განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210017001980078
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001980078

საქმე №2ბ/7245-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი _ ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ა---- გ--–--------ი

წარმომადგენელი - თ-----------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–- ი-–------ე

წარმომადგენელი – ი----–----–----ე

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

ლ---–- ი-–------ის სასარჩელო მოთხოვნა: ა---- გ--–--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, მ--------------------------–----, კ--------–-----, კ------------, ბ------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #----------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ლ---–- ი-–------ეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ლ---–- ი-–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი მ--------------------------–-----, კ--------–-----, კ-------------, ბ------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ლ---–- ი-–------ეს.

 

2.2. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი მ--------------------------–-----, კ--------–-----, კ-------------, ბ------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------------- უკანონოდ და ყოველგვარი ნებართვის გარეშე თვითნებურად დაკავებული აქვს მოპასუხე ა---- გ--–--------ს.

 

2.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს (იხ. ს.ფ. 24). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით სასამართლოს მომართა 2017 წლის 29 სექტემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, მოპასუხეს შესაგებლის დაგვიანებით წარმოდგენის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნული ნორმის თანახმად მოპასუხისთვის სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარებულად ითვლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე ა---- გ--–--------ის მეუღლეს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღე. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2.5. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლისა სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხე ა---- გ--–--------მა სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლებით: საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მის მეუღლეს, რომელსაც აქვს რუსულენოვანი განათლება. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას, თუ რა დოკუმენტის ჩაბარებაზე მოაწერა ხელი. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარდგენა.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს.

 

განხილულ შემთხვევაში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიაჩნია განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული პრინციპით უდავოდ აღიარებულია მხარის უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი უფლებების დაცვის თაობაზე და აირჩიოს ამ უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ თავად მხარეზეა დამოკიდებული თავისი უფლებების განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში შესაგებლის წარმოდგენაც მოპასუხე მხარის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, რაც წარმოადგენდა მის ვალდებულებას. ამასთან, მხარისათვის უდავოდ ცნობილი იყო შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები ე.ი. მხარე აცნობიერებდა, რომ მოცემული ქმედების შედეგად მის მიმართ შესაძლოა დამდგარიყო არასასურველი შედეგი. სასამართლოს ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, მხარეებისათვის საქმის მასალების გადაცემა, მხარეების სასამართლო სხდომაზე მოწვევა, რაც აღნიშნულია კიდეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ისარგებლებს, თუ, არა მხარე კანონმდებლობით აღიარებული უფლებებზე, დამოკიდებულია მხოლოდ მის ნებაზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იძულების წესით მონაწილეობა მიაღებინოს მხარეს საქმის განხილვაში ან აიძულოს კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია მისი მეუღლის რუსულენოვან განათლებასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- გ--–--------ზე გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით 2017 წლის 18 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს/პოლიციის I განყოფილების მეშვეობით ჩაბარდა ა---- გ--–--------ის მეუღლეს - ი-------–------ს ადრესატზე გადასაცემად. სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე ი-------–------ის მიერ შედგენილ იქნა ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელწერილი დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს“. ხელწერილი შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერაც განხორციელებულია ქართულად (იხ. ს.ფ. 24).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, ა---- გ--–--------ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა. სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ განუმარტა საჩივრის ავტორს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტურად, ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული გარემოების დამადასტურებლად. საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

 

სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე - 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რის გამოც ვერ მოხდა მის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილის მიღების მომენტისათვის იგი იყო ავად, ამასთან, იმის გამო, რომ არ ფლობს ქართულ ენას, გზავნილის შინაარსი გაარკვია მას შემდეგ, რაც გამოკეთდა და მივიდა კონსულტაციაზე იურისტთან, სწორედ აღნიშნული გარემოებითაა განპირობებული ის ფაქტიც, რომ შესაგებელი აპელანტმა სასამართლოში დაგვიანებით წარმოადგინა. ამდენად, ა---- გ--–--------ის განმარტებით, მას გააჩნდა შესაგებლის საგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს (იხ. ს.ფ. 24). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით სასამართლოს მომართა 2017 წლის 29 სექტემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა---- გ--–--------ზე გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით 2017 წლის 18 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს/პოლიციის I განყოფილების მეშვეობით ჩაბარდა ა---- გ--–--------ის მეუღლეს - ი-------–------ს ადრესატზე გადასაცემად. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

4.2. პალატის შეფასებით, ა---- გ--–--------ის მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარმოდგენის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, ა---- გ--–--------ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა.

 

პალატა განმარტავს, რომ რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. პალატა ასევე განუმარტავს აპელანტს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტურად, ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული გარემოების დამადასტურებლად. საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მომენტისათვის იგი იყო შეუძლოდ და ამასთან, ვინაიდან არ ფლობდა სახელმწიფო ენას, გზავნილის შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდა და კონსულტაცია გაიარა იურისტთან. პალატა შენიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე - 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რის გამოც ვერ მოხდა მის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ამასთან, აპელანტის აღნიშნული მსჯელობა არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს.

გარდა ამისა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, უწყება ჩაბარდა მის მეუღლეს. ბუნებრივია, ცოლ-ქმარს შორის ხდება კომუნიკაცია და ცოლს შეეძლო ქმრისთვის განემარტა უწყების შინაარსი, თუნდაც მისთვის გასაგებ ენაზე. ამასთან, ცოლს უწყების ჩაბარებისას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ მისი მეუღლე ვერ გაიგებდა უწყების შინაარსს ენის არცოდნის გამო .

 

4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით და ლ---–- ი-–------ის სარჩელი დააკმაყოფილა.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი, ამასთან, სარჩელის საფუძველი იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა---- გ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი