განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
120100118002443169
ინსტანცია
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002443169

საქმე #1/ბ-916-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ჯიქია

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გრ-----– კა-----ე;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - გე-–-----------–ი, დაბადებული 1--- წლის 2---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, მცხოვრები: ბორჯომის რაიონის სოფელი მ-----------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

სასჯელი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით გე-–-----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა, ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 1 წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გე-–-----------–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როდესაც გე-–-----------–ი უკანონოდ ჩეხავდა ხე-ტყეს, სასამართლოში მის მიმართ მიმდინარეობდა საქმის განხილვა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულის გარდა, 2011 წლიდან დღემდე გასამართლებულია ოთხჯერ, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მას მიდრეკილება აქვს დანაშაულის ჩადენისაკენ. მისთვის არაფერს წარმოადგენს ქვეყნის კანონიერი ინტერესები და გარემოსთვის მიყენებული ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებია. გე-–-----------–ის მიმართ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ერიცხება 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 64157,87 ლარი და 2017 წლის 12 ივნისის დადგენილების საფუძველზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე.

მსჯავრდებულმა გე-–-----------–მა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა ეკონომიურმა მდგომარეობამ. დადგენილ დროს ცხადდება პრობაციის ბიუროში და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 19 აგვისტოს ბ----------- სატყეოს, წ--------- სატყეო უბნის N16-ე კვარტალში გე-–-----------–მა უკანონოდ გაჩეხა 14,68 მეტრი კუბი წიწოვანი ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოს მიადგა 1614,80 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გე-–-----------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გე-–-----------–ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს გე-–-----------–ისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ გე-–-----------–ი აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი), არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 4 წლის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნას და მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე, შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

სააპელაციო საჩივარში გე-–-----------–ისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს მის წარსულ ნასამართლობებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარსული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. გე-–-----------–ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ივლისის და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განაჩენებით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელებისგან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების აქტით და მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის) - სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი გე-–-----------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი გე-–-----------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გე-–-----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოდ გე-–-----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.

გე-–-----------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება: ავტომანქანა „ზილ - 131“ ძარაზე დატვირთული, უკანონოდ მოპოვებული 9,3-მ³ ფიცრით, რომელიც ინახება სოფელ მ----------–- გე-–-----------–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

სატვირთო ავტომანქანა „ზილ-131“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ორი ცალი CD-დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

მსჯავრდებულ გე-–-----------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე