განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
330210017002186704
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002186704

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3061-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ზ------ გ-------–---–ი

წარმომადგენელი - ც---- კ-------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ---- კ---–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

მოსარჩელე გ---- კ---–--ემ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს 2--- წლის 29 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი აქვს დავალიანება 1723,5 აშშ დოლარის ოდენობით, მოითხოვა მოპასუხისათვის ამ თანხის გადახდის დაკისრება.

 

2.1. 2017 წლის 29 ნოემბერს, მოსარჩელე გ---- კ---–--ეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებულია განსახილველად და მასვე დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარმოდგენა.

 

2.2. 2017 წლის 13 დეკემბერს, მოსარჩელე გ---- კ---–--ემ სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით (იხ. ს.ფ. 32), სარჩელი ჩაბარდა მოპასუხე ზ------ გ-------–---–ის ოჯახის წევრს, ბიძას - დ----- გ-------–---–ს, 2017 წლის 09 დეკემბერს.

 

2.3. მოპასუხე ზ------ გ-------–---–ს წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა; ამავე დროს, მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ, განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

 

2.4. მოპასუხე ზ------ გ-------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ზ------ გ-------–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 9 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის; ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია სასამართლომ.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ------ გ-------–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომ საჩივრით არ ყოფილა წარმოდგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის გაუქმებისთვის შესაბამისი საფუძვლები. ამდენად დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ მას გააჩნია საქმის არსებითად განხილვის ინტერესი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, გარდა ამისა, აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რამეთუ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სადავოა.

 

3.2. აპეალნტის მტკიცებით მას სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. აპელანტი მითითებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის (კერძოდ, თბილისი მ------ ბ-------–---–ის ქ.კორპ#-, ბ---) შესახებ, თუმცა სასამართლო გზავნილი მაინც გააგზავნა ქ.ზესტაფონში სადაც ზ------ გ-------–---–ი არ ცხოვრობს. შესაბამისად აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტიების მიღების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩვირებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის გ---- კ---–--ის სარჩელის და თანდართული დოკუმნეტების ჩაბარებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ საჩივრის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია, აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, თუმცა მისივე ახსნა-განმარტების გარდა საჩივარში მითითებული გარემოების დასადასტურებლად ვერ უთითებს სამართლებრივად ვარგის რაიმე მტკიცებულებაზე. აპელანტის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატა მიუთითებს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე (იხ. ს.ფ. 32), რომლითაც დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე ზ------ გ-------–---–ის ოჯახის წევრს, ბიძას - დ----- გ-------–---–ს, 2017 წლის 9 დეკემბერს. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს საფუძველს დასკვნის გასაკეთბლად, რომ მოპასუხეს კონკრეტულ შემთხვევაში ჩაბარებული აქვს სასამართლო გზავნილი.

 

ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარჩელისა და თანდართული მასალების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------ გ-------–---–ს გ---- კ---–--ის სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და სასამართლოსათვის არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის საფუძვლით, დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, ასევე სარჩელში მითითებული გარემობების გათვალისწინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აპელანტის მტკიცებით, სარჩელში მითითებული ფაქტები აშკარად სადავოა.

 

საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად მიცემულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის ან სასამართლო სხომაზე გამოუცხადებლობისთვის გარკვეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინეიბთაც იურიდიულად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები რომ:

 

- ერთის მხრივ გ---- კ---–--ეს, როგორც გამსესხებელს და მეორეს მხრივ, ზ------ გ-------–---–ს, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა 2--- წლის 29 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება;

- ამ სესხის ფარგლებში ზ------ გ-------–---–ს სესხის სახით გადაეცა 3 500 აშშ დოლარი;

- ზ------ გ-------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შესრულებულა და 2--- წლის 29 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი დავალიენაბა შეადგენს 1723,5 აშშ დოლარს.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით და დააკმაყოფილა გ---- კ---–--ის სარჩელი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვები შესახებ.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ვანო წიკლაური /