განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
330100118002265730
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002265730

საქმე №1ბ/1013-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ-----------––---, დაბადებული 1----–-–---------–---, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ე-----------------------------------–-----------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორმა რ--------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ მ-----------––---სათვის საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 12 აგვისტოს, ღამის საათბში, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე მ-----------––--მა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიზნით, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მესაზღვრე კონტროლიორ ი----------------–---–ს წარუდგინა მ-----------––---ს სახელზე გაცემული ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის №A-------- პასპორტი, ასევე მ-----------––---ს სახელზე გაცემული იტალიის ბინადრობის ყალბი №I-------- მოწმობა და ყალბი საიდენტიფიკაციო №A-------- რითაც შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით, თბილისი-სტამბული-ბაზელის რეისით შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში ჩაფრენას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა

 

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, მოწმე ი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეოების შესრულებისას, თბილისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში, მ-----------––--მა წარუდგინა ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი, იტალიაში ცხოვრების ბარათი, ბინადრობის მოწმობა და 2 ცალი ჩასხდომის ბარათი. ვინაიდან ბინადრობის მოწმობა და საიდენტიფიკაციო მოწმობა გამოირჩეოდა სპეციფიური მახასიათებლებით, დაბეჭდილი იყო სხვა ტექნოლოგიით და ფერიც განსხვავებული ჰქონდა, დაეჭვდა მათ ნამდვილობაში და მეორადი ინსპექტირებისათვის მიმართა იქვე არსებულ ლაბორატორიას. ამ დოკუმენტებით მ-----------––--- ცდილობდა, ტრანზიტულად, თბილისიდან სტამბულის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას, დანიშნულების ბოლო ადგილი უნდა ყოფილიყო შვეიცარიის ქალაქი ბაზელი. მ-----------––--- შეიყვანა შეჩერებულთა ოთახში, სადაც ა-––--მა განუცხადა, რომ დოკუმენტები გამოუგზავნა მეგობარმა იტალიიდან და თვითონ საერთოდ არ იყო ნამყოფი იტალიაში. რამდენადაც შეუძლებელია, ადამიანი არ იყოს ნამყოფი იტალიაში და ისე მიიღოს ბინადრობის მოწმობა, ამით კიდევ უფრო გაუმყარდა ეჭვი დოკუმენტების ნამდვილობაში. დოკუმენტების ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად მისი ეჭვი დადასტურდა, ხსენებული დოკუმენტები იყო ყალბი და, შესაბამისად, გამოძახებულ იქნა საგამოძიებო სამსახური. დოკუმენტები ამოღებული იქნა მისგან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის, მოწმე ლ---------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სსკ-ის 344-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა მ-----------––---, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას. ასევე, გამოიკითხა პატრულ-ინსპექტორი ი----------------–---–ი, რომლისგანაც შემდგომ ამოღებულ იქნა აღნიშნული დოკუმენტები. მას ჩაწერილი ჰქონდა მ-----------––---ს საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაურეკა და დაიბარა საგამოძიებო ორგანოში, თუმცა ამ უკანასკნელმა თავი აარიდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და მას შემდეგ მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება

 

2017 წლის 15 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებელ ლ---------–-----ს მიერ ი----------------–---–ისგან ამოღებულ იქნა მ-----------––---ს სახელზე გაცემული ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი, იტალიის ბინადრობის მოწმობა, საიდენტიფიკაციო მოწმობა და ორი ცალი ჩასხდომის ბარათი.

 

მოწმის - პატრულ-ინსპექტორ ი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ-----------––---ს მიერ მგზავრთა გაფრენის დარბაზში მისთვის წარდგენილი დოკუმენტები შემდგომში მისგან ამოღებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

მოწმის - გამომძიებელ ლ---------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მოხდა ი----------------–---–ისგან დოკუმენტების ამოღება, რომლებზეც შემდგომ დანიშნა ექსპერტიზა და გაგზავნა საკვლევად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-----------––---ს იტალიის ბინადრობის მოწმობა და საიდენტიფიკაციო მოწმობა იყო ყალბი.

 

დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №9------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი A--------, გაცემული M-----------------------------------ის სახელზე 2017 წლის 21 თებერვალს, დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში ცვლილებები შეტანილი არ არის; იტალიის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა, წარწერით „P--------------------- და ნომრით I--------, შევსებული E---------------ის სახელზე, დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს, მასში ცვლილებები შეტანილი არ არის; იტალიის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა ნომრით A---------, შევსებული E---------------ის სახელზე, დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში ცვლილებები შეტანილი არ არის; E---------------ის სახელზე გაცემული თურქეთის ავიახაზების ჩასხდომის 2 ცალი ბარათი დამზადებულია სტამბური წესით. მათში ცვლილებები შეტანილი არ არის.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------------–---–მა, რომლის ჩვენებითაც დადგენილია, რომ გამომძიებლის 2017 წლის 15 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა, უნდა დაედგინა, ექსპერტიზაზე წარდგენილი პასპორტი, იტალიის ბინადრობის და საიდენტიფიკაციო მოწმობები ხომ არ იყო ყალბი, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დამზადებული. გამოკვლევით დადგინდა, რომ პასპორტი იყო ნამდვილი, ხოლო იტალიის ბინადრობის მოწმობა არ აკმაყოფილებდა იმ ნორმებს, რაც არის გათვალისწინებული ნამდვილი დოკუმენტისთვის, ასევე, ნიმუშს არ შეესაბამებოდა იტალიის პირადობის მოწმობა. მოწმის განმარტებით, შემოწმებისას არგებლობენ ბაზით, რომელშიც დაახლოებით 300-მდე ქვეყნის სხვადასხვა დოკუმენტის ნიმუშია წარმოდგენილი და რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ნამდვილი დოკუმენტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----------––---ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----------––--მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----------––---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში, იმის გათვალისწინებით რომ მსჯავრდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, ითხოვა მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საპელაციო სასამართლოში, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - მ-----------––---ს სახელზე გაცემული ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო იტალიის ბინადრობის მოწმობა, საიდენტიფიკაციო მოწმობა და ორი ცალი ჩასხდომის ბარათი განადგურდეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი, მ-----------––---ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორის რ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ-----------––--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ-----------––--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მ-----------––--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, მ-----------––---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - მ-----------––---ს სახელზე გაცემული ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო იტალიის ბინადრობის მოწმობა, საიდენტიფიკაციო მოწმობა და ორი ცალი ჩასხდომის ბარათი განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაია თეთრაული