განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210017001905695
N2ბ/2984-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ---------–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა----------’’ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ე-–--- ს--------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,ა----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ----------–---–ი და ე-–--- ს--------ე გამოსახლდნენ შპს ,,ა----------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. რუსთავი, ლ--------------------, ბ-----, საერთო ფართი: 2---- კვ.მ. საკადასტრო კოდი №0------------------.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 01 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ა----------’’-ის წარმომადგენელმა ვ------- გ--–-–---–მა მოპასუხეების ე-–--- ს--------ისა და ლ---------–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ 2016 წლის 15 ნოემბრიდან, შპს ,,ა----------’’ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მდებარე, ქ. რუსთავში, ლ-------------- №--, ბ-------, საერთო ფართი: 2---- კვ.მ საკადასტრო კოდი: 0------------------. აღნიშნულ ფართში, უკანონოდ ცხოვრობენ მოპასუხეები, ე-–--- ს--------ე და ლ---------–---–ი, რომელებიც არა ერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი უძრავი ქონების გამოთავისუფლების მოთხოვნით. მოპასუხეებს არ გაუთავისუფლებიათ შპს ,,ა----------ს’’ კუთვნილებაში არსებული ფართი.
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნეს.
2017 წლის 03 ოქტომბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, ე-–--- ს--------ე და ლ----------–---–ი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადა მოსარჩელე შპს ,,ა----------ი’’-ის წარმომადგენელი ვ------- გ--–-–---–ი, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 230-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამ ნორმის თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ამ წესის დაცვით ჩაბარდათ სასამართლო უწყება 2017 წლის 3 ოქტომბრის მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ. კერძოდ, მოპასუხეები ე-–--- სამხარაზე და ლ---------–---–ი ესწრებოდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 3 ოქტომბერს 16:30 საათზე. მხარეებს, მათ შორის მოპასუხეებს ჩამერთვათ ხელწერილი იმის შესახებ, რომ ეცნობათ მომდევნო სხდომის თარიღი და განემარტათ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. მოპასუხეებმა ხელწერილზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ეცნობათ სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თარიღი და განემარტათ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 03 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები: ე-–--- ს--------ე და ლ---------–---–ი. მათ არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული (სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო), რის გამოც, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნიაა სარჩელში მითითებულოი შემდეგი გარემოებები:
- 2016 წლის 15 ნოემბრიდან, საჯარო რეესტრში შპს ,,ა----------’’ რეგისტრირებულია უძრავი ქონების, მდებარე ქ.რუსთავში, ლ-------------- №--, ბ-----, საერთო ფართი: 2---- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------, მესაკუთრედ. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 15 ნოემბრის NA---------------- განკარგულების საფუძველზე. (მტკიცებულება: საჯარო რეესტრიდან ამონაწერი);
- მოპასუხეები ფლობენ ქ. რუსთავში, ლ-------------- №--, ბ------ს, მესაკუთრესთან შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძვლის გარეშე. ქონების აუქციონზე გასხვისებამდე ისინი იყვნენ ქონების მესაკუთრეები, რომლებმაც აუქციონზე ქონების გასხვისების გამო დაკარგეს ქონების სარგებლობის, ფლობის და განკარგვის უფლებამოსილებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეების უკანონო მფლობელობის აღკვეთის, მოპასუხეებს გამოსახლების და მესაკუთრისათვის უძრავი ქონების მფლობელობაში გადაცემის შესახებ.
2018 წლის 08 თებერვალს, ლ---------–---–მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა საჩივარი. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი იმ გარემოებით, რომ მისი ადვოკატი, გ------- თ----ე მივლინებით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნულის თაობაზე, კი სასამართლოსათვის წერილობითი განცხადებით წინასწარ იყო ცნობილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის განჩინებით, ლ---------–---–ის საჩივარი ამავე კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველ ნაწილის ”გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო, უნდა გაუქმდეს, თუ მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა სასამართლო უწყება, ასევე, თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მოპასუხეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორი თავად ადასტურებდა საჩივარში, რომ მას მთავარი სხდომის თარიღი პირადად ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. ამდენად, სადაო არ იყო, რომ მოსარჩელისათვის სხდომის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დადგენილი წესის დაცვით. საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ცნობილი იყო სასამართლოსათვის, მოპასუხეების წარმომადგენელმა გ------- თ----ემ მისი მივლინების შესახებ წერილობით აცნობა სასამართლოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, რადგან საჩივარში მითითებული სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. ამ ნორმის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამდენად, საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია შემდეგი საფუძვლებით: ა) სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები; ბ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც გამოუცხადებელ მხარეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 241-ე მუხლი).
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის, მათ შორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი იყო ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელთა გამო მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელი იყო საპროცესო მოქმედების შესრულება, სხდომაში მონაწილეობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რომლის შესახებ მხარეს არ შეეძლო სასამართლოსთვის დროულად ეცნობებინა. სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის განსაკუთრებულ გარემოებას წარმოადგენდა ადვოკატის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა. თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი გარემოებების არსებობა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. 2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 03 ოქტომბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოპასუხეები სასამართლოში საქმეს აწარმოებდნენ პირადად, მათ არ ჰყავდათ წარმომადგენელი, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ლ---------–---–ის და ე-–--- ს--------ის მიერ გ------- თ----ისათვის გაცემული რწმუნებულება. ე-–--- ს--------ის მიერ გ------- თ----ისათვის გაცემული რწმუნებულება სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განსახილველ საჩივართან ერთად, რწმუნებულა გაცემული იყო 2017 წლის 24 აპრილს განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, გ------- თ----ისათვის გაცემული რწმუნებულება სასამართლოში წარმოდგენილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ. 2017 წლის 3 ოქტომბრამდე, არც ერთი მოპასუხის სახელით სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი წერილობითი განცხადება სხდომის გადადების მოთხოვნით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლაწარმოებაში აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპის ძირითადი არსი მხარეს აკისრებს ვალდებულებას საქმის განხილვის დროს მის მიერ მითითებული გარემოებები დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, ამ ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გარკვეული გარემოებები მათი შინაარსის თავისებურების გამო და ან კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოპასუხეებს არ ჰყავდათ წარმომადგენელი, ადვოკატ გ------- თ----ეს სასამართლოსათვის წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს 2017 წლის 3 ოქტომბერის სხდომის გადადების მოთხოვნით, რის გამოც საჩივარში მითითებული ეს ფაქტები არ დადასტურდა.
სასამართლომ განმარტა, რომ სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობიდან გამომდინარე, მხარემ უნდა დაიცვას წინდახედულობის ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისთვის არახელსაყრელი შედეგის დადგომა. სასამართლოს მითითებით, სწორედ ეს პრინციპია გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ისეთი განსაკუთრებული გარემოები, რომლის შესახებ მხარეს არ შეეძლო დროულად მიეწოდებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 03 ოქტომბრამდე, არც ერთ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ უცნობებია მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი. ამდენად, არ დადასტურდა, რომ მოპასუხეების სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო გარემოებით იყო გამოწვეული, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი იმ გარემოებით, რომ მისი ადვოკატი, გ------- თ----ე მივლინებით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, რის გამოც ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. აღნიშნულის თაობაზე, კი სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი წერილობითი განცხადებით.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ გ------- თ----ეზე რწმუნებულება გაცემული იყო 2017 წლის 24 აპრილს განუსაზღვრელი ვადით, ხოლო სასამართლო პროცესი გაიმართა 2017 წლის 03 ოქტომბერს. ანუ გ------- თ----ე სასამართლო პროცესის გამართვამდე იყო მოპასუხე მხარის წარმომადგენელი.
3.3. რაც შეეხება თავად მოპასუხე მხარის, ლ---------–---–ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობას, აპელანტის მითითებით, არსებობდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული წინაპირობა, კერძოდ, ლ---------–---–ი და ე-–--- ს--------ე დამოკიდებულები იყვნენ ადვოკატ გ------- თ----ეზე, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, საპატიო მიზეზით, არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,ა----------’’-ს სარჩელის განხილვა დანიშნული იყო 2017 წლის 03 ოქტომბერს 16:30 საათზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო შპს ,,ა----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ----------–---–ი და ე-–--- ს--------ე გამოსახლდნენ შპს ,,ა----------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. რუსთავი, ლ--------------------, ბ-----, საერთო ფართი: 2---- კვ.მ. საკადასტრო კოდი №0------------------.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის განჩინებით, ლ---------–---–ის საჩივარი ამავე კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. ასევე, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად (1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), ეკისრება საჩივრის ავტორს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტი სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ადვოკატი, გ------- თ----ე მივლინებით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, რის თაობაზე, სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული წერილობითი განცხადებით. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის ამ არგუმენტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2017 წლის 03 ოქტომბერი), მოპასუხეები, ე-–--- ს--------ე და ლ---------–---–ი არ იყვნენ წარმოდგენილნი რწმუნებულის, გ------- თ----ის მიერ და პირადად იღებდნენ მონაწილეობას საქმის განხილვაში. საქმის მასალებით იკვეთება მხოლოდ ის გარემოება, რომ რწმუნებულება გ------- თ----ისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივართან ერთად, მხოლოდ, 2018 წლის 08 თებერვალს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხეებს, არც თავიანთი სახელით და არც გ------- თ----ის სახელით, არც გ------- თ----ეს პირადად სასამართლოსათვის არ მიუმართავთ რაიმე განცხადებით, სადაც მითითებული იქნებოდა სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, აპელანტს (საჩივრის ავტორს) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მოპასუხეების და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით.
4.3. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (1. უძრავი ქონების, მდებარე, ქ. რუსთავში, ლ-------------- №--, ბ------, საერთო ფართი: 2---- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ა----------’’; 2. მოპასუხეები (ლ---------–---–ი; ე-–--- ს--------ე) წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს; 3. მოპასუხეები (ლ---------–---–ი; ე-–--- ს--------ე) სადავო უძრავ ქონებას ფლობენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) და დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის, 172,1, მუხლის და 312.1. მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, შპს ,,ა----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამდენად, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლითგათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ლ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 46.1. მუხლის ,,ვ’’ პუნქტისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,მ1’’ პუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია