განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
080210018002015932
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002015932

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-675-18 05 სექტემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ი----–-----–---–- რ---------------–--–--- შ----------------- დ---------------

დავის საგანი - განქორწინება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შ----- ზი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. შეწყდეს, შ----- ზი-------ეს (პ/ნ 6----------) და ი--- ცქ----–---–ს (პ/ნ 6----------) შორის, 2012 წლის 21 ივნისს, №----------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. 3. მოპასუხე ი--- ცქ----–---–ს, შ----- ზი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2012 წლის 21 ივნისიდან, შ----------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი--- ცქ----–---–თან. 2.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. გამომდინარე იქედან, რომ მათ შორის ნებაყოფლობით ვერ ხდება განქორწინებაზე შეთანხმება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს, რათა მოხდეს მათი განქორწინება. 2.3. 2018 წლის 21 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შ----- ზი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით, ი----–-----–---–-- წარმომადგენლის, რ---------------–--–---ს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე განისაზღვრა სასამართლო სხდომის თარიღი და მხარეთა შეთანხმებით სხდომა დაინიშნა 2018 წლის 22 მაისს, 11:00 საათზე. 2.5. 2018 წლის 22 მაისს, 11:03 საათზე, მოპასუხე ი----–-----–---–-- ადვოკატი რ---------------–--–--- დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს მობილურ ტელეფონზე და აცნობა, რომ მოსამართლე მ.ჩუბინიძესთან შედიოდა სასამართლო პროცესზე. 2.6. 2018 წლის 22 მაისს, 11:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ განმარტა: 2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად. 2.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78- ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, 2018 წლის 01 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაფრთხილებული იქნა ხელწერილით, მომდევნო სხდომის თარიღის შესახებ. 2.9. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სხდომის დაწყების დროს დარეკვას და სხვა სასამართლო სხდომაზე შესვლის გამო არ გამოცხადებას, არ არის სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს იმ საპატიო მიზეზებს, რის გამოც არის შესაძლებელი გადაიდოს სხდომა. 2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.11. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ვინაიდან, სასამართლოს სხდომის თარიღი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო 20 დღით ადრე, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. მართალია, სასამართლო პროცესის შესახებ მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით და დანიშნულ დროზე ადრე გამოცხადდა კიდეც სასამართლოში პროცესზე მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ერთი და იგივე დროს დანიშნული იყო ორი პროცესი ორ სხვადასხვა მოსამართლესთან, სადაც იღებდა მონაწილეობას. მოსამართლე გ.დიდავას, დანიშნულ დროს სასამართლო პროცესი არ დაუწყია, ხოლო მოსამართლე მ.ჩუბინიძემ უფრო ადრე დაიწყო სასამართლო პროცესი, რის გამოც მ.ჩუბინიძის პროცესზე მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, ტელეფონით აცნობა მოსამართლე გ.დიდავას თანაშემწეს და ითხოვა რამოდენიმე წუთით გადაედოთ საქმის განხილვა. მოსამართლე მ.ჩუბინიძის განსახილველ საქმეზე მისი მონაწილეობა დააფიქსირა მოსამართლე გ.დიდავას სხდომის მდივანმაც. 3.2. მოსამართლე მ.ჩუბინიძესთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რ.ხ----–--–--- გამოცხადდა მოსამართლე გ.დიდავას სასამართლო სხდომაზე, თუმცა მანდატურმა სხდომის დარბაზში არ შეუშვა იმ მოტივით, რომ სხდომა დაწყებული იყო. ფაქტობრივად, მისი, არა თუ გამოუცხადებლობა, არამედ პროცესზე დაგვიანება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით, რომლის შესახებაც წინასწარვე იცოდა სასამართლომ და მისი ნამდვილობა გადამოწმებული ჰქონდა თანაშემწეს და სხდომის მდივანს. 3.3. ამდენად, არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლში მითითებული საპატიო მიზეზი, კერძოდ ,,სხვა მოვლენა“, რომლის გამოც არ შეეძლო დროულად გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე, რაც სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 3.4. გარდა ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დარწმუნდება, რომ მხარემ დაკარგა საქმის მიმართ ინტერესი. კონკრეტულ შემთხვევაში, მან ითხოვა რამოდენიმე წუთით საქმის განხილვის გადადება, რათა მონაწილეობა მიეღო მის განხილვაში.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ შ-----------------მ სარჩელი აღძრა ი----–-----–---–-- მიმართ და მოპასუხესთან განქორწინება მოითხოვა. 4.2. 2018 წლის 21 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შ----- ზი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით, ი----–-----–---–-- წარმომადგენლის, რ---------------–--–---ს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე განისაზღვრა სასამართლო სხდომის თარიღი და მხარეთა შეთანხმებით, სხდომა დაინიშნა 2018 წლის 22 მაისს 11:00 საათზე. 4.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისს, 11:03 საათზე, მოპასუხე ი----–-----–---–-- ადვოკატი, რ---------------–--–--- დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს მობილურ ტელეფონზე და აცნობა, რომ შედიოდა მოსამართლე მ.ჩუბინიძესთან დანიშნულ პროცესზე და მისი გამოუცხადებლობა მიჩნეული ყოფილიყო საპატიოდ (ს.ფ.118). 4.5. დადგენილია, რომ განქორწინების თაობაზე, ი----–-----–---–-- მიმართ, შ----- ზი-------ის სარჩელზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 22 მაისს გაიხსნა 11:25:53 საათზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი), ხოლო მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 11:28:16 საათზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა სათათბირო ოთახში გაუსვლელად. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი) 4.6. აპელანტის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით, სხდომის ოქმის ასლით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 22 მაისს, N2-2175-17 სამოქალაქო საქმეზე (მოსამართლე მ. ჩუბინიძე) მხარის წარმომადგენელი იყო ადვოკატი რ---------------–--–---. აღნიშნული სხდომა გაიხსნა 11:08:13 საათზე და დასრულდა 11:23:57 საათზე. 4.7. სააპელაციო სასამართლოს მთვარ სხდომაზე ი, ცქ----–---–ის სააპელაციო საჩივრის გაანხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე შ-----------------) წარმომადგენელმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. ხ----–--–--- მანდატურის მიერ, მოსამართლე გოჩა დიდავასთან პროცესზე დაშვებული არ იქნა იმის გამო, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.9. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. 4.10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 22 მაისს 11:00 საათზე დანიშნული იყო ორი სასამართლო პროცესი ორ სხვადასხვა მოსამართლესთან. ამასთან, ორივე შემთხვევაში მხარეთა ინტერესებს იცავდა წარმომადგენელი- რ---------------–--–---. შექმნილი ვითარების შესახებ, სხდომის დაწყებამდე რ---------------–--–---მ აცნობა სასამართლოს (მოსამართლე გ. დიდავას თანაშემწეს). დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისს მოსამართლე მ.ჩუბინიძესთან სასამართლო პროცესი უფრო ადრე დაიწყო (11:08:13 საათზე) და დასრულდა (11:23:57 საათზე), მოსამართლე გ.დიდავასთან პროცესის დაწყებამდე (11:25:53 საათზე) ორი წუთით ადრე, თუმცა რ. ხ----–--–--- მანდატურის მიერ, მოსამართლე გოჩა დიდავასთან პროცესზე დაშვებული არ იქნა, იმ მიზეზით, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. ამდენად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმის, მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტისა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო თვლის რომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო, 2018 წლის 22 მაისს, შ----- ზი-------ის საქმის განხილვისას, ადვოკატი რ---------------–--–--- ვერ შეძლებდა მონაწილეობას იმავე სასამართლოში, იმავე დროს დანიშნულ პროცესზე, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა საპატიოა. გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე, მანდატურის მიერ, მისი, როგორც მხარის სხდომაზე დაუშვებლობა, ასევე წარმოადგენს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რამაც ხელი შეუშალა მხარეს, სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებასა და თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაში. პალატა დამატებით აღინიშნავს, რომ შ.ზი-------ის საქმის განხილვის მიზნით, სხდომის დაწყებიდან სამი წუთის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ასევე ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის განჭვრეტადი. 4.11. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს 233.1“ბ“ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც ამავე კოდექსის 241-ე და 385.1 „დ“ მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ი----–-----–---–-- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმე №2/2046-17 შ----- ზი-------ის სარჩელისა გამო, ი----–-----–---–-- წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან, სამოქალაქო საქმე №2/2046-17 შ----- ზი-------ის სარჩელისა გამო, ი----–-----–---–-- წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი----–-----–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. სამოქალაქო საქმე №2-2046/16 17/18 შ----- ზი-------ის სარჩელისა გამო, ი----–-----–---–-- წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე