განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
190210016001256393
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190210016001256393

საქმე №2ბ/6055-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ვ----- ნ-------ი (მოპასუხე )

წარმომადგენელი - დ-------- ნ-–--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი----- ზ-----–---–ი (მოსარჩელე )

 

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი----- ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ვ----- ნ-------ს დაეკისრა მოსარჩელე ი----- ზ-----–---–ის სასარგებლოდ 4290 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2014 წლის 8 თებერვალს, მოსარჩელეს დაუკავშირდა მისი მეგობაერი ა-–--–- გ----------, რომელსაც აქვს კერძო ლომბარდი, ქ. რუსთავში, მე---–---–---------ში, მან შესთავაზა, რომ მის კლიენტს - ვ----- ნ-------ს ესაჭიროებოდა სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, მის კუთვნილებაში არსებული ა/მანქანის გარანტიით, მოდელი M-------------------, სანომრე ნიშნით - Y------, ს/ნ W----------------.

 

2014 წლის 8 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობა შეადგენს 3000 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი - 7%-ს.

 

სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად, სესხი გაცემული იყო 1 თვის ვადით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების 4.9 პუნქტის შესაბამისად,საპროცენტო განაკვეთის დროულად გადახდის ხელშეკრულება გრძელდებოდა იგივე ვადით და პირობებით.

 

მოპასუხის თხოვნით, სესხის უზრუნველსაყოფად დასატვირთი ა/მანქანა გადაცემული ყოფილიყო ვ----- ნ-------ის მფლობელობაში, რადგან მას ესაჭიროებოდა და შესთავაზა ავტომანქანის დაბრუნებამდე რეგისტრირებული ყოფილიყო მოსარჩელის სახელზე.

 

მოპასუხე 2014 წლის ივნისამდე იხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარგებელს, რის გამოც სესხის ხელშეკრულება, მხარეთა შეთანხმებისამებრ გაგრძელდა იმავე პირობით. 2014 წლის ივლისიდან კი მოპასუხე აღარ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოპასუხე ვ----- ნ-------ს, მოსარჩელე ი----- ზ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4290 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3000 აშშ დოლარი, 1 თვის სარგებელი, 210 აშშ დოლარი, ხოლო 12 თვის პირგასმტეხლო 1080 აშშ დოლარი. ამასთან მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების დაკისრება მოპასუხისათვის დაკისრება.

 

მოპასუხე ვ----- ნ-------მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.

 

2017 წლის 5 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია. ამასთან, მიუთითა, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც ი----- ზ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე ვ----- ნ-------ს დაეკისრებოდა მოსარჩელე ი----- ზ-----–---–ის სასარგებლოდ 4290 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

2017 წლის 28 ივლისს, ვ----- ნ-------მა სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ მას 2017 წლის 5 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა სხვა პროცესი, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვერ შეძლო გამოცხადება. მისივე განმარტებით, იგი ვერ დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს და ვერ აცნობა სხდომის თარიღი და ჩათვალა რომ სასამართლო გააფრთხილებდა მას, ვინაიდან დ-------- ნ-–--–-–---–ი მოპასუხეს იცავდა ორდერის საფუძველზე, რის გამოც ითხოვა, რომ მოპასუხე მხარის გამოცხადება ჩათვლილიყო საპატიოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ვ----- ნ-------ის საჩივრი ამავე კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორი ვალდებულია დაასაბუთოს საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც მან ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნული გარემოების დასასაბუთებლად საჩივრის ავტორი უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა სხვა პროცესი, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვერ შეძლო გამოცხადება. მისივე განმარტებით, იგი ვერ დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს და ვერ აცნობა სხდომის თარიღი და ჩათვალა რომ სასამართლო გააფრთხილებდა მას, ვინაიდან დ-------- ნ-–--–-–---–ი მოპასუხეს იცავდა ორდერის საფუძველზე, რის გამოც ითხოვა, რომ მოპასუხე მხარის გამოცხადება ჩათვლილიყო საპატიოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს - საჩივრის ავტორ ვ----- ნ-------ს და მის წარმომადგენელს - დ-------- ნ-–--–-–---–ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის თარიღი და დრო. საჩივრის განხილვის სხდომაზე არ გამოცხადდა დ-------- ნ-–--–-–---–ი, ხოლო ვ----- ნ-------მა სხდომაზე განმარტა, რომ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა სასამართლო სხდომა, რის გამოც ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად და სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ----- ნ-------ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კი სასამართლოს მისთვის 2017 წლის 5 ივლისის სხდომის დღე არ შეუტყობინებია. გარდა ამისა დ-------- ნ-–--–-–---–ი მისი უფლებების დაცვას ახორციელებდა ორდერის საშუალებით და არა რწმუნებულებით, მას მისი დასწრების გარეშე უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სასამართლო სხდომაზე. ამდენად, სასამართლოს ის სათანადო წესით არ გაუფრთხილებია და მისთვის უცნობი იყო 2017 წლის 5 ივლისის სხდომის დღე. აპელანტის განმარტებით სასამართლომ დაარღვია მისი კანონიერი უფლებები.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და არ გაითვალისწინა მათი მოსაზრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სსკ-ს 230.233, 236, 237, 238, 239, 240 და 241 მუხლების საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვ----- ნ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ----- ნ-------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ი----- ზ-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 5 ივლისს 12:00 საათზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი----- ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ვ----- ნ-------ს დაეკისრა მოსარჩელე ი----- ზ-----–---–ის სასარგებლოდ 4290 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ვ----- ნ-------ის საჩივრი ამავე კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე–3 ნაწილი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს საპატიოობაზე, კერძოდ, კი იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მისთვის 2017 წლის 5 ივლისის სხდომის დღე არ შეუტყობინებია. გარდა ამისა დ-------- ნ-–--–-–---–ი მისი უფლებების დაცვას ახორციელებდა ორდერის საშუალებით და არა რწმუნებულებით, წარმომადგენელს მისი დასწრების გარეშე უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სასამართლო სხდომაზე. ამდენად, სასამართლოს ის სათანადო წესით არ გაუფრთხილებია და მისთვის უცნობი იყო 2017 წლის 5 ივლისის სხდომის დღე.

 

რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აღნიშნულის გამო, შეუძლებელი იყო ვ----- ნ-------ისა და მისი წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადება.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ი----- გ----–--ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ----- ნ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. ვ----- ნ-------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 467 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე