განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002303939 - 1ბ/852-18 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
27ივლისი,2018წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ბ------–-----------------------------------------------------–-------–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–----------------------–--
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 9 თვე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბე----------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა------------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბე----------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
სასამართლომ დაადგინა:
ბ----------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის 3 იანვარს, თბილისში, ვ----–----------- ქუჩა №35-ში ბ----------- დედას, ს---------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს დასარტყმელად მოუქნია დანა. დაზარალებულ ს---------------ს ბრალდებულის ქმედებების გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არაერთგზის;
მოწმე ლ-----------------------–-----------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ არიან შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები. 2018 წლის 3 იანვარს, მუქარის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ბ--------- ქუჩა №35-ში, სადაც დახვდათ შემდეგი სიტუაცია: ბე----------- დედა და ბებია შეკედლებული იყვნენ მეზობელთან, ორივე ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო. განსაკუთრებით დედა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო და ამბობდა „შვილი მოკვლით დამემუქრაო“, „კანკალებდა, ენა უვარდებოდა“, სამედიცინო დახმარებაც კი გაეწია. ქალბატონების განმარტებით ბე----------- სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და მათ შესაძენად სახლიდან გაქონდა ნივთები და ყიდდა. სისტემატური ხასიათი ჰქონდა მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც, თუმცა ს---------------მ შვილის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მოკვლის მუქარა იყო რეალური და მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე იდგა. 2018 წლის 3 იანვარს, ბ-----------მ სიტყვიერი კონფლიქტის დროს დედას მოუქნია დანა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ბებიის ლ--------------- დახმარებით, შეძლეს ბინიდან გაქცევა გადარჩენის მიზნით, გარედან გადაუკეტეს ბე----------- კარი და მეზობელს შეაფარეს თავი. ს-------------–---------------- ბინაში შევიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, დაკავებისას ბ---ს სამართალ დამცველებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა მშობლის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და გაღიზიანებას. ს---------------მ ი-----–----------ეს წარუდგინა შავი ფერის დანა, რომლითაც შვილი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ნ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----------- მისი ძმისშვილია, რომელიც წლებია არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, მის შესაძენად მუდმივად ითხოვს ფულს ოჯახის წევრებისაგან, უარის შემთხვევაში კი სახლიდან მიაქვს ნივთები, რომელთაც ყიდის ან ალომბარდებს, არაერთხელ ჰქონია ადგილი შეურაცხყოფის ფაქტებს როგორც ნ--------------, ისე ოჯახის სხვა წევრების მიმართ, იყო შემთხვევაც, როდესაც ბ---- სცადა სახლის დაწვა. 2018 წლის 3 იანვარს, დედამ ლ--------------მ დასახმარებლად მისვლა სთხოვა და შეატყობინა, რომ ბ---- დანა მოუქნია სო------ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ------- ხელის კვრით მოიგერია ბ--- და ორივე ქალბატონმა ბინიდან გაქცევით უშველა თავს, ბ---ს კი ბინის კარი გარედან ჩაუკეტეს. სტრესისა და ნერვიულობის გამო კი ს---------------ს დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
დაზარალებულმა ს---------------მ (ბრალდებულის დედა) და მოწმე ლ--------------მ (ბრალდებულის ბებია) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა უ-----------–---–-- დაადასტურა მისი მონაწილეობით, ბე----------- ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, საპატრულო პოლიციისაგან მიიღო შეტყობინება ბე----------- მიერ დანის გამოყენებით, დედის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, რის საფუძველზეც გამოცხადდა თბილისში, ბ--------- ქუჩა №35-ში. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლ----------------------–-----------, მათ მიერ დაკავებული ბ----------- და აღელვებული, შეშინებული ს-------------–----------------. ქალბატონები აცხადებდნენ, რომ ადრეც არაერთხელ ჰქონდა ბ---ს მხრიდან ადგილი მუქარას, ხშირი იყო კონფლიქტები ოჯახში, ვინაიდან ბ--- იყო ნარკოდამოკიდებული და აზარტული თამაშების მოყვარული, რის გამოც ოჯახის წევრებისგან მუდმივად ითხოვდა ფულს, უარის შემთხვევაში სახლიდან გაქონდა ნივთები და ალომბარდებდა. ქალბატონების განმარტებით, 2018 წლის 3 იანვარს, ბ---- დანა მოუღერა დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ს------- და ლ----------------ა თავს სახლიდან გაქცევით უშველეს და სიკვდილს გადაურჩნენ. მის მისვლამდე გამოძახებული ყოფილა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც ს---------------ს ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მომხდარი ინციდენტის გამო ძლიერი სტრესი ჰქონდა. მისი მისვლის დროისათვის ბ--- უკვე დაკავებული იყო, ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადმოცემით, ბრალდებული ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავდა აგრესიას და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მომდევნო დღეებში, 4-5 იანვარს, მას დაუკავშირდნენ შსს გენერალური ინსპექციიდან, რა დროსაც შეიტყო, რომ 3 იანვარს ს---------------ს გენერალურ ინსპექციაშიც დაურეკავს პოლიციის მხრიდან სათანადო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით (მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიცია ადგილზე 10 წუთში მივიდა), ვინაიდან მის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე. მან საპატრულო პოლიციის თანამშრომლისაგან ამოიღო და სათანადო წესით დალუქა დანა, რომელიც პატრულ-ინსპექტორს წარუდგინა ბრალდებულის დედამ, როგორც დანაშულის ჩადენის იარაღი.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვრის 11:32 საათზე, ქ. თბილისში, ვ.ბ--------- ქუჩა №35-ში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბ------–--------------------------------–----------------–---------
ალკოტესტის შემოწმების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვარს, ბ-----------მ ალკოტესტის ჩატარებასა და ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზების გამო (პატრულ-ინსპექტორი ლ--------.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვარს ქ, თბილისში, ვ.ბ--------- ქუჩა №35-ში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ირ---–---------------- ამოღებული იქნა ერთი ცალი მოშავო ფერის დასაკეცი დანა, ტარზე ერთ მხარეს ჩამოსაკიდებლით (კავი), დანის პირზე წარწერით: „BOKER DEIN MESSER MADE IN SOLINGEN“, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი უ-----------–---–---
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №16/ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ბე----------- კუთვნილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ექსპერტი დ.კობაიძე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დადგენილებით, ბ----------- ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176-ე და 173-ე მუხლებით (პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის №აბ 000414951 ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 მაისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ბ--- ვ-–---------------------- აღმოაჩნდა ცივი იარაღი დანა, რისთვისაც სახდელად დაეკისრა ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით, ბ----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 1 წელი.
შსს თბილისის პოლიციის დეპარატმენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ნ--------–---ს 2018 წლის 29 იანვრის №MIA 9 18 00218022 წერილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვარს განყოფილებაში შევიდა №90 შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ს---------------ს განმარტებით, შვილმა ბ-----------მ დაალომბარდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბე----------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული ვერ დასტურდება ბე----------- მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განმარტავს, რომ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არაერთგზის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისას პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ელოდება ძალადობით ქმედებას. რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება.
აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთ დამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მისი არაერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. უმოქმედებით ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად ითვლება დედა, მსჯავრდებულმა ბ-----------მ დანაშაულებრივი ქმედება სწორედ დედის სო------------- მიმართ განახორციელა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;
მოცემულ შემთხვევაში ბ----------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (2018 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) ჩადენის დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული;
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, მსჯავრდებულ ბე----------- უდანაშაულობის და სააპელაციო საჩივარში გაკეთებული დასკვნებს ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ-----------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არაერთგზის, მიუხედავად დაზარალებულ ს---------------ს პოზიციისა და მოწმე ლ---------------ი, რომლებმაც უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
ბ------------- ბრალეულობა კონკრეტულად ს--------------- მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურობა დადასტურებული იქნა მოწმე პატრულ-ინსპექტორების ჩვენებების საფუძველზე, რომელთაც დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ შემხებლობა, ასევე მოწმე ნ--------------ა და გამომძიებელ უჩა ტ------–---–-- ჩვენებებით, დანაშაულის იარაღის დანის ამოღების ოქმით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია ს---------------ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურობა, კერძოდ: საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ლ------------------------–----------ეს უშუალოდ დაზარალებულმა ს---------------მ და ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ ლ--------------მ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, თუ როგორ მოუქნია დანა ბ-----------მ დედას და როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ მუქარა იყო იმდენად რეალური, რომ წარსულში ანალოგიური მუქარის არაერთი ფაქტის მიუხედავად, ამჯერად დაზარალებულსა და ლ--------------- გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, თავს სახლიდან გაქცევით უშველეს, ბრალდებული კი ბინაში დატოვეს და გარედან გადაუკეტეს კარი. ბ-----------მ სამართალდამცველების თანდასწრებითაც კი განაგრძო ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფა და აგრესიის გამოხატვა.
პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულმა ს---------------მ ბრალდებულის დედამ და ლ--------------მ ბრალდებულის ბებიამ არ ისურვეს ჩვენების მიცემა მსჯავრდებულ ბე----------- წინააღმდეგ და ამისათვის გააჩნდათ მნიშვნელოვანი მიზეზი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ახლო ნათესავებისათვის მინიჭებული პრივილეგია (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს), თუმცა ლ-------ს, ი------------------------–---–------------------ ჩვენებები, რომლებიც გარკვეულწილად ემყარება სხვა პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას (თუმცა დაზარალებულთან და მოწმე ლ------------- მყისიერი შემხებლობიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელოვის მქონე, ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში პირდაპირი მოწმეებიც არიან) პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ასევე ს-------------–----------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებიდან გამომდინარე, რთული არაა იმის განჭვრეტა, თუ რატომ თქვეს უარი მოწმეებმა.
პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად: სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27).
საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე----------- ბრალდების სს საქმე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და გამართლებულად მიიჩნევს აღნიშნულს, ვინაიდან სასამართლოს აზრით, არსებობს ობიექტური მიზეზიც, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის/პირების (ს-------------–----------------) დაკითხვა, რომელთა სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენებები და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ: არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმის გარემოებების, კერძოდ კი დაზარალებულის ასევე მოწმე ლ--------------- ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებით რასაც გადმოსცემენ მათი თვითმხილველი მოწმეები, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა პოლიციისათვის შეტყობინების შემდეგ 10 წუში დარეკა შსს გენერალურ ინსპექციაში და პოლიციის მყისიერი დახმარება მოითხოვა ადასტურებენ, რომ დაზარალებული ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბე----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ-----------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
პასუხისმგებლობისშემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბე----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ბე----------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
მსჯავრდებული ბ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბე----------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 (ცხრა) თვე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბე----------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბე----------- განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 9 თვე.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - დასაკეცი დანა რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში განადგურდეს
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბე----------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ბ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბე----------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 (ცხრა) თვე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბე----------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულის ბე----------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 03 იანვრიდან;
5. ნივთიერი მტკიცებულება - დასაკეცი დანა რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი