განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2018
საქმის ნომერი
330100118002291742
ინსტანცია
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1158-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მსჯავრდებულ გ------------------–---–---------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით:

 

გ------------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთ) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ------------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 იანვრიდან;

 

გ------------------–--ლს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, გ------------------–---–- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

 

2018 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, 26 მაისის მოედნის N1-ში მდებარე ტოტალიზატორ „ა---------–-“ ყოფნის დროს, გ------------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ------------------ს კუთვნილ „ს--------“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------------------–--ლმა და მისმა ადვოკატმა ს------------–--ემ. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. მისი განმარტებით, გამოყენებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან გ------------------–--ლმა სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად მოინანია, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ და გამოკველევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ თ------------------ს და მოწმეების - დ---------------------–----------–---–-------------------------–---------------ის ჩვენებებს; 2018 წლის 04 იანვრის თ------------------სგან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმს; 2018 წლის 04 იანვრის გ------------------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განაჩენს; 2018 წლის 26 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების - “samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმს; 2018 წლის 26 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმს; 2018 წლის 03 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს; 2018 წლის 04 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების კომპიუტერული დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმს; 2018 წლის 04 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------------------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------------------–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზრაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდბეულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი; ასევე ის ფაქტი, რომ იგი არის შეზღუდულად შერაცხადი პირი, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

საქმეზე წარმოდეგნილი მასალებით დასტურდება, რომ გ------------------–---–- ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, რამაც ასახვა ჰპოვა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაზე, არამედ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაში. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვლისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, გ------------------–---–-სთვის 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა გამომდინარეობს რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის საფუძვლებიდან.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზეც, რომლის თანახმადაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა გ------------------–--ლმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ ზემოაღნიშნული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, განაჩენთა ერთობლიობის პირობებში სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ------------------–---–-ს მიმართ დანიშნულია ადეკვატური და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი გ------------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------------–---–---------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთ) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ------------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 იანვრიდან;

 

გ------------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მობილური ტელეფონის ყუთი და „ს--------“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

DVD-R დისკი და მასზე არსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე