალბატონი გ---–-----------ს გარდაცვალების შემდეგ. ძმებს, რომლის მემკვიდრეებს შორის დავას იხილავს სასამართლო, რა ეკუთვნოდათ და რას ფლობდნენ მეზობლად მცხოვრებ დაზე უკეთ ვის ეცოდინებოდა, რომელმაც დააფიქსირა კიდეც როგორც იყო აღიარების კომისიაში წარდგენილ ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებაში. მოსარჩელეს თანასაკუთრებაში აქვს 600კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც დგას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და რომელიც მის მამას ეკთვნოდა. ის ხელუხლებელია და მას არავისგან ბუნებრივია არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი მათი არ არის;
3.1.5. აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ რადგანაც ქონება ერთ შემოღობილშია ის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო თუ საკუთრება არ არის, რაც დადასტურდა სასამართლოზე, მაშ სად არის მოსარჩელის უფლების დარღვევა? სადაო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უკანონო რომც იყოს ამ შემთხვევაში პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც უნდა ჩაებას სასამართლოს მესამე პირად, რისი საჭიროებაც ჩვენს შემთხვევაში არ იყო, რადგანაც სახელმწიფო მოპასუხედ იყო დასახელებული და განაცხადა, რომ სახელმწიფოს არანაირი ინტერესი ხელყოფილი არ არის, არ სცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო ჩათვალა რა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონიერად გამოიცა. ვერანაირი დოკუმენტი იმისა, რომ მას მოთხოვნის უფლება აქვს სადავო საკითხის ირგვლივ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე;
3.1.6. აპელანტის მითითებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე და 954-ე მუხლები. პირველის მიხედვით თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო 954-ე მუხლის თანახმად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. გაუგებარია საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ აპელანტისათვის აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს ან მის მამკვიდრებელს ეკუთვნოდათ? ვფიქრობთ, მოსამართლემ არასწორად გაიგო მოწმეების მიერ ნათქვამი, რომ იქ ცხოვრობდა მოსარჩელის მამა. არავის უარყვია, რომ ცხოვრობდა და სახლიც ჰქონდა იმ 600 კვ.მ.-ზე, რომელიც დღესაც მის საკუთრებაშია. სხვა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რამდენიმე პირს და მათ შორის მოსარჩელის მამკვიდრებელს ეკუთვნოდა სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე და 954-ე მუხლებზე დაყრდნობა უსაფუძვლო და უადგილოა. რადგანაც მოწმეებმა (ყველა მათგანი მოსარჩელის შუამდგომლობით იყო მოწვეული) დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მიწაზე ცხოვრობდა ხუფენიების მამების ბიძა ი-–----------------ა. აპელანტის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით (რომლებსაც, როგორც ჩანს სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია) ნათლად დასტურდება, რომ მან მთელი თავისი ქონება შვილობილს, აპელანტის მამას დაუტოვა. წარმოვადგინეთ აგრეთვე ორსართულიანი სახლის 1987 წელს აპელანტი მამკვიდრებლის განცხადების საფუძველზე დამტკიცებული გეგმა. სწორედ აღნიშნული სახლის საძირკველია მითითებული აღიარების კომისიისათვის წარდგენილ აზომვით ნახაზზე;
3.1.7. აპელანტის აღნიშვნით, სასამართლომ მიუთითა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ყურადღება არ მიაქცია, რომ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის N--- ბრძანებულება, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი", რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადაო აქტი არ ითვალისწინებენ აღიარების კომისიის მიერ განმცხადებლის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული ქონების მის საკუთრებაში აღიარებისას გვერდით მცხოვრებლის გაფრთხილებას ან კიდევ ნებართვას, რომ აპელანტის მიერ აღიარების კომისიისათვის წარდგენილ იქნა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მათ შორის აზომვითი ნახაზი, რომლის უსწორობასაც ხაზს უსვამს სასამართლო.
ადგილზე დათვალიერების შუამდგომლობა დააყენა აპელანტმა, იმდენად იყო დარწმუნებული ნახაზის სისწორეში, რომ მის მფლობელობაში არსებული მის მიერ მითითებული ფართობი ზუსტად იქნებოდა ახაზული ამზომველის მიერ. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამზომველმა დაუშვა ცდომილება, რაც, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, რაც გაითვალისწინა კანონმდებელმა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი"-ს მე-15 მუხლის 4-1 ნაწილით, როცა დაადგინა, რომ "მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ფართობსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებით გათვალისწინებულ ფართობს შორის ცდომილების არსებობის შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მონაცემების (აზომვის) შესაძლო ცდომილების თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება". ცდომილების გასწორებას ითხოვს ძირითადად სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშიცაა მიწის დაურეგისტრირებული ნაკვეთი. და მოსარჩელის ინტერესი აქაც არ დგინდება, რადგანაც მის საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად მისი უფლებები დარღვეული არ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის არასათანადო მოსარჩელეობას. ხოლო თუ კომისია ცდომილებას არ გაასწორებს, უკვე აპელანტს ექნება დავის საფუძველი და არა ვ-----------------ას;
3.1.8. აპელანტის მითითებით, მიუხედავად მის მიერ საკითხის დასმისა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და ყურადღება არ მიაქცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღმჭურველი შინაარსის სამართლებრივი აქტია, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული აქტი ა------------------ას ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის "კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან. დოქტრინა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დავის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ,: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. ჩვენს შემთხვევაში ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 14.12.2010წ. N--- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიაში ა------------------ას მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი - მოწმის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (ჩვენება), რეგისტრირებული, ლიცენზირებული ამზომველის მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დასადგენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 03 ნოემბერს გაცემული ცნობა N------, რომლის თანახმადაც ქ. ზუგდიდში დ-------–-----–-ს N71-ში მდებარე უძრავი ნივთი ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული, რაც განხილულ იქნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი განცხადება და საკუთრებაში გადაეცა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა;
3.1.9. აპელანტის აღნიშვნით, საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში სრულყოფილად იქნა წარდგენილი კომისიის მიერ კანონისა და "წესის" საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი (მითუმეტეს, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი შეამოწმა და მიწის ნაკვეთი ადგილზე დაათვალიერა აღიარების კომისიამ გადაწყვეტილების მიღებამდე). აპელანტმა შეასრულა ყველა პროცედურული მოვალეობა, რომელთა არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ხოლო ის, რომ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას თუნდაც არასრულფასოვნად ეწარმოებინა ადმინისტრაციული წარმოება (რასაც ადგილი არ ჰქონია) ვერ გახდება საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი. მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლომ (საქმე Nბს-161-159(კ-17), 20/07/2017წ.) მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, ვინაიდან მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირის (ჩვენს შემთხვევაში ა------------------ას) სახელზე. შესაბამისად დაინტერესებულ პირს წარმოეშვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე;
3.1.10. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, მაგრამ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილი. მის მიერ სასამართლოს წარედგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აპელანტმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლის ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე, საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ზემოთ დასახელებული მუხლის ნაწილის მიხედვით "დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო (ასეთიც რომ იყოს) ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N------------; იპოთეკის ხელშეკრულება N-------------------; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N------------; თანხმობა იპოთეკის უფლების შეწყვეტის თაობაზე) უტყუარად დასტურდება, რომ მან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ხოლო აღნიშნული აქტი უკანონოც რომ იყოს, მისი ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი;
3.1.11. აპელანტის აღნიშვნით, მის კანონიერ ნდობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ ადასტურებს შემდეგი გარემოებებიც: 1) ის იმდენად დარწმუნებული იყო და ნდობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, რომ საკუთრებაში დარეგისტრირებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დატვირთა იპოთეკით უძრავი ქონება; 2) მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება მან მოითხოვა შუამდგომლობით. მისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს - აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვის დროს რაიმე შენიშვნა რომ მიეცა, ის უპრობლემოდ გაასწორებდა მას, მაგრამ ასეთს ადგილი არ ჰქონია. და თუ რაიმე უზუსტობას ჰქონდა ადგილი, მისი ბრალი ნამდვილად არ არის; და მთავარი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არათუ არსებითად, არანაირად არ არღვევს სახელმწიფო (რაც დაადასტურეს მისმა წარმომადგენლებმა), საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
ასეთივე რეგულაცია იყო დადგენილი მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა საკუთრებაში აღიარების დროს (2010 წლის 14 დეკემბერი) მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით”, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს ამჟამად მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილების მე-5 და მე-11 მუხლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს. მე-4 ნაწილის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას – წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოსარჩელე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, როგორც დაინტერესებული პირი მიწვეული არ ყოფილა, რითაც უხეშად დაირღვა ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშულო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღები ან გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (სზაკ-ის მე-2 მუხ. ,,ბ” ქვეპუნქტი).
დაინტერესებულ მხარედ ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმის წინაპირობას იურიდიული, კანონიერი დაინტერესება წარმოადგენს, რაც ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობს იმ მისამართზე (ქ.ზუგდიდი, დ-----------–-----–-- ქუჩა N71), რომელ მისამართზეც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების მოტივით საკუთრების უფლება კომისიის მიერ აღიარებული იქნა აპელანტის სასარგებლოდ, ასევე ის გარემოებაც, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უთითებენ სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისა და მესამე პირის მხრიდან ფლობის ფაქტზე, ცალსახაა, რომ მოსარჩლე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო წესით ჩასაბმელ პირს ანუ დაინტერესებულ მხარეს, რა გარემოებაც არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილების და საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ა------------------ას განცხადება და მასზე დართული მასალები ქ.ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩის N71-ში მდებარე უძრავ ნივთზე – 1454 მ2 მიწის ნაკვეთზე და 180 მ2 შენობა–ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადების განხილვას კომისია მიუდგა ფორმალურად. მართალია კომისიამ მოახდინა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, თუმცა არასწორი მონაცემები მიუთითა დათვალიერების ოქმში (იხ.ს.ფ.79); კერძოდ კომისიამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი იყო შემოკავებული და მასზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ როგორც მოსარჩელის, ისე მესამე პირის ქონებები განთავსებულია ერთ სივრცეში და ერთი ღობით არის შემოღობილი, ამასთან აღიარებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობა-ნაგებობა არ დგას - მხარეები უთითებენ მხოლოდ შენობა-ნაგებობის საძირკვლის არსებობაზე.
ისიც უდავოდ დადგენილია, რომ აპელანტის მიერ განცხადების შეტანიდან ჩვიდმეტი დღის შემდეგ კომისიაში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც ამზომველის მიერ არარსებული შენობა-ნაგებობაა ჩახაზული და რის საფუძველზეც კომისიამ აღიარა მიწის ნაკვეთი ა------------------ას საკუთრებად, უსწოროა; კერძოდ მასში არ არის სწორად დაფიქსირებული სადავო მიწის ნაკვეთი და შენობის საძირკველი, რომლის მშენებლობის განხორციელებაზე მხარეები ერთი და იმავე დოკუმენტზე - გ----------------ას სახელზე შედგენილ სამშენებლო გეგმაზე და სხვა მასალებზე უთითებენ. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ გ----------------ა ერქვა როგორც მოსარჩელის, ისე მესამე პირის მამკვიდრებელს, შესაბამისად სასამართლოს მიერ უტყუარად ვერ დადგინდა შენობის საძირკვლის განმახორციელებელი პირის ნათესაური კავშირი მხარეებთან, რასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს საკუთრების უფლებით ასაღიარებელი/აღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლის დადგენის (ასეთი პირის მემკვიდრის) თვალსაზრისით და რა გარემოებაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა გაირკვეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მიუთითა.
შესაბამისად იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით ა------------------ას განცხადების ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილების და N--- საკუთრების უფლების მოწმობა) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რაც სათანადოდ შეფასებული არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
პალატა ვერ გაიზაირებს აპელანტის მოსაზრებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმჭურველი ხასიათიდან გამომდინარე მისი ბათილად ცნობის დაუშვებლობის შესახებ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად ა------------------ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (გარდა საპროცესო ხარჯის განაწილებისა) და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვ-----------------ას უნდა დაეკისროს ა------------------ას სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 75 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (გარდა საპროცესო ხარჯის განაწილებისა) და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
– სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის N--- გადაწყვეტილება და 2010 წლის 24 დეკემბრის N--- საკუთრების უფლების მოწმობა ქ.ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩის N71-ში მდებარე უძრავ ნივთზე (1454 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე) ა------------------ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
4. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.ზუგდიდში, დ-----------–-----–-- ქუჩის N71-ში მდებარე 1454 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 180 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ა------------------ას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით;
5. ვ-----------------ას ა------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის- 75 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი