განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001480565
საქმე №3ბ/1888-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–-----–-------
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - რ------------–--ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,უ------------------------ა ტ--------ი“
წარმომადგენელი - ე-------------–-ძე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,იუ-------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N3--- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა მოგების და საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და დამატებით 79 588,41 ლარის დარიცხვის ნაწილში, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,იუ-------------------ის“ მიმართ.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის N3---- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,იუ-------------------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის N3---- ბრძანება (ს.ფ. 45).
2.2.2. შპს ,,იუ-------------------ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2014 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, 2014 წლის 16 დეკემბრის N5---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 9596,01 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 4793 ლარი, ჯარიმა 2396 ლარი და საურავი 2407,01 ლარი.
შპს ,,იუ-------------------ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე, გამოიცა 2015 წლის 28 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N3--- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს წინაშე გადასახდელად დაერიცხა 266913,81 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 139362 ლარი, ჯარიმა 66841 ლარი და საურავი 60710,81 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (ს.ფ. 20-44);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის N5---- ბრძანება (ს.ფ. 18-19);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 17);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 57-116);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N3--- ბრძანება (ს.ფ. 53-56);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 123).
2.2.3. შპს ,,იუ-------------------იმ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. მომჩივანი არ ეთანხმებოდა შემოწმების შედეგად გამოვლენილ ზედმეტად გამოქვითულ ამორტიზაციის ანარიცხების ოდენობას, ასევე, ითხოვდა არასწორად დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ის ბრუნვის კორექტირებას (შემცირებას).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანებით შპს ,,იუ-------------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,იუ-------------------ის“ 2015 წლის 16 იანვრის საჩივარი (ს.ფ.147-150);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წოლის 25 მაისის N1---- ბრძანება (ს.ფ. 134-136).
2.2.4. შპს ,,იუ-------------------იმ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. მომჩივანი არ ეთანხმებოდა 1) შემოწმებით გამოვლენილ ზედმეტად გამოქვითულ ამორტიზაციის ანარიცხების ოდენობას; 2) შემოწმების პროცესში 2010, 2011 და 2012 წლების დასაბეგრი და ერთობლივი შემოსავლების დაუსაბუთებლად გაზრდილი ოდენობის დაუკორექტირებლობას; 3) უიმედო ვალების გამოქვითვებში გაუთვალისწინებლობას; 4) შეტყობინებამდე დაზუსტებული დეკლარაციების გაუთვალისწინებლობას; 5) დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის სხვაობის წარმოშობის საფუძველს და 6) 12-18%-იანი განაკვეთით გაცემული სესხების შეღავათიან სესხებად განხილვას. 20%-იან განაკვეთთან მისი სხვაობის მიხედვით გამოანგარიშებული თანხის ხელფასად აღიარებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანებით შპს ,,იუ-------------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, აღნიშნული სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება; მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისთვის საწარმოს მიმართ არსებული დავალიანების უიმედო ვალად აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა დარიცხული თანხების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,იუ-------------------ის“ 9 მარტის საჩივარი (ს.ფ. 137-145);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება (ს.ფ. 128-133).
2.2.5. შპს ,,იუ-------------------იმ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანმა სადავო გახადა შემდეგი საკითხები: 1) შემოწმებით გამოვლენილი ზედმეტად გამოქვითული ამორტიზაციის ანარიცხების ოდენობა, შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვის ოდენობა; 2) საზოგადოების მიერ გაზრდილი ერთობლივი შემოსავლების და ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადის, დღგ-ის დაუკორექტირებლობა შემოწმების მიერ; 3) უიმედო ვალების 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში გაუთვალისწინებლობა, შედეგად მოგების გადასახადში დამატებით დარიცხვა; 4) შემოწმების შესახებ შეტყობინებამდე წარდგენილი 2012 წლის მოგების გადასახადის და დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების გაუთვალისწინებლობა; 5) დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობის მართებულობა; 6) გაცემული სესხების შეღავათიან სესხებად განხილვა, გამოვლენილი სარგებლის სხვაობის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევა. შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,იუ-------------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.05.2015 წლის N1---- ბრძანება; დაევალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მე-4 და მე-5 სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და სატანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 161-175).
2.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა N1----------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის საფუძველზე შპს ,,ქ--------–-–-----–--------ებს“ (ს/ნ 2-------8) დაეკისრა დავალიანების გადახდა 257180,81 ლარის ოდენობით შპს ,,იუ-------------------ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ. ბრძანებაში აღინიშნა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპონდენტის (შპს ,,ქ--------–- წ-----–- ღ-----ების“) განცხადების საფუძველზე განახორციელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება N1------. რესპონდენტის მიერ არ განხორციელებულა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 912-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს.
კერძო აღსრულების ბიუროს აღმასრულებლის რევაზ სულწაძის 2012 წლის 23 აგვისტოს N A---------------- წერილით შპს ,,იუ-------------------ს“ ეცნობა, რომ 2012 წლის 11 ივლისს გაცემულ იქნა გადახდის ბრძანება მოვალე შპს ,,ქ--------–- წ-----–- ღ-----ების“ მიმართ. სააღსრულებო წარმოების ეტაპზე განხორციელებული პროცედურების შედეგად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,ქ--------–-–-----–--------ებს“ არ გააჩნდა არანაირი ქონება, რის გამოც აღსრულება იყო შეუძლებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 11 ივლისის N1----------- ბრძანება (ს.ფ. 176);
- კერძო აღსრულების ბიუროს 2012 წლის 23 აგვისტოს N A---------------- წერილი (ს.ფ. 177-078).
2.2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა N1---------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის საფუძველზე შპს ,,უ---------–ს“ (ს/ნ 2--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 94567,46 ლარის ოდენობით შპს ,,იუ-------------------ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ. ბრძანებაში აღინიშნა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპონდენტის (შპს ,,უ---------–ი“) განცხადების საფუძველზე განახორციელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება N120696. რესპონდენტის მიერ არ განხორციელებულა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქ. კანონის 912-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს.
კერძო აღსრულების ბიუროს აღმასრულებლის რევაზ სულწაძის 2012 წლის 23 აგვისტოს N A---------------- წერილით შპს ,,იუ-------------------ს“ ეცნობა, რომ 2012 წლის 3 ივლისს გაცემულ იქნა გადახდის ბრძანება მოვალე შპს ,,უ---------–ის“ მიმართ. სააღსრულებო წარმოების ეტაპზე განხორციელებული პროცედურების შედეგად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,უ---------–ს“ არ გააჩნდა არანაირი ქონება, რის გამოც აღსრულება იყო შეუძლებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 ივლისის N1---------- ბრძანება (ს.ფ. 179);
- კერძო აღსრულების ბიუროს 2012 წლის 23 აგვისტოს N A---------------- წერილი (ს.ფ. 180).
2.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის, საქმე N2-------2, გადაწყვეტილებით შპს ,,იუ-------------------ის“ სარჩელი შპს ,,გ------- კ--------ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. შპს ,,იუ-------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 16 050 ლარის დაკისრება შპს ,,გ------- კ-------ისთვის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის, საქმე N2-------2, გადაწყვეტილება (ს.ფ. 181-187).
2.2.9. 2014 წლის 5 აპრილს ერთის მხრივ შპს ,,იუ-------------------სა“ და მეორეს მხრივ დ----- მ----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის სასესხო ანგარიშებზე არსებულ ყველა საკრედიტო დავალიანებას 2010 წლის ივლისიდან დაერიცხებოდა წლიური 20%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 5 აპრილის საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 122).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N3--- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
2.3.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.
2.3.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
2.3.4. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ,,იუ-------------------ის“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგებზე გამოიცა როგორც შუალედური საგადასახდო შემოწმების აქტი, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო მათ საფუძველზე გამოცემულ იქნა უფლების წარმომშობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა თანხები.
შპს ,,იუნეითედ სეკურიტიმ“ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავოდ გახადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სადაც საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის მიმართ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შემდეგ სადავო საკითხებთან მიმართებით: 1) უიმედო ვალების 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში გაუთვალისწინებლობას და შედეგად მოგების გადასახადში დამატებით თანხების დარიცხვას და 2) გაცემული სესხების შეღავათიან სესხებად განხილვის გამო გამოვლენილი სარგებლის სხვაობის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევას, რის საფუძველზე დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი. მოსარჩელემ სულ სადავოდ გახდა მითითებულ საკითხთა საფუძველზე დარიცხულ 79 558,41 ლარი.
2.3.5. სასამართლომ უიმედო ვალების გაუთვალისწინებლობის საკითხთან დაკავშირებით მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 11 ივლისის დავალიანების გადახდევინების შესახებ N1----------- ბრძანებაზე, რომლის საფუძველზე შპს ,,ქ--------–-–-----–--------ებს“ (ს/ნ 2-------8) დაეკისრა დავალიანების გადახდა 257180,81 ლარის ოდენობით შპს ,,იუ-------------------ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ.
კერძო აღსრულების ბიუროს აღმასრულებლის რევაზ სულწაძის 2012 წლის 23 აგვისტოს N A---------------- წერილით შპს ,,იუ-------------------ს“ ეცნობა, რომ 2012 წლის 11 ივლისს გაცემულ იქნა გადახდის ბრძანება მოვალე შპს ,,ქ--------–- წ-----–- ღ-----ების“ მიმართ. სააღსრულებო წარმოების ეტაპზე განხორციელებული პროცედურების შედეგად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,ქ--------–-–-----–--------ებს“ არ გააჩნდა არანაირი ქონება, რის გამოც აღსრულება იყო შეუძლებელი.
დადგენილია, ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა N1---------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის საფუძველზე შპს ,,უ---------–ს“ (ს/ნ 2--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 94567,46 ლარის ოდენობით შპს ,,იუ-------------------ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ. მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააღსრულებო წარმოების ეტაპზე განხორციელებული პროცედურების შედეგად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,უ---------–ს“ არ გააჩნდა არანაირი ქონება, რის გამოც აღსრულება იყო შეუძლებელი.
ორივე სააღსრულებო წარმოება განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების წესების დაცვით.
დადაგენილია, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის, საქმე N2-------2, გადაწყვეტილებით შპს ,,იუ-------------------ის“ სარჩელი შპს ,,გ------- კ--------ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. შპს ,,იუ-------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 16 050 ლარის დაკისრება შპს ,,გ------- კ-------ისთვის“.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ისინი არ იქნა გაზიარებული და მიჩნეული უიმედო ვალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილზე, სადაც განმარტებულია უიმედო ვალის ცნება, კერძოდ: უიმედო ვალი არის საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის ითვალისწინებს უიმედო ვალების გამოქვითვას, კერძოდ მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.
მითითებულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა უიმედო ვალს მიაკუთვნებს ისეთ შეუსრულებელ ვალდებულებებს რომელთა მოთხოვნის უფლებაც გააჩნია გადასახადის გადამხდელს და რომლის გადახდის ვადაც გასულია. ამასთან, კანონმდებლობა მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძელზეც უნდა დადასტურდეს უიმედო ვალის არსებობა. საკანონმდებლო აქტში მტკიცებულებათა სახეობის ჩამონათვალი განპირობებულია იმ მიზნის მისაღწევად რათა მეტად სარწმუნო იყოს უიმედო ვალის არსებობა და იგი არ დაეფუძნოს მარტოოდენ მხარის განმარტებას, დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული ფინანსური აქტივი უსაფუძვლოდ არ იქნეს გამოყენებული კუთნილი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით. უიმედო ვალის არსებობის დადგენა წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან გარემოებას, ვინაიდან მასზედ არის დამოკიდებული პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობის სწორად განსაზღვრა. უიმედო ვალის არასწორად მიჩნევამ შესაძლებელია ერთის მხრივ გამოიწვიოს გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დარღვევა, ხოლო მეორეს მხრივ საფრთხე მიაყენოს სახელმწიფო ინტერესს - განსაზღვროს გადასახადის გადამხდელთა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსი უიმედო ვალის დამადასტურებელ მნიშვნელოვან საფუძვლად მოიაზრებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შპს ,,გ------- კ-------ისთვის“ 16 050 ლარის დაკისრების შესახებ, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ 16 050 ლარი მოსარჩელისთვის წარმოადგენს იმ სახის მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია. მოსარჩელე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს შპს ,,გ------- კ-------ისგან“ მიიღოს 16 050 ლარი. მოცემულ პირობებში სასამართომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი გაეთვალსიწინებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მტკიცებულება მასზედ, რომ 16 050 ლარი შპს ,,იუ-------------------ისთვის“ წარმოადგენს უიმედო ვალს.
მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული ბრძანებები, რომლებიც გამოცემულ იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების შედეგად და რომელთა საფუძველზეც შპს ,,იუ-------------------ის“ მოთხოვნის უფლება 94567,46 ლარისა და 257180,81 ლარის ოდენობით დადასტურებულ იქნა და მათი გადახდა დაეკისრა მოვალეებს, თუმცა სააღსრულებო წარმოების შედეგად დადგინდა, რომ მოვალეებს არ გააჩნდათ ქონება, რომლის საფუელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოთხოვნის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო შპს ,,იუ-------------------ის“ მოთხოვნის აღსრულების შეუძლებლობას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც სარწმუნო მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა, რომ მოსარჩელეს რეალურად გააჩნდა კონკრეტული ოდენობით მოთხოვნის უფლება, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია, თუმცა ვალდებულების შესრულება და მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, მითითებული მოცულობის ვალი მოსარჩელისთვის წარმოადგენდა უიმედო ვალს.
სასამართლომ განმარტა, რომ უიმედო ვალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ჩამონათვალში საგადასახადო კოდექსი არ უთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებას, თუმცა მიუთითებს აღსრულების ორგანოდან ცნობაზე, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება არ არის დაწყებული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა უიმედო ვალად აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესს ადგენს, ამით იგულისხმება განსაზღვრული მიზნის მიღწევის სურვილი. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. კანონის განმარტებისას უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული ხასიათის განმარტებით ვერ მიიღწევა. განმარტებისათვის ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით, არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით. ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ადგილი ნორმატიულ სისტემაში, ასევე სხვა ნორმებთან ლოგიკური ურთიერთკავშირი. ,,ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანი შესახებ“ 2012 წლის 8 მაისის N6145 საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავი ამოღებულ იქნა. მოცემული თავით დარეგულირებული იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა თავი XVI1 გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამდენად, მოცემული ცვლილებებით სასამართლოს განსჯადი საკითხი - გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ, მიეკუთნა აღსრულების ეროვნული ბიუროს განსჯად საკითხთა რიცხვს. სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის ჩამოყალიბების დროს დავალიანების გადახდევინების შესახებ საკითხებს წყვეტდა სასამართლო და შესაბამისად აღნიშნული სახის დავებზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა სასამართლოს მიერ, რომელსაც შემდგომ აღასრულებდა აღსრულების ბიურო, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსში უიმედო ვალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ჩამონათვალის ამგვარად განსაზღვრა, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2012 წლის 8 მაისის ცვლილებების შემდგომ ცვლილება არ განუცდია საგადასახადო კოდექსის ხსნებულ ნორმას. აღნიშნული კი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს უიმედოდ ვალის აღიარებაზე უარს მაშინ როდესაც არსებობს, აღსრულებს ეროვნული ბიუროს მიერ, გამარტივებული წარმოების წესების დაცვით, დავალიანების გადახდევინების წარმოების შედეგად დადასტურებული გარემოება ვალის ამოღების შეუძლებლობის შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საგადასახადო ორგანოს უარი გაეთვალისწინებინა უიმედო ვალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული გამარტივებული წარმოების მასალები.
2.3.6. გაცემული სესხების შეღავათიან სესხებად განხილვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად შპს ,,იუ-------------------სა“ და დ----- მ----–--ეს შორის 2014 წლის 5 აპრილს გაფორმებულ იქნა საკრედიტო შეთანხმება მასზედ, რომ მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშებზე არსებულ ყველა საკრედიტო დავალიანებას 2010 წლის ივლისის თვიდან დაერიცხებოდა წლიური 20%.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარს დამტკიცებული №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანხმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდა 20%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით 2010 წლიდან არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. მოცემული შეთანხმების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დ----- მ----–--ისთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა 20%-ს, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ განაკვეთთან. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა შორის 2014 წლის 5 აპრილის საკრედიტო შეთანხმება და რატომ იქნა იგი შეღავათიან სესხად მიჩნეული.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას არსებითი მნიშვბნელობა ენიჭება აქტის დასაბუთებულობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მოკლებულია დასაბუთებას, არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ხოლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები არ გამომდინარეობს კანონმდებლობის ნამდვილი ნებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკველული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, ხოლო გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასებები მიეცა. ასეთი სახით გამოცემული აქტი კი წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2.3.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრტაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უფლებამოსილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოგების და საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და დამატებით 79 588,41 ლარის დარიცხვის ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N5---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N3--- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N------8 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის N0---34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში შპს ,,იუ-------------------ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის საკმარისად დასაბუთებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონთან წინააღმდეგობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო აქტები შესაბამისობაშია კანონმდებლის მოთხოვნებთან, ხოლო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო ნორმები. სასამართლოს არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
ასვე აპელანტები არ ეთანხმებიან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სოლიდურად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 2,388 ლარის გადახდა, იმის გათვალისწინებით, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინების შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, შპს ,,იუ-------------------ის“ სახელის ცვლილებიდან გამომადინარე მოწინააღმდეგე მხარედ განისაზღვრა - შპს ,,უ------------------------ა ტ--------ი“.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის მიმართ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შემდეგ სადავო საკითხებთან მიმართებით: 1) უიმედო ვალების 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში გაუთვალისწინებლობას და შედეგად მოგების გადასახადში დამატებით თანხების დარიცხვას და 2) გაცემული სესხების შეღავათიან სესხებად განხილვის გამო გამოვლენილი სარგებლის სხვაობის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევას, რის საფუძველზე დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი. მოსარჩელე სულ სადავოდ ხდიდა მითითებულ საკითხთა საფუძველზე დარიცხულ 79 558,41 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის თანახმად, უიმედო ვალი არის საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარს დამტკიცებული №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანხმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდა 20%-ის ოდენობით.
მოცემული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებებს და დამატით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ დავის არსებით გადაწყვეტას და სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქმეზე გამოკვლეული ფაქტების ობიექტური შეფასება და მათი ერთობრივი ანალიზი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, პალატის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების დაკისრების საკითხი სწორადაა გადაწყვეტილი. ამდენად, ამ ნაწილშიც პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე