განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
160210017001929189
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210017001929189

№2ბ/913-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები - ს----------------–---–-, დ----------------, ს---------------

ს----------------–---–-ს წარმომადგენელი - ზ--------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ც-–---------------

წარმომადგენელი - ი-----------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 14.11.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც-–--------------ის სარჩელი მოპასუხეების ს----------------–---–-ს, დ----------------სა და ს--------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და ც-–--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება - მის. დ-------------–----–-------, ს------–----–------, საკადასტრო კოდი: 8------------ 1400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #- გამოთხოვილ იქნა ს----------------–---–-ს, დ----------------სა და ს--------------ის მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ც-–---------------ს.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძლად დაედო მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ამავე კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ს----------------–---–-სათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე 2017 წლის 26 ივნისს უარი განაცხადა ადრესატმა, ხოლო, ამავე წლის 6 ივლისს - მისმა შვილმა. მოპასუხე დ----------------მ, ასევე, უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე 2017 წლის 6 ივლისს პირადად. მოპასუხე ს--------------ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა ადრესატმა 2017 წლის 26 ივნისს პირადად, ხოლო 2017 წლის 6 ივლისს მისი ოჯახის წევრმა (ძმამ). შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ყველა მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება. მათ კი შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა მათთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინეს შესაგებელი, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: ც-–---------------ს დ-------------–----–-------ს სოფელ მ-–------–- აქვს მამაპაპისეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ე.წ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია მის სახელზე (-----------------. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა #--ში ჯერ მოსარჩელის მამის, ხოლო, მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის ნებართვით ცხოვრობდა ს----------------–---–- ოჯახის წევრებთან ერთად.

 

დღეის მდგომარეობით ც-–--------------- ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ვინაიდან მისი მოთხოვნის მიუხედავად უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელს უშლიან მოპასუხეები.

 

სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.

 

05.09.2017 წელს მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით.

 

საჩივარში მითითებულია, რომ 2017 წლის ბოლოს და ივლისის დასაწყისში მათთან რამდენჯერმე იყო მისული ფოსტის წარმომადგენელი, თუმცა, ვინაიდან მათთვის უცნობი იყო თუ რა იდო კონვერტში, ამიტომ, უარი განაცხადეს გზავნილის მიღებაზე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 14.11.2017 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებდა თუ რატომ არ წარადგინა სასამართლოში შესაგებელი 10 დღის ვადაში, რის გამოც ს----------------–---–ს, ს---------------სა და დ----------------ს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტები მოითხოვენ, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.06.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 18.07.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასარჩელო განცხადებიდან და სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა თუ, რა საშუალებით უნდა მოახდინონ მოპასუხეებმა N2-ე საცხოვრებელ ნაგებობაში, როცა მიწის ნაკვეთზე უფლება დაკარგული აქვთ. ამ მოცემულობით სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო სარჩელი, მაგრამ მისი წარმოებაში მიღების შემდეგ არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან შეუძლებელია მისი აღსრულება.

 

აპელანტების განმარტებით, ბოლნისის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამავე სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე იმავე მხარეებს შორის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა სამოქალაქო სამართლის საქმე, ვიდრე ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ შევიდოდა კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობებს სამოქალაქო წესით დავის გადაწყვეტის იურიდიულ ბედს, ვინაიდან ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში იურიდიულ საფუძველი ეცლება მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

დადგენილია და სადავო არ არის, რომ სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელი, თანდართული საბუთებით (ასლები) გაუგზავნა მოპასუხეებს სარჩელში მითითებულ მისამართზე. ს----------------–---–-მა და ს---------------მ 2017 წლის 26 ივნისს უარი განაცხადეს სასამართლო გზავნილის (საჩელი თანდართული მასალებით) ჩაბარებაზე, ხოლო ამავე წლის 6 ივლისს გზავნილის ჩაბარებაზე ასევე უარი განაცხადეს ს----------------–---–-ს შვილმა დ----------------მ და ს---------------მ.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში და არც სააპელაციო საჩივარში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მხარეს არ მიუთითებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ დადგენილი ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და რომ იმავე სასამართლოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული დავა იმავე მხარეებს შორის, რეესტრის ჩანაწერის კანონიერებასთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა, აღნიშნულის თაობაზე არც აპელანტები არ მიუთითებენ.

 

რაც შეეხება აპელანტების მითითებას, რომ დადგენილი ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან არც სასარჩელო განცხადებიდან და არც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რა საშუალებით უნდა მოხდეს აპელანტების კომუნიკაცია N2-ე საცხოვრებელ ნაგებობასთან, როცა მიწის ნაკვეთზე სხვისი უფლებაა რეგისტრირებული, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარმოება არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე დავის საგანს და რომც ადგილი ჰქონდეს მითითებულ გარემოებას, აღნიშნული არ ამართლებს სხვისი ფართის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს ისეთ გარემოებებზე, რაზეც არც ერთ მხარეს დადგენილი წესით (სარჩელში, შეგებებლ სარჩელში, შესაგებელში) არ მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლით არ არსებობს გასაჩვრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან დადასტურებულია, რომ საჯარო რეესტის მონაცემებით, მოსარჩელე არის სადავო ფართების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ფართს და მესაკუთრის მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელენტები ასევე მიუთითებენ ადმინისტრაციული დავის წარმოებას იმავე სასამართლოში, იმავე მხარეებს შორის რეესტრის მონაცემების კანონიერებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნული საფუძველი არ წარმოდგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას, ვინაიდან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 12.03.2018 წლის N3/152-17 განჩინებით, მოსარჩელეების ს----------------–---–-სა და იზოლდა ოსეფაშვილის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, დარჩა განუხილველი, რაც შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტების მსჯელობა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეუძლებლობასთან დაკავშირებით სხვა (ადმინისტრაციული) საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა და რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამრთლებდა მოთხოვნას, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 14.11.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------------–---–-ს, დ----------------სა და ს--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 14.11.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

მოსამართლე გელა ქირია